მიჰბაძეთ მათ რწმენას | დავითი
„იეჰოვასია ბრძოლა“
დავითს ბრძოლის ველიდან გამოქცეულმა მეომრებმა ისე სწრაფად ჩაუქროლეს, რომ თავი ძლივს შეიმაგრა. შიშისგან თავზარდაცემულნი ერთსა და იმავე სიტყვას გაჰყვიროდნენ: „გოლიათი! გოლიათი!“. უცებ დავითმა თვალი მოჰკრა მთასავით კაცს, რომელიც შუა ბრძოლის ველზე უტიფრად იდგა. ალბათ, მას არასდროს ენახა ასეთი ზორბა და ახმახი კაცი.
ახლა უკვე დავითი მიხვდა, რამ შეაშინა ისრაელი მეომრები. ეს უზარმაზარი კაცი აბჯრის გარეშე, სავარაუდოდ, ორ ბრგე მამაკაცზე მეტს იწონიდა. ეს გამოცდილი და ძლიერი მებრძოლი კბილებამდე იყო შეიარაღებული. ის ისრაელის მეფესა და მის ჯარს გესლიანად დასცინოდა და საბრძოლველად იწვევდა. ალბათ, მისი მჭექარე ხმა მთის ფერდობებზე ექოსავით გაისმოდა. გოლიათი დაჟინებით ითხოვდა, რომ ისრაელებიდან ვინმე შებმოდა მას და ასე გადაეწყვიტათ ბრძოლის ბედი (1 სამუელი 17:4—10).
მეფე საული შეძრწუნებული იყო, ისრაელი კი შიშს მოეცვა. ის, რასაც დავითი ახლა ისმენდა, უკვე თვეზე მეტი გრძელდებოდა. დღე დღეს მისდევდა, მაგრამ ფილისტიმელებსა და ისრაელებს შორის ბრძოლა არ იმართებოდა — მხოლოდ გოლიათის მუქარა ისმოდა. ამ ამბავმა დავითი ძალიან დაამწუხრა. რა სამარცხვინო იყო, რომ მეფემაც და ისრაელის ჯარმაც, მათ შორის მისმა სამმა უფროსმა ძმამ, სიმხდალე გამოიჩინეს. მართალია, ეს უცხოტომელი გოლიათი ისრაელის ჯარს დასცინოდა, მაგრამ ამაზე მეტად დავითს ის ადარდებდა, რომ ამით ისრაელის ღმერთს, იეჰოვას შეურაცხყოფდა. მაგრამ რა უნდა ეღონა მას? რის სწავლა შეგვიძლია დავითისგან, ამ ძლიერი რწმენის მქონე ადამიანისგან? (1 სამუელი 17:11—14).
„სცხე, ეს არის ის“
მოდი, გადავინაცვლოთ რამდენიმე თვით უკან. ერთხელ, შებინდებისას დავითი ბეთლემთან ახლოს, მთაში, ცხვარს მწყემსავდა, როცა მამამისმა შეუთვალა, რომ სასწრაფოდ შინ დაბრუნებულიყო. დავითი წითური ყმაწვილი იყო. მას კარგი შესახედაობა და ჭკვიანური გამომეტყველება ჰქონდა. იგი მუსიკალური ნიჭითაც იყო დაჯილდოებული. ბუნების წიაღში ღვთის საოცარი შემოქმედებით მოხიბლული დავითი ხშირად ხელში ქნარს იღებდა და საათობით უკრავდა, რის წყალობითაც კარგი მუსიკოსი დადგა (1 სამუელი 16:12).
შინ დაბრუნებულ დავითს ხანდაზმული ღვთის ერთგული წინასწარმეტყველი სამუელი დახვდა, რომელიც მამამისს, იესეს, ელაპარაკებოდა. იეჰოვას დავალებით, მას იესეს ვაჟებიდან ერთ-ერთი ისრაელის მომავალ მეფედ უნდა ეცხო. სამუელმა დავითის შვიდივე უფროსი ძმა ნახა, მაგრამ როგორც იეჰოვამ უთხრა, არც ერთი მათგანი არ იყო მისი რჩეული. როცა დავითი გამოჩნდა, იეჰოვამ სამუელს უთხრა: „სცხე, ეს არის ის“. სამუელმაც აიღო ზეთით სავსე რქა და დავითს ძმების თვალწინ თავზე სცხო. ამ მომენტიდან მისი ცხოვრება მთლიანად შეიცვალა. ბიბლიაში ვკითხულობთ: „იმ დღიდან ამოქმედდა დავითზე იეჰოვას სული“ (1 სამუელი 16:1, 5—13).
