ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 47
ნურაფრის გამო ნუ ჩამოშორდებით იეჰოვას!
„მე შენზე ვარ მონდობილი, იეჰოვა“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 31:14).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 122 იყავით მტკიცენი და ურყევნი!
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. საიდან ვიცით, რომ იეჰოვას სურს, მასთან ახლო ურთიერთობა გვქონდეს?
ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ სურს, რომ მას დავუახლოვდეთ (იაკ. 4:8). ის მზადაა, ჩვენი ღმერთი, მამა და მეგობარი გახდეს. იეჰოვა პასუხობს ჩვენს ლოცვებს და სირთულეების დროს გვერდში გვიდგას. თავისი ორგანიზაციის მეშვეობით ის გვასწავლის და გვიცავს. მაგრამ ჩვენ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ იეჰოვას დავუახლოვდეთ?
2. როგორ დავუახლოვდეთ იეჰოვას?
2 ლოცვა, ღვთის სიტყვის კითხვა და მასზე ფიქრი გვაახლოებს იეჰოვასთან. ამ დროს მისადმი სიყვარული და მადლიერება გვიღრმავდება. უფრო მეტად გვიჩნდება იმის სურვილი, რომ დავემორჩილოთ მას და განვადიდოთ, რასაც სამართლიანად იმსახურებს კიდეც (გამოცხ. 4:11). რაც უფრო კარგად გავიცნობთ იეჰოვას, მით უფრო მივენდობით მას და მის ორგანიზაციას, რომლის მეშვეობითაც გვხელმძღვანელობს.
3. როგორ ცდილობს ეშმაკი, ჩამოგვაშოროს იეჰოვას და რა დაგვეხმარება, რომ ზურგი არ ვაქციოთ ღმერთსა და მის ორგანიზაციას? (ფსალმუნი 31:13, 14).
3 ეშმაკი ცდილობს, ჩამოგვაშოროს იეჰოვას განსაკუთრებით მაშინ, როცა სირთულეებს ვხვდებით. რა ხერხებს მიმართავს ამისთვის? ის ცდილობს, თანდათანობით შეგვირყიოს ნდობა იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი. მაგრამ სატანა ვერაფერს გახდება, თუ ძლიერი რწმენა და იეჰოვასადმი ურყევი ნდობა გვექნება (წაიკითხეთ ფსალმუნის 31:13, 14).
4. რაზე ვიმსჯელებთ ამ სტატიაში?
4 ამ სტატიაში განვიხილავთ, რა სამ სიტუაციას შეიძლება შევხვდეთ ქვეყნიერებაში, რამაც იეჰოვასადმი და მისი ორგანიზაციისადმი ნდობა შეგვირყიოს. როგორ შეიძლება ამ სირთულეებმა ჩამოგვაშოროს ღმერთს? რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისათვის, რომ სატანამ არ გვაჯობოს?
ᲠᲝᲪᲐ ᲞᲠᲝᲑᲚᲔᲛᲔᲑᲡ ᲕᲮᲕᲓᲔᲑᲘᲗ
5. რამ შეიძლება გამოსცადოს იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ჩვენი ნდობა?
5 დროდადრო სირთულეებს ყველანი ვხვდებით, იქნება ეს წინააღმდეგობა ოჯახში ან სამსახურის დაკარგვა. როგორ შეიძლება ასეთმა სირთულეებმა იეჰოვას ორგანიზაციისადმი ნდობა შეგვირყიოს და ჩამოგვაშოროს იეჰოვას? თუ ჩვენს პრობლემებს ბოლო არადა არ უჩანს, შეიძლება იმედგაცრუება და გულგატეხილობა დაგვეუფლოს. სატანა ასეთ სიტუაციებს სათავისოდ იყენებს და ცდილობს, იეჰოვას სიყვარულში დაგვაეჭვოს. ეშმაკს სურს, რომ ჩვენს ტანჯვაში იეჰოვა და მისი ორგანიზაცია დავადანაშაულოთ. ეგვიპტეში ისრაელებსაც მსგავსი რამ შეემთხვათ. თავიდან მათ დაიჯერეს, რომ მოსე და აარონი იეჰოვას მიერ იყვნენ გამოგზავნილი მონობიდან მათ დასახსნელად (გამ. 4:29—31). მოგვიანებით, როცა ფარაონმა მათი ცხოვრება გაუსაძლისი გახადა, მათ ყველაფერი მოსესა და აარონს დააბრალეს: „რატომ შეაძულეთ ჩვენი თავი ფარაონსა და მის მსახურებს? გინდათ, რომ დაგვხოცონ?!“ (გამ. 5:19—21). სამწუხაროდ, თავიანთ გასაჭირში მათ იეჰოვას ერთგული მსახურები დაადანაშაულეს. როგორ შეგიძლიათ იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის მიმართ ნდობა შეინარჩუნოთ, თუ უკვე დიდი ხანია პრობლემასთან გიწევთ ჭიდილი?
