არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ურთიერთობა ჩვენს გარემომცველ სამყაროში

ურთიერთობა ჩვენს გარემომცველ სამყაროში

ურთიერთობა ჩვენს გარემომცველ სამყაროში

„ურთიერთობის გარეშე ყველა ინდივიდი ერთმანეთისგან იზოლირებულ კუნძულებს დაემსგავსებოდა“ („ცხოველთა ენა“).

ყველგან: ტყეში, სავანასა თუ თქვენს საკუთარ ბაღში ცხოველები შეიძლება აქტიურად ამყარებენ ურთიერთობას. წიგნში „ცხოველთა ენა“ ვკითხულობთ: «ცხოველები მგრძნობელობის ყველა ორგანოს იყენებენ ათასნაირი ჟესტ-მიმიკისა თუ პოზის მისაღებად; გადასცემენ და იღებენ სუსტ — შეშინებული სკუნსის შემთხვევაში კი არცთუ მთლად სუსტ — ყნოსვით სიგნალებს; ისინი წრიპინებენ, ჭყივიან, გალობენ და ჭიკჭიკებენ; ერთმანეთთან კავშირს ამყარებენ ელექტრული და მოციმციმე ნათებების მეშვეობით; იცვლიან კანის შეფერილობას; „ცეკვავენ“, ზოგჯერ კი ატყაპუნებენ და ზედაპირსაც არყევენ». საინტერესოა, რისი თქმა სურთ ამ ყველაფრით?

მეცნიერები საგულდაგულო დაკვირვების შედეგად შიფრავენ ცხოველთა ენას. მაგალითად, აი, რა შენიშნეს მათ: როცა ბენთამურა (მომცრო შინაური ქათმის ჯიში) მტაცებელს — დავუშვათ დედოფალას — შენიშნავს, იგი სხვა ბენთამურებს კო-კო-კოს ძახილით აფრთხილებს მოსალოდნელი საფრთხის შესახებ. მაგრამ სადმე თუ ქორს დალანდავს, მხოლოდ ერთხელ გამოსცემს ხანგრძლივ გამკივან ხმას. ბენთამურები თითოეულ სიგნალზე სწრაფად და შესაბამისად რეაგირებენ, რაც აშკარად მიანიშნებს იმაზე, რომ მათ შორის აზრობრივი ინფორმაციის ურთიერთგაცვლა ხდება. როგორც შენიშნეს, მსგავს ბგერით კავშირებს სხვა ფრინველებიც ამყარებენ.

როგორც წიგნში „გალობა, ღრიალი და რიტუალები“ ვკითხულობთ, „ცხოველთა ურთიერთობის შესწავლის ერთ-ერთი ძირითადი მეთოდი ასეთია: შესაბამის სიგნალს ფირზე იწერენ, შემდეგ კი ჩანაწერს ცხოველებს ასმენინებენ და აკვირდებიან, იწვევს თუ არა ის მათში მოსალოდნელ რეაქციას“. ბენთამურებზე ცდა ჩაატარეს და სიგნალის ჩანაწერი მოასმენინეს. მათ ისეთივე რეაქცია ჰქონდათ, როგორიც ბუნებრივ პირობებში. ეს მეთოდი ობობებთანაც კი ამართლებს. მეცნიერებმა გადაწყვიტეს, გამოერკვიათ, თუ რით იზიდავს შეწყვილების დროს მდედრ ტარანტულს (ობობის სახეობა) მამრი, რომელიც ბანჯგვლიანი წინა ფეხების მდედრის ცხვირწინ ქნევით ცდილობს მასზე შთაბეჭდილების მოხდენას. მკვლევარებმა ვიდეოკასეტაზე გადაიღეს მამრი ტარანტული და კომპიუტერული მონტაჟით ფეხებიდან თმის კონები მოაცილეს. როდესაც ვიდეოჩანაწერი მდედრს აჩვენეს, მან მოულოდნელად ყოველგვარი ინტერესი დაკარგა მამრისადმი. მაშ, რას ვიგებთ აქედან? იმას, რომ მდედრ ტარანტულებს მხოლოდ ის მამრები იზიდავს, რომლებიც ბანჯგვლიან ფეხებს უქნევენ ცხვირწინ.

