ფრთაფარფატიანთა „მოსავალი“
ფრთაფარფატიანთა „მოსავალი“
„გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტისგან კოსტა-რიკაში
ამ მოსავალს ფრთები აქვს! დიახ, დიახ, სწორად კითხულობთ: ამ ფერმერის მოსავალს ფრთები აქვს. თავის საქმეში ჩახედულმა ყველა ფერმერმა იცის, რომ გარჯა უხვსა და საღ მოსავალს მისცემს. გამონაკლისი არც ის ფერმერია, რომელზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ — იგი მუდამ ფხიზლად არის და ისეთ ჩუმჩუმელა მავნებლებს იგერიებს, როგორებიც არიან მწერები, ობობები და ჩიტები. მოსავლის აღებისას საქმე ერთიორად მატულობს: ახლა ხომ ის დროა, ძვირფას „საქონელს“ მოუფრთხილდეს და მთელი წლის ნაჯაფი არ დაკარგოს. თუ ყველაფერს თავს კარგად გაართმევს, მისი „მოსავალი“ — რომელსაც ულამაზესად მოხატული წყვილი ფრთა ამშვენებს — ათასობით კილომეტრის იქით გაიგზავნება. რა არის ეს უნიკალური „მოსავალი“? თქვენ სწორად გამოიცანით — ეს პეპლებია.
პეპლების მოშენება ძალიან დასაფასებელი საქმიანობაა. იგი სხვადასხვა სახეობის პეპლების შენარჩუნების გონივრული საშუალება და სიამოვნების მომგვრელი საქმეა. ალბათ, უკვე უამრავი კითხვა გაგიჩნდათ, არა? მაგალითად, სად ხდება პეპლების მოშენება, როგორ ხდება და რა მიზნით კეთდება ეს ყველაფერი. ვიდრე ამ კითხვებზე გავცემდეთ პასუხს, ჯერ ის გავიგოთ, თუ როგორ მიეცა დასაბამი ამ ნაზი არსებების მოშენებას.
პეპლების გამრავლებას ჩინეთში იწყებენ
საუკუნეების განმავლობაში ჩინელებს ტრადიციად ჰქონდათ პეპლების გამრავლება, უმეტესწილად, აბრეშუმის მისაღებად. მაგრამ მოთხოვნილება პეპლების მოსაშენებელი მეურნეობის შექმნაზე არცთუ ისე დიდი ხნის წინათ გაჩნდა. XX საუკუნის 70-იან წლებში ინგლისის სანაპიროსთან მდებარე კუნძულ გერნსზე ცოცხალი პეპლების გამოფენა მოეწყო.
წამოწყების ავტორებს კეთილშობილური მიზანი ამოძრავებდათ. მათ სურდათ, ტროპიკული ტყეებისთვის სული ჩაედგათ პეპლებით, რომელთა ნაირ-ნაირი ფერები და მოხატულობა გამოაცოცხლებდა მას. პეპლები რომ გაემრავლებინათ, ცხადია, საჭირო იქნებოდა ტროპიკული სახეობების ტრანსპორტირება. მაგრამ, როგორ უნდა გადაეყვანათ ტროპიკული პეპლები (რომელთა ზოგიერთი სახეობა მხოლოდ ორი ან სამი კვირა ცოცხლობს) მშობლიური გარემოდან ათასობით კილომეტრით დაშორებულ ადგილებზე ისე, რომ ეს ნაზი ქმნილებები ცოცხლები და უვნებლები დარჩენილიყვნენ? აი, ამგვარად ჩაეყარა საფუძველი კომერციული მიზნებით პეპლების მოშენების საქმიანობას.
