თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ პესიმიზმი
თქვენ შეგიძლიათ დაძლიოთ პესიმიზმი
როგორ უყურებთ სირთულეებს, რომლებსაც ცხოვრებაში აწყდებით? ბევრი სპეციალისტი თვლის, რომ ამ კითხვაზე გაცემული პასუხი ბევრს ამბობს იმაზე, ოპტიმისტი ხართ თუ პესიმისტი. ყველა ჩვენგანს გვიწევს ცხოვრებაში მძიმე განსაცდელების ატანა, ზოგს უფრო მეტად, ვიდრე სხვებს. მაგრამ, რატომაა, რომ ზოგიერთი, როგორც ჩანს, უმკლავდება სიძნელეებს და მზადაა, კვლავაც მოსინჯოს ძალები, მაშინ როცა სხვები შედარებით მცირე სირთულეების შემდეგაც კი ფარ-ხმალს ყრიან?
მაგალითად, წარმოიდგინეთ, რომ სამსახურს ეძებთ. მიდიხართ გასაუბრებაზე და უარს გეუბნებიან. რა აზრები გიჩნდებათ ამის შემდეგ? შეიძლება ფიქრობთ, რომ თქვენ, როგორც ადამიანი, უარგყვეს; შესაძლოა, ამას მუდმივ პრობლემად თვლიდეთ და საკუთარ თავს ეუბნებოდეთ: „ჩემნაირ ადამიანს არავინ აიყვანს სამუშაოზე. მე ვერასოდეს მოვეწყობი სამსახურში“. ან, რაც კიდევ უფრო უარესია, ეს ერთი მარცხი შეიძლება ცხოვრების ყველა სფეროს დაუკავშიროთ და ფიქრობდეთ: „მე ხომ არაფერში ვვარგივარ. არავის ვჭირდები“. ასეთი აზროვნება აშკარა პესიმიზმის მაჩვენებელია.
შეებრძოლეთ პესიმიზმს
როგორ შეიძლება დაძლიოთ პესიმიზმი? პირველი მნიშვნელოვანი ნაბიჯი ისაა, რომ თვალი გაუსწოროთ ამ უარყოფით აზრებს. შემდეგი ნაბიჯი უკვე მათთან ბრძოლაა. შეეცადეთ, ამ აზრების საპირისპირო გონივრული ახსნა მოუძებნოთ თქვენს წარუმატებლობას. მაგალითად: მართლაც იმიტომ გითხრეს უარი, რომ არავინ მოისურვებდა თქვენს აყვანას სამსახურში? თუ დამსაქმებელი, უბრალოდ, სხვა კვალიფიკაციის მქონე მუშაკს ეძებდა?
კონკრეტულ ფაქტებზე დაფიქრება დაგანახვებთ, რომ პესიმისტური აზრები გადამეტებული რეაგირების ნაყოფია. ერთ სიტუაციაში უარყოფითი პასუხის მიღება ნამდვილად ნიშნავს იმას, რომ მარცხიანი ადამიანი ხართ? თუ, შეგიძლიათ გაიხსენოთ თქვენი ცხოვრების სხვა სფეროები — მაგალითად, თქვენი სულიერი მისწრაფებები, ოჯახური ან მეგობრული ურთიერთობები — სადაც უფრო წარმატებული ხართ? ისწავლეთ საკუთარი პირქუში, „კატასტროფული“ პროგნოზების თავიდან ამოგდება. ბოლოს და ბოლოს, საიდან იცით, რომ ვერასოდეს იშოვით სამსახურს? ნეგატიური აზრების დასაძლევად სხვა რამის გაკეთებაც შეგიძლიათ.
დადებითი, მიზანმიმართული აზროვნება
ბოლო წლებში მკვლევარებმა იმედს საინტერესო, თუმცა კი, სპეციფიკური ახსნა მოუძებნეს. ისინი ამბობენ, რომ იმედი გულისხმობს დასახული მიზნების მიღწევის რწმენას. როგორც მომდევნო სტატიიდან
გაირკვევა, იმედი გაცილებით მეტ რამეს მოიცავს. მაგრამ ჩანს, რომ ზოგ შემთხვევაში ეს განსაზღვრება სწორია. თუ ყურადღებას გავამახვილებთ იმედის ამ მხარეზე, ეს უფრო დადებითი და მიზანმიმართული აზროვნების განვითარებაში დაგვეხმარება.იმისათვის, რომ სამომავლო მიზნების მიღწევის რწმენა გვქონდეს, საჭიროა, მიზნების დასახვისა და მიღწევის გამოცდილება შევიძინოთ. თუ ხედავთ, რომ ასეთი გამოცდილება არა გაქვთ, შეიძლება ღირდეს სერიოზულად დაფიქრება იმაზე, თუ როგორ მიზნებს ისახავთ. საერთოდ, თუ გაქვთ მიზნები? ძალიან ადვილია, ცხოვრების ფერხულში ჩავებათ და მისთვის დამახასიათებელ ერთფეროვან ფაციფუცში გადავეშვათ, თუ არ შევჩერდებით და არ დავფიქრდებით, რა გვინდა სინამდვილეში და რა არის ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. ამ პრაქტიკულ პრინციპთან დაკავშირებით, რომელიც პრიორიტეტების დადგენას ეხება, კვლავაც ვიგებთ, რომ ბიბლიაში ეს აზრი ჯერ კიდევ დიდი ხნის წინათ გამოიკვეთა: ‘შეამოწმეთ, რა უფრო მნიშვნელოვანია’ (ფილიპელთა 1:10, აქ).