მაშინვე ხომ არ მოინდომა დავითმა მეფობა? რა თქმა უნდა, არა. ის მოთმინებით ელოდა დროს, როცა იეჰოვა თავისი სულით უხელმძღვანელებდა და ამ მეტად საპასუხისმგებლო საქმეს მიანდობდა. მანამდე კი თავმდაბლად განაგრძობდა ცხვრის მწყემსვას, რაშიც მთელ გულს დებდა. ეს საქმე თავგანწირვას და სიმამაცეს მოითხოვდა. მაგალითად, მამამისის ფარას 1 სამუელი 17:34—36; ესაია 31:4).
ორჯერ დაეცა მტაცებელი ცხოველი, ერთხელ — ლომი, მეორედ კი — დათვი. ორივე შემთხვევაში დავითს უბრალოდ კი არ განუდევნია ისინი, არამედ უმწეო ცხვრების დასაცავად უმალვე შეება ამ გააფრთებულ მხეცებს და სრულიად მარტომ მოიგერია (გავიდა დრო და დავითის საგმირო საქმეები მეფე საულის ყურსაც მისწვდა. მეფემ ის თავისთან მოიხმო. მართალია, საული ძლიერი მეომარი იყო, მაგრამ ურჩობის გამო მან იეჰოვას კეთილგანწყობა დაკარგა. იეჰოვამ წაართვა მას თავისი სული; მას შემდეგ მეფეს ბოროტი სული აწვალებდა — ხშირად ბრაზი იპყრობდა, ეჭვები ღრღნიდა და სისასტიკეს ავლენდა. ამ დროს ერთადერთი, რაც საულს ამშვიდებდა, მუსიკა იყო. მის მსახურებს გაგებული ჰქონდათ, რომ დავითი არა მარტო კარგი მებრძოლი, არამედ კარგი მუსიკოსიც იყო. ამიტომაც მოუხმო მას საულმა. დავითი სამეფო კარზე მუსიკოსი და მეფის საჭურველთმტვირთველი გახდა (1 სამუელი 15:26—29; 16:14—23).
ამ ძლიერი რწმენის მქონე ღვთის მსახურისგან განსაკუთრებით ახალგაზრდებს შეუძლიათ ბევრი რამის სწავლა. ალბათ, შენიშნეთ, რომ თავისუფალ დროს დავითი იმისთვის იყენებდა, რომ იეჰოვას უფრო დაახლოებოდა. გარდა ამისა, მან ისეთი უნარ-ჩვევები გამოიმუშავა, რაც მომავალში გამოადგა. რაც მთავარია, ის მიჰყვებოდა ღვთის სულის ხელმძღვანელობას. მართლაც როგორი სამაგალითო იყო დავითი! (ეკლესიასტე 12:1).
„ნურავის შეუკრთება გული მისი შიშით“
სამეფო კარზე მსახურების პერიოდში დავითი დროდადრო სახლში ბრუნდებოდა, რათა მამამისის ფარაზე ეზრუნა. ზოგჯერ მშობლიურ მხარეში დიდხანს ყოვნდებოდა. ერთხელ მამამ ის მისი სამი უფროსი ძმის ამბის გასაგებად გაგზავნა, რომლებიც მეფის ჯარში მსახურობდნენ. დავითიც დაჰყვა მამის ნებას და სურსათ-სანოვაგით დატვირთული ელაჰის ველისკენ მიმავალ გზას დაადგა. სწორედ ამ დროს შემოხვდნენ გზად ბრძოლიდან გამოქცეული მეომრები. როცა ადგილზე მივიდა, დავითს გაუკვირდა, რომ ფილისტიმელების ჯარი ერთ მთაზე იდგა, ისრაელების კი — მეორეზე, რომელთაც განიერი და უსწორმასწორო ველი ყოფდა (1 სამუელი 17:1—3, 15—19).
