ალექსანდრიის ბიბლიოთეკა კვლავ არსებობს
ალექსანდრიის ბიბლიოთეკა კვლავ არსებობს
ის თავის დროზე ერთ–ერთი ყველაზე ცნობილი წიგნსაცავი იყო. მისი ადგილსამყოფელი, ალექსანდრია (ეგვიპტე), მსოფლიოს ყველაზე გამოჩენილ მოაზროვნეთათვის მნიშვნელოვან ცენტრად ითვლებოდა. როდესაც ის გაუჩინარდა — თუმცა ზუსტად არავინ იცის, როგორ მოხდა ეს — მასთან ერთად სამუდამო დავიწყებას მიეცა ფასდაუდებელი ნაშრომებიც, რამაც არაკეთილსასურველი გავლენა იქონია საგანმანათლებლო სფეროზე. მაგრამ ამჟამად ეს დიდებული ბიბლიოთეკა კვლავ არსებობს.
ალექსანდრიის აღდგენილ წიგნსაცავს უჩვეულო კონსტრუქცია აქვს. დღეს ამ ბიბლიოთეკას ოფიციალურად ალექსანდრინა ჰქვია. მის მთავარ შენობას უზარმაზარი დაქანებული დოლის ფორმა აქვს. მისი სახურავი (1), რომელიც მინისა და ალუმინისგან არის გაკეთებული, დაახლოებით ორი საფეხბურთო მოედნის ზომისაა. სახურავს დაყოლებული აქვს ჩრდილოეთისკენ მიმართული ფანჯრები, რომელთა მეშვეობითაც მთავარ სამკითხველო დარბაზში (2) დღის შუქი აღწევს. ამ დახრილი ცილინდრის ფორმის შენობაში, რომლის ნაწილიც ზღვის დონეზე დაბლა ჩადის, განთავსებულია მთავარი დარბაზები. შენობის ბრტყელი და მინით დაფარული სახურავი შვიდი სართულის სიმაღლიდან ლამაზად ეშვება მიწის ქვევით. როდესაც ბიბლიოთეკის სახურავის ზედაპირზე მზის სხივები ირეკლება, შორიდან შენობას ამომავალი მზის შესახედაობა აქვს.
შენობის გარეთა კედელი, რომელსაც რკალის ფორმა აქვს, რუხი ფერის გრანიტის მასიური ფილებით არის მოპირკეთებული. კედელზე ამოტვიფრულია ძველი და თანამედროვე ანბანების ასოები (3). ერთმანეთის მიყოლებით ამოტვიფრული ასოების წყალობით გრანიტის ფილებს თავისი წვლილი შეაქვთ მნახველთა ცოდნის გაფართოებაში.
მრავალიარუსიანი სამკითხველო დარბაზი, რომელსაც მთავარი შენობის უდიდესი ნაწილი უკავია, შვიდ საფეხურად დაბლა ეშვება (4). 8 000 000 ტომისთვის განკუთვნილი თაროები შენობის მიწისქვედა ნაწილშია მოთავსებული. გარდა ამისა, ეს კომპლექსი მოიცავს საგამოფენო დარბაზებს,
ლექციებისთვის განკუთვნილი აუდიტორიებს, სუსტი მხედველობის მქონე პირთათვის გათვალისწინებულ მოწყობილობებს (5) და სფეროს ფორმის პლანეტარიუმს, რომელიც მთავარი შენობისგან ცალკე დგას და შუა ორბიტაზე გაჩერებულ თანამგზავრს მოგვაგონებს (6). ეს თანამდეროვე კომპლექსი კომპიუტერული და ცეცხლსაქრობი სისტემებითაა აღჭურვილი.ისტორიის ნაკვალევზე
ძველ დროში ქალაქი ალექსანდრია ცნობილი იყო ბრწყინვალე ნაგებობებით, რომლებიც დღეს უკვე აღარ არსებობს. ერთ–ერთი მაგალითია გასაოცარი და შთამბეჭდავი ფაროსის შუქურა, რომელიც, როგორც ამბობენ, სიმაღლეში 110 მეტრზე მეტს აღწევდა და ძველი მსოფლიოს შვიდ საოცრებათაგან ერთ–ერთ საოცრებად ითვლებოდა. კიდევ ერთი მაგალითია ალექსანდრე მაკედონელის საფლავი. ალექსანდრეს სიკვდილის შემდეგ ეგვიპტეში პტოლემეების ბერძნულმა დინასტიამ დაიწყო მმართველობა. ისინი ქვეყანას მანამდე განაგებდნენ, სანამ ოქტავიანემ ძვ. წ. 30 წელს არ დაამარცხა დედოფალი კლეოპატრა და ანტონიუსი. პტოლემეების დინასტიის მმართველობის ხანაში ალექსანდრია სასწაულებრივად შეიცვალა. ეს ქალაქი „ისტორიის გარკვეულ მონაკვეთში მსოფლიოს უმნიშვნელოვანესი კულტურული და სავაჭრო ცენტრი გახდა“, — აღნიშნულია ნაშრომში „ბერძნული სამყაროს ატლასი“. თავისი დიდების მწვერვალზე ყოფნისას ქალაქის მოსახლეობამ დაახლოებით 600 000–ს მიაღწია.