6. რას ვსწავლობთ წინასწარმეტყველი აბაკუმისგან? (აბაკუმი 3:17—19).
6 ლოცვაში გული გადაუშალეთ იეჰოვას და გქონდეთ მისი მხარდაჭერის იმედი. წინასწარმეტყველ აბაკუმს რთულ გარემოში მოუწია ცხოვრება. ერთხელ მას იმაშიც კი შეეპარა ეჭვი, აღელვებდა თუ არა იეჰოვას მისი მდგომარეობა. ამიტომ იეჰოვას ლოცვაში თავისი გრძნობები გაანდო: „როდემდე უნდა გთხოვდე შველას, იეჰოვა, და არ ისმენდე?!. რატომ იწყნარებ ჩაგვრას?!“ (აბაკ. 1:2, 3). იეჰოვამაც უპასუხა თავისი ერთგული მსახურის ლოცვას (აბაკ. 2:2, 3). აბაკუმმა სიხარული მას შემდეგ დაიბრუნა, რაც დაფიქრდა იმაზე, თუ როგორ იხსნიდა იეჰოვა თავის ხალხს წარსულში. წინასწარმეტყველი დარწმუნდა, რომ იეჰოვას მისი მდგომარეობაც აღელვებდა და ნებისმიერი განსაცდელის დროსაც დაეხმარებოდა (წაიკითხეთ აბაკუმის 3:17—19). რას გვასწავლის ეს ჩვენ? სირთულეების დროს ილოცეთ და გული გადაუშალეთ იეჰოვას. გაიხსენეთ, როგორ დაგეხმარათ ის წარსულში. ეს განგიმტკიცებთ იმის რწმენას, რომ იეჰოვა ამჯერადაც მოგცემთ საჭირო ძალას. როცა დაინახავთ თქვენს ლოცვაზე პასუხს, რწმენა კიდევ უფრო განგიმტკიცდებათ.
7. როგორ უტეხდა გულს შირლის თავისი ძმა და რა დაეხმარა მას, რომ იეჰოვასადმი რწმენა არ დაეკარგა?
7 მიჰყევით სულიერ განრიგს. ვნახოთ, როგორ დაეხმარა ამის გაკეთება სირთულეების დროს პაპუა-ახალ გვინეაში მცხოვრებ ერთ დას, შირლის. b მისი ოჯახი ხელმოკლედ ცხოვრობდა და ზოგჯერ ელემენტარული საკვების შოვნაც კი უჭირდათ. შირლის ძმა ასეთი სიტყვებით ცდილობდა მისთვის გულის გატეხვას: „რომ ამბობ, წმინდა სული მეხმარეობაო, აბა სად არის წმინდა სული?! ისევ სიღარიბეში ცხოვრობ; სულ ტყუილად დადიხარ და ქადაგებ“. შირლი აღიარებს, რომ რაღაც მომენტში იეჰოვას მზრუნველობაში მასაც შეეპარა ეჭვი. ის ამბობს: „მაშინვე ლოცვა დავიწყე და იეჰოვას ყველაფერი გულახდილად ვუთხარი. არც ბიბლიის და პუბლიკაციების კითხვა შემიწყვეტია და არც ქადაგება და კრების შეხვედრებზე დასწრება“. შირლის ეჭვები მალევე გაუქრა და ნათლად დაინახა, როგორ ზრუნავდა იეჰოვა მის ოჯახზე. საკვებს ყოველთვის შოულობდნენ და სიხარულსაც არ კარგავდნენ. შირლი ამბობს: „ვხედავდი, რომ იეჰოვა ჩემს ლოცვებს პასუხობდა“ (1 ტიმ. 6:6—8). თუ თქვენც მიჰყვებით სულიერ განრიგს, სირთულეები და ეჭვები ვერ ჩამოგაშორებთ იეჰოვას.
ᲠᲝᲪᲐ ᲞᲐᲡᲣᲮᲘᲡᲛᲒᲔᲑᲔᲚ ᲫᲛᲔᲑᲡ ᲣᲡᲐᲛᲐᲠᲗᲚᲝᲓ ᲔᲥᲪᲔᲕᲘᲐᲜ
8. რა შეიძლება შეემთხვეთ პასუხისმგებელ ძმებს?
8 მედიისა და სოციალური ქსელების საშუალებით ჩვენი მტრები სიცრუესა და დეზინფორმაციას ავრცელებენ პასუხისმგებელ ძმებზე (ფსალმ. 31:13). ზოგი ძმა დააპატიმრეს და ბოროტმოქმედებაში დასდეს ბრალი. ასეთი რამ პირველ საუკუნეშიც ხდებოდა. მაგალითად, მოციქული პავლე უსამართლოდ დაადანაშაულეს და დააპატიმრეს. რა რეაქცია ჰქონდათ ამაზე სხვა ქრისტიანებს?
