არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ავტობიოგრაფია

„ჩვენ წავალთ! ჩვენ გაგვგზავნეთ!“

„ჩვენ წავალთ! ჩვენ გაგვგზავნეთ!“

გსურთ, იქ გადახვიდეთ საქადაგებლად, სადაც მაუწყებლებზე დიდი მოთხოვნილებაა, თუნდაც უცხოენოვან ტერიტორიაზე? თუ ასეა, ბერგამების მაგალითიდან ბევრ რამეს ისწავლით.

ჯეკ და მარი-ლინ ბერგამები 1988 წლიდან სრული დროით მსახურებაში არიან ჩაბმული. მათ ახალ გარემოსთან შეგუება არ უჭირთ, რაც დაეხმარათ, არაერთი დავალება შეესრულებინათ გვადელუპასა და საფრანგეთის გვიანაში. დღეს ამ ტერიტორიებს საფრანგეთის ფილიალი ზედამხედველობს. მოდი რამდენიმე კითხვა დავუსვათ მათ.

რამ აღგძრათ სრული დროით მსახურებისკენ?

მარი-ლინი: გვადელუპაში გავიზარდე. ბავშვობაში მთელ დღეებს დედასთან ერთად მსახურებაში ვატარებდი. ის ყოველთვის მთელი გულით ემსახურებოდა იეჰოვას. ადამიანების სიყვარულმა აღმძრა, რომ სკოლის დამთავრებისთანავე პიონერად დამეწყო მსახურება. პიონერობას 1985 წლიდან შევუდექი.

ჯეკი: ახალგაზრდობიდანვე იმ ადამიანების გარემოცვაში ვიყავი, რომლებსაც სრული დროით მსახურება ძალიან უყვარდა. სასკოლო არდადეგების დროს ხშირად დამხმარე პიონერად ვმსახურობდი. უქმეებზე ზოგჯერ ავტობუსით მივემგზავრებოდით იქ, სადაც პიონერები ქადაგებდნენ. მთელ დღეს მსახურებაში ვატარებდით, შემდეგ კი სანაპიროზე მივდიოდით და ვისვენებდით. ის პერიოდი სასიამოვნოდ მახსენდება.

1988 წელს, დაქორწინებიდან მალევე დავფიქრდი, ხომ არ შემეძლო, უფრო მეტად დავხარჯულიყავი იეჰოვასთვის. ვინაიდან ხელს არაფერი მიშლიდა, ჩემს მეუღლეს პიონერულ მსახურებაში შევუერთდი. ერთი წლის შემდეგ სკოლაც გავიარეთ და სპეციალურ პიონერებად დავინიშნეთ. ვიდრე საფრანგეთის გვიანაში გავაგრძელებდით მსახურებას, გვადელუპაში არაერთ სასიამოვნო დავალებას ვასრულებდით.

წლების განმავლობაში ბევრჯერ შეგეცვალათ დავალება. როგორ ახერხებთ ცვლილებებთან შეგუებას?

მარი-ლინი: გვიანას ბეთელში ძმებმა იცოდნენ, რომ ესაიას 6:8 ჩვენი საყვარელი ბიბლიური მუხლია. ასე რომ, როცა გვირეკავდნენ, ხუმრობით გვეუბნებოდნენ ხოლმე: „ხომ გახსოვთ თქვენი საყვარელი ბიბლიური მუხლი?“. ჩვენც მაშინვე ვხვდებოდით, რომ ახალი დავალება უნდა მიგვეღო და პასუხიც მზად გვქონდა: „ჩვენ წავალთ! ჩვენ გაგვგზავნეთ!“.

ვცდილობთ, ახალი დავალება ძველს არ შევადაროთ. ეს გვეხმარება, მსახურებაში სიხარული არ დავკარგოთ. აგრეთვე ინიციატივას ვავლენთ, რომ ახალ კრებაში და-ძმები გავიცნოთ.

ჯეკი: ზოგ მეგობარს სურდა, მათთან ახლოს ვყოფილიყავით და რას არ აკეთებდნენ, რომ სხვა ტერიტორიაზე გადასვლა გადაგვეფიქრებინა. თუმცა გვადელუპადან წამოსვლის შემდეგ ერთმა ძმამ მათეს 13:38-ში ჩაწერილი იესოს სიტყვები შეგვახსენა: „მინდორი ქვეყნიერებაა“. ასე რომ, როცა ახალ დავალებებს ვიღებთ, ჩვენს თავს შევახსენებთ, რომ სადაც არ უნდა ვიყოთ, მთავარია, იეჰოვას საქმე შევასრულოთ და ხალხს ვუქადაგოთ.

