ევროპის სასამართლო იცავს დედის უფლებებს
ევროპის სასამართლო იცავს დედის უფლებებს
„გამოიღვიძეთ!“-ისთვის საფრანგეთიდან
სტრასბურგში (საფრანგეთი) მდებარე ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლომ 2003 წლის 16 დეკემბერს, საფრანგეთის სასამართლოები სერაფინე პალაუ მარტინესის, იეჰოვას მოწმის, რელიგიურ დისკრიმინაციაში დაადანაშაულა.
1996 წელს სერაფინე ოფიციალურად გაეყარა ქმარს, რომელმაც ის ორი წლის წინ მიატოვა. ორ შვილზე ზრუნვის უფლება დედას ჰქონდა მიცემული. მაგრამ ერთხელაც, 1997 წელს, მას შემდეგ, რაც შვილებზე მარტო დედა ზრუნავდა დაახლოებით სამ წელიწად–ნახევრის განმავლობაში, მამამ შვილების ერთ–ერთი სტუმრობის დასასრულს უარი თქვა დედისთვის მათ დაბრუნებაზე. სერაფინე ყვება: „როდესაც სკოლიდან ბავშვების წამოსაყვანად მივედი, დირექტორმა პოლიცია გამოიძახა. შვილებთან საუბარი მხოლოდ პოლიციის თანდასწრებით შემეძლო. პოლიციელი თვალყურს მადევნებდა, რათა ბავშვებთან რწმენაზე არ მელაპარაკა. ისე მეპყრობოდნენ, თითქოს ბოროტმოქმედი ვიყავი. მითხრეს, რომ შვილების წაყვანა მხოლოდ იმ პირობით შემეძლო, თუ ხელს მოვაწერდი დოკუმენტს იმის თაობაზე, რომ ბავშვებს ღვთის ან ბიბლიის შესახებ არ ვასწავლიდი და ქრისტიანული კრების შეხვედრებზე არ ვატარებდი“.
სერაფინემ დახმარებისთვის სასამართლოს მიმართა. მაგრამ 1998 წელს ქალაქ ნიმის სააპელაციო სასამართლომ ბავშვებზე ზრუნვის უფლება მამას მიანიჭა. ამ სასამართლომ მწვავედ გააკრიტიკა იეჰოვას მოწმეთა აღმზრდელობითი საქმიანობა და თავისი განაჩენი ამით გაამართლა. „ამან გული მომიკლა, — იხსენებს სერაფინე, — მე მადანაშაულებდნენ საკუთარი შვილებისთვის ზიანის მიყენებაში, მაშინ როდესაც მათთვის საუკეთესო მსურდა — მინდოდა, ისინი ქრისტიანებად აღმეზარდა“.
როდესაც საფრანგეთის საკასაციო სასამართლომ, ქვეყნის უზენაესმა სასამართლო ინსტანციამ, ძალაში დატოვა სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება, სერაფინემ გადაწყვიტა სარჩელი ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში შეეტანა. ექვსი ხმით ერთის წინააღმდეგ, სასამართლომ დაადგინა: „ეჭვგარეშეა, [საფრანგეთის] სააპელაციო სასამართლომ, მოსარჩელეს რელიგიური შეხედულებების გამო, მიუკერძოებლობა არ გამოავლინა მშობლებთან დამოკიდებულებაში . . . ასეთი მიდგომა დისკრიმინაციაა“. სასამართლომ დაადგინა, რომ საფრანგეთის სასამართლოებმა გადაწყვეტილების მიღებისას იხელმძღვანელეს არა იმით, შეეძლო თუ არა სერაფინეს შვილების მოვლა (რაც არასდროს ყოფილა ეჭვქვეშ დასაყენებელი) ან სხვა საფუძვლიანი მიზეზებით, არამედ „იეჰოვას მოწმეთა შესახებ ზოგადი შეხედულებით“. რელიგიური დისკრიმინაციისა და სერაფინეს უფლებების შელახვის გამო სასამართლომ საფრანგეთს მორალური ზარალისა და სასამართლო ხარჯების ანაზღაურება დააკისრა.
ეს გადაწყვეტილება შეესაბამებოდა ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოს მიერ 1993 წლის ივნისში მიღებულ დადგენილებას, რომელიც მსგავს საკითხს ეხებოდა. მაშინ სასამართლოს გადაწყვეტილებით ავსტრიას ბრალი ედებოდა ინგრიდ ჰოფმანის, იეჰოვას ერთ–ერთი მოწმის, რელიგიურ დისკრიმინაციაში“ *. საფრანგეთის ერთ–ერთ იურიდიულ ჟურნალში ნათქვამი იყო: „როგორც ჰოფმანის, ისე ამ შემთხვევაში მიღებული გადაწყვეტილებები ადასტურებს, რომ მშობლის უფლებებთან დაკავშირებული საკითხები არავითარ შემთხვევაში არ უნდა გადაწყდეს მხოლოდ მშობლის რელიგიური შეხედულების საფუძველზე“ (La Semaine juridique). სერაფინეს ადვოკატმა განაცხადა: „ეს ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, რამდენადაც სასამართლოს მიერ აღებული კურსი უცვლელია — ის მიუკერძოებლად განიხილავს საქმეებს და იცავს იეჰოვას მოწმე მშობლების უფლებებს“.
როდესაც სერაფინეს, რომელიც ახლა ესპანეთში ცხოვრობს, ჰკითხეს, თუ რას გრძნობდა მიღებული გადაწყვეტილების თაობაზე, მან თქვა: „ძალიან ბედნიერი ვარ; ახლა უკვე მშვიდად ვარ. ჩემი რელიგიური შეხედულების გამო შვილების წართმევა და ხუთი წლის განმავლობაში მათ გარეშე ცხოვრება ჩემთვის საშინელი განსაცდელი იყო, მაგრამ იეჰოვა ყოველთვის მაძლევდა ძალას. ვიმედოვნებ, რომ ეს დადგენილება ჩემს მდგომარეობაში მყოფ სხვა ქრისტიანებსაც დაეხმარება“.
[სქოლიო]
^ აბზ. 7 იხილეთ 1993 წლის 8 დეკემბრის „გამოიღვიძეთ!“–ის მე–15 გვერდზე სტატია: „იეჰოვას მოწმეებმა გაიმარჯვეს და საკუთარ შვილებზე ზრუნვის უფლება დაიცვეს“ (რუს.).
[სურათი 30 გვერდზე]
სერაფინე