ურთიერთობის დამყარება სუნით

მრავალი ცხოველი ერთმანეთს ინფორმაციას აწვდის ქიმიურად აქტიური ნივთიერებებით — ფერომონებით, რომლებიც სპეციალურ ჯირკვლებში გამომუშავდება ან შარდსა და ექსკრემენტებთან ერთად გამოიყოფა. ადამიანები ღობავენ თავიანთ საკუთრებას და ხშირად სახლის ნომრისა და მფლობელის ვინაობის მიმანიშნებელ დაფას კიდებენ მასზე. მსგავსად ამისა, ფერომონები ამა თუ იმ ცხოველის, მათ შორის ძაღლებისა და კატების, ტერიტორიის ამოსაცნობი ნიშანია. მონიშვნის ეს უხილავი, მაგრამ ძალიან ეფექტური მეთოდი ერთი და იმავე ჯიშის ცხოველებს საშუალებას აძლევს, ერთმანეთისგან საჭირო დისტანცია დაიცვან.

ფერომონების დანიშნულება მხოლოდ ტერიტორიის მონიშვნით არ შემოიფარგლება. ისინი ასრულებენ „განცხადებების დაფის“ მოვალეობას, რასაც დიდი ინტერესით „კითხულობენ“ სხვა ცხოველები. როგორც წიგნში „როგორ ამყარებენ ურთიერთობას ცხოველები“ ვკითხულობთ, სუნი, «რითაც „მობინადრე“ ცხოველის ტერიტორიაა მონიშნული, მის შესახებ სხვებს, როგორც ჩანს, დამატებით ინფორმაციას აწვდის. კერძოდ: რა ხნისაა ის, მდედრია თუ მამრი, ძლიერია თუ სუსტი ფიზიკურად, რა და რა უნარი აქვს, სქესობრივი ციკლის რა ფაზაში იმყოფება ამჟამად და სხვა . . . სუნი, რითაც ტერიტორიას მონიშნავს ცხოველი, მისი პასპორტის მოვალეობას ასრულებს». ამიტომაც, ზოგი ცხოველი ძალიან სერიოზულად ეკიდება ასეთ ნიშნულებს, რაც კარგად არის ცნობილი ზოოპარკის თანამშრომლებისთვის. გალიებისა და ზღუდეების გარეცხვა-გაწმენდის შემდეგ ისინი ხშირად გამხდარან ასეთი სურათის მომსწრე: მრავალი ცხოველი დაუყოვნებლივ იწყებს თავისი ტერიტორიის ხელახლა მონიშვნას სუნით. ზემოხსენებული წიგნის თანახმად, „საკუთარი სუნის არარსებობა დამთრგუნველად მოქმედებს ცხოველზე და ამან შეიძლება არანორმალურ ქცევამდე და უნაყოფობამდეც კი მიიყვანოს ის“.

ფერომონები მწერების სამყაროშიც დიდ როლს ასრულებს. მაგალითად, შიშის ფერომონები მწერებს აღძრავს, რომ შეგროვდნენ და თავდასხმისთვის მოემზადონ. თავმოყრის ფერომონები კი უბიძგებს მათ, საკვებთან ან ბუდის გასაკეთებლად ხელსაყრელ ადგილას მოიყარონ თავი. ამავე სახის ფერომენებს განეკუთვნება სქესობრივი ატრაქტანტებიც, რის მიმართაც განსაკუთრებით მგრძნობიარეა ზოგი ცოცხალი ორგანიზმი. თუთის მამრ აბრეშუმხვევიას აქვს რთული აგებულების მქონე ორი საცეცი, რომლებიც გვიმრის ერთ ბეწო ნაზ ფოთოლს წააგავს. ეს საცეცები იმდენად მგრძნობიარეა, რომ მათ მდედრი აბრეშუმხვევიას სქესობრივი ატრაქტანტის ერთი მოლეკულის აღმოჩენაც კი შეუძლიათ! 200 მოლეკულა კი უკვე საკმარისია იმისათვის, რომ მამრმა მდედრის ძებნა დაიწყოს. თუმცა ქიმიური ნივთიერებებით მხოლოდ ცხოველები როდი ამყარებენ ურთიერთობას.