დავითისთვის სულერთი არ იყო, რაც იქ ხდებოდა. მისთვის წარმოუდგენელი იყო, როგორ შეიძლებოდა, ამ უცხოტომელს ცოცხალი ღვთის, იეჰოვას, რაზმი ასე დაეფრთხო! დავითი ხედავდა, რომ გოლიათი გესლიანი სიტყვებით იეჰოვას შეურაცხყოფდა. ამიტომ მივიდა ისრაელ მეომრებთან და უთხრა, რომ დაამარცხებდა გოლიათს. მალე დავითის სიტყვები მისი უფროსი ძმის, ელიაბის, ყურამდეც მივიდა; მან მკაცრად უსაყვედურა უმცროს ძმას და დაადანაშაულა, რომ თითქოს იქ ხოცვა-ჟლეტის სანახავად იყო მისული. დავითმა პასუხად მიუგო: „ასეთი რა ჩავიდინე? მხოლოდ სიტყვა ვთქვი“. შემდეგ ისევ დამაჯერებლად უთხრა იქ მყოფთ, რომ სიცოცხლეს გამოასალმებდა გოლიათს. მისი ნათქვამი მეფე საულს გადასცეს, რომელმაც ბრძანა, რომ მასთან მიეყვანათ იგი (1 სამუელი 17:23—31).
დავითმა მეფეს იგივე სიტყვები გაუმეორა და უთხრა: „ნურავის შეუკრთება გული მისი შიშით“. საული და მისი მეომრები ძალიან იყვნენ შეშინებულები და არცთუ უსაფუძვლოდ. შესაძლოა ისინი ფიქრობდნენ, რომ გოლიათი მათზე ორჯერ დიდი იყო და ერთი ხელის მოსმით შეეძლო მათი განადგურება?! მაგრამ დავითი ასე არ ფიქრობდა. ის სრულიად განსხვავებულად უყურებდა შექმნილ მდგომარეობას. 1 სამუელი 17:32).
ამიტომაც გამოთქვა გოლიათთან შებრძოლების სურვილი (თავიდან საული უარზე იყო: „ვერ გახვალ მაგ ფილისტიმელთან საბრძოლველად, ჯერ კიდევ ყმაწვილი ხარ, ის კი ბავშვობიდან მეომარია“. მართლა პატარა იყო დავითი? არა, მაგრამ არც იმხელა, რომ მეფის ჯარში ემსახურა; თანაც შესაძლოა თავის ასაკთან შედარებით პატარა შეხედულება ჰქონდა. თუმცა ამ დროს შეიძლება უკვე 20 წლამდეც კი იყო და მას უკვე იცნობდნენ, როგორც გულად მეომარს (1 სამუელი 16:18; 17:33).
დავითი არწმუნებდა საულს, რომ არ გაუჭირდებოდა ფილისტიმელის დამარცხება, რადგან მას მოკლული ჰყავდა ლომი და დათვი. ხომ არ ტრაბახობდა ის ამით? რასაკვირველია, არა. დავითმა იცოდა, ვისი დამსახურება იყო ეს, ამიტომაც თქვა: „იეჰოვა, რომელმაც ლომისა და დათვის ტორებისგან მიხსნა, ამ ფილისტიმელის ხელიდანაც დამიხსნის“. საბოლოოდ დავითმა დაითანხმა საული, რომელმაც უთხრა: „წადი, იეჰოვა იყოს შენთან“ (1 სამუელი 17:37).
ალბათ, თქვენც გსურთ, დავითისნაირი ძლიერი რწმენა გქონდეთ? მაგრამ ერთი რამ ნუ დაგავიწყდებათ: დავითის რწმენა, უბრალოდ, არარეალურის მოლოდინი კი არ იყო, არამედ ღვთის შესახებ საფუძვლიან ცოდნასა და ცხოვრებისეულ გამოცდილებას ეფუძნებოდა. დავითისთვის იეჰოვა იყო მოსიყვარულე და მფარველი ღმერთი, რომელიც ყოველთვის ასრულებს თავის დანაპირებს. ასეთი რწმენა რომ განვივითაროთ, ბიბლიის მეშვეობით ღმერთს უნდა გავეცნოთ. და თუ ნასწავლის თანახმად ვიცხოვრებთ, კარგ შედეგებს მოვიმკით, რაც, თავის მხრივ, რწმენას განგვიმტკიცებს (ებრაელები 11:1).
