მიეცით ბავშვებს ის, რაც სჭირდებათ
მიეცით ბავშვებს ის, რაც სჭირდებათ
ფაქტია, რომ პატარებს დიდი ყურადღება სჭირდებათ. ბევრი კი, როგორც ჩანს, ვერ იღებს საჭირო სითბოსა და ალერსს. ამაზე დღევანდელი ახალგაზრდების მდგომარეობაც მეტყველებს. „ჩვენი ახალგაზრდები არასოდეს ყოფილან ასე გათიშული თავიანთი ოჯახებისგან, ასე მოკლებული ცხოვრებისეულ გამოცდილებასა და სიბრძნეს“, — გამოთქვამდა გულისტკივილს ერთი მკვლევარი ტორონტოში (კანადა) გამომავალ გაზეთ „გლოუბ ენდ მეილში“.
სად იყო დაშვებული შეცდომა? ხომ არ არის ამის მიზეზი — თუნდაც ნაწილობრივ — ის, რომ თავის დროზე მათ მშობლებს არ ესმოდათ, რამდენად მნიშვნელოვანი იყო პატარებისთვის დიდი ყურადღება? „ჩვენ ყველას გვესაჭიროება იმის სწავლა, თუ რას ნიშნავს, იყო კარგი მშობელი, — ხსნის ერთი ფსიქოლოგი, რომელიც დაბალი შემოსავლის მქონე ქალებს ასწავლის, როგორ მოუარონ ახალშობილებს. — ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ პატარებთან დახარჯული დრო მრავალ კარგ შედეგს გამოიღებს“.
სისტემატური სწავლება ბავშვებსაც ესაჭიროებათ. არ უნდა შემოიფარგლოთ აქა-იქ გამოძებნილი რამდენიმე წუთით. დიახ, საჭიროა სწავლება მთელი დღის მანძილზე. პატარებთან გატარებული დრო უაღრესად მნიშვნელოვანია მათი სრულფასოვანი განვითარებისთვის.
საჭიროა მომზადება
თავი რომ გაართვან მნიშვნელოვან და საპასუხისმგებლო ამოცანას, მომავალი მშობლები უნდა მოემზადონ იმ დღისთვის, როცა ოჯახში პატარა შემოვა. მათ ყურად უნდა იღონ პრინციპი, რომელიც იესო ქრისტემ მოიყვანა. მან აღნიშნა, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წინასწარ დაგეგმვა: „თუ რომელიმე თქვენგანი კოშკის აგებას მოისურვებს, განა თავდაპირველად არ დაჯდება და არ გამოთვლის ხარჯს?“ (ლუკა 14:28, სსგ). ბავშვის აღზრდა, რასაც ხშირად „ოცწლიან პროექტს“ უწოდებენ, კოშკის აშენებაზე გაცილებით რთულია. ასე რომ, ბავშვის აღსაზრდელად მშობლებსაც, მშენებლების მსგავსად, ერთგვარი „პროექტი“ ანუ გეგმა ესაჭიროებათ.
უპირველეს ყოვლისა, მნიშვნელოვანია, მშობლები გონებრივადაც და სულიერადაც მზად იყვნენ იმისათვის, რომ ბავშვის აღზრდის პასუხისმგებლობა იტვირთონ.
გერმანიაში ჩატარებული ერთ-ერთი გამოკვლევის შედეგად, რომელშიც 2 000 ორსული ქალი მონაწილეობდა, აღმოჩნდა, რომ იმ დედების შვილები, რომლებიც მოუთმენლად ელოდნენ პატარას გაჩენას, ემოციურად და ფიზიკურად გაცილებით ჯანმრთელები იყვნენ, ვიდრე ბავშვები, რომელთა დედებსაც არ უნდოდათ შვილის ყოლა. მეორე მხრივ კი, როგორც ერთი მკვლევარი ამბობს, უბედური ქორწინების მარწუხებში მოქცეულ ქალებს 237 პროცენტით ეზრდებათ იმის რისკი, რომ ბავშვი ემოციურად ან ფიზიკურად ტრავმირებული დაიბადება, განსხვავებით იმ ქალებისგან, რომლებიც მშვიდ გარემოში იმყოფებიან.ასე რომ, მამების როლიც მნიშვნელოვანია ბავშვების სრულფასოვან ზრდა-განვითარებისთვის. დ-რი ტომას ვერნი შენიშნავს: „არც ისე ბევრი რამ უქმნის ბავშვის ემოციურ და ფიზიკურ ჯანმრთელობას იმაზე მეტ საფრთხეს, როგორსაც მამა, რომელიც ცუდად ექცევა ან არაფრად აგდებს ფეხმძიმე ცოლს“. მართლაც, როგორც ხშირად აღნიშნავენ, ბავშვისთვის საუკეთესო საჩუქარია მამა, რომელსაც უყვარს მისი დედიკო.