„მოლაპარაკე“ მცენარეები

იცოდით თუ არა, რომ მცენარეებს ერთმანეთთან და ზოგ სხვა ცოცხალ არსებასთანაც კი შეუძლიათ ურთიერთობის დამყარება? ჟურნალი „დისკავერი“ მკვლევარების მიერ ნიდერლანდებში ჩატარებული საინტერესო დაკვირვების შესახებ იუწყებოდა: მკვლევარებმა შენიშნეს, რომ წითელტანების (ტკიპათა ნაირსახეობა) შემოსევის დროს ლიმური ლობიო განსაკუთრებულ ქიმიურ ნივთიერებას გამოყოფს, რითაც ის უბედურების მაუწყებელ სიგნალს აგზავნის. ეს ნივთიერება იზიდავს სხვა ტკიპებს, რომლებიც უმალ წითელტანებზე ნადირობას იწყებენ. მსგავსადვე, თუ სიმინდს, თამბაქოსა და ბამბის ბუჩქებს მატლები შეესივნენ, მცენარეები ჰაერში გამოყოფენ ნივთიერებებს, რაც კრაზანებს — მატლების დაუძინებელ მტრებს — იზიდავს. ერთმა მკვლევარმა თქვა: «მცენარეები უბრალოდ კი არ იტყობინებიან „ჩვენ თავს დაგვესხნენ“, არამედ იმის შესახებაც ავრცელებენ ინფორმაციას, თუ ვინ დაესხათ თავს. მართლაც რომ რთული და მეტად გასაოცარი სისტემაა».

მცენარეთაშორისი ურთიერთობაც არანაკლებ გასაოცარი მოვლენაა. ჟურნალ „დისკავერის“ თანახმად, მკვლევარებმა «შენიშნეს, რომ ტირიფი, ალვის ხე, მურყანი და არყის ხე „ყურს უგდებენ“ თავიანთივე სახეობის ხეებს, ხოლო ქერის ღივი ურთიერთობას ამყარებს ქერის სხვა ღივებთან. თუ მცენარე გასაჭირში ჩავარდა — იქნება ეს მატლებისა თუ წითელტანების შემოსევა და სოკოებითა თუ ნაცრით დაინფიცირება — ის ნებისმიერ შემთხვევაში . . . აგზავნის ქიმიურ სიგნალს, რაც ახლომდებარე დაუზიანებელ მცენარეებში, როგორც ჩანს, დამცავი მექანიზმების ჩართვას იწვევს». როგორც შენიშნეს, განგაშის ასეთ ქიმიურ სიგნალზე განსხვავებული სახეობის მცენარეებიც კი რეაგირებენ.

მცენარეს რომ თავს ესხმიან ან მოახლოებული საფრთხის შესახებ რომ გაფრთხილებას იღებს, ის თავისი დამცავი მექანიზმების მობილიზებას ახდენს. მათ შორისაა ტოქსინები, რომლებიც კლავს მწერებს და სხვა ნივთიერებები, რაც მავნებლებს უზღუდავს ან მთლიანად ართმევს მცენარის მონელების უნარს. ამ სფეროში შემდგომმა კვლევა-ძიებამ, მოსალოდნელია, მიგვიყვანოს კიდევ უფრო საოცარ აღმოჩენებამდე, რაც შეიძლება წარმატებით გამოიყენონ სოფლის მეურნეობაში.

მანათობელი „მორზეს ანბანი“

„ჰაერში მოფარფატე მათი ციცქნა ლამპრები, რომლებიც ვარსკვლავების გამოჩენამდე იწყებდნენ ციმციმს, განუმეორებელ სილამაზეს ანიჭებდნენ ქალაქგარეთ მდებარე, არაფრით გამორჩეულ, ჩვენს რაიონს“, — დაწერა ციცინათელებისადმი მიძღვნილ სტატიაში ეკოლოგმა სიუზენ ტუიტმა. ხოჭოსებრთა ოჯახის წარმომადგენელი ეს მწერები სინათლის ანბანით ამყარებენ ურთიერთობას. მათი შუქური სიგნალები «სხვადასხვა სირთულისაა. ის შეიძლება იყოს როგორც მარტივი გამაფრთხილებელი ნათება, ისე ორ პოტენციურ პარტნიორს შორის გამართული მეტად რთული „შუქური საუბარი“», — ამბობს ტუიტი. ციცინათელების სინათლე მწვანედან ყვითელსა და ნარინჯისფერში გადადის. რადგან მდედრები იშვიათად დაფრინავენ, ჩვენ ძირითადად მამრების ნათებას ვხედავთ (იხილეთ ჩარჩო „ციცინათელების ცივი ნათება“).