როგორ ამრავლებენ პეპლებს
ახლა კი, შესანიშნავი შესაძლებლობა გვეძლევა, უშუალოდ გავეცნოთ პეპლების მოშენების უზომოდ საინტერესო ხელოვნებას. მკვეთრ, კალეიდოსკოპივით ნაირფერ ფრთებზე ახლოდან დაკვირვება მართლაც რომ საოცარი სანახაობაა. „გამოიღვიძეთ!“-ის კორესპონდენტი ეწვია ცენტრალურ ამერიკაში, კერძოდ
კოსტა-რიკაში, არსებულ უდიდეს მეურნეობას, რომელიც პეპლების მოშენებითა და ექსპორტით არის დაკავებული. ეს მეურნეობა არა მარტო გამოყვანილი ჭუპრების (ჭიის პარკის) ექსპორტირებას ეწევა, არამედ საგანმანათლებლო პროგრამაც აქვთ გათვალისწინებული მათთვის, ვისაც უფრო მეტის გაგება სურს პეპლების სასიცოცხლო ციკლისა და ცხოველქმედობის შესახებ.პეპლებისთვის გაშენებულ, შემოღობილ ბაღში შესვლისთანავე გვხიბლავს ჩვენ გარშემო მონარნარე, ჭრელ-ჭრელ მოელვარე „კაბებში“ გამოწყობილი, ასობით პეპელა. ზოგი ნაზად დაფარფატებს ან დაბლა ეშვება, ზოგი კი მოხდენილად ლივლივებს ჰაერში. ეს მოკაშკაშე, ფერად-ფერადი ქმნილებები ყურადღებას არ გვაქცევენ და არხეინად განაგრძობენ თავიანთ ყოველდღიურ საქმიანობას: იკვებებიან, წყვილდებიან და კვერცხებს დებენ. მათი შემხედვარე, გულგრილი ნამდვილად ვერ დარჩები. პეპლების „მასპინძელი“ მცენარეების — ადგილობრივი ყვავილებისა და ბანანის — დანახვასა და არომატის შეგრძნებაზე ვხვდებით, რომ ეს მცენარეები პეპლებისთვის საკვების მოვალეობასაც ასრულებენ და თავშესაფრისაც.
რადგან ბაღი მთლიანად შემოღობილია, ციცქნა კვერცხები დაცულია მავნებლებისგან. ბუნებრივ გარემოში, ყველა დადებულ კვერცხზე, ლარვის გამოჩეკისა და ზრდასრულ პეპლად ქცევის ალბათობა მხოლოდ 2 პროცენტს უდრის, მაგრამ ისეთ თავშესაფრებში, როგორიცაა მაგალითად, პეპლების ეს მეურნეობა, ეს მაჩვენებელი 90 პროცენტამდე აღწევს.
პეპლების სწორად გამრავლებისა და განვითარებისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მცენარეების მართებულად შერჩევას. ამიტომაც, ბაღში უამრავი „მასპინძელი“ მცენარეა, რომლებზეც მდედრები კვერცხებს დებენ, ხოლო ლარვები და მუხლუხები მას საკვებად იყენებენ. უკვე მოზრდილი პეპლები ყვავილის ნექტრით იკვებებიან. პეპლების თითოეული სახეობა კვერცხებს მხოლოდ ერთი გარკვეული სახის მცენარეზე დებს და ლარვებიც, თავის მხრივ, მხოლოდ ამ მცენარით იკვებებიან. ამიტომ, აუცილებელია, რომ ბაღში უხვად იყოს „მასპინძელი“ მცენარეები.
მდედრი ერთ ჯერზე 100 ან უფრო მეტ კვერცხს დებს. ისინი წყლის პაწაწინა წვეთებს წააგვანან და იმდენად ციცქნები არიან, რამხელაც ამ წინადადების ბოლოს დასმული წერტილია. მდედრი არა მხოლოდ ერთ რომელიმე კონკრეტულ მცენარეზე დებს კვერცხებს, არამედ პეპლების თითოეული სახეობა კვერცხებს მცენარის მხოლოდ ერთ კონკრეტულ მონაკვეთზე დებს. ამრიგად, ფერმერს ადვილად შეუძლია კვერცხების პოვნა, მათი აღება და სხვა ადგილას გადატანა. ფერმერი ყოველდღე ამოწმებს, დევს თუ არა კვერცხები მცენარეზე და იჩეკებიან თუ არა ლარვები კვერცხებიდან. კვერცხებიდან გამოსვლის შემდეგ მშიერი ლარვები ცარიელა კვერცხის ნაჭუჭებს შეექცევიან. პეპლების მოსაშენებელ მეურნეობაში ისინი, როგორც წესი, შემდეგ ქოთანში ჩარგულ „მასპინძელ“ მცენარეებზე გადაჰყავთ, რომლებიც, თავის მხრივ, პატარა გალიებშია მოთავსებული. ლარვების მთელი სასიცოცხლო ციკლის განმავლობაში აუცილებელია გალიების დასუფთავება, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსალოდნელია დაავადების გაჩენა და მათი დაღუპვა.