ქალაქი ალექსანდრია განსაკუთრებით თავისი სამეფო ბიბლიოთეკით იყო სახელგანთქმული. ეს წიგნსაცავი ძვ. წ. III საუკუნის დამდეგს დაარსდა. მის გამდიდრებას ყოველნაირად უწყობდა ხელს პტოლემეების დინასტია. ეს ბიბლიოთეკა მის გვერდით მდებარე მუსეიონთან (მუზების ტაძარი) ერთად ელინისტური ეპოქის საგანმანათლებლო და სამეცნიერო ცენტრად იქცა.
როგორც ვარაუდობენ, ბიბლიოთეკაში პაპირუსისგან დამზადებული 700 000 გრაგნილი ინახებოდა. შედარებისთვის: XIV საუკუნეში პარიზში არსებულ სორბონის ბიბლიოთეკაში — რომლითაც ფრანგები ამაყობდნენ, რომ იმ დროისთვის აქ ყველაზე დიდი კოლექცია ინახებოდა — მხოლოდ 1 700 წიგნი იყო. ეგვიპტის მმართველები იმდენად იყვნენ დაინტერესებულები ბიბლიოთეკის გამდიდრებით, რომ მათი ბრძანებით ნავსადგურში შემავალ ყველა გემზე ჯარისკაცები ბიბლიოთეკისთვის ხელნაწერებს ეძებდნენ. თუ ისინი რამეს აღმოაჩენდნენ, ორიგინალებს ინახავდნენ და უკან ასლებს აბრუნებდნენ. ზოგი წყაროს თანახმად, როდესაც ათენმა პტოლემე III–ს სესხად მისცა ბერძნული კლასიკური ნაწარმოებების ეგზემპლარები, ეს უკანასკნელი დაჰპირდა, რომ სანაცვლოდ გირაოს მისცემდა და
ორიგინალების ასლებს გააკეთებდა. მაგრამ პტოლემემ თავისთვის შეინახა ორიგინალები, უარი თქვა გირაოს მიცემაზე და უკან ასლები გაგზავნა.ალექსანდრიის ბიბლიოთეკასა და მუსეიონში ბევრი ისეთი გამოჩენილი მოაზროვნე მოღვაწეობდა, რომლებმაც მსოფლიო აღიარება მოიპოვეს. დღემდე ცნობილია ალექსანდრიაში მოღვაწე სწავლულების მიერ შექმნილი ბრწყინვალე ნაშრომები გეომეტრიის, ტრიგონომეტრიის, ასტრონომიისა და მედიცინის დარგში, აგრეთვე ენასა და ლიტერატურაში. გადმოცემის თანახმად, სწორედ ალექსანდრიის ბიბლიოთეკაში თარგმნა 72–მა იუდეველმა სწავლულმა ებრაული წერილები ბერძნულ ენაზე; ეს თარგმანი „სეპტუაგინტად“ გახდა ცნობილი.
ბიბლიოთეკის გაუჩინარება
პარადოქსია, მაგრამ იმდროინდელ მემატიანეებს საჭიროდ არ მიაჩნდათ ალექსანდრიის საზოგადოებრივი შენობების დეტალურად აღწერა. მსგავს თვალსაზრისს ირეკლავს III საუკუნის ისტორიკოსის, ათენიესის, განაცხადიც: „რა საჭიროა ბიბლიოთეკების, უამრავი წიგნისა და მუზების ტაძარში არსებული კოლექციების შესახებ ლაპარაკი, ეს ყველაფერი ხომ ისედაც კარგად იცის ხალხმა?!“ ასეთი კომენტარები იმედს უცრუებენ თანამედროვე სწავლულებს, რომლებსაც ძალიან სურთ, უფრო მეტი იცოდნენ ამ საინტერესო და უძველესი ბიბლიოთეკის შესახებ.
