არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

რა მოხდება, საზღვარგარეთ რომ ვიცხოვრო?

რა მოხდება, საზღვარგარეთ რომ ვიცხოვრო?

ახალგაზრდების შეკითხვები

რა მოხდება, საზღვარგარეთ რომ ვიცხოვრო?

„კიდევ სადმე მინდოდა ცხოვრება“ (სემი).

„მე მხოლოდ უბრალო ცნობისმოყვარეობა მამოძრავებდა. რამე ახლის ნახვა მინდოდა“ (მარენი).

„ახლო მეგობარმა მითხრა, რომ სახლიდან ცოტა ხნით მოშორებით ყოფნა კარგი იქნებოდა ჩემთვის“ (ანდრეასი).

„თავგადასავლები მწყუროდა“ (ჰაგენი).

გიფიქრია ოდესმე საზღვარგარეთ ცხოვრებაზე — თუნდაც მხოლოდ დროებით? ყოველწლიურად ათასობით ახალგაზრდას აქვს იმის შესაძლებლობა, რომ ზუსტად ასე მოიქცეს. ანდრეასი საზღვარგარეთ ცხოვრების შესახებ ამბობს: „კვლავ სიამოვნებით ვიცხოვრებდი საზღვარგარეთ“.

ზოგი ახალგაზრდა დროებით მიდის საზღვარგარეთ, რადგანაც სურს, იმუშაოს და ფული იშოვოს ან უცხო ენა ისწავლოს. მაგალითად, ზოგ ქვეყანაში დიდი პოპულარობით სარგებლობს პროგრამა, რომელიც საშუალებას აძლევს ახალგაზრდა უცხოელს, იმუშაოს რომელიმე ოჯახში, შეასრულოს საოჯახო საქმეები ბინის ქირისა და საჭმლის ფასის გადახდის სანაცვლოდ, და ამავე დროს თავისუფალი დრო შეუძლია ადგილობრივი ენის შესასწავლად გამოიყენოს. გარდა ამისა, არიან ახალგაზრდები, რომლებიც საზღვარგარეთ განათლების მისაღებად მიემგზავრებიან. სხვები სამუშაოს საშოვნელად მიდიან, რათა თავიანთი ოჯახებისთვის ფინანსური დახმარების აღმოჩენა შეძლონ. ზოგიერთები კი იმის გამო მიდიან, რომ გარკვეულები არ არიან იმაში, თუ რა გააკეთონ სკოლის დამთავრების შემდეგ და სურთ, ცოტა ხნით დაისვენონ საზღვარგარეთ.

საინტერესოა, რომ ზოგი ქრისტიანი ახალგაზრდა თავისი მსახურების გასაფართოებლად იმ ქვეყნებში მიდის, სადაც სახარების მქადაგებელთა ნაკლებობაა. რა მიზეზიც უნდა არსებობდეს, საზღვარგარეთ ცხოვრება სრულწლოვანი ადამიანისთვის შეიძლება ძვირფას გაკვეთილად იქცეს დამოუკიდებლობის მისაღწევად. ამას, კულტურის თვალსაზრისით, შენი მსოფლმხედველობის გაფართოება შეუძლია. შესაძლოა, უცხო ენასაც კი დაეუფლო, რაც ხელს შეგიწყობდა სამუშაოს შოვნაში.

მიუხედავად ამისა, საზღვარგარეთ ცხოვრებას ყოველთვის არ მოსდევს სასიამოვნო განცდები. მაგალითად, სიუზანმა, როგორც სტუდენტმა, ერთი წელი გაატარა უცხოეთში. ის ამბობს: „დარწმუნებული ვიყავი, რომ თავიდან ბოლომდე ყველაფერი სრულიად ფანტასტიკურად წარიმართებოდა. მაგრამ ეს ასე არ მოხდა“. ზოგი ახალგაზრდა სერიოზულ პრობლემებში ეხვევა ან მათ ექსპლუატაციასაც კი უწევენ. ასე რომ, ბარგის ჩალაგებამდე ბრძნული იქნებოდა, დამჯდარიყავი და ყველა დადებითი და უარყოფითი მხარე აგეწონ-დაგეწონა.

