უნდა ვუთხრა ვინმეს, დეპრესიაში რომ ვარ?
ახალგაზრდების შეკითხვები
უნდა ვუთხრა ვინმეს, დეპრესიაში რომ ვარ?
„როცა დეპრესიაში ვარ, თავდაპირველად ვამჯობინებ, არავის მოვუყვე ამის შესახებ, რადგან შეიძლება იფიქრონ, რომ ჭირვეული ბავშვი ვარ. მაგრამ შემდეგ ვხვდები, რომ ვინმესთან საუბარი მჭირდება დახმარების მისაღებად“, — 13 წლის ალეხანდრო.
„როცა დეპრესიაში ვარ, არ მივმართავ ჩემს ამხანაგებს, რადგან ვფიქრობ, რომ ვერ დამეხმარებიან. ისინი მხოლოდ დამცინებდნენ“, — 13 წლის არტურო.
დროდადრო თითქმის ყველა მოწყენილია *. მაგრამ, რადგან შენ ახალგაზრდა ხარ და ნაკლებად გამოცდილი, შეიძლება ადვილად გძლიოს ცხოვრებისეულმა სირთულეებმა. მშობლების, მეგობრებისა და მასწავლებლების მოთხოვნებმა, სქესობრივ მოწიფულობასთან დაკავშირებულმა ფიზიკურმა და ემოციურმა ცვლილებებმა ან იმის განცდამ, რომ წარუმატებელი ხარ და არაფერი გამოგდის უმნიშვნელო ნაკლოვანებების გამო შეიძლება დაგანაღვლიანოს და გული სევდით აგივსოს.
როცა ასე ხდება, კარგი იქნებოდა, თუ ვინმეს გულს გადაუშლიდი. „ჩემი პრობლემების შესახებ ვინმესთან რომ ვერ მესაუბრა, ვფიქრობ, მწყობრიდან გამოვიდოდი“, — ამბობს 17 წლის ბეატრისი. სამწუხაროდ, ბევრი ახალგაზრდა თავის პრობლემებზე საუბრისგან თავს იკავებს და ხშირად უფრო და უფრო იძირებიან სასოწარკვეთილების მორევში. მარია დე ხესუს მარდომინგო, მადრიდის სამედიცინო ფაკულტეტის პროფესორ-მედიკოსი, შენიშნავს, რომ ის ახალგაზრდები, რომლებიც თვითმკვლელობის ჩადენას ცდილობენ, ხშირად მარტოდ გრძნობენ თავს. ბევრი იმათთაგანი, ვინც თვითმკვლელობის მცდელობას გადაურჩა, ამბობს, რომ ვერ იპოვეს ერთი უფროსი ადამიანიც კი, ვისაც დაელაპარაკებოდნენ და გრძნობებს გაუზიარებდნენ.
რა შეიძლება ითქვას შენზე? გეგულება თუ არა ისეთი ადამიანი, ვისაც შეგიძლია ესაუბრო, როცა დამწუხრებული ხარ? თუ არადა, ვისთვის შეგეძლო მიგემართა?
ესაუბრე მშობლებს
ზემოხსენებული ალეხანდრო ამბობს თუ რას აკეთებს, როცა დამწუხრებულია: „დედაჩემთან მივდივარ ხოლმე, რადგან დაბადებიდანვე გვერდში მედგა და მისი სიტყვები ყოველთვის მანუგეშებს. ხანდახან მამასაც მივმართავ, რადგან მასაც შეხვედრია მსგავსი სიძნელეები. თუ ცუდად ვარ და არავის ვესაუბრები, თავს უარესად ვგრძნობ“. 11 წლის რუდოლფო იხსენებს: „ზოგჯერ მასწავლებელი მტუქსავდა და მეჩხუბებოდა, რის გამოც ძალიან ვწუხდი. საპირფარეშოში მივდიოდი და იქ ვტიროდი. მერე კი დედას ვესაუბრებოდი და ის მეხმარებოდა პრობლემების გადაჭრაში. მასთან რომ არ მესაუბრა, კიდევ უფრო დავმწუხრდებოდი“.
გიფიქრია თუ არა იმაზე, რომ გულახდილად გესაუბრა მშობლებთან? შესაძლოა ფიქრობ, რომ ისინი ვერ გაიგებენ შენს პრობლემებს. მაგრამ ეს ნამდვილად ასეა? შესაძლოა, მათ ბოლომდე არ ესმით ყველა სიძნელე, რომლებსაც ახალგაზრდები აწყდებიან დღევანდელ მსოფლიოში; მიუხედავად ამისა, ნუთუ მართალი არ არის, რომ ისინი, ალბათ, ყველაზე უკეთ გიცნობენ? ალეხანდრო ამბობს: „ზოგჯერ უჭირთ მშობლებს, თანამიგრძნონ და გაიგონ, რა მჭირს“. მიუხედავად ამისა, ის აღიარებს: „მე ვიცი, რომ შემიძლია მივმართო მათ“. ხშირად ახალგაზრდები განცვიფრებული არიან იმის გამო, თუ რა კარგად ესმით მათ მშობლებს მათი პრობლემები! რადგან ისინი სრულასაკოვნები არიან და უფრო მეტი გამოცდილება აქვთ, ხშირად მათ სასარგებლო რჩევის მოცემა შეუძლიათ — ეს განსაკუთრებით ასეა იმ შემთხვევაში, თუ მათ ბიბლიური პრინციპების ცხოვრებაში გამოყენების გამოცდილება აქვთ.
