შეგიძლიათ იმაზე მეტი დაინახოთ, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს?
დონი, რომელიც იეჰოვას მოწმეა და კანადაში ცხოვრობს, ცდილობს, ქუჩაში მცხოვრებ უსახლკარო ადამიანებს ესაუბროს. ერთ-ერთი ასეთი ადამიანის შესახებ დონი ამბობს: „ცხოვრებაში არ მინახავს მაწანწალა პიტერის მსგავსი ჭუჭყიანი კაცი. მას აუტანელი ხასიათი ჰქონდა და არავის იკარებდა. ბევრი ცდილობდა პიტერისთვის სიკეთის გაკეთებას, მაგრამ ის ყოველთვის უარზე იყო“. მიუხედავად ამისა, დონი 14 წლის მანძილზე მოთმინებით ცდილობდა, სიკეთე გაეკეთებინა ამ უსახლკარო კაცისთვის.
ერთხელ პიტერმა ჰკითხა დონს: „ასე რატომ წუხდები ჩემთვის? სხვები უბრალოდ თავს მანებებენ ხოლმე, შენ რატომ არ მანებებ თავს?“. დონმა სამი ბიბლიური მუხლი შეარჩია პიტერთან სასაუბროდ. თავიდან ჰკითხა, იცოდა თუ არა, რომ ღმერთს სახელი ჰქონდა, შემდეგ კი ფსალმუნის 83:18 წააკითხა. იმის დასანახვებლად, თუ რატომ ცდილობდა მის დახმარებას, რომაელების 10:13, 14 წააკითხა, სადაც ნათქვამია, რომ „ყოველი, ვინც იეჰოვას სახელს უხმობს, გადარჩება“. ბოლოს დონმა მათეს 9:36 წაუკითხა და სთხოვა პიტერს, თავისი თვალით ენახა ეს ბიბლიური მუხლი, სადაც წერია: „ხალხს რომ ხედავდა, [იესოს] გული ეწვოდა მათ გამო, რადგან უმწყემსო ცხვარივით იყვნენ გასავათებული და დაფანტული“. პიტერს ცრემლები წამოუვიდა და იკითხა: „მეც ვითვლები ამათში?“.
პიტერმა ნელ-ნელა დაიწყო ცვლილებების მოხდენა — იბანავა, წვერი შეიკრიჭა და დონის ნაჩუქარი ტანსაცმელი ჩაიცვა. ის შემდეგაც ცდილობდა სისუფთავის შენარჩუნებას.
თავიდან პიტერი თავის დღიურში შავბნელ ფერებში აღწერდა თავის ცხოვრებას, მოგვიანებით კი მისი ჩანაწერები ნელ-ნელა შეიცვალა. ერთგან ის წერდა: „დღეს ღვთის სახელი გავიგე. ახლა ლოცვის დროს შემიძლია იეჰოვას მივმართო. რა ბედნიერებაა ღვთის სახელის ცოდნა! დონი მეუბნება, რომ იეჰოვა შეიძლება ჩემი მეგობარი გახდეს, რომელთანაც ნებისმიერ დროს ნებისმიერ საკითხზე შემეძლება საუბარი“.
დღიურის ბოლო ჩანაწერში პიტერი თავის და-ძმას სწერდა:
„დღეს თავს ცუდად ვგრძნობ. ვფიქრობ, ასაკი თავისას შვრება. ეს შეიძლება ჩემი სიცოცხლის ბოლო დღე იყოს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩემს მეგობარს [დონს] სამოთხეში ისევ ვნახავ. ამას თუ კითხულობთ, ესე იგი უკვე ცოცხალი აღარა ვარ. თუ ჩემს დაკრძალვაზე დაინახავთ უცხო კაცს, გამოელაპარაკეთ მას. კიდევ ერთ რამეს გთხოვთ — წაიკითხეთ ეს პატარა ლურჯყდიანი წიგნი. * ამ წიგნში ნათქვამია, რომ ჩემს მეგობარს სამოთხეში კვლავ შევხვდები. ამაში იოტისოდენა ეჭვიც არ მეპარება. სიყვარულით, თქვენი ძმა პიტერი“.
დაკრძალვის შემდეგ პიტერის დამ, უმიმ თქვა: „დაახლოებით ორი წლის წინ, როცა პიტერს ველაპარაკე, პირველად ვნახე ბედნიერი და გაღიმებული. წლებია, ის ასეთი არ მინახავს“. მან უთხრა დონს: „აუცილებლად წავიკითხავ ამ წიგნს. თუ ის ჩემს ძმას მოეწონა, ესე იგი მართლაც განსაკუთრებული წიგნია“. მან აგრეთვე სურვილი გამოთქვა, რომ ერთ-ერთ იეჰოვას მოწმესთან შეისწავლიდა წიგნს „რას გვასწავლის ბიბლია სინამდვილეში?“.
კარგია, თუ ჩვენც შევეცდებით, იმაზე მეტი დავინახოთ ადამიანებში, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს, და ყველანაირი ადამიანის მიმართ გულწრფელი სიყვარული და მოთმინება გამოვავლინოთ (1 ტიმ. 2:3, 4). თუ ასე მოვიქცევით, შევძლებთ ჭეშმარიტება გავაგებინოთ პიტერის მსგავს ადამიანებს, რომელთაც არასასიამოვნო შესახედაობის მიუხედავად კარგი გული აქვთ. დარწმუნებული იყავით, რომ გულთამხილავი ღმერთი გაზრდის სწორად განწყობილი ადამიანების გულებში გაღივებულ ჭეშმარიტების თესლს (1 სამ. 16:7; იოან. 6:44).
^ აბზ. 7 ის გულისხმობდა ბიბლიის შესასწავლად განკუთვნილ სახელმძღვანელოს „მარადიულ სიცოცხლემდე მიმყვანი ჭეშმარიტება“, რომელიც მას წლების წინ მისცეს. ეს წიგნი გამოცემულია იეჰოვას მოწმეების მიერ. ამჟამად აღარ გამოიცემა.