„ჩამიგდებს ხელში შენს თავს იეჰოვა“
ჩააცვა საულმა დავითს ჯავშანი. როგორც ჩანს, გოლიათის ჯავშნის მსგავსად, ისიც ფირფიტებიანი იყო და სპილენძისგან დამზადებული. მაგრამ დავითს ფეხის გადადგმაც კი გაუჭირდა, რადგან არასდროს უმსახურია მეფის ჯარში და მიუჩვეველი იყო ასეთი სამოსლის ტარებას; თანაც საულის ჯავშანი გაცილებით მძიმე და დიდი იქნებოდა, რადგან ისრაელში საული ყველაზე მაღალი იყო (1 სამუელი 9:2). დავითმა მოიხსნა ჯავშანი, ისევ თავისი ტანსაცმელი ჩაიცვა და იმ იარაღით აღიჭურვა, რომლითაც მწყემსობის დროს ფარას მტაცებლებისგან იცავდა. მან თან წაიღო ჯოხი, შურდული და მხარზე გადასაკიდი აბგა (1 სამუელი 17:38—40).
დღეს შეიძლება შურდული ძლიერ იარაღად არ ითვლება, მაგრამ ძველად საკმაოდ მოხერხებულად იყენებდნენ ბრძოლის დროს. შურდულს ტყავისგან ამზადებდნენ; ის ორი გრძელი თასმისგან შედგებოდა, რომელსაც შუაში პატარა ჩაღრმავება ჰქონდა. ამ იარაღს მწყემსი მარჯვედ იყენებდა; ის იღებდა ქვას, დებდა შურდულის ჩაღრმავებულ ნაწილში, შემდეგ ქვიან შურდულს ჰაერში რამდენჯერმე სწრაფად ატრიალებდა, ერთ ბოლოს ხელს უშვებდა და დიდი სიზუსტითა და სიმძლავრით სტყორცნიდა სამიზნეს. ძველად ამ იარაღს იმდენად კარგად იყენებდნენ, რომ ბრძოლის დროს ჯარში ზოგჯერ მეშურდულეებიც კი ჰყავდათ.
მეფეს რომ დაშორდა, დავითი ხევში ჩავიდა, ხუთი პატარა, პრიალა ქვა აიღო და მტერთან შესარკინებლად გაეშურა. ძნელი წარმოსადგენი არ არის, რა მხურვალედ ლოცულობდა დავითი, სანამ ქვებს აგროვებდა.
გოლიათმა დაინახა მისკენ მიმავალი დავითი, მაგრამ „არაფრად ჩააგდო, რადგან ყმაწვილი იყო“. მან დავითს დაუყვირა: „ძაღლი ვარ, ჯოხით რომ გამოდიხარ?“. როგორც ჩანს, გოლიათმა შენიშნა, რომ დავითს ხელში ჯოხი ეჭირა, თუმცა შურდული არ შეუმჩნევია. მან დასწყევლა დავითი ფილისტიმელთა ღმერთების სახელით და დაიფიცა, რომ მის გვამს ცის ფრინველებს და მინდვრის მხეცებს მიუგდებდა საჯიჯგნად (1 სამუელი 17:41—44).
სწორედ ამ დროს გამოავლინა დავითმა უდიდესი რწმენა. წარმოიდგინეთ ახალგაზრდა ბიჭი, რომელიც გოლიათს ასეთი სიტყვებით მიმართავს: „შენ მახვილით, შუბითა და ხელშუბით გამოდიხარ, მე კი ლაშქართა ღვთის, იეჰოვას, ისრაელის რაზმების ღვთის სახელით გამოვდივარ, ვისაც შენ დასცინე“. დავითს არ აშინებდა ის, რომ ფილისტიმელი ძლიერი და კბილებამდე შეიარაღებული მეომარი იყო. ის იეჰოვა ღმერთს აყენებდა შეურაცხყოფას, ამიტომ თავად იეჰოვა გასცემდა საკადრის პასუხს. სწორედ ამიტომ თქვა დავითმა: „იეჰოვასია ბრძოლა“ (1 სამუელი 17:45—47).