„როცა მშობლებს ვესაუბრები, ვმხნევდები და პრობლემიდან პრაქიკულ გამოსავალს ვპოულობ“, — ამბობს ზემოხსენებული ბეატრისი. ბიბლია მართებულად ურჩევს ახალგაზრდებს: „დაიმარხე, შვილო, მამაშენის ანდერძი და დედაშენის რჯულს ნუ გადახვალ. გაუგონე შენს მშობელ მამას და დედას, მოხუცებულს, ნუ მოიძულებ“ (იგავნი 6:20; 23:22).
რა თქმა უნდა, ძნელია შენი გრძნობების გაზიარება მშობლებისთვის, თუ არასაკმარისი ურთიერთობა გაქვს მათთან. როგორც ექიმი კატალინა გონსალეს ფორტესა ამბობს, საშუალო სკოლის მოსწავლეთა შორის ჩატარებულმა გამოკვლევამ ცხადყო, რომ მათ, ვინც თვითმკვლელობის ჩადენას შეეცადა, ნაკლებად გააჩნდათ საკუთარი ღირსების გრძნობა და არასაკმარისი ურთიერთობა ჰქონდათ თავიანთ მშობლებთან. და პირიქით, იმ ახლგაზრდებს, რომლებიც თავს არიდებენ ასეთ უარყოფით აზროვნებას, ჩვეულებრივ, „კარგი ურთიერთობა აქვთ დედ-მამასთან“.
ამიტომ, გონივრულად შეეცადე, კარგი ურთიერთობა იქონიო მშობლებთან. ჩვევად გაიხადე მათთან რეგულარული საუბარი. მოუყევი მათ, რა ხდება შენს ცხოვრებაში. დაუსვი შეკითხვები. ასეთმა გულღია საუბრებმა, შესაძლოა, გაგიადვილოს მათთან გასაუბრება მაშინ, როცა სერიოზული პრობლემები წამოგეჭრება.
ესაუბრე მეგობარს
მაგრამ ადვილი არ იქნებოდა, თანატოლთან გესაუბრა შენი პრობლემების შესახებ? კარგია, გყავდეს მეგობრები, რომელთაც შეგიძლია ენდო. იგავნის 18:24 ამბობს, რომ „ზოგი მეგობარი. . . ძმაზე მოყვარულია“. თუმცა თანატოლებს შეუძლიათ თანაგიგრძნონ და მხარში ამოგიდგნენ, ისინი ყოველთვის ვერ მოგცემენ საუკეთესო რჩევას. ბოლოს და ბოლოს, მათაც არა აქვთ შენზე მეტი ცხოვრებისეული გამოცდილება. გახსოვს რობოამი? ის მეფე იყო ბიბლიურ დროში. ნაცვლად იმისა, რომ რჩევა მიეღო გამოცდილი, მოწიფული მამაკაცებისგან, თანატოლებს დაუგდო ყური. რა იყო შედეგი? უბედურება! რობოამმა თავისი ერის უმრავლესობის მხარდაჭერაც დაკარგა და ღვთის მოწონებაც (მესამე მეფეთა 12:8—19).
თანატოლებზე მინდობისას შეიძლება საიდუმლოს გაცემის პრობლემამაც იჩინოს თავი. ზემოხსენებული არტურო აღნიშნავს: „ბიჭების უმრავლესობა, რომლებსაც მე ვიცნობ, ესაუბრებიან თავიანთ მეგობრებს, როცა დამწუხრებული არიან. მაგრამ მოგვიანებით, მათი მეგობრები სხვებს უყვებიან ყველაფერს და დასცინიან მათ“. მსგავსი შემთხვევა ჰქონდა 13 წლის გაბრიელასაც. მან თქვა: „ერთხელ გავიგე, რომ ჩემი ამხანაგი ჩემს პირადულ ამბებს თავის მეგობრებს უყვებოდა. მე ვეღარ ვენდობოდი მას. დიახ, მე ვესაუბრები ხოლმე ჩემს თანატოლებს, მაგრამ ვცდილობ, არ მოვუყვე მათ ისეთი რამ, რაც ცუდად იმოქმედებდა ჩემზე, თუ ამას ისინი სხვებს მოუყვებოდნენ“. ამიტომ, როცა დახმარება გსურს, მნიშვნელოვანია ისეთი ადამიანის პოვნა, ვინც ‘არ გასცემს სხვის საიდუმლოს’ (იგავნი 25:9). ასეთი პიროვნება, ალბათ, შენზე უფროსი იქნება.
