ხართ კარგი თანამშრომელი?
„მე მის გვერდით ვიყავი როგორც ოსტატი . . . მუდამ ვხარობდი მის წინაშე“ (იგავ. 8:30). ასე აღწერს ბიბლია ღვთის ძეს, რომელიც დედამიწაზე მოსვლამდე უთვალავი წელი მამის გვერდით შრომობდა. ამ მუხლიდან იმასაც ვიგებთ, როგორ ახარებდა მას მამასთან თანამშრომლობა.
მამის მხარდამხარ შრომამ იესოს ისეთი თვისებები შესძინა, რომ დედამიწაზეც შესანიშნავად შეძლო სხვებთან თანამშრომლობა. რას გვასწავლის იესოს მაგალითი? მის მაგალითზე დაკვირვებით შეგვიძლია დავინახოთ სამი პრინციპი, რომელთა გათვალისწინებაც კარგ თანამშრომლებად გვაქცევს. ეს პრინციპები დაგვეხმარება, რომ ხელი შევუწყოთ ერთობას და კარგად ვითანამშრომლოთ და-ძმებთან.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ 1: ᲞᲐᲢᲘᲕᲘ ᲔᲪᲘᲗ ᲔᲠᲗᲛᲐᲜᲔᲗᲡ
კარგი თანამშრომელი თავმდაბალია, აფასებს თანამშრომლებს და მათ თავს არ ამეტებს. იესოს ასეთი დამოკიდებულება მამამისზე დაკვირვებით ჩამოუყალიბდა. მართალია, შემოქმედი მხოლოდ იეჰოვას ეწოდება, მაგრამ მას არ დაუკნინებია თავისი ძისა და თანამშრომლის ღვაწლი, რაც კარგად გამოჩნდა მის შემდეგ სიტყვებში: „შევქმნათ ადამიანი ჩვენ ანარეკლად“ (დაბ. 1:26). უეჭველია, იესო ძალიან დააფასებდა მამის ასეთ თავმდაბლობას (ფსალმ. 18:35).
დედამიწაზე იესოც მსგავს თავმდაბლობას ავლენდა. როცა კარგი საქმეებისთვის აქებდნენ, ქებას კი არ იფერებდა, მამას მიაგებდა პატივს (მარ. 10:17, 18; იოან. 7:15, 16). მოციქულებთან თანამშრომლობის დროს სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიდა და მათ მეგობრებად მიიჩნევდა და არა მონებად (იოან. 15:15). მოწაფეებისთვის თავმდაბლობა რომ ესწავლებინა, მათთვის ფეხების დაბანაც კი არ იუკადრისა (იოან. 13:5, 12—14). კარგი იქნება, თუ ჩვენც დავაფასებთ თანამშრომლებს და შევეცდებით, მათი შეხედულებები და მოთხოვნილებები ჩვენსაზე წინ დავაყენოთ. გაცილებით მეტს მივაღწევთ, თუ პატივს ვცემთ ერთმანეთს და იმაზე არ ვიქნებით ორიენტირებული, ვინ დაიმსახურებს ქებას (რომ. 12:10).
თავმდაბალი ადამიანი აცნობიერებს, რომ „სადაც მრავალი მრჩეველია, იქ მიზანიც მიიღწევა“ (იგავ. 15:22). რაც არ უნდა დიდი გამოცდილება და უნარი გვქონდეს, უნდა გვახსოვდეს, რომ ყოვლისმცოდნე ადამიანი არ არსებობს. თვით იესოც აღიარებდა, რომ ყველაფერი არ იცოდა (მათ. 24:36). მას თავისი არასრულყოფილი მოწაფეების აზრიც კი აინტერესებდა (მათ. 16:13—16). ამიტომ რა გასაკვირია, რომ მოწაფეებს მასთან თანამშრომლობა ძალიან სიამოვნებდათ. თუ თავმდაბლობას არ დავკარგავთ, გვემახსოვრება ჩვენი შეზღუდული შესაძლებლობები და სხვის აზრსაც გავითვალისწინებთ, მშვიდობიან ურთიერთობას შევინარჩუნებთ და მიზანსაც მივაღწევთ.