ციცინათელების 1 900 სახეობიდან, თითოეულს ნათების განუმეორებელი მოდელი აქვს. ის შეიძლება შედგებოდეს სამი გაელვებისგან, რაც ერთ წამამდე გრძელდება ან სხვადასხვა ხანგრძლივობისა და ინტერვალების მქონე პულსირებული ნათებების სერიისგან. პარტნიორის საძებნელად გამოსული მამრი ციცინათელა თავისი განზრახვის შესახებ შესაბამისი მანათობელი სიგნალით ატყობინებს გარშემო მყოფთ. როგორც ჟურნალ „ოდებენში“ ვკითხულობთ, «მდედრი შიფრავს ნათებების პულსს და თავისი სახეობისთვის დამახასიათებელი შესაბამისი ინტერვალით ეპასუხება „აქა ვარ“». მამრი გებულობს უხმო მიპატიჟებას და მდედრისკენ მიფრინავს.

„ტყის სოლისტები“

«ხანგრძლივობის, მრავალფეროვნებისა და სირთულის მხრივ ვერც ერთი ქმნილების მიერ შესრულებული „ვოკალიზი“ ვერ შეედრება ფრინველების გალობას», — ამბობს დეივიდ ატენბორო თავის წიგნში „ფრინველების ცხოვრება“. ფრინველის ხმა წარმოიქმნება არა ზედა ხორხში, არამედ გულმკერდის სიღრმეში მდებარე ქვედა ხორხში — იქ, სადაც ფილტვებში შესვლამდე ტრაქეა ბრონქებად იყოფა.

გალობის უნარი ფრინველებს ნაწილობრივ მემკვიდრეობით გადაეცემათ, ნაწილობრივ კი მშობლებისგან სწავლობენ ამ ხელოვნებას. ამიტომაც, მათ შეიძლება თავისებური კუთხური „აქცენტიც“ კი განუვითარდეთ. წიგნში „ფრინველების ცხოვრება“ ნათქვამია: „XIX საუკუნეში ავსტრალიაში ჩაყვანილი ევროპული შაშვების იმ შთამომავლებმა, რომლებსაც ევროპელი ახალმოსახლეების სმენა მშობლიური ხმებით უნდა დაეტკბოთ, საკმაოდ გამორჩეული ავსტრალიური აქცენტი შეიძინეს“. მამალი კუდქნარას სიმღერები, რომლებიც სპეციალისტების აზრით, ურთულესი და ყველაზე მელოდიურია დანარჩენ მგალობელ ფრინველთა ხმებს შორის, თითქმის მთლიანად სხვა ფრინველების „რეპერტუარითაა“ შევსებული. კუდქნარები იმდენად ნიჭიერი იმიტატორები არიან, რომ შეუძლიათ მიბაძონ თითქმის ნებისმიერ ხმას, მათ შორის მუსიკალურ საკრავებს, ძაღლების ყეფას, სიგნალიზაციას, ცულის დარტყმას და ფოტოაპარატის გადახვევასაც კი! და ამ ყველაფერს, რასაკვირველია, ძირითადად პოტენციურ პარტნიორზე შთაბეჭდილების მოსახდენად აკეთებენ.

კოდალები, რომლებიც თავიანთ ნისკარტს, ჩვეულებრივ, საკბილოს მოსაპოვებლად იყენებენ, ფრინველთა სამყაროს საუცხოო დიდოსტატები არიან „დასარტყამ ინსტრუმენტებზე“ დაკვრის ხელოვნებაში. რეზონანსის მომცემ ფუღუროიან მორსა თუ ტოტზე კაკუნით ისინი სხვა ფრინველებს ნიშანს აძლევენ. ზოგმა შეიძლება „მათთვის საინტერესო ახალ ინსტრუმენტებზე . . . , დაღარულ რკინის სახურავზე ანდა ლითონის საკვამლე მილზე, დაკვრაც კი ისწავლონ“, — ამბობს ატენბორო. ფრინველები ვიზუალურ კონტაქტსაც ამყარებენ ერთმანეთთან მუსიკალური აკომპანემენტით ან მის გარეშე. მაგალითად, საუცხოოდ შეფერილი ბუმბულების დემონსტრირებით მათ შეუძლიათ რამე ანიშნონ ერთმანეთს.

