არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ დამეხმარება ლოცვა?

როგორ დამეხმარება ლოცვა?

ახალგაზრდების შეკითხვები

როგორ დამეხმარება ლოცვა?

„ლოცვა დამეხმარა, სწორ გზაზე დავბრუნებულიყავი“ — ბრედი *.

მრავალი ახალგაზრდა ლოცულობს და, შესაძლოა, იმაზე მეტსაც, ვიდრე სხვებს ჰგონიათ. გელაპის მიერ ჩატარებულმა გამოკითხვამ ცხადყო, რომ შეერთებულ შტატებში 13—17 წლის ახალგაზრდების 56 პროცენტი სადილის წინ ლოცულობს. შედარებით უფროსი ასაკის ახალგაზრდების გამოკითხვამაც აჩვენა, რომ მათი 62 პროცენტი ლოცულობს ყოველდღიურად.

მიუხედავად ამისა, მრავალი ახალგაზრდისთვის ლოცვა მხოლოდ აზრს მოკლებული რიტუალი ან, უბრალოდ, რუტინაა. არც ისე ბევრ ახალგაზრდას აქვს ის, რასაც ბიბლია „საფუძვლიან ცოდნას“ უწოდებს (კოლასელთა 1:9, 10, აქ). შედეგად, ღმერთი დიდ როლს არ ასრულებს მათ ცხოვრებაში. ერთ-ერთი გამოკითხვის დროს მოზარდებს ჰკითხეს, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღების წინ დახმარებისთვის ოდესმე მიუმართავთ თუ არა ღვთისთვის. ერთმა 13 წლის გოგონამ უპასუხა: „მე ყოველთვის მივმართავ ღმერთს ლოცვით, რათა ცხოვრების სწორი გზის არჩევაში მიხელმძღვანელოს“. მაგრამ მან აღიარა: „ახლა ამგვარად მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება არ მახსენდება“. გასაკვირი არ არის, რომ მრავალ ახალგაზრდას ეპარება ეჭვი იმაში, რომ ლოცვას აქვს ძალა და დახმარება შეუძლია!

მიუხედავად ამისა, სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ბრედის მსგავსად, ათასობით ახალგაზრდამ საკუთარ თავზე გამოსცადა ლოცვის ძალა. თქვენც შეძლებთ იგივეს! წინა სტატიაში განვიხილეთ, რატომ შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ ღმერთი ისმენს ჩვენს ლოცვებს *. ახლა კი ვსვამთ კითხვას: როგორ დაგეხმარება ლოცვა? პირველ რიგში, მოდი გამოვიკვლიოთ, როგორ პასუხობს ღმერთი ჩვენს ლოცვებს.

როგორ პასუხობს ღმერთი ლოცვებს

ბიბლიურ დროში ღმერთი ზოგი მორწმუნის ლოცვებს სასწაულებრივადაც კი პასუხობდა. მაგალითად, როდესაც მეფე ხიზკიამ გაიგო, რომ განუკურნებელი დაავადება ჰქონდა, ღმერთს შველა შეევედრა. ღმერთმა უპასუხა: „შევიწყნარე შენი ვედრება, დავინახე შენი ცრემლი და, აჰა, განგკურნავ“ (მეოთხე მეფეთა 20:1—6). ღვთისმოშიშმა სხვა ადამიანებმაც გამოსცადეს ღვთის მზრუნველობა (პირველი მეფეთა 1:1—20; დანიელი 10:2—12; საქმეები 4:24—31; 10:1—7).

