შიშისა და სასოწარკვეთილების დროს აკიაფებული იმედის ნაპერწკალი
შიშისა და სასოწარკვეთილების დროს აკიაფებული იმედის ნაპერწკალი
„ჩემს გარშემო ყველა შენობა ირყეოდა და მათში წამდაუწუმ ცეცხლის ალი ჩნდებოდა. გავრბოდი. ყველა მხრიდან ხალხის ყვირილი და მუდარა მესმოდა — ისინი შველას ითხოვდნენ. მეგონა, რომ ქვეყნიერების აღსასრული დადგა“
ყოველ წელს მილიონობით მიწისძვრა არყევს ჩვენი მოუსვენარი პლანეტის ქერქს. აქედან უმეტესობა ადამიანისთვის შეუმჩნეველია *. მაგრამ ყოველ წელს, საშუალოდ, დაახლოებით 140 ისეთი სიმძლავრის მიწისძვრა ხდება, რომლებიც შეიძლება დახასიათდეს როგორც „ძლიერი“, „მეტად ძლიერი“ ან სულაც „კატასტროფული“. კაცობრიობის ისტორიაში ასეთმა მიწისძვრებმა სიცოცხლე მოუსწრაფა მილიონობით ადამიანს და აუარებელი ქონება მოსპო.
ეს სტიქიური უბედურება გადარჩენილებზეც ღრმა ემოციურ კვალს ტოვებს. ასე, მაგალითად, 2001 წლის დასაწყისში სალვადორში მომხდარი ორი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ ამ ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროსთან არსებული ფსიქიკური ჯანმრთელობის კომიტეტის კოორდინატორმა თქვა: „ადამიანებს ემოციური პრობლემები გაუჩნდათ, რაც იმით გამოიხატება, რომ ისინი ნაღველით არიან მოცული, სასოწარკვეთილებაში ვარდებიან და გულისწყრომა ეუფლებათ“. და გასაკვირიც არაა, რომ, როგორც ჯანდაცვის მუშაკები იტყობინებოდნენ, სალვადორში 73 პროცენტით იმატა იმ ავადმყოფების რაოდენობამ, რომლებიც განუწყვეტელი შიშითა და დეპრესიით იტანჯებიან. გამოკვლევებიდანაც ჩანს, რომ დროებით ბანაკებში შეფარებული ხალხი წყლის მერე ყველაზე მეტად ფსიქოლოგიურ დახმარებას საჭიროებს.
მიწისძვრებს მოსდევს ნგრევა, სიკვდილი და სასოწარკვეთილება. მაგრამ ამ ტრაგედიების ხსენებისას შეუძლებელია არ მოვიხსენიოთ ის, თუ რა უჩვეულო ძალით ავლენენ ამ დროს ადამიანები თავგანწირვასა და დახმარებისთვის მზადყოფნას. ბევრნი დაუღალავად შრომობენ დანგრეული შენობების აღსადგენად და დაზარალებულთა დასახმარებლად. და როგორც შემდგომ დავინახავთ, შიშისა და სასოწარკვეთილების მიუხედავად, ხალხს არ უქრება იმედის ნაპერწკალი.
[სქოლიო]
^ აბზ. 3 ყოველდღე ათასობით ასეთი შეუმჩნეველი მიწისძვრა ხდება.
[სურათები 2, 3 გვერდებზე]
მე-2 და მე-3 გვერდები: ათენში (საბერძნეთი) ახალგაზრდა ქალი თავზარდაცემულია — დედამისი ჩამონგრეულ შენობაში მოყვა. მამა უზომოდ გახარებულია თავისი ხუთი წლის გოგონას გადარჩენით.
[საავტორო უფლება]
AP Photos/Dimitri Messinis