სასწავლო სტატია 39
როცა ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას
„რამდენჯერ ეურჩნენ . . . და გული ატკინეს მას!“ (ფსალმ. 78:40).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 102 „დაეხმარეთ უძლურებს“
მოკლე შინაარსი *
1. როგორ მოქმედებს ზოგზე ოჯახის წევრის გარიცხვა?
თუ თქვენმა ოჯახის წევრმა დატოვა იეჰოვა, კარგად გეცოდინებათ, რა მტკივნეულია ეს. „როცა 41-წლიანი ქორწინების შემდეგ საყვარელი მეუღლე დამეღუპა, მეგონა, რომ ეს უდიდესი ტრაგედია იყო ჩემს ცხოვრებაში, — ამბობს ერთი და ჰილდა. * — მაგრამ, როცა ჩემმა ბიჭმა კრება და ცოლ-შვილი მიატოვა, ეს ჩემთვის გაცილებით მძიმე განსაცდელი აღმოჩნდა“.
2, 3. ფსალმუნის 78:40, 41-ის თანახმად, რას გრძნობს იეჰოვა, როცა მისი მსახურები ზურგს აქცევენ მას?
2 წარმოიდგინეთ, როგორ ეტკინებოდა იეჰოვას გული, როცა ზეციერმა ოჯახის წევრებმა მას ზურგი აქციეს (იუდ. 6). ან როგორ დაამწუხრებდა იმის დანახვა, რომ თავისი რჩეული ერი, ისრაელი არერთხელ ეურჩა (წაიკითხეთ ფსალმუნის 78:40, 41). ცხადია, ჩვენს მოსიყვარულე ზეციერ მამას მაშინაც სტკივა გული, როცა ჩვენი ოჯახის წევრი ტოვებს მას. იეჰოვას კარგად ესმის, რას განიცდით. ის აუცილებლად განუგეშებთ და მხარს დაგიჭერთ.
3 ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია იეჰოვას დახმარებით გავუმკლავდეთ ოჯახის წევრის გარიცხვით გამოწვეულ ტკივილს. ვიმსჯელებთ იმაზეც, როგორ დავეხმაროთ კრებაში მათ, ვინც მსგავს განსაცდელს ხვდება. თავდაპირველად ვისაუბროთ, როგორ აზროვნებას უნდა მოვერიდოთ.
ნუ დაიდანაშაულებთ თავს
4. რას გრძნობს ბევრი მშობელი, როცა შვილი ტოვებს იეჰოვას?
4 როცა შვილი იეჰოვას ტოვებს, მშობლებს ხშირად ისეთი შეგრძნება უჩნდებათ, რომ საკმარისი ძალისხმევა არ მოახმარეს შვილების იეჰოვას მოსაწონად აღზრდას. ერთი ძმა
ლუკი, რომლის ვაჟიც გაირიცხა, გულწრფელად ამბობს: „თავს ვიდანაშაულებდი და ღამით კოშმარები მესიზმრებოდა. ზოგჯერ მეტირებოდა და გული საშინლად მტკიოდა“. ელიზაბეთიც, რომელიც მსგავს განსაცდელს შეხვდა, თავის გულისტკივილს გვიზიარებს: „ვფიქრობდი, კარგი დედა ვერ გამოვდექი და ჩემს შვილს ჭეშმარიტება სათანადოდ ვერ შევაყვარე-მეთქი“.5. ვისი ბრალია, როცა ვინმე ზურგს აქცევს იეჰოვას?
5 უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვამ ყველას ნების თავისუფლება გვიბოძა. ეს იმას ნიშნავს, რომ თავად შეგვიძლია ავირჩიოთ, დავემორჩილებით თუ არა მას. ზოგ ახალგაზრდას შეიძლება სულაც არ ჰქონია სახარბიელო სულიერი გარემო ოჯახში, მაგრამ იეჰოვას ერთგულად ემსახურება. ზოგ შემთხვევაში კი მშობლები არაფერს აკლებდნენ შვილებს, რომ ბიბლიური პრინციპებით აღეზარდათ, მაგრამ როგორც კი წამოიზარდნენ, ზურგი აქციეს იეჰოვას. საბოლოო ჯამში, ყველა თავად წყვეტს, ემსახურება თუ არა ღმერთს (იეს. 24:15). ასე რომ, მშობლებო, შვილების არასწორი არჩევანის გამო თავს ნუ დაიდანაშაულებთ.