მაგრამ ბიბლიურ დროშიც კი ღვთის ამგვარი ჩარევა ჩვეულებრივი მოქმედება არ ყოფილა. უმეტესწილად ღმერთი თავისი მსახურების ლოცვებს სასწაულებრივად კი არ პასუხობდა, არამედ მათ ეხმარებოდა, ‘აღვსილიყვნენ მისი ნება-სურვილის საფუძვლიანი ცოდნით ყოველ სიბრძნესა და სულიერ გაგებაში’ (კოლასელთა 1:9, 10 აქ). დიახ, ღმერთი ეხმარებოდა თავის ხალხს და სულიერად და მორალურად აძლიერებდა, ესე იგი, გონივრული გადაწყვეტილებების მისაღებად მათ სიბრძნესა და ცოდნას აძლევდა. რთულ სიტუაციებში მოხვედრისას ღმერთი ყოველთვის როდი არიდებდა ქრისტიანებს განსაცდელს. ნაცვლად ამისა, ის მათ ‘აღმატებულ ძლიერებას’ აძლევდა, რათა ამ განსაცდელის ატანა შესძლებოდათ! (2 კორინთელთა 4:7; 2 ტიმოთე 4:17).

მსგავსად ამისა, დღეს თქვენს ლოცვებს ღმერთმა შეიძლება რაღაც საოცარი სახით კი არ უპასუხოს, არამედ, როგორც წარსულში აკეთებდა, შექმნილ სიტუაციასთან გასამკლავებლად თავისი სულიწმიდა მოგცეთ და გაგაძლიეროთ (გალატელთა 5:22, 23). თვალსაჩინოებისთვის, მოდი განვიხილოთ, რომელი ოთხი განსაკუთრებული სახით შეიძლება დაგვეხმაროს ლოცვა.

დახმარება გადაწყვეტილებების მიღებისას

კარენი ახალგაზრდა მამაკაცს ხვდებოდა; ამ ძმას, ერთი შეხედვით, კარგი სულიერი მიზნები ჰქონდა. „ის ყოველთვის მეუბნებოდა, რომ კრების უხუცესობისკენ ისწრაფოდა“, — ყვება კარენი. — ეს ძალიან სასიამოვნო იყო; მაგრამ „ის ძალიან ბევრს მელაპარაკებოდა თავის ახლად წამოწყებულ საქმეზეც და ჩემს მატერიალურ უზრუნველყოფაზე. მალე ეჭვი შემეპარა მის გულწრფელობაში“. კარენმა ილოცა: „იეჰოვას ვევედრებოდი თვალები აეხილა ჩემთვის და დაენახვებინა ყველაფერი, რაც მის შესახებ უნდა მცოდნოდა“.

ზოგჯერ სასარგებლოა თვით ლოცვის პროცესი, რადგან ის გეხმარებათ შეჩერდეთ და საკითხები იეჰოვას თვალსაზრისით შეაფასოთ. მაგრამ კარენს პრაქტიკული რჩევაც სჭირდებოდა. მიიღებდა ის სასწაულებრივ პასუხს? განვიხილოთ მეფე დავითის შემთხვევა. როდესაც დავითმა გაიგო, რომ ახითოფელი — მეგობარი, რომელსაც ენდობოდა — თავისი მოღალატე შვილის მრჩეველი გახდა, ილოცა: „ჩაშალე, უფალო, ახითოფელის თათბირი“ (მეორე მეფეთა 15:31). მაგრამ დავითმა თავისი ლოცვის შესაბამისადაც იმოქმედა. მან თავის მეგობარს, ხუშაის, შემდეგი დავალება მისცა: „[შენ] გააცუდებ ჩემს სასარგებლოდ ახითოფელის თათბირს“ (მეორე მეფეთა 15:34). მსგავსი სახით, კარენიც თავისი ლოცვის შესაბამისად მოიქცა და ელაპარაკა მოწიფულ ქრისტიან უხუცესს, რომელიც მას, ვისთანაც კარენი მეგობრობდა, კარგად იცნობდა. მან კი ისეთი რამ უთხრა, რისიც კარენს ეშინოდა, — მისი მეგობარი სულიერად თითქმის არ მიიწევდა წინ.

კარენი ამბობს: „ამ შემთხვევამ უფრო კარგად დამანახვა ლოცვის ძალა“. სამწუხაროდ, ეს ძმა სიმდიდრეს გადაჰყვა და ღვთისთვის მსახურება შეწყვიტა. „მას რომ გავყოლოდი, — ამბობს კარენი, — ალბათ ქრისტიანულ შეხვედრებზე მეუღლის გარეშე მომიწევდა სიარული“. კარენს ლოცვა დაეხმარა გონივრული გადაწყვეტილების მიღებაში.