9. როგორ შეხვდა ზოგი ქრისტიანი პავლეს პატიმრობას?
9 ზოგმა ქრისტიანმა ზურგი შეაქცია პავლე მოციქულს, როცა ის რომში იყო დაპატიმრებული (2 ტიმ. 1:8, 15). რა გახდა ამის მიზეზი? შესაძლოა მათ ესირცხვილებოდათ პავლესთან საქმის დაჭერა, რადგან ის ხალხის თვალში ბოროტმოქმედად ითვლებოდა (2 ტიმ. 2:8, 9). შესაძლოა ეშინოდათ, რომ მათაც დაუწყებდნენ დევნას. წარმოიდგინეთ, როგორ იგრძნობდა პავლე თავს ამ დროს? ის ხომ მათ გამო უამრავ სირთულეს შეხვდა და სიცოცხლეც კი ჩაიგდო საფრთხეში (საქ. 20:18—21; 2 კორ. 1:8). ნურასდროს დავემსგავსებით მათ, ვინც პავლე გასაჭირში მიატოვა! რა უნდა გვახსოვდეს, როცა პასუხისმგებელ ძმებს დევნიან?
10. რა უნდა გვახსოვდეს, როცა პასუხისმგებელი ძმები იდევნებიან?
10 გახსოვდეთ, რატომ ვიდევნებით და ვინ დგას ამ ყველაფრის უკან. 2 ტიმოთეს 3:12-ში ნათქვამია: „ყველა, ვისაც სურს, ქრისტეს მოწაფე იყოს და ღმერთს უერთგულოს, დევნილი იქნება“. არ უნდა გაგვიკვირდეს, რომ სატანას მიზანში პასუხისმგებელი ძმები ჰყავს ამოღებული. ამ ხერხით ის ცდილობს, რომ ძმებს ერთგულება შეურყიოს და ჩვენ დაგვაშინოს (1 პეტ. 5:8).
11. რას ვსწავლობთ ონისიფორესგან? (2 ტიმოთე 1:16—18).
11 ბოლომდე გვერდში დაუდექით პასუხისმგებელ ძმებს (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 1:16—18). ერთ-ერთი ქრისტიანი, ონისიფორე, პავლეს პატიმრობას განსხვავებულად შეხვდა. როგორც პავლემ თქვა: „ბორკილების გამო არ მომერიდა“. ის ეძებდა პავლეს და როცა იპოვა, ყველანაირად ცდილობდა მის დახმარებას. ამგვარად მან საკუთარი სიცოცხლეც ჩაიგდო საფრთხეში. ჩვენ რას ვსწავლობთ? შიშის გამო უკან არ უნდა დავიხიოთ და დევნის დროს ძმები გასაჭირში არ უნდა მივატოვოთ; პირიქით, ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ დავიცვათ და მხარში ამოვუდგეთ (იგავ. 17:17). მათ სჭირდებათ ჩვენი სიყვარული და მხარდაჭერა.
12. რას ვსწავლობთ რუსი და-ძმებისგან?
12 დავფიქრდეთ, როგორ ეხმარებიან რუსი და-ძმები დაპატიმრებულ თანაქრისტიანებს. როცა რომელიმე და-ძმის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს, მათ მხარდასაჭერად ისინიც დარბაზში არიან. რას ვსწავლობთ მათგან? როცა პასუხისმგებელ ძმებს ცილს სწამებენ, აპატიმრებენ და დევნიან, ნუ შეგეშინდებათ. ილოცეთ მათთვის, იზრუნეთ მათ ოჯახებზე და ყველანაირად ეცადეთ, რომ დახმარების ხელი გაუწოდოთ (საქ. 12:5; 2 კორ. 1:10, 11).
ᲠᲝᲪᲐ ᲓᲐᲒᲕᲪᲘᲜᲘᲐᲜ ᲓᲐ ᲒᲕᲐᲙᲠᲘᲢᲘᲙᲔᲑᲔᲜ
13. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე დაცინვამ და კრიტიკულმა შენიშვნებმა?