გააანალიზე შენი მოტივები

ყველა დადებითი და უარყოფითი მხარის გათვალისწინებაში აუცილებლად უნდა შედიოდეს იმის შემოწმებაც, თუ რატომ გსურს საზღვარგარეთ წასვლა. ერთია, გაემგზავრო სულიერი ინტერესების ან ოჯახური მოვალეობების შესრულების მიზნით, მაგრამ დასაწყისში ნახსენები ახალგაზრდების მსგავსად, საზღვარგარეთ წასვლა ბევრს, უბრალოდ, თავგადასავლების, უფრი მეტი თავისუფლების ან დროის სასიამოვნოდ გატარების გამო სურს. ვერ ვიტყვით, რომ ეს მაინცდამაინც ცუდი აღძვრაა. სხვა თუ არაფერი, ეკლესიასტეს 11:9 მოუწოდებს ახალგაზრდებს, ‘გაიხარონ სიყმაწვილეში’. მაგრამ მე-10 მუხლი გაფრთხილებას იძლევა: „უკუიყარე გულიდან დარდი და სხეულს არიდე უამური რამ“.

თუკი უცხო ქვეყანაში წასვლა იმიტომ გსურს, რომ მშობლების მიერ დადგენილი შეზღუდვები აირიდო, შეიძლება თავს „უამური რამ“ დაიტეხო. გახსოვს იესოს იგავი გზასაცდენილ შვილზე? მან მოყვა ახალგაზრდა კაცის შესახებ, რომელიც ეგოისტური მიზნების გამო, როგორც ჩანს, მეტი თავისუფლებისათვის, საზღვარგარეთ გაემგზავრა. მაგრამ დიდი დრო არ გასულა, რომ „უამური რამ“ შეხვდა და დაიმშა, გაღატაკდა და სულიერად დაავადდა (ლუკა 15:11—16).

არიან ისეთებიც, რომელთაც წასვლა იმიტომ სურთ, რომ სახლში არსებული პრობლემებისგან გაქცევა სწადიათ. მაგრამ, როგორც ჰაიკე ბერგი წერს თავის წიგნში „რა ხდება“, „თუკი სახლიდან წასვლა მხოლოდ იმის გამო გინდათ, რომ თავს უბედურად გრძნობთ. . . და გჯერათ, რომ სადმე სხვაგან ყველაფერი უკეთესად იქნება — დაივიწყეთ ეს!“. სინამდვილეში, უკეთესია პრობლემებს თვალი გავუსწოროთ. ვერაფერს მოვიგებთ იმით, თუ ჩვენთვის არასასიამოვნო სიტუაციებს გავექცევით.

სიხარბე და მატერიალიზმი სხვა სახიფათო მოტივებს წარმოადგენს. გამდიდრების სურვილით აღძრულმა ბევრმა ახალგაზრდამ განივითარა გრანდიოზული, არარეალური იდეები იმის შესახებ, თუ როგორია ცხოვრება განვითარებული მრეწველობის მქონე ქვეყნებში. ზოგს ჰგონია, რომ დასავლეთში მცხოვრები ყველა ადამიანი მდიდარია. მაგრამ ეს საკმაოდ შორს არის ჭეშმარიტებისგან. საზღვარგარეთ გადასვლის შემდეგ ბევრმა ახალგაზრდამ დაინახა, რომ აღმოჩნდა უცხო ქვეყანაში, სადაც სიღარიბესთან გამკლავება უწევს *. ბიბლია გაფრთხილებას იძლევა: „ყოველგვარი ბოროტების ფესვი ვერცხლისმოყვარეობაა და ზოგიერთები, რომლებიც მან გაიტაცა, განშორდნენ რწმენას და თავიანთ თავს მრავალი ტკივილი მიაყენეს“ (1 ტიმოთე 6:10).

მზად ხარ?

