არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

გასეირნება ტროლეიბუსის ყველაზე გრძელი მარშრუტით

გასეირნება ტროლეიბუსის ყველაზე გრძელი მარშრუტით

გასეირნება ტროლეიბუსის ყველაზე გრძელი მარშრუტით

„გამოიღვიძეთ!“-ისთვის უკრაინიდან

როგორ ფიქრობთ, შეიძლება თუ არა ხურდა ფულით დაუვიწყარი შთაბეჭდილებების მიღება? ბევრი ფული ნამდვილად არ დაგეხარჯებათ, თუ მსოფლიოში ყველაზე გრძელი სატროლეიბუსო მარშრუტით გადაწყვეტთ მგზავრობას. ტროლეიბუსი სამხრეთ უკრაინაში, ყირიმის ნახევარკუნძულის ცენტრში მდებარე ქალაქ სიმფეროპოლიდან გადის და 95 კილომეტრის გავლის შემდეგ შავი ზღვის ჩრდილოეთ სანაპიროს მზიურ კურორტ იალტაში ჩერდება ბოლო გაჩერებაზე. წამოდით, გამოისეირნეთ ჩვენთან ერთად!

სიმფეროპოლის სატრანსპორტო უწყებაში სლავნი გიორგი მიხაილოვიჩი გავიცანით. გიორგი მიხაილოვიჩი აქ 1959 წლიდან მუშაობს და თავისი საქმის მართლაც რომ კარგი მცოდნეა. იგი ჯერ სატრანსპორტო საშუალებათა მუზეუმში შეგვიძღვა და იმ ადამიანების ფოტოები გვიჩვენა, რომლებმაც ტროლეიბუსის ხაზის გაყვანაში მიიღეს მონაწილეობა.

— ტროლეიბუსმა რომ იმუშაოს, მხოლოდ გზის კეთილმოწყობა არ კმარა, — გვიხსნის ის. — მშენებლებმა ასობით საყრდენი კონსტრუქცია ააგეს მრავალკილომეტრიანი კიდული საკონტაქტო სადენების გასაჭიმად. ხაზი რომ შეუფერხებლად მომარაგებულიყო ელექტროენერგიით, ინჟინრებმა რამდენიმე ელექტროგადამცემი სადგური დააპროექტეს.

— კი მაგრამ, აქ ხომ ავტობუსიც ივლიდა? რატომ არჩიეთ ტროლეიბუსი ამ საკმაოდ გრძელ მთიან მასივში სამგზავროდ? — ვინტერესდებით ჩვენ.

— ბენზინის ძრავიან ავტობუსთან შედარებით ტროლეიბუსი ეკოლოგიურად გაცილებით სუფთაა, — გვითხრა მან. — ჩვენი მიზანი ის იყო, რომ შთამომავლობისთვის შეუბღალავად შეგვენარჩუნებინა მთები და ზღვის სანაპირო.

— მაგრამ განა ერთი-ორი ავტობუსი ასე ძალიან დააბინძურებდა გარემოს? — ვეკითხებით ჩვენ.

— ერთი-ორი ავტობუსი?! — ნიშნის მოგებით გვითხრა მან. — თავად გამოიტანეთ დასკვნა: რამდენიმე წლის წინათ, ზაფხულის სეზონის დროს, ტროლეიბუსები ყოველ ორ-სამ წუთში გადიოდნენ ამ მარშრუტზე და დღის განმავლობაში, საერთო ჯამში, 400 რეისს ასრულებდნენ.

ამ საინტერესო ინფორმაციის მოსმენის შემდეგ, ერთი სული გვაქვს, როდის ჩავსხდებით ტროლეიბუსში.

უკვე გავდივართ!

ჩვენი მგზავრობა სიმფეროპოლის ცენტრალურ სადგურში იწყება. თავზემოთ დაკიდული ელექტროსადენები თითქოს ვერცხლისფერ ლაბირინთებადაა გადაწნული. აი, ბილეთებიც ვიყიდეთ სალაროში და №52 ტროლეიბუსში ავდივართ. რა კარგია, უკვე გავდივართ!