განსაკუთრებით უხუცესებს მართებთ, მიჰბაძონ იესოს, როცა თანამშრომლობა უწევთ. მათ უნდა ახსოვდეთ, რომ იეჰოვა წმინდა სულს თანაბრად აძლევს ყველა უხუცესს, რომლებიც უხუცესთა საბჭოში შედიან. თუ საბჭოს შეხვედრაზე ისეთი გარემოა შექმნილი, რომ ყველა უხუცესს თავისუფლად შეუძლია აზრის გამოთქმა, ისინი ისეთ გადაწყვეტილებებს მიიღებენ, რომლებიც მთელი კრების კეთილდღეობას მოემსახურება.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ 2: „ᲧᲕᲔᲚᲐᲛ ᲓᲐᲘᲜᲐᲮᲝᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲒᲝᲜᲘᲔᲠᲔᲑᲐ“
კარგი თანამშრომელი გონიერებას ავლენს თანამშრომლებთან ურთიერთობის დროს. ის ერგება სიტუაციას და დამთმობია. იესო არაერთხელ გახდებოდა იმის მოწმე, თუ როგორ იჩენდა თავისი ზეციერი მამა გონიერებას სხვებთან ურთიერთობის დროს. მაგალითად, ის იეჰოვამ დედამიწაზე გამოგზავნა, რათა სასიკვდილო მსჯავრისგან ეხსნა ადამიანები, რომლებმაც სამართლიანად დაიტეხეს სასჯელი თავს (იოან. 3:16).
საჭიროების შემთხვევაში იესო დათმობაზე მიდიოდა. ალბათ გახსოვთ, როგორ დაეხმარა ის ფინიკიელ ქალს მიუხედავად იმისა, რომ იესო ისრაელის დაკარგულ ცხვრებთან იყო გამოგზავნილი (მათ. 15:22—28). მისი გონიერება იმაშიც გამოვლინდა, რომ მას არ ჰქონია არარეალური მოლოდინი მოწაფეებისგან. როცა უახლოესმა მეგობარმა, პეტრემ, საჯაროდ უარყო, მან მთელი გულით აპატია. უფრო მეტიც, მოგვიანებით მან პეტრეს სხვა მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობებიც მიანდო (ლუკ. 22:32; იოან. 21:17; საქ. 2:14; 8:14—17; 10:44, 45). როგორც იესოს მაგალითიდან ჩანს, ჩვენც დამთმობები უნდა ვიყოთ, რათა „ყველამ დაინახოს [ჩვენი] გონიერება“ (ფილ. 4:5).
გონიერება გვეხმარება, ყველანაირ ადამიანთან გამოვძებნოთ საერთო ენა. იესო იმდენად კარგად ახერხებდა ამას, რომ მისი მტრები იმ მებაჟეთა და ცოდვილთა მეგობრობაში ადანაშაულებდნენ, რომლებიც დადებითად ეხმაურებოდნენ სასიხარულო ცნობას (მათ. 11:19). ჩვენც შეგვიძლია იესოს მივბაძოთ და საერთო ენა გამოვნახოთ განსხვავებული ტიპის ადამიანებთან. ლუისი, რომელსაც სარაიონო თუ ბეთელში მსახურების დროს განსხვავებული კულტურისა თუ წარმოშობის ადამიანებთან მოუწია ურთიერთობა, ამბობს: „განსხვავებული ადამიანები შეგვიძლია სხვადასხვა ფორმის ქვებს შევადაროთ. თუ ქვებს სათანადოდ განვალაგებთ, სწორი კედლის აშენებას შევძლებთ. მეც ეს პრინციპი მეხმარებოდა, რომ, ასე ვთქვათ, სწორი კედელი ამეშენებინა“. ასეთი მიდგომა ყველას გამოგვადგება.
კარგი თანამშრომელი სხვებს არ უმალავს საჭირო ინფორმაციას იმ მიზნით, რომ მათზე უკეთესი გამოჩნდეს.