მხედველობაში მისაღებია სხვა ფაქტორიც: რამდენად მოწიფული ხარ იმისათვის, რომ საზღვარგარეთ წამოჭრილ სიძნელეებს, პრობლემებსა თუ კონფლიქტებს თავი გაართვა? შესაძლებელია, ოთახში ვინმესთან ერთად ან სხვა ოჯახთან ცხოვრება და მათი ცხოვრების ფერხულში ჩაბმა მოგიწიოს. ასე რომ, სახლში ამჟამად როგორი ურთიერთობა გაქვს ოჯახთან? ხომ არ ჩივიან შენი მშობლები იმაზე, რომ უყურადღებო და ეგოისტური ხარ? გაქვს თუ არა მიდრეკილება, რომ ჭირვეული იყო საჭმელების მხრივ? რამდენად მონდომებული ხარ საშინაო საქმეების კეთებაში? თუკი ახლა ბევრი რამ გიჭირს, წარმოიდგინე, რამდენად უფრო გაგიჭირდება უცხო ქვეყანაში!

თუკი ქრისტიანი ხარ, შეძლებ შენი სულიერობის შენარჩუნებას? იქნებ იძულებული არიან შენი მშობლები, წამდაუწუმ შეგახსენონ, რომ არ უგულებელყო ბიბლიის შესწავლა, ქრისტიანული შეხვედრები და სამქადაგებლო საქმიანობა? იქნები სულიერად საკმაოდ ძლიერი, რომ საზღვარგარეთ წინააღმდეგობა გაუწიო იმ ზეგავლენასა და ცდუნებებს, რომლებსაც სამშობლოში, შესაძლოა, არ აწყდებოდი? უცხოეთში, სკოლის პირველსავე დღეს ერთ ქრისტიანს, რომელიც სხვა ქვეყნიდან ჩამოსული მოსწავლე იყო, უთხრეს, თუ სად შეეძლო ნარკოტიკების შოვნა. მოგვიანებით, თანაკლასელმა გოგონამ პაემანი დაუნიშნა. მის სამშობლოში გოგონა ასე პირდაპირ არასოდეს გამოხატავდა თავის ინტერესებს. ევროპაში ჩასული ახალგაზრდა აფრიკელიც აღნიშნავს: „ჩემს სამშობლოში საჯაროდ ვერასოდეს ნახავდი უზნეო სურათებს, მაგრამ აქ ყველგან ხედავ“. საზღვარგარეთ გადასვლას შეიძლება სულიერი ხომალდის დაღუპვა მოჰყვეს, თუკი ადამიანს ‘მტკიცე რწმენა’ არ ექნება (1 პეტრე 5:9).

მოიპოვე ზუსტი ინფორმაცია!

საზღვარგარეთ გამგზავრებამდე ყველა ფაქტი გაითვალისწინე. არ აჰყვე ისეთ ინფორმაციას, რომელიც პირველწყაროდან არ არის. თუ, მაგალითად, ფიქრობ იმ პროგრამაზე, რომელიც სტუდენტების გაცვლას ითვალისწინებს, რამდენად დაგიჯდება ეს? შეიძლება გაგაოცოს იმის გაგებამ, რომ ხშირად ეს ათასობით დოლარი ჯდება. ისიც უნდა გამოარკვიო, არის თუ არა მისაღები და გამოსადეგი შენს სამშობლოში ის, რასაც საზღვარგარეთ ისწავლი. ასევე, შეეცადე რაც შეიძლება მეტი გაიგო ამ ქვეყნის შესახებ — მის კანონებზე, კულტურაზე, ჩვეულებებზე. რა ღირს იქ ცხოვრება? რა გადასახადები უნდა გადაიხადო? ხომ არაფერი დაემუქრება შენს ჯანმრთელობას, რაც შენგან დაფიქრებას მოითხოვს? შეიძლება დაგეხმაროს იმ ადამიანებთან გასაუბრება, რომლებიც იქ ცხოვრობდნენ.

გარდა ამისა, არსებობს საცხოვრებლის საკითხიც. უცხოელი სტუდენტების მასპინძელი „მშობლები“, ჩვეულებრივ, არ ელიან რამე მატერიალურ ანაზღაურებას. ამ შემთხვევაშიც კი ისეთ ადამიანებთან გაჩერებამ, რომლებიც არ აფასებენ ბიბლიურ პრინციპებს, შეიძლება დიდი სირთულეები შეგიქმნას. მეგობრებთან ან ნათესავებთან დარჩენა შეიძლება ალტერნატიული ვარიანტი იყოს. მაგრამ ყურადღებით იყავი, რომ ტვირთად არ ექცე მათ — იმ შემთხვევაშიც კი, თუ ისინი დაჟინებით გთხოვენ, ჩვენთან დარჩიო. ამით შეიძლება გაუარესდეს ან საერთოდ გაფუჭდეს კიდეც შენი ურთიერთობა მათთან (იგავნი 25:17).