პრიორიტეტების დადგენის შემდეგ უფრო ადვილია მთავარი მიზნების დასახვა სხვადასხვა სფეროში, იქნება ეს სულიერ საკითხებთან, ოჯახურ ცხოვრებასთან, თუ სწავლასა და მუშაობასთან დაკავშირებით. ოღონდ, მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ძალიან ბევრი მიზანი არ დავისახოთ; უმჯობესია, შევჩერდეთ ისეთებზე, რომლებსაც ადვილად მივაღწევთ. ზედმეტად რთული მიზნის დასახვამ შეიძლება ხალისი დაგვაკარგვინოს და ხელები ჩამოგვაშვებინოს. ამიტომ, ყოველთვის ჯობია, რომ გრძელვადიანი, დიდი მიზნები უფრო პატარა, მოკლევადიან მიზნებად დავყოთ.
ნათქვამია, „თუ გული გულობს, ქადა ორი ხელით იჭმევაო“. ამ გამოთქმაში ჭეშმარიტების მარცვალია. დასახული მიზნების მისაღწევად გვჭირდება ნებისყოფა — სურვილი და მიზანსწრაფვა. ჩვენ შეგვიძლია გავიძლიეროთ ეს გადაწყვეტილება, თუ დავფიქრდებით ჩვენს მიზნებზე და იმ სარგებლობაზე, რომელსაც მათი მიღწევის შედეგად მივიღებთ. ჩვენ წინაშე, რასაკვირველია, წამოიჭრება სირთულეები, მაგრამ მათ ისე უნდა შევხედოთ, როგორც სტიმულის მომცემ ამოცანებს და არა როგორც ჩიხში მომწყვდევ სიტუაციებს.
კარგი იქნება, თუ ჩვენი მიზნების მისაღწევ პრაქტიკულ საშუალებებზეც დავფიქრდებით. კ. რ. სნაიდერი, რომელმაც საფუძვლიანი გამოკვლევა ჩაატარა იმასთან დაკავშირებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია იმედი, გვირჩევს, დასახული მიზნის მისაღწევად მრავალი გზა განვსაზღვროთ. ასე რომ, თუ ერთი საშუალება არ გაამართლებს, შეგვიძლია მივმართოთ მეორეს, მესამეს და ა. შ.
სნაიდერი ასევე გვირჩევს, რომ ვისწავლოთ ერთი მიზნის მეორით შეცვლა. თუ გვიჭირს მიზნის მიღწევა, ამაზე კონცენტრირება გულგატეხილობის მეტს არაფერს მოგვიტანს. სხვა მხრივ, თუკი ამ მიზანს უფრო რეალისტურით შევცვლით, იმედის საფუძველი გაგვიჩნდება.
ბიბლიაში, ამ მხრივ, შესანიშნავი მაგალითია მოცემული. მეფე დავითს მთელი გულით ეწადა თავისი ღმერთისთვის, იეჰოვასთვის, ტაძრის აშენება. მაგრამ ღმერთმა შეატყობინა დავითს, რომ ტაძრის მშენებლობის პატივი წილად ერგებოდა მის შვილს, სოლომონს. ნაცვლად იმისა, რომ გული გასტეხოდა ან არასასიამოვნო ცვლილების მიუხედავად თავისი დაეჟინებინა, დავითმა მიზნები შეცვალა. მან მთელი თავისი ენერგია ტაძრის მშენებლობისთვის საჭირო სახსრებისა და მასალის შეგროვებისკენ მიმართა, რათა მის შვილს შეძლებოდა ამ პროექტის განხორციელება (3 მეფეთა 8:17—19; 1 ნეშტთა 29:3—7).
მაშინაც კი, თუ პესიმიზმთან ბრძოლისა და დადებითი, მიზანმიმართული აზროვნების განვითარების შედეგად უფრო ოპტიმისტები გავხდებით, შესაძლოა მაინც გვაკლდეს იმედი. რატომ? იმიტომ, რომ უიმედობა, რომელსაც წუთისოფელში ვაწყდებით, უმეტესწილად გამომდინარეობს ისეთი ფაქტორებიდან, რისი გაკონტროლებაც ჩვენს ძალებს აღემატება. როდესაც ვფიქრობთ იმ უამრავ პრობლემაზე, რომელთა წინაშეც დგას კაცობრიობა — სიღარიბეზე, ომებზე, უსამართლობაზე და ავადმყოფობისა და სიკვდილის მუდმივ საშიშროებაზე — როგორ შეგვიძლია იმედის შენარჩუნება?
[სურათი 7 გვერდზე]
თუ უარი გითხრეს, ასკვნით, რომ ვერასოდეს იშოვით სამსახურს?
[სურათი 8 გვერდზე]
მიზნის შეცვლით დავით მეფე ახალ სიტუაციას მოერგო.