ყველას რომ გააგებინოს, თუ რა ტერიტორიის ბატონ-პატრონია, მამალი შავი კაკადუ ყველა ხერხს მიმართავს — აკაკუნებს, მღერის, რიტმულად მოძრაობს და ბუმბულების დემონსტრირებას აწყობს. ის ტკაცანით ტეხს საღ ტოტს, ფეხებს სჭიდებს მას და გამხმარ ხის ტანს ურახუნებს. ამავე დროს, შლის ფრთებს, იქოჩრება, თავს აქეთ-იქით აქნევს და გაჰკივის — მართლაც შთამბეჭდავი სპექტაკლია!

ზოგჯერ ცხოველებსაც ესმით, თუ რისი თქმა სურს ზოგ ფრინველს. ვნახოთ, როგორ იქცევა დიდ თაფლმაძიებლად წოდებული პატარა შაშვისებრი ფრინველი, რომელიც უმეტესწილად აფრიკაში ბინადრობს. თაფლმაძიებელი ნამდვილად ამართლებს თავის სახელს და თავისებური შეძახილებით მიუძღვება კვერნისებრთა ოჯახის წარმომადგენელ მაჩვისმაგვარ ცხოველს, თაფლიჭამიას, იმ ხისკენ, სადაც ფუტკრის ბუდე ეგულება. ხის მახლობლად ან ხეზე დაჯდომისას ის განსხვავებულ ხმას გამოსცემს, რითაც მიანიშნებს: „აქაა თაფლი!“ თაფლიჭამია ხეს აგნებს, კლანჭებით ჩიჩქნის ხის ტანს და პირის ჩატკბარუნებით გულს იჯერებს ხოლმე.

წყალქვეშეთის „ორატორები“

წყალქვეშა სასმენი აპარატების, ჰიდროფონების, გამოგონების შედეგად შესაძლებელი გახდა წყალქვეშა სამყაროს ბინადართა „საუბრების“ მოსმენა. მკვლევარები გააოგნა წყლის სიღრმეში არსებულ ხმათა სიმრავლემ. წყალქვეშეთი იმდენად სავსეა სხვადასხვაგვარი ხმებით — ზუზუნიდან კნავილის მსგავს ხმამდე თუ გულის გამგმირავ კივილამდეც კი — რომ წყალქვეშა ნავების ეკიპაჟები ამ ხმებით საკუთარი ხმაურის შესანიღბავად სარგებლობენ. წყლის ბინადართა ხმები სხვადასხვაგვარი თავისებურებებით გამოირჩევა. წიგნში „წყალქვეშეთის იდუმალი ენები“ ოკეანოლოგი რობერტ ბერჯესი ამბობს: «მაშინ როცა ერთი თევზი თითქოსდა ღრუტუნებს, კაკანებს და ყეფს და შემდეგ წარმოდგენას თავიდან ბოლომდე ზუსტად იმეორებს, სხვამ შეიძლება ტკაცა-ტკუცისა და კრაჭუნის მსგავსი ხმები გამოსცეს, „ბრავოს ძახილზე“ კი ღრჭიალ-ღრჭიალით კიდევ ერთხელ გაიშლიგინოს».

როგორ გამოსცემენ ხმებს თევზები? მათ ხომ მბგერი იოგები არა აქვთ?! როგორც ბერჯესი ამბობს, ზოგი თევზი „თავიანთი ბურთისებრი საცურავი ბუშტების კედლებთან მიმაგრებული [კუნთებით] იწვევს ამ კედლების ვიბრაციას, სანამ ბუშტები“ დოლის მსგავსად, ვიბრაციას არ დაიწყებს. სხვა თევზები კბილებს აღრჭიალებენ ან ლაყუჩის სარქველებს აღებენ და ხურავენ, რის შედეგადაც სხვადასხვაგვარ ხმებს — ყრუ თუ ტაშის შემოკვრის მსგავს ბგერებს გამოსცემენ. საინტერესოა, ეს ყოველივე აზრს მოკლებული „ლაქლაქი“ ხომ არაა? როგორც ჩანს, არა. ხმელეთის ცხოველების მსგავსად, თევზებიც გამოსცემენ ბგერებს „საპირისპირო სქესის წარმომადგენლის ყურადღების მისაპყრობად, ორიენტაციისთვის, მტრებისგან დასაცავად, ჩვეულებრივი ურთიერთობებისა თუ სხვების დაშინების მიზნით“, — ამბობს ბერჯესი.