ჰორმონებმა, რომლებიც დედის სისხლში შეშფოთებისა თუ სტრესის გამო გამოიყოფა, შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ნაყოფზე. მაგრამ, როგორც ჩანს, ნაყოფისთვის საშიშია არა იშვიათი სტრესული მოვლენები ან უარყოფითი გრძნობები, რომლებიც დედას შეიძლება შიგადაშიგ დაეუფლოს, არამედ დედის ძლიერი ან ხანგრძლივი დაძაბულობა. აშკარაა, რომ ბავშვის ჯანმრთელობის ხელშემწყობი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორი არის განწყობა, რომლითაც მომავალი დედა ელის თავის პატარას a.
როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ბავშვს ელოდებით, მეუღლე კი მხარში არ გიდგათ? ან თავად არ გხიბლავთ დედობა? არაფერია უჩვეულო იმაში, თუ შექმნილი ვითარებებიდან გამომდინარე ქალი არ განიცდის სიხარულს ორსულობის გამო. მაგრამ ყოველთვის უნდა გახსოვდეთ, რომ ბავშვი არაფერ შუაშია. მაშ, როგორ შეგიძლიათ სიმშვიდის შენარჩუნება არახელსაყრელი მდგომარეობის მიუხედავად?
ღვთის სიტყვაში, ბიბლიაში, მოცემული ბრძნული ხელმძღვანელობა მილიონობით ადამიანს ეხმარება. მასში ნათქვამია: „ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“. თუ ამ სიტყვების თანახმად მოიქცევით, გაოცებულები დარჩებით, რამდენად დაგეხმარებათ ეს შემდეგი რჩევის გათვალისწინებაში: „ნურაფერზე დაიწყებთ წუხილს“ (აქ) (ფილიპელთა 4:6, 7). თქვენ იგრძნობთ შემოქმედის მზრუნველ ხელს (1 პეტრე 5:7).
ეს არ არის უჩვეულო გრძნობები
მშობიარობიდან პირველი რამდენიმე კვირის განმავლობაში ზოგიერთ ახალგაზრდა დედას აუხსნელი სევდა იპყრობს და ყველაფრის ხალისი ეკარგება. იმ დედებსაც კი, რომლებიც სიხარულით ელოდნენ ბავშვის გაჩენას, შეიძლება გუნება უფუჭდებოდეთ. ხასიათის ასეთი ცვლილებები უჩვეულო არ არის. ქალის გუნება-განწყობილების შეცვლა შეიძლება მშობიარობის შემდეგ მის ორგანიზმში მიმდინარე ძლიერმა ჰორმონალურმა ცვლილებებმა განაპირობოს. დედაზე, შესაძლოა, ახალშობილის მოვლასთან დაკავშირებული სირთულეებიც მოქმედებდეს: კერძოდ ჩვილის კვება, საფენების გამოცვლა და ყოველმხრივ ზრუნვა პატარაზე, რომლისთვისაც დრო საერთოდ არ არსებობს.
ერთი დედა უკვე იმასღა ფიქრობდა, რომ ბავშვი სპეციალურად ტიროდა მის საწვალებლად. ამიტომაც არ იწვევს გაოცებას ერთი იაპონელი პედიატრის სიტყვები: „არავინაა დაზღვეული იმ დაძაბულობისგან, რომელიც თან სდევს ბავშვის მოვლას“. მისი თქმით, „ამ დროს დედა არავითარ შემთხვევაში არ უნდა ჩაიკეტოს საკუთარ თავში“.
b.