თუკი საზღვარგარეთ ყოფნისას ფულის შოვნას გეგმავ, არ დაივიწყო შენი ქრისტიანული მოვალეობა, რომ ქვეყნიურ ხელისუფლებას უნდა დაემორჩილო (რომაელთა 13:1—7). გაძლევს თუ არა კანონი იმის უფლებას, რომ იმ ქვეყანაში იმუშაო? თუ პასუხი დადებითია — რა პირობით? თუ არაკანონიერად იმუშავებ, შეიძლება საფრთხეში ჩააგდო შენი, როგორც პატიოსანი ქრისტიანის, პოზიცია და დარჩე ძირითადი დაცვის, მაგალითად, უბედური შემთხვევებისგან დაზღვევის, გარეშე. მაშინაც კი, როცა სამუშაო კანონიერია, სიფრთხილე და გამჭრიახობა უნდა გამოიჩინო (იგავნი 14:15). არაკეთილსინდისიერი დამსაქმებლები ხშირად ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად გამოიყენონ უცხოელები და შრომაში რაც შეიძლება ნაკლები გადაუხადონ.

გადაწყვეტილების მიღება

ცხადია, საკმაოდ მნიშვნელოვანია საზღვარგარეთ წასვლის გადაწყვეტილება, რაც დაუფიქრებლად არ უნდა იქნეს მიღებული. დაჯექი შენს მშობლებთან ერთად და საგულდაგულოდ აწონ-დაწონე ის, თუ ასეთ მგზავრობას რა სარგებლობის მოტანა შეუძლია და რამდენად სახიფათოა. ეცადე, შენმა ენთუზიაზმმა საღი აზროვნება არ ჩაახშოს. გულახდილი იყავი შენი აღძვრების გაანალიზებისას. ყურადღებით მოუსმინე შენს მშობლებს. ბოლოს და ბოლოს, მათ ჯერ კიდევ უნდა აგონ პასუხი შენზე იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათგან ასობით კილომეტრით ხარ დაშორებული. შესაძლებელია, თავის გასატანად მათგან ფინანსური მხარდაჭერა გესაჭიროებოდეს.

ყველაფრის მხედველობაში მიღების შემდეგ საზღვარგარეთ წასვლა, შესაძლოა, არაგონივრული აღმოჩნდეს, ყოველ შემთხვევაში, ამ დროისთვის მაინც. ეს შეიძლება გულდასაწყვეტი იყოს, მაგრამ არსებობს მრავალი სხვა შესანიშნავი რამ, რის გაკეთებაც შეგიძლია. მაგალითად, დაფიქრებულხარ შენს საკუთარ ქვეყანაში საინტერესო ადგილების ნახვის შესაძლებლობაზე? ან განა ურიგო იქნებოდა, უცხო ენის საფუძვლიანი შესწავლა ახლავე რომ დაგეწყო? დროთა განმავლობაში შეიძლება საზღვარგარეთ გამგზავრების შესაძლებლობა მოგეცეს.

მაგრამ რა შეიძლება ითქვას, თუკი გამგზავრება საბოლოოდ გადაწყვიტე? მომდევნო სტატიაში განიხილება ის, თუ როგორ შეგიძლიათ წარმატებას მიაღწიოთ საზღვარგარეთ ყოფნისას.

[სქოლიო]

^ აბზ. 15 იხილეთ სტატია „მდიდარ ქვეყანაში გადასვლის ყველა გარემოების აწონ-დაწონა“ 1991 წლის 1 აპრილის „საგუშაგო კოშკში“ (რუს.), გამოცემულია საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ მიერ.

[სურათი 13 გვერდზე]

ზოგი ახალგაზრდა საზღვარგარეთ სამეფოს სამქადაგებლო საქმიანობის წინ წასაწევად მიდის.

[სურათი 14 გვერდზე]

გაესაუბრე შენს მშობლებს გამგზავრებასთან დაკავშირებული სარგებლობისა და საფრთხის შესახებ.