ახ. წ. 640 წლისთვის, როდესაც არაბებმა ეგვიპტე დაიპყრეს, ალექსანდრიის ბიბლიოთეკა შესაძლოა უკვე აღარ არსებობდა. სწავლულები დღემდე მსჯელობენ იმის თაობაზე, თუ როგორ და როდის გაუჩინარდა ის. ზოგის აზრით, ბიბლიოთეკაში არსებული ბევრი ხელნაწერი შესაძლოა მაშინ განადგურდა, როდესაც ძვ. წ. 47 წელს იულიუს კეისარმა ქალაქის ნაწილი გადაწვა. რაც უნდა იყოს მიზეზი, ბიბლიოთეკის გაუჩინარება ცოდნის უდიდესი საუნჯის დაკარგვას ნიშნავდა. სამუდამოდ გაქრა ბერძენი დრამატურგების ასობით ნამუშევარი, აგრეთვე ბერძნული ისტორიოგრაფიის პირველ ხუთას წელთან დაკავშირებული ნაშრომები. ამ მხრივ გამონაკლისი მხოლოდ ჰეროდოტეს, თუკიდიდესა და ქსენოფონტის ზოგი ნაშრომია.
ქალაქი ალექსანდრია III—VI საუკუნეებში დიდი მღელვარების ადგილად იყო ქცეული. წარმართები, იუდეველები და ეგრეთ წოდებული ქრისტიანები გამუდმებით ექიშპებოდნენ ერთმანეთს და საიდუმლოებებთან დაკავშირებული სწავლებების გარშემო კამათობდნენ. ხშირად თავად ეკლესიის წარმომადგენლებიც კი აქეზებდნენ დაპირისპირებულ მხარეებს, რომ გაეძარცვათ წარმართთა ტაძრები. ამ დროს უამრავი ძველი ხელნაწერი განადგურდა.
წარსული დიდების დაბრუნება
აღდგენილი ბიბლიოთეკა 2002 წლის ოქტომბერში გაიხსნა. აქ ამჟამად დაახლოებით 400 000 წიგნი ინახება. ბიბლიოთეკას კარგად შემუშავებული კომპიუტერული პროგრამების წყალობით კავშირი აქვს სხვა ბიბლიოთეკებთან. აქ არსებული წიგნების კოლექციის დიდი ნაწილი დაკავშირებულია ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთით მდებარე ცივილიზაციებთან. ალექსანდრიის ბიბლიოთეკა, რომლის თაროებიც 8 000 000 წიგნის შესანახად არის გათვალისწინებული, ამ უძველეს და ცნობილ ქალაქს კიდევ უფრო დიდებულს ხდის.
[ჩარჩო 20 გვერდზე]
ძველი ალექსანდრია და ცნობილი მოაზროვნეები
არქიმედე: ძვ. წ. III საუკუნეში მოღვაწე მათემატიკოსი და გამომგონებელი. მას ეკუთვნის უამრავი აღმოჩენა და π–ის განსაზღვრის პირველი მეცნიერული ცდები.
არისტარქე სამოსელი: ძვ. წ. III საუკუნის ასტრონომი, რომელმაც პირველმა წამოაყენა იდეა იმის შესახებ, რომ პლანეტები მზის გარშემო ბრუნავენ. ის ტრიგონომეტრიის გამოყენებით ცდილობდა, განესაზღვრა მზისა და მთვარის ზომები, ასევე დედამიწიდან მზემდე და მთვარემდე არსებული მანძილები.
კალიმაქე: ძვ. წ. III საუკუნეში მოღვაწე პოეტი და მთავარი ბიბლიოთეკარი. მან შეადგინა ალექსანდრიის ბიბლიოთეკის პირველი ინდექსი, რომელიც ბერძნული კლასიკური ლიტერატურული ნაწარმოებების კანონად ითვლებოდა.
კლავდიოს პტოლემე: ახ. წ. II საუკუნის ასტრონომი. მის გეოგრაფიულ და ასტრონომიულ ნაშრომებს სახელმძღვანელოებად იყენებდნენ.
ერატოსთენე: ძვ. წ. III საუკუნეში მოღვაწე ენციკლოპედისტი და ალექსანდრიის წიგნსაცავის ერთ–ერთი პირველი ბიბლიოთეკარი. მან საკმაო სიზუსტით გაზომა დედამიწის მერიდიანის სიგრძე.
ევკლიდე: ძვ. წ. IV საუკუნის მათემატიკოსი. ის გეომეტრიის ფუძემდებლად არის აღიარებული. გარდა ამისა, ევკლიდე პირველი იყო, ვინც ოპტიკის შესწავლა დაიწყო. მის ნაშრომს, რომელიც „ევკლიდეს საწყისებად“ არის ცნობილი, XIX საუკუნემდე გეომეტრიის სახელმძღვანელოდ იყენებდნენ.
გალენოსი: ახ. წ. II საუკუნის ექიმი. მის 15 სამედიცინო ნაშრომს 12 საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში სახელმძღვანელოებად იყენებდნენ.
[სურათის საავტორო უფლება 19 გვერდზე]
All photos, both pages: Courtesy of the Bibliotheca Alexandrina: Mohamed Nafea, Photographer