მაშინაც კი, როცა დედა თავს დათრგუნულად გრძნობს, მას შეუძლია დაიცვას ბავშვი თავისი ცვალებადი ხასიათისგან. ჟურნალ „ტაიმში“ ნათქვამი იყო: „უფრო ხალისიანები ის ბავშვები არიან, რომელთა დედებიც, დეპრესიაში ყოფნის მიუხედავად, მთელი ძალებით ებრძოდნენ უგუნებობას და თავს ევლებოდნენ თავიანთ პატარებს“მამის როლი
ჩვილის მამას ხშირად საუკეთესო დახმარების აღმოჩენა შეუძლია. შუაღამისას, როცა ბავშვი ტირის, ბევრ შემთხვევაში მამას შეუძლია მიხედოს ბავშვს და ცოლს გამოძინების საშუალება მისცეს. ბიბლია ქმრებს მოუწოდებს: „ქმრებო, სათუთად მოეპყარით ცოლებს“ (1 პეტრე 3:7, სსგ).
იესო ქრისტემ შესანიშნავი მაგალითი დაუტოვა ქმრებს. თავისი მიმდევრებისთვის მან სიცოცხლეც კი გასწირა (ეფესელთა 5:28—30; 1 პეტრე 2:21—24). ამგვარად, ქმრები, რომლებიც ბავშვზე ზრუნვისთვის ინიციატივას იჩენენ და საკუთარ კომფორტს თმობენ, ქრისტეს ბაძავენ. მართლაც, ბავშვის გაზრდა ერთობლივი ამოცანაა და ორივე მშობელი მხარში უნდა ედგას ერთმანეთს.
ერთობლივი ძალისხმევა
„მე და ჩემი მეუღლე დეტალურად ვმსჯელობდით, თუ როგორ გვეზრუნა შვილის აღზრდაზე, — ამბობს იოიჩირო, ორი წლის ქალიშვილის მამა. — ყოველთვის, როცა რამე პრობლემა იჩენს თავს, ერთად ვმსჯელობთ მის გადაწყვეტაზე“. იოიჩიროს ესმის, რომ ცოლს საკმარისი დასვენება ესაჭიროება, ამიტომ, როცა საქმეზე სახლიდან გადის ხოლმე, ხშირად ბავშვიც თან მიჰყავს.
წინათ, როცა ხშირად შეხვდებოდით მრავალშვილიან ოჯახებს, რომლის წევრებსაც მჭიდრო ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, პატარების აღზრდაში მშობლებს უფროსი შვილები და ნათესავები ეხმარებოდნენ. ამიტომაც, გასაკვირი არაა, რომ კავასაკიში (იაპონია) არსებული ბავშვთა აღზრდის დამხმარე ცენტრის თანამშრომელი შენიშნავს: „უმეტეს შემთხვევაში, დედებს ტვირთი შეუმსუბუქდებათ, თუ თავიანთი მდგომარეობის შესახებ სხვებს დაელაპარაკებიან და დახმარებას სთხოვენ. მცირეოდენი შემწეობის წყალობითაც კი ბევრი უმკლავდება შექმნილ სიტუაციას“.
ჟურნალ „პერენტსში“ ნათქვამია, რომ მშობლებს „უნდა ჰყავდეთ ახლობლებისა და მეგობრების ისეთი წრე, რომლებიც ნებისმიერ დროს მზად იქნებიან მათ მოსასმენად“. ვინ შეიძლება შეასრულოს ეს როლი? უპირველეს ყოვლისა, ბავშვის პაპებსა და ბებიებს, რომელთა ყურადღებით c.
მოსმენაც ჩვილის მშობლებს დიდ სარგებლობას მოუტანს. ცხადია, პაპებსა და ბებიებს უნდა ახსოვდეთ, რომ ბავშვის აღზრდასთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებები მაინც ახალგაზრდა წყვილმა უნდა მიიღოსახალგაზრდა მშობლებს ასევე შეუძლიათ ჰქონდეთ თანამორწმუნეთა მხარდაჭერის იმედი. იეჰოვას მოწმეთა ადგილობრივ კრებაში ნახავთ ისეთ ადამიანებს, რომლებსაც ბავშვების აღზრდის მრავალწლიანი გამოცდილება აქვთ და რომლებიც დიდი სიამოვნებით მოგისმენენ, თუ თქვენს პრობლემებს გაუზიარებთ. ისინი კარგ რჩევებს მოგცემენ. ხშირ შემთხვევაში დახმარებისთვის შეგიძლიათ მოუხმოთ „მოხუც ქალებს“ (აფ), ანუ მათ, რომლებსაც ქრისტიანული ცხოვრების უფრო მეტი გამოცდილება აქვთ და სურთ კიდეც ახალგაზრდების დახმარება (ტიტე 2:3—5).