თევზებს კარგი სმენაც აქვთ. ბევრ სახეობას აქვს შიგნითა ყური, აგრეთვე წნევისადმი მგრძნობიარე უჯრედები, რომლებიც მათი სხეულის ორივე გვერდის შუაში, სიგრძივი ზოლის გასწვრივაა განლაგებული. უჯრედების ამ მწკრივს, რომელსაც გვერდითი ხაზი ეწოდება, ბგერითი ტალღების გავრცელებით წარმოქმნილი წნევის ამოცნობა შეუძლია.

ყველაზე გამორჩეული ურთიერთობა დედამიწაზე

«როდესაც ვიკვლევთ ადამიანის ენას, — წერდა ნოამ ხომსკი, პროფესორი ლინგვისტიკის დარგში, — ჩვენს წინ იშლება ის, რასაც ზოგიერთი უწოდებს „ადამიანურ არსს“ ანუ აზროვნების ისეთ განსაკუთრებულ უნარს, რომელიც მხოლოდ ადამიანს ახასიათებს». ბარბარა ლუსტმა, პროფესორ-ლინგვისტმა, რომელიც ადამიანის განვითარების პროცესებსაც შეისწავლის, განაცხადა: „უკვე 3 წლის ასაკში ბავშვები ენის უაღრესად რთული და ზუსტი სტრუქტურისა და სინტაქსის ისეთ საოცარ ცოდნას ამჟღავნებენ, რომ სწავლების ვერც ერთი ცნობილი თეორია ამ ფაქტს ახსნას ვერ უძებნის“.

ბიბლია კი ადამიანის მეტყველების საოცარ უნარს გონივრულად ხსნის. ამ ძღვენს ის მიაწერს შემოქმედს, იეჰოვა ღმერთს, რომელმაც კაცობრიობა თავის „ხატად“ შექმნა (დაბადება 1:27). როგორ აირეკლება ღვთის თვისებები ჩვენს მეტყველების უნარში?

განვიხილოთ, მაგალითად, სახელების დარქმევის უნარი. პროფესორი ფრენკ დანსი, რომელიც ენობრივი ურთიერთობების საკითხს შეისწავლის, წერდა, რომ ადამიანები „არიან ერთადერთი ქმნილებები, რომლებიც ყველაფერს თავის სახელს არქმევენ“. ეს რომ ღვთისთვის დამახასიათებელი და მისგან ბოძებული თვისებაა, ბიბლიიდან მტკიცდება. იქ, სადაც ბიბლია ღვთის შემოქმედების დაწყების შესახებ მოგვითხრობს, ნათქვამია, რომ ღმერთმა უწოდა „ნათელს დღე და ბნელს უწოდა ღამე“ (დაბადება 1:5). ესაიას 40:26-დანაც აშკარად ჩანს, რომ ღმერთმა ყველა ვარსკვლავს თავისი სახელი უწოდა. რა საოცარია!

ადამის შექმნის შემდეგ ერთ-ერთი პირველი დავალება, რაც მას ღმერთმა მისცა, ის იყო, რომ ყველა ცოცხალი არსებისთვის სახელები დაერქმია. რამდენად უნდა აღეძრა ამ დავალებას ადამი, რომ გამოევლინა დაკვირვების უნარი და შემოქმედებითი ნიჭი! მოგვიანებით, ადამმა თავის ცოლს ევა უწოდა, ევამ კი თავიანთ პირმშოს — კაენი (დაბადება 2:19, 20; 3:20; 4:1). იმ დროიდან მოყოლებული ადამიანები ყველაფერს, რასაც კი შეიძლება, არქმევენ და არქმევენ სახელებს. და ყოველივე ამას იმიტომ აკეთებენ, რომ ხელი შეუწყონ ერთმანეთთან ურთიერთობას. მართლაც, წარმოიდგინეთ, რა რთული იქნებოდა ურთიერთობა სახელებისა და სახელწოდებების ცოდნის გარეშე.

გარდა იმისა, რომ ადამიანებს ყველაფრისთვის სახელის დარქმევის უნარი და სურვილი აქვთ, ისინი მრავალი სხვა სახითაც ამყარებენ ერთმანეთთან ურთიერთობებს, რომელთაგან ყველა როდია სიტყვიერი. მართლაც, ჩვენ პრაქტიკულად ნებისმიერი რამის გაზიარება შეგვიძლია ერთმანეთისთვის — რთული ცნებებით დაწყებული ყველაზე ნაზი გრძნობების გამოხატვით დამთავრებული. მაგრამ არსებობს ურთიერთობის ერთი განსაკუთრებული ფორმა, რომელიც, როგორც შევიტყობთ, ყველა ამ ფორმას აღემატება.