29 კილომეტრის გავლის შემდეგ მთებში გაყვანილ გზას შევუყევით. მალე ცათამბჯენებივით წამომართული ბუმბერაზი მთების ჩრდილში მოვექეცით. მარადმწვანე და ფოთლოვანი ტყით დაფარული მათი ციცაბო ფერდობები დათოვლილ ველებს ერწყმის. უღელტეხილის უმაღლეს წერტილზე ასვლისას ძირს ვიხედებით და სუნთქვა გვეკვრის — დაშვებისას არანაკლებ გასაოცარი ხედების ნახვა გველის! ჩვენ წინ კლაკნილი გზაა, რომელიც სადღაც შორეთში იკარგება. მძლავრი მუხრუჭები საიმედოდ ანელებს დაღმართზე სიჩქარეაკრეფილი ტროლეიბუსის სვლას. მძღოლს უსაფრთხოდ ჩამოვყავართ ვაკეზე.

მალე მთის ძირას მდებარე ქალაქ ალუშტაში შევდივართ, შემდეგ მარჯვნივ ვუხვევთ და სამხრეთით, სანაპირო გზას მივუყვებით. ჩვენ მარცხნივ შავი ზღვაა, მარჯვნიდან კი ზვიადად დაგვყურებენ ყირიმის მთები.

ცოტა მოშორებით, დაბა პუშკინოს მისადგომებთან, ჩვენ თვალწინ აიუდაღის ანუ დათვი-მთის ხედი იშლება. როგორც ადგილობრივი მცხოვრებლები ხსნიან, თქმულების თანახმად, თურმე ერთი უშველებელი დათვი შავი ზღვის ერთ ყლუპად დალევას ცდილობდა და სწორედ ამ დროს ქვად გადაქცეულა. ამბობენ, რომ თავი მას ჯერაც წყალში აქვს ჩაყოფილი. მე კი ჩემთვის ვფიქრობ: „კი მაგრამ, რატომ არ ამბობენ, რომ დათვმა ბევრი ღვინო დალია და სიმთვრალისაგან ჩავარდა წყალში? გზად ხომ უამრავი ვენახი შეგვხვდა“. ეს მხარე განთქმულია მეღვინეობით და „მასანდრას“ ღვინოებით, რომლებმაც არაერთი ჯილდო მოიპოვა საერთაშორისო კონკურსებში.

დაბა ნიკიტაში ტროლეიბუსიდან ჩამოვდივართ, რათა ნიკიტის ბოტანიკური ბაღი მოვინახულოთ. ბაღი მართლაც რომ საერთაშორისოა — აქ მსოფლიოს ყველა კუთხიდან ჩამოტანილი ათასობით მცენარე იწონებს თავს. ჩვენი მრავლისმცოდნე ექსკურსიამძღოლი, ტამარა, შესასვლელისკენ მიგვიძღვის. შესასვლელთან აზიდული უზარმაზარი მარადმწვანე ხეები სასიამოვნო სურნელებას აფრქვევს. „ეს ლიბანის კედრებია, — გვიხსნის ის. — სოლომონმა ამ ზორბა ხეებისგან ააგო ტაძარი“. ტამარა მართალია: ბიბლია გვამცნობს, რომ სოლომონის მიერ წამოწყებულ გრანდიოზულ მშენებლობაში ძირითად სამშენებლო მასალად კედარი გამოიყენებოდა (3 მეფეთა 5:6—18).