რაში გამოვლინდება ჩვენი გონიერება კრებასთან თანამშრომლობის დროს? ამის გაკეთების კარგი შესაძლებლობა გვეძლევა ჩვენს სამქადაგებლო მსახურების ჯგუფში. შეიძლება მსახურებაში თანამშრომლობა მოგვიწიოს ისეთ მაუწყებლებთან, რომლებსაც განსხვავებული ოჯახური მდგომარეობა ან ასაკი აქვთ. თქვენი გონიერება იმაში გამოჩნდება, თუ გაითვალისწინებთ მაუწყებლის მდგომარეობას და მისთვის მოსახერხებელი სახით იქადაგებთ. ამგვარად, მსახურება მათთვისაც სასიამოვნო იქნება.
ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ 3: ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲮᲔᲚᲒᲐᲨᲚᲘᲚᲔᲑᲘ
კარგი თანამშრომელი ხელგაშლილია, რაც იმაში გამოიხატება, რომ სხვებს საკუთარ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს (1 ტიმ. 6:18). იესო უეჭველად შენიშნავდა მამასთან თანამშრომლობის დროს, რომ იეჰოვა მისგან არაფრის დამალვას არ ცდილობდა. როცა იეჰოვა „ცას ქმნიდა“, იესოც იქ იყო და მისგან ბევრ რამეს სწავლობდა (იგავ. 8:27). თავის მხრივ, ისიც სიხარულით უზიარებდა მოწაფეებს მამისგან ნასწავლს (იოან. 15:15). იესოს მსგავსად ჩვენც შეგვიძლია, ცოდნა და გამოცდილება ჩვენს თანამშრომლებს გავუზიაროთ. ფაქტია, კარგი თანამშრომელი სხვებს არ დაუმალავს საჭირო ინფორმაციას მხოლოდ იმიტომ, რომ მათზე უკეთესი გამოჩნდეს. ის სიამოვნებით გაუზიარებს ცოდნასა და გამოცდილებას სხვებს.
ჩვენი ხელგაშლილობა იმაშიც გამოჩნდება, თუ საქებარ სიტყვებს არ დავიშურებთ თანამშრომლებისთვის. ყველას გვსიამოვნებს, როცა ვინმე ამჩნევს ჩვენს მცდელობას და გულწრფელ მადლიერებას გამოხატავს. შიგადაშიგ იესო ეუბნებოდა თავის თანამშრომლებს, რა მოსწონდა მათში (შეადარეთ მათეს 25:19—23; ლუკას 10:17—20). ისიც კი უთხრა, რომ ისინი მასზე მეტს გააკეთებდნენ (იოან. 14:12). სიკვდილის წინა ღამეს იესომ შემდეგი სიტყვებით შეაქო ერთგული მოციქულები: „თქვენ განსაცდელში გვერდიდან არ მომცილებიხართ“ (ლუკ. 22:28). წარმოიდგინეთ, როგორ ესიამოვნებოდათ მათ იესოსგან ამ სიტყვების მოსმენა და როგორ აღძრავდა ეს კარგი საქმეების კეთებისკენ. ჩვენი თანამშრომლები მეტი სიხარულითა და მონდომებით შეასრულებენ დავალებულ საქმეს, თუ მათ მიმართ საქებარ სიტყვებს არ დავიშურებთ.
ᲗᲥᲕᲔᲜ ᲨᲔᲒᲘᲫᲚᲘᲐᲗ ᲘᲧᲝᲗ ᲙᲐᲠᲒᲘ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲔᲚᲘ
„კარგი თანამშრომელი სრულყოფილ თანამშრომელს არ ნიშნავს, ის გარშემომყოფებს სიხარულს ანიჭებს და საქმის კეთებას უადვილებს,“ — ამბობს ერთი ძმა, კაიოდე. თქვენს თავზე რას იტყვით? ხართ ასეთი თანამშრომელი? ტაქტიანად ჰკითხეთ თქვენს თანამშრომლებს, რას ფიქრობენ თქვენზე ამ კუთხით. თუ მათ სიამოვნებთ თქვენთან თანამშრომლობა ისევე, როგორც მოწაფეებს სიამოვნებდათ იესოსთან თანამშრომლობა, მაშინ პავლე მოციქულივით თქვენც იტყვით: „ჩვენ თქვენი თანამშრომლები ვართ და თქვენი სიხარულისთვის ვიღვწით“ (2 კორ. 1:24).