არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

კაცი, რომელმაც აირჩია ღვთისადმი მორჩილება

კაცი, რომელმაც აირჩია ღვთისადმი მორჩილება

კაცი, რომელმაც აირჩია ღვთისადმი მორჩილება

ავად სახსენებელ 1937 წელს, როდესაც განსხვავებული შეხედულების მქონე იდეოლოგებმა ევროპაში დაძაბული სიტუაცია შექმნეს, ჭეშმარიტი ქრისტიანები რთული არჩევნის წინაშე აღმოჩნდნენ: ან ღმერთს უნდა დამორჩილებოდნენ ან ადამიანებს (საქმეები 5:29). წვევამდელებმა იცოდნენ, რომ ღვთისადმი მორჩილება შეიძლებოდა სიცოცხლის ფასად დაჯდომოდათ.

ესპანელი ანტონიო გარგალო 19 წლის იყო, როდესაც ასეთი არჩევნის წინაშე დადგა. როცა გენერალ ფრანკოს რეჟიმის დროს ანტონიო სამხედრო სამსახურში გამოიძახეს, ესპანეთში უკვე ერთი წელი იყო, რაც სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. წინა წელს ანტონიო მოინათლა და იეჰოვას მოწმე გახდა. მას წაკითხული ჰქონდა, რომ ღვთის მსახურები ნეიტრალურები უნდა ყოფილიყვნენ და საბრძოლო მეთოდები არ უნდა ესწავლათ (ესაია 2:4; იოანე 17:16). ანტონიო საფრანგეთში გაქცევას შეეცადა, რადგან არ უნდოდა ჯარისკაცი გამხდარიყო და თანამემამულე მოეკლა. მაგრამ ის დააპატიმრეს და წაიყვანეს სამხედრო ყაზარმაში, რომელიც საფრანგეთის საზღვართან ახლოს, ქალაქ ხაკაში (უესკას პროვინცია) მდებარეობდა.

სამხედრო ტრიბუნალმა ის არჩევნის წინაშე დააყენა: ან იარაღის აღება ან სიკვდილით დასჯა. ანტონიომ გადაწყვიტა, ღმერთს დამორჩილებოდა. სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დედასა და დას, რომლებიც იეჰოვას მოწმეები არ იყვნენ, შემდეგი წერილი მისწერა:

„დამაპატიმრეს და ყოველგვარი სასამართლოს გარეშე სიკვდილი მომისაჯეს. ამაღამ სიცოცხლეს დავასრულებ. არ დანაღვლიანდეთ და არ იგლოვოთ . . . რადგან ღმერთს დავემორჩილე. ბევრი არაფერი დამიკარგავს და თუ ღმერთი ინებებს, ახალი და უკეთესი ცხოვრება მექნება . . . უკანასკნელი საათი ახლოვდება, მე კი ძალიან მშვიდად ვარ. ჩემო ძვირფასო და საყვარელო დედავ და დაიკო, უკანასკნელად გეფერებით და გკოცნით!“ *.

სამი ჯარისკაცი იტყობინებოდა, რომ როცა ანტონიო სიკვდილით დასასჯელად მიჰყავდათ, იეჰოვას განსადიდებელ სიმღერებს მღეროდა. ასეთი თავგანწირვა შეუმჩნეველი არ რჩებათ ღმერთსა და მის ძეს. ამიტომ, შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ისეთი ერთგული ქრისტიანები, როგორიც ანტონიო იყო, აღდგომის შედეგად ჯილდოს მიიღებენ (იოანე 5:28, 29).

[სქოლიო]

^ აბზ. 5 ანტონიოს წერილი რამდენიმე ათეული წელი ინახებოდა ესპანეთის სამხედრო არქივში და ადრესატამდე არ მიუღწევია.