ამავე დროს, მშობლები გამრჩევები უნდა იყვნენ სხვების აზრების მოსმენისას. «უეცრად, ყველა ბავშვთა აღზრდის „სპეციალისტი“ გახდა», — ამბობს იოიჩირო. მისი ცოლიც, ტაკაკო, აღიარებს: „თავიდან შეწუხებული ვიყავი რჩევებით, რომლებსაც სხვები მაძლევდნენ. ისეთი შთაბეჭდილება მექმნებოდა, თითქოს ჩემს გამოუცდელობას აკრიტიკებდნენ“. თუმცა კი, უნდა აღინიშნოს, რომ სხვების მოსმენის შედეგად ბევრმა ახალგაზრდა მშობელმა ბავშვის მოთხოვნილებების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით გაწონასწორებული თვალსაზრისი განივითარა.
საუკეთესო დახმარება
მაშინაც კი, თუ ჩანს, რომ მხარში არავინ გიდგათ, არსებობს დახმარების სანდო წყარო. ესაა იეჰოვა ღმერთი — ის, ვინც შეგვქმნა და ვის თვალებსაც „ჩანასახის“ დანახვაც კი შეუძლია (ფსალმუნები 138:16). როგორც ბიბლიაში ვკითხულობთ, ერთხელ იეჰოვამ შემდეგი სიტყვებით მიმართა ძველ დროში მცხოვრებ თავის ხალხს: „განა დაივიწყებს ქალი თავის ძუძუთა ბავშვს და არ შეიბრალებს ძეს თავისი მუცლისას? იმათაც რომ დაივიწყონ, მე არ დაგივიწყებ შენ!“ (ესაია 49:15; ფსალმუნები 26:10).
დიახ, იეჰოვა არ ივიწყებს მშობლებს და ბიბლიის მეშვეობით ბავშვის აღსაზრდელად შესანიშნავი ხელმძღვანელობა მისცა მათ. მაგალითად, დაახლოებით 3 500 წლის წინათ ღვთის წინასწარმეტყველმა მოსემ დაწერა: „შეიყვარე უფალი, ღმერთი შენი, მთელი შენი გულითა და სულით, და მთელი შენი ძალით“. შემდეგ მოსემ თქვა: „და იყოს ეს სიტყვანი [იეჰოვასადმი სიყვარულისა და მისთვის მსახურებისკენ მოწოდების ჩათვლით], რომელთაც მე გიბრძანებ დღეს, შენს გულში. ჩაუნერგე ისინი შენს ძეთ და ელაპარაკე მათზე სახლში ჯდომისას, და გზაზე სიარულისას, დაწოლისას, და ადგომისას“ (მეორე რჯული 6:5—7).
როგორ ფიქრობთ, რა მთავარი აზრი იკვეთება ამ მოწოდებაში? განა არ იგულისხმება ის, რომ ბავშვები ყოველ დღე, რეგულარულად უნდა დაარიგოთ? როგორც პრაქტიკა უჩვენებს, საკმარისი არაა, უბრალოდ, შეადგინოთ ეგრეთ წოდებული „ხარისხიანი დროის“ განრიგი, რომლის მიხედვითაც თქვენს პატარებს მხოლოდ შიგადაშიგ გამოუყოფდით დროს. ცოცხალ ურთიერთობას და მნიშვნელოვან საუბრებს ვერ დაუქვემდებარებთ განრიგს. თქვენს პატარას ნებისმიერ დროს თავისუფლად უნდა შეეძლოს თქვენთან ურთიერთობა. ასე მოქმედებით შეძლებთ ბიბლიაში მოცემული მითითების შესრულებას: „ყმაწვილი მისი გზის დასაწყისშივე გაწვრთენი“ (იგავები 22:6, სსგ).