ლოცვა ემოციების მართვაში დაგეხმარებათ

„ბრიყვს მთელი სული გარეთ გამოაქვს, — ამბობს ბიბლია იგავნის 29:11-ში, — ბრძენი კი შიგნით დევნის მას“. მრავალი ადამიანი ინტენსიურ ემოციურ დატვირთვას უძლებს და ხშირად თავის ემოციებს ვერ აკონტროლებს, რასაც ზოგჯერ ცუდი შედეგები მოჰყვება ხოლმე. ახალგაზრდა ბრაიანი იხსენებს: „სამსახურში თანამშრომელთან პრობლემები მქონდა. ერთ დღესაც მან დანა გამიშალა“. თქვენ რას გააკეთებდით მსგავს სიტუაციაში? ბრაიანმა ილოცა. ის ამბობს: „იეჰოვა დამეხმარა სიმშვიდის შენარჩუნებაში; თანამშრომელს დაველაპარაკე და დავარწმუნე, რომ დანა შეენახა. ჩემდა გასაკვირად, მან დანა მართლაც შეინახა და თავი დამანება“. ბრაიანმა ემოციების მართვა შეეძლო და ეს დაეხმარა, არ განრისხებულიყო; ალბათ სწორედ ამან შეუნარჩუნა სიცოცხლე.

შეიძლება თქვენ არც კი დაგემუქროთ ვინმე დანით, მაგრამ ცხოვრებაში შეხვდებით მრავალ სიტუაციას, რომლის დროსაც ემოციების გაკონტროლება დაგჭირდებათ. ლოცვას შეუძლია სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგეხმაროთ.

თუ რამე გაწუხებთ, ილოცეთ

ბარბარა იხსენებს, რა რთულ მდგომარეობაში იყო რამდენიმე წლის წინ. ის ყვება: „სამსახური, ოჯახი, მეგობრები — თითქოს ხეირიანად არსად არაფერი გამომდიოდა. არ ვიცოდი, რა მეღონა“. ბარბარა მექანიკურად ლოცულობდა და ღმერთს დახმარებას სთხოვდა. მაგრამ პრობლემები არ ქრებოდა. „არ ვიცოდი, იეჰოვასთვის რა მეთხოვა — ამბობს ის, — ბოლოს, სულის სიმშვიდე ვთხოვე. ყოველღამე ვევედრებოდი, დამხმარებოდა, რომ ყველაფერზე არ მენერვიულა“.

როგორ დაეხმარა ბარბარას ეს ლოცვა? ის ყვება: „რამდენიმე დღის შემდეგ, მივხვდი, რომ თუმცა ჩემი პრობლემები ერთბაშად არ გადაჭრილა, მათზე ზედმეტად აღარ ვფიქრობდი და აღარც იმდენად მაღელვებდა“. ბიბლია აღგვითქვამს: „აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“ (ფილიპელთა 4:6, 7).

ლოცვა ღმერთთან დაახლოებაში დაგეხმარებათ

განვიხილოთ ახალგაზრდა პავლეს შემთხვევა. „ახალი გადასულები ვიყავით ნათესავებთან საცხოვრებლად, — ყვება ის. — ერთ ღამეს მივხვდი, რომ ღრმა დეპრესიაში ვიყავი. სკოლა ახალი დამთავრებული მქონდა და სკოლის მეგობრები მენატრებოდა. იმ ღამით თვალები ცრემლებით ამევსო, როდესაც გავიხსენე მათთან გატარებული სასიამოვნო დრო“. რის გაკეთება შეეძლო პავლეს? პირველ რიგში მან მხურვალედ ილოცა. ის ყვება: „იეჰოვას გული გადავუშალე და ძალა და სულის სიმშვიდე ვთხოვე“.