[ჩარჩო⁄სურათი 6 გვერდზე]

ციცინათელების ცივი ნათება

გავარვარებული ნათურა ენერგიის 90 პროცენტზე მეტს კარგავს სითბოს სახით. რთულ ქიმიურ რეაქციებზე დაფუძნებული ციცინათელების ნათების ეფექტურობა კი 90—98 პროცენტს აღწევს. ამ ნათების დროს ენერგია სითბოს სახით თითქმის არ გამოიყოფა. ამიტომაც, ამ მოვლენას მართებულად ეწოდება ცივი ნათება. ქიმიური რეაქციები, რის შედეგადაც წარმოიქმნება სინათლე, მიმდინარეობს ფოტოფორებად წოდებულ სპეციალურ უჯრედებში. ფოტოფორების „ჩართვა-გამორთვას“ არეგულირებს ნერვები.

[საავტორო უფლება]

John M. Burnley/Bruce Coleman Inc.

[ჩარჩო⁄სურათი 8, 9 გვერდებზე]

სასარგებლო რჩევები ურთიერთობის უნარის გასაუმჯობესებლად

1. ყურადღებით უსმინეთ, როდესაც სხვები ლაპარაკობენ. სულ თქვენ ნუ ილაპარაკებთ. ადამიანები არ მიაქცევენ ყურადღებას არასწორად წარმოთქმულ სიტყვას ან გრამატიკულ შეცდომას, მაგრამ არ ესიამოვნებათ ისეთ ადამიანთან საუბარი, რომელიც სულ თვითონ ლაპარაკობს, სხვებს კი არ უსმენს. „ყოველი ადამიანი იყოს სმენაში მარდი, სიტყვაში ნელი“, — ნათქვამია ბიბლიაში (იაკობი 1:19, აფ).

2. დაინტერესდით ცხოვრებით და გარემომცველი სამყაროთი. გაიფართოვეთ თვალსაწიერი კითხვის მეშვეობით, თუმცა საკითხავი მასალა გონივრულად შეარჩიეთ. ნასწავლის შესახებ საუბრისას თავმდაბლობა და მოკრძალება გამოავლინეთ (ფსალმუნები 5:6; იგავები 11:2).

3. გაზარდეთ სიტყვათა მარაგი პრაქტიკული სიტყვებით და არა შთამბეჭდავი ტერმინოლოგიით, რასაც მსმენელთა ყურადღება მოლაპარაკეზე გადააქვს. ხალხი იესოზე ამბობდა: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს“ (იოანე 7:46). თუმცა „უსწავლელ და უბრალო“ ადამიანებსაც კი არ უჭირდათ იესოს სიტყვების გაგება (საქმეები 4:13, აქ).

4. ილაპარაკეთ გასაგებად, სიტყვები სწორად წარმოთქვით, მაგრამ ერიდეთ ზედმეტად მკაფიო ან გადაპრანჭულ საუბარს. როცა გარკვევით ვლაპარაკობთ, ვერიდებით სიტყვების გაურკვევლად გამოთქმას ან მარცვლების ჩაყლაპვას, ჩვენს მეტყველებას ღირსებას ვმატებთ და მსმენელების მიმართაც ყურადღებას ვავლენთ (1 კორინთელთა 14:7—9).

5. აღიარეთ, რომ თქვენი მეტყველების უნარი ღვთისგან ბოძებული ძღვენია. მაშინ თქვენ ყველანაირად ეცდებით, სათანადო პატივისცემით გამოიყენოთ ეს უნარი (იაკობი 1:17).

[სურათი 5 გვერდზე]

თუთის აბრეშუმხვევიებს უაღრესად მგრძნობიარე საცეცები აქვთ.

[საავტორო უფლება]

Courtesy Phil Pellitteri

[სურათი 6, 7 გვერდებზე]

კოდალა

[სურათი 7 გვერდზე]

სამოთხის ფრინველი

[საავტორო უფლება]

© Michael S. Yamashita/CORBIS

[სურათი 7 გვერდზე]

შავი კაკადუ

[საავტორო უფლება]

Roland Seitre