დავითი კარგად ხვდებოდა, რასთან ჰქონდა საქმე, მაგრამ საულისა და მისი მეომრებისგან განსხვავებით, მას ძლიერი რწმენა ჰქონდა. დავითი ამ უზარმაზარ
გოლიათს საკუთარ თავს კი არა, იეჰოვას ადარებდა. მართალია, გოლიათი თითქმის 2,9 მეტრი სიმაღლის იყო და ყველა იქ მყოფს მთასავით დაჰყურებდა, მაგრამ რა პატარა და უმწეო ჩანდა ის იეჰოვასთან, სამყაროს უზენაეს მმართველთან შედარებით! ეს უცხოტომელი მეომარი იეჰოვასთვის, როგორც ყველა ადამიანი, ჭიანჭველასავით იყო, რომელსაც მალე გასრესდა!ასე რომ, იეჰოვას მხარდაჭერაში დარწმუნებული დავითი მტრისკენ გაემართა. ამ დროს გოლიათიც დავითისკენ წამოვიდა. მართალია, გოლიათს წინ ფარის მტარებელი მიუძღოდა, მაგრამ ის ჩვეულებრივი სიმაღლის კაცი იყო და ფარს ისე მაღლა ვერ ასწევდა, რომ ამ ვეებერთელა კაცისთვის თავი დაეფარა. სწორედ ამიტომ დავითმა მიზანში მტრის თავი ამოიღო (1 სამუელი 17:41).
დავითი გარბოდა და თან აბგიდან ქვას იღებდა. მან ქვიანი შურდული ჰაერში რამდენჯერმე ძლიერად დაატრიალა, სტყორცნა გოლიათს და შიგ შუბლში მოარტყა. წარმოიდგინეთ, რა სიჩუმე ჩამოვარდებოდა ამ დროს. უდავოა, რომ დავითმა მტერი პირველივე ცდაზე იეჰოვას დახმარებით დასცა. ეს გიგანტი არსება მიწაზე პირქვე დაენარცხა! როგორც ჩანს, შეშინებული ფარის მტარებელი თავქუდმოგლეჯილი გაიქცა. დავითი მიუახლოვდა მიწაზე გართხმულ გოლიათს და მისივე მახვილით მოჰკვეთა თავი (1 სამუელი 17:48—51).
ამის დანახვაზე საულსა და მის მეომრებს გული მიეცათ. მათ საომარი ყიჟინა დასცეს და ფილისტიმელებს დაედევნენ. ყველაფერი ისე წარიმართა, როგორც დავითმა უთხრა გოლიათს: „იეჰოვა . . . ხელში ჩაგვიგდებს თქვენს თავს“ (1 სამუელი 17:47, 52, 53).
დღეს ღვთის მსახურები პირდაპირი გაგებით აღარ იბრძვიან. ეს დრო წარსულს ჩაჰბარდა (მათე 26:52). ამის მიუხედავად, ჩვენც გვჭირდება დავითივით ძლიერი რწმენა. მის მსგავსად, იეჰოვა ჩვენთვისაც რეალური უნდა იყოს; მხოლოდ მას უნდა ვემსახუროთ და მის მიმართ უნდა გვქონდეს მოწიწებული შიში. დროდადრო შეიძლება პრობლემები მთასავით გადაულახავი მოგვეჩვენოს, მაგრამ ისინი არაფერია იეჰოვას განუზომელ ძალასთან შედარებით. თუ დავითის მსგავსად ჩვენი ღმერთიც იეჰოვა იქნება და მის მიმართ ძლიერ რწმენას გამოვავლენთ, ვერავინ და ვერაფერი შეგვაშინებს, რადგან იეჰოვა უსაზღვრო ძალას ფლობს და მისთვის არ არსებობს გადაულახავი დაბრკოლება!