განვითარების მესამე სტადიაზე ლარვები ჭამის მეტს არაფერს აკეთებენ. როგორც ამბობენ, სამკილოგრამიან ახალშობილს იმავე ტემპით რომ დაეწყო წონაში მომატება, რა სიჩქარითაც მუხლუხი ანუ ლარვა იმატებს, ორი კვირის შემდეგ ჩვილი უკვე რვა ტონა იქნებოდა!
მეხუთე და საბოლოო სტადიაზე ლარვები ტოტზე ან გალიის ჭერზე იმაგრებენ თავს და მარჯვედ ცდილობენ კანის მოცვლას. კანის ქვეშ გახევებული შრეა, რომელსაც სხვანაირად ჭიის პარკს უწოდებენ. ფერმერი ახლა ფხიზლად უნდა იყოს და მარჯვედ მოიქცეს.
ჭუპრები ყოველდღიურად უნდა შეგროვდეს, რადგან ეს მათი ასაკის განსაზღვრის ერთადერთი საშუალებაა. შემდეგ 40-დან 100-მდე ჭუპრს გულმოდგინედ ათავსებენ მუყაოს ყუთში ბამბის შრეებს შორის. ფერმერებსა და
ექსპორტიორებს დაახლოებით ათდღიანი შუალედი აქვთ, რათა ჭუპრები გამანაწილებელ ორგანიზაციას გადაუგზავნონ, რომელიც, თავის მხრივ, კლიენტებს უგზავნის მათ. კლიენტი კი, ჩვეულებისამებრ, პეპლების საჩვენებელი სახლი ან სხვა მსგავსი დაწესებულებაა. თუ ტრანპორტირება განსაზღვრულ შუალედში არ მოხდება, გზაში პარკებიდან პეპლები გამოიჩეკებიან და დაიღუპებიან. მაგრამ თუ ყველაფერი კარგად იქნება, პეპლები დანიშნულების ადგილზე, სახლიდან ათასობით კილომეტრის დაშორებით, გამოიჩეკებიან პარკიდან და წარმოდგენა არ ექნებათ, რომ ადგილმდებარეობა შეიცვალეს. პეპლების მოსაშენებელი მეურნეობა თვეში 4 000-დან 6 000-მდე ჭუპრს უგზავნის დედამიწის სხვადასხვა კუთხეში არსებულ დაწესებულებებს.მთელ მსოფლიოში სწრაფად იზრდება პეპლების მოსაშენებელი მეურნეობების რიცხვი. ისინი უკვე მოქმედებენ კენიაში, მადაგასკარზე, მალაიზიაში, სალვადორში, ტაივანში, ტაილანდში, ფილიპინებში, შეერთებულ შტატებში და, რაღა თქმა უნდა, კოსტა-რიკაში. გარდა ამისა, პეპლების საჩვენებელი სახლების რიცხვიც ყოველწლიურად მატულობს, რის წყალობითაც ამ შესანიშნავი ქმნილებების ხილვის შესაძლებლობა მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში მცხოვრებ მრავალ ადამიანს ეძლევა.
უეჭველია, ფრთიანი „მოსავლის“ მოყვანა კვლავაც დიდ როლს ითამაშებს პეპლების იშვიათი სახეობების შენარჩუნებაში. ამ საქმიანობამ შეიძლება უკეთ დაანახვოს საზოგადოებას, თუ რამდენად ზუსტი ბალანსი არსებობს ბუნებასა და საერთოდ დედამიწის რესურსებში.
[სურათები 18 გვერდზე]
ფერმერები ბადეებით ღობავენ ტერიტორიას კვერცხებისა და ლარვების დასაცავად (1). ჭიის პარკებს, რომლებიდანაც ერთ-ერთს აქ ხედავთ (2), ყუთებში ათავსებენ და მთელ მსოფლიოში აგზავნიან (3).
[საავტორო უფლება]
Top left monarch butterfly and pupae: Butterfly House, Mittagong, Australia; middle left butterfly and butterflies on leaves: Courtesy of Buckfast Butterfly Farm
[სურათის საავტორო უფლება 16 გვერდზე]
K. Schafer/Audiovise