6. როგორ რეაგირებს ზოგი მშობლის გარიცხვაზე?
6 ზოგჯერ ისე ხდება, რომ მშობელი ტოვებს ქრისტიანულ კრებას და ოჯახსაც კი (ფსალმ. 27:10). ამას განსაკუთრებით მძაფრად ბავშვები განიცდიან, რომელთათვისაც მშობელი სამაგალითო იყო. ესთერი, რომლის მამაც კრებიდან გაირიცხა, ამბობს: „ხშირად ვტიროდი, რადგან ვხვდებოდი, რომ ის უბრალოდ გზას კი არ ასცდა, არამედ შეგნებულად შეაქცია ზურგი იეჰოვას. მამა ძალიან მიყვარს, ამიტომ მისი გარიცხვის შემდეგ სულ იმაზე მეფიქრებოდა, რამე ხომ არ უჭირდა. ამის გამო პანიკური შეტევებიც კი მქონდა“.
7. რას გრძნობს იეჰოვა მათ მიმართ, ვისი მშობელიც გაირიცხა?
7 ახალგაზრდებო, თუ თქვენც მსგავს სიტუაციაში ხართ, გვინდა დაგარწმუნოთ, რომ ძალიან შეგვტკივა გული თქვენზე. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვასაც კარგად ესმის თქვენი. მის მსგავსად და-ძმებსაც უყვარხართ და აფასებენ თქვენს ერთგულებას. ამასთანავე, გახსოვდეთ, რომ თქვენ არ აგებთ პასუხს თქვენი მშობლის გადაწყვეტილებებზე. როგორც აღვნიშნეთ, იეჰოვამ ყველას უბოძა არჩევანის თავისუფლება, შესაბამისად ყველა მიძღვნილი და მონათლული ქრისტიანი „თავის სატარებელს ატარებს“ (გალ. 6:5).
8. რა შეგიძლიათ გააკეთოთ, სანამ თქვენი ოჯახის წევრი იეჰოვას დაუბრუნდება? (აგრეთვე იხილეთ ჩარჩო „დაუბრუნდი იეჰოვას“).
8 როცა თქვენი ოჯახის წევრი ტოვებს იეჰოვას, ბუნებრივია, არ კარგავთ იმედს, რომ ადრე თუ გვიან ის დაუბრუნდება კრებას. მაგრამ თქვენ რა შეგიძლიათ გააკეთოთ ამასობაში? იზრუნეთ თქვენი რწმენის გაძლიერებაზე. ამგვარად კარგ მაგალითს მისცემთ ოჯახის სხვა წევრებსაც და თვით გარიცხულსაც. გარდა ამისა, გულისტკივილთან გასამკლავებლად ძალების მოკრებაც მოგიწევთ. ახლა ვიმსჯელოთ, რა დაგეხმარებათ ძლიერი რწმენის შენარჩუნებაში.
შეინარჩუნეთ ძლიერი რწმენა
9. რა დაგეხმარებათ იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცებაში? (აგრეთვე იხილეთ ჩარჩო „მანუგეშებელი ბიბლიური მუხლები მათთვის, ვისმა ოჯახის წევრმაც მიატოვა იეჰოვა“).
9 შეეცადეთ, ყოველთვის კარგ სულიერ ფორმაში იყოთ. ეს აუცილებელია თქვენთვისაც
და თქვენი ოჯახის წევრებისთვისაც. ბიბლიის კითხვა, მასზე ფიქრი და კრების შეხვედრებზე დასწრება იეჰოვასთან ურთიერთობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ. ჯოანა, რომლის მამა და და ჩამოშორდნენ იეჰოვას, ამბობს: „სიმშვიდე მეუფლება, როცა ბიბლიაში აბიგაილის, ესთერის, იობის, იოსებისა და იესოს ისტორიებს ვკითხულობ. მათი მაგალითები მეხმარება, დადებითზე ვიფიქრო და დარდი გავიქარვო. ჩვენს ვებგვერდზე განთავსებული სიმღერებიც კარგ განწყობაზე მაყენებს“.10. როგორ გვეხმარება ფსალმუნის 32:6—8-ში ჩაწერილი სიტყვები დარდთან გამკლავებაში?