რა მოჰყვა ამას შედეგად? პავლე იხსენებს: «დილას თავს ისე მსუბუქად ვგრძნობდი, როგორც არასოდეს. საშინელი განწყობა „ღვთის მშვიდობამ“ შემიცვალა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება. ამის შემდეგ, პავლე დამშვიდდა და შეძლო, ყველაფერი ისე აეწონ-დაეწონა, რომ ემოციებს ნაკლებად აჰყოლოდა. მალე მიხვდა, რომ კარგი „წარსული დროება“, ბოლოს და ბოლოს, არც ისე კარგი აღმოჩნდა (ეკლესიასტე 7:10). ფაქტობრივად, „მეგობრები“, რომლებიც მას ასე ენატრებოდა, სასიკეთო გავლენას არ ახდენდნენ მასზე.

და რაც ყველაზე მთავარია, პავლემ საკუთარ თავზე გამოსცადა იეჰოვას მზრუნველობა. მან იგრძნო იაკობის 4:8-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „მიუახლოვდით ღმერთს და ისიც მოგიახლოვდებათ თქვენ“. პავლესთვის ეს მნიშვნელოვანი, გარდამტეხი მომენტი იყო. მან გადაწყვიტა თავის ცხოვრებაში ყველაფერზე წინ იეჰოვა დაეყენებინა და სიცოცხლე მიეძღვნა მისთვის.

ესაუბრეთ ღმერთს!

ეს შემთხვევები იმაში გვარწმუნებს, რომ ლოცვას შეუძლია დახმარება. რა თქმა უნდა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში ხდება, როდესაც ადამიანს სერიოზულად აქვს გადაწყვეტილი ღვთის გაცნობა და მასთან მეგობრული ურთიერთობის დამყარება. სამწუხაროდ, მრავალი ახალგაზრდა ამას მომავლისთვის დებს. კარისა ქრისტიანულ ოჯახში გაიზარდა, მაგრამ ის აღიარებს: „ვფიქრობ, მხოლოდ ბოლო რამდენიმე წელია, რაც ბოლომდე ჩავწვდი იეჰოვასთან ჩვენი საუცხოო ურთიერთობის უდიდეს მნიშვნელოვნებას“. სტატიის დასაწყისში მოხსენიებული ბრედი ქრისტიანად აღიზარდა, მაგრამ წლების განმავლობაში ჭეშმარიტი თაყვანისმცემლობისგან შორს იდგა. „სანამ არ შევიგნე, რა დავკარგე, — ამბობს ის, — იეჰოვასკენ არ შემოვბრუნებულვარ. ახლა კი ვიცი, თუ რამდენად ცივი და ცარიელი შეიძლება იყოს ცხოვრება მასთან ურთიერთობის გარეშე“.

მაგრამ მაინც და მაინც კრიზისულ მდგომარეობას ნუ დაელოდებით, რათა იეჰოვას მიუახლოვდეთ. ახლავე დაიწყეთ მასთან რეგულარულად საუბარი! (ლუკა 11:9—13). გული გადმოღვარეთ მის წინაშე (ფსალმუნი 61:8). ძალიან მალე დაინახავთ, რომ ლოცვას ნამდვილად შეუძლია დაგეხმაროთ!

[სქოლიოები]

^ აბზ. 3 ზოგი სახელი შეცვლილია.

^ აბზ. 6 იხილეთ სტატია „ისმენს ღმერთი ჩემს ლოცვებს?“, რომელიც დაიბეჭდა 2001 წლის 8 ივლისის „გამოიღვიძეთ!“-ში რუბრიკით „ახალგაზრდების შეკითხვები“.

[ჩარჩო⁄სურათები 18 გვერდზე]

ლოცვა დაგეხმარებათ

● საუკეთესო გადაწყვეტილებების მიღებაში.

● სტრესული მდგომარეობის დროს სიმშვიდის შენარჩუნებაში.

● ნუგეშის პოვნაში.

● ღმერთთან დაახლოებაში.