არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

როგორ აისახება ჩვენზე, თუ ღმერთს გავეცნობით?

როგორ აისახება ჩვენზე, თუ ღმერთს გავეცნობით?

სტატიათა ამ სერიამ ნათელი მოჰფინა პასუხს კითხვაზე: ვინ არის ღმერთი? დასაწყისში გავიგეთ, რომ ბიბლიის თანახმად, ღმერთს იეჰოვა ჰქვია და მისი გამორჩეული თვისება სიყვარულია. ჩვენ აგრეთვე შევიტყვეთ, რა გააკეთა მან ჩვენ საკეთილდღეოდ და რას გააკეთებს მომავალში. ღვთის შესახებ კიდევ ბევრი რამის გაგებაა შესაძლებელი, მაგრამ ალბათ გაინტერესებთ, თქვენზე როგორ აისახება, თუ ასე მოიქცევით.

იეჰოვა გპირდებათ, რომ, თუ ძებნას დაუწყებთ, თავს გაპოვნინებთ (1 მატიანე 28:9). უბრალოდ წარმოიდგინეთ, თუ ამას გააკეთებთ და იეჰოვას გაეცნობით, დაუმეგობრდებით მას (ფსალმუნი 25:14). რა კურთხევებს მოგიტანთ ღმერთთან ახლო ურთიერთობა?

ნამდვილი ბედნიერება. ღვთის სიტყვაში იეჰოვას ბედნიერი ღმერთი ეწოდება (1 ტიმოთე 1:11). ნამდვილ ბედნიერებას შეიგრძნობთ, თუ დაუახლოვდებით მას და მისი ნორმებით იცხოვრებთ; ეს კი დადებითად აისახება როგორც თქვენს ემოციურ, ისე ფიზიკურ მდგომარეობაზე (ფსალმუნი 33:12). თქვენს ბედნიერებას ხელს შეუწყობს ისიც, რომ აირჩევთ ცხოვრების ჯანსაღ წესს, განივითარებთ სასარგებლო ჩვევებს და სხვებთან კარგ ურთიერთობას შეინარჩუნებთ; შედეგად, თქვენც გაიზიარებთ ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „ჩემთვის კარგია ღმერთთან დაახლოება“ (ფსალმუნი 73:28).

მზრუნველობა და ყურადღება. იეჰოვა თავის მსახურებს ჰპირდება: „თვალს დავიჭერ შენზე და დაგარიგებ“ (ფსალმუნი 32:8). ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ იეჰოვა თითოეულ თავის მსახურს აქცევს ყურადღებას და ინდივიდუალურად ზრუნავს მათ საჭიროებებზე (ფსალმუნი 139:1, 2). მას შემდეგ, რაც იეჰოვასთან ახლო ურთიერთობას განავითარებთ, დარწმუნდებით, რომ ის ყოველთვის თქვენ გვერდითაა.

შესანიშნავი მომავალი. როგორც აღვნიშნეთ, იეჰოვა გვეხმარება, დღესვე გვქონდეს აზრიანი და ბედნიერი ცხოვრება; მაგრამ ეს არ არის ყველაფერი – ის შესანიშნავ მომავალსაც გვპირდება (ესაია 48:17, 18). ბიბლიაში ვკითხულობთ: „მარადიული სიცოცხლის მისაღებად უნდა გეცნობოდნენ შენ, ერთადერთ ჭეშმარიტ ღმერთს, და მას, ვინც შენ გამოგზავნე, იესო ქრისტეს“ (იოანე 17:3). ამ მძიმე დროში იმედი, რომელსაც ღმერთი გვაძლევს, ღუზასავითაა და გვეხმარება, სულით არ დავეცეთ და სიმტკიცე არ დავკარგოთ (ებრაელები 6:19).

ეს მხოლოდ რამდენიმეა იმ მიზეზებიდან, თუ რატომ უნდა გავიცნოთ უკეთ ღმერთი და მასთან ახლო ურთიერთობა განვავითაროთ. მეტი ინფორმაციის მისაღებად გაესაუბრეთ რომელიმე იეჰოვას მოწმეს ან ეწვიეთ ვებსაიტს jw.org