10 გაანდეთ თქვენი საწუხარი იეჰოვას. ილოცეთ მაშინაც, როცა დარდი მოგეძალებათ. ევედრეთ მოსიყვარულე ღმერთს, რომ თქვენს სიტუაციას მისი თვალით შეგახედოთ, მოგცეთ გამჭრიახობა და გასწავლოთ „გზა, რომლითაც უნდა იაროთ“ (წაიკითხეთ ფსალმუნის 32:6—8). როცა თქვენს გულისტკივილს იეჰოვას უყვებით, შეიძლება განგიახლდეთ ჭრილობა, მაგრამ დარწმუნებული იყავით, რომ მას ესმის, რასაც განიცდით. მას ძალიან უყვარხართ და სურს, გულისნადები გაუზიაროთ (გამ. 34:6; ფსალმ. 62:7, 8).
11. ებრაელების 12:11-ის თანახმად, რატომ უნდა მივიჩნიოთ მართებულად იეჰოვას აღმზრდელობითი ზომა? (აგრეთვე იხილეთ ჩარჩო „გარიცხვა — სიყვარულით ნაკარნახევი აღმზრდელობითი ზომა“).
11 ნუ გააპროტესტებთ უხუცესების გადაწყვეტილებას. გარიცხვა იეჰოვას მიერ დადგენილი აღმზრდელობითი ზომაა, რომელსაც სიყვარული უდევს საფუძვლად. ის ყველას, მათ შორის თავად გარიცხულის კეთილდღეობას ემსახურება (წაიკითხეთ ებრაელების 12:11). თუ უხუცესების გადაწყვეტილებას ვინმე აკრიტიკებს, გაითვალისწინეთ, რომ შეიძლება ის საკითხს ცალმხრივად აფასებდეს. უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენთვის ამ საქმის ყველა დეტალი არ არის ცნობილი. ასე რომ, აჯობებს, ვენდოთ უხუცესებს და ეჭვქვეშ არ დავაყენოთ სამართლებრივი კომიტეტის მიერ ბიბლიური პრინციპებით მიღებული გადაწყვეტილება (2 მატ. 19:6).
12. რა დადებითი შედეგი მოაქვს იეჰოვას აღმზრდელობითი ზომების მხარდაჭერას?
12 თუ მხარს დაუჭერთ უხუცესების გადაწყვეტილებას, შეიძლება გარიცხულ ოჯახის წევრს იეჰოვასთან დაბრუნებაში დაეხმაროთ. „ყველაზე რთული ის იყო, რომ ჩვენს ვაჟთან ყველანაირი ურთიერთობის გაწყვეტა მოგვიწია, — გულახდილად ამბობს ზემოხსენებული ელიზაბეთი. — იეჰოვასთან დაბრუნების შემდეგ მან აღიარა, რომ იმსახურებდა გარიცხვას. მოგვიანებით ჩემმა ვაჟმა მადლიერებით აღნიშნა, რომ ეს მისთვის კარგი გაკვეთილი იყო. ამან მეც დამარწმუნა, რომ იეჰოვას აღმზრდელობითი ზომები ყოველთვის სამართლიანია“. მისმა მეუღლემ მარკმა კი დასძინა: „დიდი ხნის შემდეგ ჩვენი შვილი გამოგვიტყდა, რომ იეჰოვასთან დაბრუნების მიზეზი გარკვეულწილად ჩვენი მტკიცე პოზიცია იყო. მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ მორჩილება გაგვიადვილა“.
13. რა დაგეხმარებათ ტკივილის გაქარვებაში?
13 ესაუბრეთ თქვენს გრძნობებზე გულისხმიერ მეგობრებს. მოწიფულ ქრისტიანებთან ურთიერთობა დადებითი განწყობის შენარჩუნებაში დაგეხმარებათ (იგავ. 12:25; 17:17). ჯოანა, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, ამბობს: „თავს მარტოსულად ვგრძნობდი, მაგრამ სანდო მეგობრებთან საუბრები ძალიან დამეხმარა“. როგორ მოიქცევით, თუ რომელიმე თანაქრისტიანი ისეთ რამეს გეტყვით, რაც კიდევ უფრო ცუდად გაგრძნობინებთ თავს?
14. რატომ უნდა მოვუთმინოთ და მთელი გულით ვაპატიოთ ერთმანეთს?