აგრეთვე მნიშვნელოვანია, ბავშვს ხმამაღლა ვუკითხოთ. ბიბლია მოგვითხრობს, რომ პირველი საუკუნის ქრისტიანმა მოწაფე ტიმოთემ ‘ჩვილობიდანვე იცოდა წმინდა წერილები’ (აქ). როგორც ჩანს, დედა და ბებია, ევნიკე და ლოისი ხმამაღლა უკითხავდნენ ღვთის სიტყვას ჯერ კიდევ მაშინ, როცა სულ პატარა იყო (2 ტიმოთე 1:5; 3:14, 15). კარგი იქნება, თქვენც ასე მოიქცეთ, როგორც კი პატარასთან ლაპარაკს დაიწყებთ. რა შეიძლება წაუკითხოთ და როგორ შეიძლება საუკეთესოდ ასწავლოთ ჩვილ ბავშვს?
კარგი იქნება, ბავშვს ბიბლია წაუკითხოთ ხოლმე. როგორც ჩანს, ტიმოთეს სწორედ რომ წმინდა წერილებს უკითხავდნენ. აგრეთვე, არსებობს წიგნები, რომლებიც ლამაზი ილუსტრაციების მეშვეობით ბავშვს ბიბლიას აცნობს. სურათები ბავშვის გონებაში ბიბლიურ სწავლებებს აცოცხლებს. შეგიძლიათ გამოიყენოთ, მაგალითად, წიგნები „ჩემი წიგნი ბიბლიური მოთხრობებით“ და „ოდესმე მცხოვრებთაგან ყველაზე დიდებული ადამიანი“. მათი საშუალებით გადმოცემული ბიბლიური სწავლებები მილიონობით პატარა ბავშვის გონებაში აღიბეჭდა და მათ გულებს შეეხო.
ბიბლიაში ნათქვამია: „მემკვიდრეობა უფლისაგან — შვილები, გასამრჯელო — მუცლის ნაყოფი“ (ფსალმუნები 126:3). შემოქმედმა მოგანდოთ „მემკვიდრეობა“, საყვარელი ბავშვი, რომელმაც შეიძლება ბევრი სიხარული მოგიტანოთ და მისით იამაყოთ. შვილების აღზრდა — განსაკუთრებით კი შემოქმედის თაყვანისმცემლებად — ნამდვილად ღირსშესანიშნავი და კურთხევების მომტანი ამოცანაა!
[სქოლიოები]
a სტრესის ჰორმონების გარდა ნაყოფზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს ალკოჰოლმა, ნიკოტინმა და სხვა ნარკოტიკულმა ნივთიერებებმა. მომავალმა დედებმა თავი უნდა შეიკავონ ნებისმიერი სახის საშიში ნივთიერებებისგან. ასევე, დედამ აუცილებლად უნდა გაარკვიოს ექიმთან, როგორ იმოქმედებს ნაყოფზე ამა თუ იმ პრეპარატის მიღება.
b ქალი თუ ძალიან დამწუხრებულია, სასოწარკვეთილებაში ვარდება, ამასთანავე გულგრილია ბავშვისა და იმის მიმართ, რაც მის გარშემო ხდება, შესაძლოა, მშობიარობის შემდგომი დეპრესიით იტანჯებოდეს. ამ შემთხვევაში მან აუცილებლად უნდა მიმართოს ექიმს. იხილეთ „გამოიღვიძეთ!“-ის 2002 წლის 8 აგვისტოს ნომერში 19—23 გვერდები და 2003 წლის 8 ივნისის გამოცემაში გვერდები 21—23 (რუს.).
c იხილეთ სტატია „პაპა-ბებიები — მათი სიხარული და საზრუნავი“, რომელიც დაიბეჭდა „გამოიღვიძეთ!“-ის 1999 წლის 22 მარტის ნომერში (რუს.).
[სურათი 8 გვერდზე]
ნაყოფისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, თუ რას გრძნობს მის მიმართ დედა.
[სურათი 9 გვერდზე]
ზოგიერთი დედა მშობიარობის შემდეგ შეიძლება ხასიათის ცვლილებებს განიცდიდეს, მაგრამ მათ ბევრის გაკეთება შეუძლიათ, ბავშვს სიყვარული და სიმშვიდე რომ აგრძნობინონ.
[სურათი 10 გვერდზე]
ბავშვზე ზრუნვის პასუხისმგებლობა მამებსაც აკისრიათ.
[სურათი 10 გვერდზე]
ბავშვს ჩვილობიდანვე უნდა ვუკითხოთ.