მოხრეშილ და კარგად დატკეპნილ ბილიკს ნელ-ნელა მივუყვებით. უცბად ეკლოვან ბუჩქნარს ვამჩნევთ. „ეს ვარდებია, — ამბობს ტამარა. — ბაღში სულ 200 სახეობაა. ყვავილობა პიკს მაისის ბოლოსა და ივნისის დასაწყისში აღწევს“. შემდეგ, ცოტა მოშორებით, 2,5 მეტრამდე სიმაღლის ბუჩქთან შევჩერდით. „ეს კი ლენქორანული ხერკინაა, — გვეუბნება ტამარა კმაყოფილი სახით. — მისი მერქანი ლითონის მაგივრობას სწევს და მას ფოლადის ლურსმნების შემცვლელადაც კი ხმარობენ. ხერკინა წყალშიც კი იძირება“. ბაღის დათვალიერებას მოვრჩით და მალე ტროლეიბუსიც ჩამოდგა. გვიხარია, რომ ვიდრე იალტაში ბოლო გაჩერებაზე ჩამოვალთ, დაღლილ ფეხებს ცოტათი მაინც მოვასვენებთ. იალტა ბევრს მეორე მსოფლიო ომის დროს აქ გამართული ისტორიული კონფერენციის წყალობით ახსოვს. 1945 წელს ლივადიის სასახლეში ერთმანეთს შეხვდნენ ანტიჰიტლერული კოალიციის სამი მთავარი სახელმწიფოს მეთაურები, რათა ფაშისტური გერმანიის საბოლოო ოკუპაციის გეგმები განეხილათ.

გზად შინისაკენ

საღამოვდება და დროა, ტროლეიბუსითვე უკან დავბრუნდეთ. გზის გაყოლებაზე ბავშვები გამოშლილან და ნაირნაირი ყვავილების თაიგულებს ყიდიან. ჩამოვდივართ თუ არა ტროლეიბუსიდან, პატარა „ბიზნესმენები“ უმალ წრეს კრავენ ჩვენ გარშემო. „რა ჰქვია ამ თეთრ ყვავილებს?“ — ვეკითხები იანას, 15 წლის ქერათმიან გოგონას. „ეს ენძელებია“, — ამაყად მპასუხობს ის. მერე გზის გაღმა მდებარე მთაზე მანიშნებს თავით და დასძენს: „აი, იმ ფერდობზე ვკრეფთ ხოლმე დილაობით, როცა თოვლი იწყებს დნობას“.

სულ ცოტა ხანში ისევ ტროლეიბუსით მივირწევით და ბოლოს ვბრუნდებით იქ, საიდანაც ჩვენი მგზავრობა დაიწყო. ახლა იმ პატარა ბავშვებს ვგავართ, რომლებმაც პირველად თავის სიცოცხლეში ატრაქციონებზე იჯერეს გული და ერთი სული აქვთ, როდის გაიმეორებენ იგივეს.

[რუკები 22, 23 გვერდებზე]

(სრული ტექსტი იხილეთ პუბლიკაციაში)

უკრაინა

ყირიმი

შავი ზღვა

სიმფეროპოლი

↓ მთა ჩათირდაღი

ალუშტა

პუშკინო

↓ დათვი-მთა

ნიკიტა

↓ მასანდრა

იალტა

ლივადია

მთა აი-პეტრი

ალუპკა

[სურათი 22, 23 გვერდებზე]

მთა აი-პეტრი

[სურათები 23 გვერდზე]

ვორონცოვის სასახლე (ალუპკა).

[სურათი 23 გვერდზე]

მარმარილოს გამოქვაბული (მთა ჩათირდაღი)

[სურათი 23 გვერდზე]

აიუდაღი ანუ დათვი-მთა

[სურათი 24 გვერდზე]

ციხესიმაგრე „მერცხლის ბუდე“ (იალტა).

[სურათი 24 გვერდზე]

მასანდრის ღვინის მარანი (იალტა); 1775 წელს ჩამოსხმული ხერესის ბოთლები.

[სურათი 24 გვერდზე]

უჩანსუს ჩანჩქერი (იალტა) — დაახლოებით 100 მეტრი სიმაღლის, ყველაზე დიდი ჩანჩქერი ყირიმში.

[სურათი 24 გვერდზე]

ლივადიის ისტორიული სასახლე (იალტა).