როცა ახალ ტერიტორიაზე გადავდივართ, ვცდილობთ, ადგილობრივ კულტურასა და ცხოვრების წესს მოვერგოთ. მაგალითად, უარს არ ვამბობთ ადგილობრივ კერძებსა თუ სასმელებზე, თუმცა ვერიდებით ისეთ საკვებს, რამაც შეიძლება გვაწყინოს. გარდა ამისა, ყველანაირად ვცდილობთ, ახალ დავალებას დადებითი თვალით შევხედოთ.

მარი-ლინი: ადგილობრივი და-ძმებისგან ბევრი რამ ვისწავლეთ. მინდა, ერთი შემთხვევა გავიხსენო. საფრანგეთის გვიანაში ახალი ჩასულები ვიყავით; გარეთ კოკისპირულად წვიმდა. ვიფიქრეთ, გამოდარებას დავლოდებოდით და მსახურებაში მერე გავსულიყავით. ერთმა დამ გვკითხა: „მზად ხართ მსახურებისთვის?“. გაკვირვებულმა ვუპასუხე: „ასეთ ამინდში?!“. მან მითხრა: „ავიღოთ ქოლგები და ველოსიპედებით წავიდეთ“. მაშინ ვისწავლე, როგორ შეიძლებოდა, თან ველოსიპედი მეტარებინა და თან ცალ ხელში ქოლგა მჭეროდა. სხვაგვარად წვიმიან ამინდებში ვერ ვიმსახურებდი.

დაახლოებით 15-ჯერ მოგიწიათ საცხოვრებლის შეცვლა. რას ურჩევდით მათ, ვინც სხვაგან გადასვლას გეგმავს?

მარი-ლინი: გადასვლა სირთულეებთან არის დაკავშირებული. ამიტომ მნიშვნელოვანია, ისეთი სახლი შეარჩიო, სადაც მსახურებიდან დაბრუნებული განტვირთვას შეძლებ.

ჯეკი: ყოველთვის, როცა ახალ სახლში გადავდივარ, შიგნიდან კედლებს ვღებავ. თუ ფილიალში იციან, რომ დიდხანს არ მოგვიწევს იქ დარჩენა, ხუმრობით მეუბნებიან ხოლმე: „ჯეკ, ახლა იცოდე, სახლის შეღებვა არ დაიწყო“.

მარი-ლინი ჩაბარგების „ექსპერტია“. ის ყველა ნივთს ყუთებში ათავსებს და ზედ წარწერებს აკრავს, მაგალითად „აბაზანისთვის“, „საძინებლისთვის“, „სამზარეულოსთვის“ და ასე შემდეგ. მარი-ლინი თითოეულ ყუთში ნივთების სიას დებს, რაც გვეხმარება, საჭირო ნივთი ადვილად ვიპოვოთ და შესაბამისი ადგილი მივუჩინოთ.

მარი-ლინი: ორგანიზებულობა გვეხმარება, რომ ახალ ტერიტორიაზე გადასავლისას მსახურებას მალევე შევუდგეთ.

როგორ გეხმარებათ დროის განაწილება, რომ ყოველმხრივ შეასრულოთ თქვენი მსახურება? (2 ტიმ. 4:5)

მარი-ლინი: ორშაბათობით ვისვენებთ და კრებისთვის ვემზადებით. სამშაბათიდან კი სამქადაგებლო საქმეში ვართ ჩაბმული.

ჯეკი: მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვე განსაზღვრული საათების რაოდენობა უნდა ვიქადაგოთ, ამას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ. ჩვენთვის მთავარი მსახურებაა. სახლიდან გასვლისთანავე ვცდილობთ, განურჩევლად ყველას ვუქადაგოთ.

მარი-ლინი: მაგალითად, როცა პიკნიკზე მივდივართ, ყოველთვის თან მაქვს ბუკლეტები. ყოფილა შემთხვევები, როცა პუბლიკაციები გვთხოვეს, არადა მათთვის არ გვითქვამს, რომ იეჰოვას მოწმეები ვიყავით. ასე რომ, ჩვენს ჩაცმულობას და ქცევებს დიდ ყურადღებას ვაქცევთ, რადგან ეს ხალხს შეუმჩნეველი არ რჩება.

ჯეკი: ვცდილობთ, ჩვენი საქმეებით სამეზობლოშიც განვადიდოთ იეჰოვას სახელი. მაგალითად, ვიღებ ძირს დაყრილ ქაღალდებსა და სანაგვე ყუთში ვყრი; აგრეთვე ვგვი ხოლმე ჩემი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე დაყრილ ფოთლებს. მეზობლები ამჩნევენ ჩვენს კარგ საქმეებს და ხანდახან ბიბლიასაც კი გვთხოვენ.

