ხმის მიმბაძველებს გადაშენება ემუქრებათ
ხმის მიმბაძველებს გადაშენება ემუქრებათ
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან დიდ ბრიტანეთში
„ფრინველებს შორის თუთიყუშებს ყველაზე მეტად ემუქრებათ გადაშენება“, — შენიშნავს მერილენდის (აშშ) უნივერსიტეტის თანამშრომელი, დოქტორი ტიმოთი რაიტი. სამწუხაროა, რომ მათი კაშკაშა შეფერილობის ბუმბული და ადამიანის ხმის მიბაძვის გასაოცარი უნარი კიდევ უფრო ზრდის ამ საფრთხეს.
საინტერესოა, რომ შინაური თუთიყუშის შესახებ პირველი წერილობითი ცნობა, რომელიც ძვ. წ. მეხუთე საუკუნით თარიღდება, ბერძენ ექიმს ეკუთვნის. იგი ძალიან გაოცდა, როცა ფრინველმა ბერძნული სიტყვების წარმოთქმა და რამდენიმე სიტყვის იმ ენაზე გამეორება დაიწყო, რომელზეც ინდოეთში, მის თავდაპირველ სამშობლოში, ლაპარაკობდნენ.
თუთიყუშის გამოჯავრების უნარი ბევრს იზიდავს, ამიტომ მათზე, როგორც სახლის ფრინველზე, მოთხოვნილებაც იზრდება, რაც, თავის მხრივ, არალეგალური ვაჭრობის ზრდას უწყობს ხელს. გასული 20 წლის განმავლობაში ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინა, რომ ბრაკონიერებმა 14 ქვეყანაში 21 სახეობის თუთიყუშთა ბუდეების 30 პროცენტი მოსპეს; ხოლო სხვა 4 სახეობის შემთხვევაში ეს რიცხვი 70 პროცენტს შეადგენდა. გამრავლების დაბალი ტემპი — იგი, ჩვეულებრივ, წელიწადში მხოლოდ ერთხელ კრუხობს — და, ამასთან ერთად, ბუნებრივი საარსებო გარემოს განადგურება ამ ფრინველზე ფასებს ზრდის; რაც უფრო იშვიათი იქნება თუთიყუში, მით უფრო დიდი თანხის გადახდა მოგვიწევს მასზე.
ზოგიერთი სახეობის თვალშისაცემი მცირერიცხოვნობა კარგად გვანახვებს, თუ რაოდენ სერიოზულია გადაშენების საფრთხე. ვარაუდობენ, რომ ბრაზილიაში პატარა იაგუნდისფერი არას რაოდენობა 200-ზე ნაკლებს ითვლის. პუერტო-რიკოში გავრცელებულ ერთ-ერთი სახეობის თუთიყუშს (Amazona vittata) უფრო ცუდად აქვს საქმე; ბუნებრივ საარსებო გარემოში მისი რაოდენობა 50-ზე ნაკლებია. ცისფერი არას შენარჩუნება კი, რომელსაც გადაშენებულად მიიჩნევენ, ხელოვნურად მოშენებაზეა დამოკიდებული.
ეს თვალისმომჭრელი შეფერილობისა და უჩვეულო სილამაზის ფრინველები, ვიდრე არსებობენ, შემოქმედის არსებობაზე მოწმობენ, რომელსაც, აშკარაა, სიამოვნებას ანიჭებს მათი საოცარი გარეგნობა და შესანიშნავი უნარი. გადაშენდებიან თუ არა თუთიყუშები ადამიანის სიხარბის გამო, დრო გვიჩვენებს. დღეს კი ამ ხმის მიმბაძველებს საფრთხე ემუქრება.
[სურათები 31 გვერდზე]
Puerto Rican parrots
ცისფერი არები.
პატარა იაგუნდისფერი არა.
[საავტორო უფლებები]
Puerto Rican parrots: U.S. Geological Survey/Photo by James W. Wiley; Lear’s macaw: © Kjell B. Sandved/Visuals Unlimited; Spix’s macaws: Progenies of and courtesy of Birds International, Inc.