14 მომთმენი იყავით და-ძმების მიმართ. ჩვენ არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ სხვები ყოველთვის კორექტულად გვეტყვიან სათქმელს (იაკ. 3:2). ყველანი არასრულყოფილები ვართ, ამიტომ რა გასაკვირია, თუ ზოგი სათანადო სიტყვებს ვერ გამონახავს სათქმელად ან უნებურად გულს გვატკენს. გაიხსენეთ პავლე მოციქულის სიტყვები: „მოუთმინეთ და მთელი გულით აპატიეთ ერთმანეთს მაშინაც კი, თუ ვინმეს მიმართ ჩივილის მიზეზი გაქვთ“ (კოლ. 3:13). ერთი და, რომლის ოჯახის წევრიც გაირიცხა, ამბობს: „იეჰოვა დამეხმარა, მიმტევებელი ვყოფილიყავი იმ და-ძმების მიმართ, რომლებსაც ჩემი გამხნევება უნდოდათ, მაგრამ პირიქით გამოსდიოდათ“. როგორ შეუძლია კრებას დაეხმაროს გარიცხულის ოჯახის წევრებს?
კრების როლი
15. როგორ დავეხმაროთ მათ, ვისი ოჯახის წევრიც ახლახან გაირიცხა?
15 თბილად და მეგობრულად მოეპყარით გარიცხულის ოჯახის წევრებს. ერთი და მირიამი ამბობს, რომ ძმის გარიცხვის შემდეგ ეუხერხულებოდა კრებაზე მისვლა. ის გვიყვება: „ზედმეტად ვწუხდი სხვების რეაქციაზე. მაგრამ ძვირფასმა და-ძმებმა გულთან ახლოს მიიტანეს ჩემი ტკივილი და ჩემი ძმის გასაკიცხად სიტყვაც არ დასცდენიათ. მათ მარტო არ დავუტოვებივარ ჩემს ტკივილთან“. კიდევ ერთი და იხსენებს: „ჩვენი ვაჟის გარიცხვის შემდეგ და-ძმები ჩვენს გასამხნევებლად მოვიდნენ. ზოგი გამოგვიტყდა, რომ არ იცოდა, რა ეთქვა. ზოგი ჩვენთან ერთად ტიროდა, ზოგმა კი გამამხნევებელი წერილი მოგვწერა. ეს უდიდესი შვება იყო ჩემთვის!“
16. როგორ შეუძლია კრებას გარიცხულის ოჯახის წევრების მხარდაჭერა?
ებრ. 10:24, 25). სამწუხაროდ, ზოგი თანაქრისტიანი თავს შორს იჭერს მათგან, ვისი ოჯახის წევრიც გაირიცხა. ნურასდროს მოიქცევით ასე! შექება და გამხნევება განსაკუთრებით იმ ახალგაზრდებს სჭირდებათ, რომელთა მშობლებმაც ზურგი აქციეს იეჰოვას. მარია, რომლის მეუღლეც გაირიცხა და ოჯახიდან წავიდა, ამბობს: „და-ძმები ჩემ გასამხნევებლად მოდიოდნენ. ზოგი სადილის მომზადებაში მეხმარებოდა, ზოგიც — შვილებთან ოჯახური შესწავლის ჩატარებაში. ისინი თანამიგრძნობდნენ და ტიროდნენ კიდეც ჩემთან ერთად. ეს და-ძმები ჩემ დასაცავად ხმას იმაღლებდნენ, რომ ჭორები არ გავრცელებულიყო. ისინი ჩემთვის გამხნევების წყარო იყვნენ“ (რომ. 12:13, 15).
16 მხარში ამოუდექით გარიცხულის ოჯახის წევრებს. მათ განსაკუთრებით ახლა სჭირდებათ თქვენგან სიყვარული და ნუგეშისცემა (17. როგორ შეუძლიათ უხუცესებს გულდამძიმებულთა ნუგეშისცემა?