დაშორებულ ტერიტორიებზე ხშირად ქადაგებთ. რაიმე განსაკუთრებულ შემთხვევას ხომ არ გაიხსენებდით?

ჯეკი: გვიანაში არაერთი მიუვალი ადგილია. კვირის განმავლობაში ცუდ გზებზე დაახლოებით 600 კილომეტრის გავლა გვიწევს. ჩემთვის ყველაზე დასამახსოვრებელი ამაზონის ტყეში სენ-ელის მონახულება იყო. რამდენიმე საათი ყველგანმავალი მანქანით მივდიოდით, შემდეგ კი — კატერით. იქაური მაცხოვრებლები, ძირითადად, ოქროს მომპოვებელ მაღაროებში მუშაობენ. პუბლიკაციების სანაცვლოდ მადლიერების ნიშნად ზოგმა შესაწირავის სახით ოქროს პატარა ნატეხები მოგვცა. ერთ საღამოს იქაურებს ჩვენი ორგანიზაციის გამოცემული ერთ-ერთი ვიდეო ვაჩვენეთ. იმ შეხვედრას ბევრი ადგილობრივი მაცხოვრებელი დაესწრო.

მარი-ლინი: რამდენიმე წლის წინ ჯეკს სთხოვეს, სოფელ კამოპიში გახსენების საღამოს მოხსენება წაეკითხა. იქ ჩასასვლელად მდინარე ოიაპოკი უნდა გაგვეცურა. ამ მანძილის გავლას კატერით ოთხი საათი მოვანდომეთ. ეს ნამდვილი თავგადასავალი იყო.

ჯეკი: იქ, სადაც მდინარე სწრაფად მიედინებოდა, ნავით გადაადგილება საკმაოდ სახიფათო იყო. ძალიან შთამბეჭდავი და ამაღელვებელია ასეთ ადგილებში გავლა. მდინარის ჭორომების გადალახვა მხოლოდ გამოცდილ მენავეს შეუძლია. ყველაფრის მიუხედავად, ეს დრო სასიამოვნოდ გვახსენდება. მართალია, იქ სულ რაღაც ექვსი იეჰოვას მოწმე ვიყავით, მაგრამ გახსენების საღამოს დაახლოებით 50 ადამიანი დაესწრო, მათ შორის ამერიკელი ინდიელები.

მარი-ლინი: შესანიშნავი თავგადასავალი ელით იმ ახალგაზრდებს, რომლებსაც სურთ, იეჰოვასთვის მეტი აკეთონ. ასეთ სიტუაციებში იეჰოვაზე მინდობა რწმენის განმამტკიცებელია. ჩვენს ცხოვრებაში ღვთის ხელს ყოველთვის ვგრძნობდით.

რამდენიმე ენის სწავლა მოგიწიათ. ადვილად ითვისებთ ენებს?

ჯეკი: მე ასე არ ვიტყოდი. ამ ენების სწავლა საჭიროებამ მოითხოვა. ერთხელ, სანამ სრანანტონგო * ენაზე ბიბლიის კითხვის დავალება მექნებოდა, „საგუშაგო კოშკის“ შესწავლის ჩატარება მომიწია. ერთ ძმას ვკითხე, ნეტავ რამე თუ გაიგეთ-მეთქი ჩემი ნათქვამიდან. მან მიპასუხა: „ზოგიერთ სიტყვას ვერ ვიგებდით, მაგრამ მთლიანობაში ძალიან კარგი იყო“. ბავშვები დიდ დახმარებას მიწევდნენ. უფროსებისგან განსხვავებით ისინი ყოველთვის მეუბნებოდნენ, როდის ვუშვებდი შეცდომას. მათგან ბევრი რამ ვისწავლე.

მარი-ლინი: ბიბლიის შესწავლებს ფრანგულ, პორტუგალიურ და სრანანტონგო ენებზე ვატარებდი. ერთმა დამ მირჩია, დღის განმავლობაში შესწავლების ჩატარება იმ ენით დამეწყო, რომელიც ყველაზე ნაკლებად ვიცოდი და იმ ენით დამესრულებინა, რომელსაც კარგად ვფლობდი. მალევე მივხვდი, რომ ეს რჩევა პრაქტიკული იყო.

ერთხელ ორი ბიბლიის შესწავლა უნდა ჩამეტარებინა სრანანტონგო და პორტუგალიურზე ენებზე. როცა მეორე შესწავლის ჩატარება დავიწყეთ, დამ მითხრა: „მარი-ლინ, მგონი, არ ესმის, რასაც ეუბნები“. მაშინ მივხვდი, რომ ბრაზილიელ ქალს პორტუგალიურის ნაცვლად სრანანტონგო ენაზე ველაპარაკებოდი.