თუ გარკვეული მიზეზების გამო სახლში ვერ პოულობ მხარდაჭერას, ცუდი არაფერია იმაში, რომ შეიძინო მეგობარი და მას გაუზიარო შენი გრძნობები, მაგრამ დარწმუნდი, რომ მას ცხოვრებისეული გამოცდილება აქვს და იცის ბიბლიური პრინციპები. იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ კრებაში, უეჭველია, იქნებიან ისეთი ადამიანები, რომლებიც შეესაბამებიან ამ მოთხოვნებს. 16 წლის ლილიანა ამბობს: „მე ზოგიერთ ჩემს თანაქრისტიან დას გავუზიარე ჩემი გრძნობები, რაც ძალიან დამეხმარა. რადგან ისინი ჩემზე უფროსები არიან, მათი რჩევა გონივრულია. ისინი ჩემი მეგობრები გახდნენ“.
რა უნდა გააკეთო, თუ შენი სულიერობაც ზიანდება? შესაძლოა, შენ ისე ხარ დამწუხრებული, რომ ლოცვასა და ბიბლიის კითხვას უგულებელყოფ. იაკობის 5:14, 15-ში ბიბლია გვირჩევს: „არის თქვენს შორის ვინმე ავად? მოიხმოს ეკლესიის ხუცესნი და ილოცონ მათზე და ნელსაცხებელი სცხონ უფლის სახელით. რწმენის ლოცვა იხსნის ავადმყოფს. უფალი წამოაყენებს მას“. იეჰოვას მოწმეების ადგილობრივ კრებაში არიან უხუცესები, რომელთაც გულგატეხილი და სულიერად დაავადებული ადამიანებისთვის დახმარების გაწევის გამოცდილება აქვთ. თავისუფლად მიმართე მათ დახმარებისთვის. ბიბლია ამბობს, რომ ასეთი მამაკაცები შეიძლება იყვნენ „საფარი ქარში [და] თავშესაფარი ავდარში“ (ესაია 32:2).
„გაუმჟღავნეთ თქვენი სათხოვარი ღმერთს“
დახმარების საუკეთესო წყარო არის „ყოველი ნუგეშის ღმერთი“ (2 კორინთელთა 1:3). როცა დამწუხრებული და დეპრესირებული ხარ, გაითვალისწინე ფილიპელთა 4:6, 7-ში ჩაწერილ რჩევა: „არაფერზე იზრუნოთ, მხოლოდ ლოცვასა და ვედრებაში მადლიერებით აუწყეთ თქვენი სურვილი ღმერთს, და ღვთის მშვიდობა, რომელიც ყოველგვარ გონებას აღემატება, დაიფარავს თქვენს გულებს და თქვენს ფიქრებს ქრისტე იესოში“. იეჰოვა ყოველთვის მზად არის შენს მოსასმენად (ფსალმუნი 45:2; 76:2). ზოგჯერ ყველაზე უებარი დასამშვიდებელი საშუალება ლოცვაა.
თუ ზოგჯერ თავს დამწუხრებულად გრძნობ და დეპრესიაში ხარ, არასოდეს დაგავიწყდეს, რომ ბევრ სხვა ახალგაზრდასაც განუცდია იგივე გრძნობები. დროთა განმავლობაში, ჩვეულებრივ, გათავისუფლდები ასეთი გრძნობებისგან. მაგრამ ამასობაში თავს ნუ დაიტანჯავ. გაუზიარე ვინმეს შენი სატკივარი. იგავნის 12:25 ამბობს: „სადარდებელი კაცის გულს აღონებს, კეთილი სიტყვა კი ახალისებს“. როგორ შეგიძლია „კეთილი სიტყვის“ მოსმენა? ვინმესთან საუბრით — ვინმესთან, ვისაც აქვს გამოცდილება, ცოდნა და ღვთიური სიბრძნე — რაც საჭიროებისამებრ დაგამშვიდებს და დაგეხმარება.
[სქოლიო]
^ აბზ. 5 თუ უარყოფითი გრძნობები დიდხანს არ გასვენებს, ეს შეიძლება სერიოზულ ემოციურ ან ფიზიკურ დარღვევებზე მიანიშნებდეს. ამ შემთხვევაში გადაუდებელი სამედიცინო ჩარევაა საჭირო. იხილე სტატია „დეპრესიის დაძლევა“ ამავე ჟურნალის 2000 წლის 8 აპრილის ნომერში, გვ.10—14.