17 უხუცესებმა ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენონ მათ განსამტკიცებლად, ვისი ოჯახის წევრიც გაირიცხა. უხუცესებო, თქვენ მნიშვნელოვანი პასუხისმგებლობა გაკისრიათ, რომ ანუგეშოთ ის თანამორწმუნეები, რომელთა ოჯახის წევრებმაც ზურგი აქციეს იეჰოვას (1 თეს. 5:14). გამოიჩინეთ ინიციატივა და კრების შეხვედრის დაწყებამდე ან დასრულების შემდეგ გამოელაპარაკეთ და გაამხნევეთ ისინი. მოინახულეთ სახლში და ილოცეთ მათთვის. მათთან ერთად იმსახურეთ და დაპატიჟეთ ოჯახურ შესწავლაზე. სულიერმა მწყემსებმა გულდამძიმებული და-ძმების მიმართ სიყვარული, თანაგრძნობა და ყურადღება უნდა გამოიჩინონ (1 თეს. 2:7, 8).
ნუ დაკარგავთ იმედს და მიენდეთ იეჰოვას
18. მეორე პეტრეს 3:9-ის თანახმად, რა სურს ღმერთს?
18 იეჰოვას „არ სურს, რომ ვინმე დაიღუპოს, არამედ სურს, რომ ყველამ მოინანიოს“ (წაიკითხეთ 2 პეტრეს 3:9). ადამიანმა სერიოზული ცოდვაც რომ ჩაიდინოს, იეჰოვასთვის მისი სიცოცხლე ძვირფასია. დაფიქრდით, რამხელა საფასური გადაიხადა იეჰოვამ, როცა თავისი საყვარელი ძე მსხვერპლად გაიღო ცოდვილთა გამოსასყიდად. მას სიყვარული უბიძგებს, რომ ასეთებს თავისთან დაბრუნებაში დაეხმაროს. იეჰოვა იმედს არ კარგავს, რომ ისინი სწორ არჩევანს გააკეთებენ და დაუბრუნდებიან მას, ისევე როგორც იესოს იგავში მოხსენიებული გზასაცდენილი შვილი (ლუკ. 15:11—32). ბევრი, ვინც ერთ დროს ზურგი აქცია ჭეშმარიტებას, მოგვიანებით დაუბრუნდა მოსიყვარულე ზეციერ მამას და კრებაც სიხარულით შეხვდა მათ. ელიზაბეთი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, უზომოდ გაახარა შვილის იეჰოვასთან დაბრუნებამ. წარსულს ის ასე იხსენებს: „ძალიან ვემადლიერები იმ და-ძმებს, რომლებიც გვამხნევებდნენ და გვეხმარებოდნენ, იმედი არ დაგვეკარგა“.
19. რატომ უნდა მივენდოთ იეჰოვას?
19 ჩვენ ყოველთვის უნდა მივენდოთ იეჰოვას, რადგან ის არასდროს მოგვცემს ისეთ რჩევას, რაც ზიანს მოგვაყენებს. იეჰოვა ყოველთვის მზად არის, დაეხმაროს და თანაუგრძნოს მას, ვისაც უყვარს ის და ემსახურება. დარწმუნებული იყავით, რომ ღმერთი გასაჭირში არ მიგატოვებთ (ებრ. 13:5, 6). „იეჰოვას არასდროს მივუტოვებივართ. მის თანადგომასა და მხარდაჭერას ყოველთვის ვგრძნობდით, როცა ცხოვრებაში რთული პერიოდი გვედგა“, — ამბობს ზემოხსენებული მარკი. იეჰოვა კვლავაც მოგცემთ „ძალას, რომელიც ჩვეულებრივს აღემატება“ (2 კორ. 4:7). ასე რომ, უერთგულეთ ღმერთს და ნუ დაკარგავთ იმედს, რომ თქვენი ოჯახის წევრი დაუბრუნდება იეჰოვას.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 44 თავმდაბლის ლოცვა
^ აბზ. 5 ძალიან მტკივნეულია, როცა ოჯახის წევრი ტოვებს ქრისტიანულ კრებას. ამ სტატიიდან დავინახავთ, რას გრძნობს იეჰოვა ამ დროს. ვიმსჯელებთ, რა შეუძლიათ გააკეთონ ოჯახის წევრებმა ამ ტკივილთან გასამკლავებლად და სულიერი სიმტკიცის შესანარჩუნებლად. აგრეთვე ვისაუბრებთ, როგორ შეუძლია კრებას ანუგეშოს და მხარი დაუჭიროს ასეთ ოჯახებს.
^ აბზ. 1 ზოგი სახელი შეცვლილია.