და-ძმებს ძალიან უყვარხართ. როგორ მოახერხეთ მათთან ასეთი ახლო ურთიერთობის ჩამოყალიბება?

ჯეკი: იგავების 11:25-ში ნათქვამია: „ხელგაშლილი სული დამსუყდება“. ვცდილობთ, დრო დავუთმოთ და-ძმებს და რითაც შეგვიძლია დავეხმაროთ. ხშირად მონაწილეობას ვიღებ სამეფო დარბაზის დასუფთავებასა და დალაგებაში. ზოგი მეუბნება, რომ ამ საქმეს მაუწყებლები მიხედავენ. მე კი ვპასუხობ: „მეც ხომ მაუწყებელი ვარ?! ასე რომ, როცა რაიმეა გასაკეთებელი, ყოველთვის და-ძმების გვერდით ვარ“. მართალია, ხანდახან ყველას გვჭირდება განმარტოება, მაგრამ არ გვინდა, ამან ხელი შეგვიშალოს სხვებისთვის სიკეთის კეთებაში.

მარი-ლინი: ძალისხმევას არ ვიშურებთ, რომ და-ძმების მიმართ გულწრფელი ინტერესი გამოვავლინოთ. მაგალითად, ვცდილობთ, გავიგოთ, როდის სჭირდებათ ბავშვების მოვლაში დახმარება ან მათი სკოლიდან გამოყვანა. შემდეგ კი ისე ვანაწილებთ დროს, რომ მათი დახმარება შევძლოთ. როცა საჭირო დროს და-ძმებს გვერდში ვუდგავართ, უფრო ვუახლოვდებით მათ.

რა კურთხევები მოგიტანათ დაშორებულ ტერიტორიაზე მსახურებამ?

ჯეკი: სრული დროით მსახურებამ ცხოვრება გაგვიმრავალფეროვნა. ხშირად გვაქვს შესაძლებლობა, დავტკბეთ იეჰოვას შემოქმედების სილამაზით. მართალია, ცხოვრებაში არაერთ სირთულეს შევხვდით, მაგრამ შინაგანი სიმშვიდე არასოდეს დაგვიკარგავს, რადგან სადაც არ უნდა ვიყოთ, და-ძმების მხარდაჭერას ყველგან ვგრძნობთ.

ახალგაზრდობაში საფრანგეთის გვიანაში ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო დამაპატიმრეს. ვერასოდეს წარმოვიდგენდი, რომ იქ მისიონერად დავბრუნდებოდი და ციხეში პატიმრებს ვუქადაგებდი. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ იეჰოვა კურთხევებს არ იშურებს თავისი მსახურებისთვის.

მარი-ლინი: ყველაზე დიდ სიხარულს ის მანიჭებს, რომ სხვებისთვის ვიხარჯები. ბედნიერები ვართ, რომ იეჰოვას ვემსახურებით. მსახურებამ ერთმანეთთან უფრო დაგვაახლოვა. არაერთხელ ყოფილა შემთხვევა, როცა ჯეკს ჩემთვის უთქვამს, სადილზე ის ცოლ-ქმარი დაგვეპატიჟებინა, რომლებსაც გამხნევება სჭირდებოდათ და მეც სწორედ ამას ვფიქრობდი. ხშირად ემთხვევა ხოლმე ჩვენი აზრები.

ჯეკი: ცოტა ხნის წინ პროსტატის კიბოს დიაგნოზი დამისვეს. მართალია, მარი-ლინს არ სიამოვნებს ამ სიტყვების მოსმენა, მაგრამ მისთვის არაერთხელ მითქვამს: „ძვირფასო, შეიძლება ხვალ შენ გვერდით აღარ ვიყო, და ეს ასაკის ბრალი არ იქნება, მაგრამ ბედნიერი ვარ, რომ კმაყოფილებითა და აზრით აღსავსე ცხოვრება განვვლე“ (დაბ. 25:8).

მარი-ლინი: იეჰოვამ პატივი გვარგუნა, შეგვესრულებინა ისეთი დავალებები, როგორსაც ვერასდროს წარმოვიდგენდით. ამან ჩვენს ცხოვრებას აზრი შესძინა. სრულად ვენდობით იეჰოვას და მზად ვართ, ყველგან წავიდეთ, სადაც არ უნდა გაგვგზავნოს.

^ აბზ. 32 სრანანტონგო ენა ინგლისური, ჰოლანდიური, პორტუგალიური და აფრიკული ენების შერწყმის შედეგად შეიქმნა, რაშიც უდიდესი წვლილი მონებს მიუძღვით.