13 ნათესავებმა, თანამშრომლებმა ან თანაკლასელებმა შეიძლება დაგვცინონ იმის გამო, რომ ვქადაგებთ და მაღალზნეობრივი ნორმებით ვცხოვრობთ (1 პეტ. 4:4). მათ შეიძლება მოვწონვართ, მაგრამ თვლიან, რომ ჩვენი რელიგია ძალიან გვზღუდავს და რეალობას ვართ მოწყვეტილი. ზოგმა შეიძლება გარიცხულებისადმი ჩვენი დამოკიდებულების გამო გაგვაკრიტიკოს და ეს სისასტიკედ ჩაგვითვალოს. ასეთმა შეფასებებმა შეიძლება ჩვენში ეჭვი ჩათესოს და გვაფიქრებინოს, რომ იეჰოვა მეტისმეტად მომთხოვნია და მისი ორგანიზაცია ზედმეტად გვზღუდავს. თუ თქვენც ასეთ სიტუაციაში ხართ, რა უნდა გააკეთოთ, რომ იეჰოვასა და მის ორგანიზაციას არ ჩამოშორდეთ?
14. რა რეაქცია უნდა გვქონდეს, როცა იეჰოვას ნორმებით ცხოვრების გამო დაგვცინიან? (ფსალმუნი 119:50—52).
14 კვლავაც იცხოვრეთ იეჰოვას მაღალზნეობრივი ნორმებით. დაცინვის მიუხედავად იობი ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების ერთგული დარჩა. ერთ-ერთი ვაი-მეგობარი იმაშიც კი არწმუნებდა იობს, რომ ღვთისთვის სულერთი იყო, მისი ნორმებით იცხოვრებდა თუ არა (იობ. 4:17, 18; 22:3). მაგრამ იობს ეს სიცრუე არ დაუჯერებია. ის დარწმუნებული იყო იეჰოვას ნორმების სისწორეში და არ აპირებდა მათზე უარის თქმას. ის სხვების გამო ერთგულებას არასოდეს დათმობდა (იობ. 27:5, 6). ჩვენ რას ვსწავლობთ? დაცინვამ არ უნდა დაგვაეჭვოს ღვთის ნორმების სამართლიანობაში. გაიხსენეთ, რამდენჯერ წაგადგათ ღვთის ნორმების გამოყენება. მტკიცედ გქონდეთ გადაწყვეტილი, მხარი დაუჭიროთ ორგანიზაციას, რომელიც ღვთის მიერ დადგენილი ნორმებით ხელმძღვანელობს. როგორც არ უნდა დაგვცინონ და გაგვაკრიტიკონ, იეჰოვას არ ჩამოვშორდებით (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:50—52).
15. რატომ დასცინოდნენ და აკრიტიკებდნენ ბრიჯიტს?
15 განვიხილოთ, რა შეემთხვა ერთ ინდოელ დას, ბრიჯიტს. ოჯახის წევრები მას რწმენის გამო დასცინოდნენ. ის 1997 წელს მოინათლა. მალევე მისმა მეუღლემ, რომელიც იეჰოვას მოწმე არ იყო, სამსახური დაკარგა. ამიტომ გადაწყვიტა, ცოლ-შვილთან ერთად საცხოვრებლად თავის მშობლებთან გადასულიყო სხვა ქალაქში. ამან ბრიჯიტის მდგომარეობა უფრო გაართულა. რახან მისი ქმარი უმუშევარი იყო, ოჯახის სარჩენად სრულ განაკვეთზე მუშაობა უკვე მას უწევდა. ამასთანავე, უახლოესი კრება 350 კილომეტრით იყო დაშორებული. ამას ისიც დაემატა, რომ ქმრის ნათესავები რწმენის გამო ეწინააღმდეგებოდნენ. სიტუაცია ისე დაიძაბა, რომ საცხოვრებლად სხვაგან მოუწიათ გადასვლა. ყველაფერი ამით არ დასრულებულა. მოულოდნელად ბრიჯიტის მეუღლე დაიღუპა, მოგვიანებით კი მათი ერთ-ერთი ქალიშვილი 12 წლის ასაკში კიბოთი გარდაიცვალა. თითქოს ეს საკმარისი არ იყო, ბრიჯიტის ნათესავები მას ადანაშაულებდნენ და ამბობდნენ, რომ ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ის რომ იეჰოვას მოწმე არ გამხდარიყო. ამ ყველაფრის მიუხედავად, ბრიჯიტს არ დაუკარგავს იეჰოვას ნდობა და ორგანიზაციას არ ჩამოშორებია.
16. როგორ დაუფასდა ბრიჯიტს იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის ერთგულება?
16 რახან კრება ბრიჯიტის სახლიდან შორს ტარდებოდა, სარაიონო ზედამხედველმა ურჩია, რომ კრების შეხვედრები თავისივე სახლში ჩაეტარებინა და სამეზობლოში ექადაგა. თავიდან ბრიჯიტს ეს რთული ეჩვენებოდა, თუმცა გადაწყვიტა, რჩევა გაეთვალისწინებინა. ის ქადაგებდა, სახლში შეხვედრებს ატარებდა და ქალიშვილებთან ოჯახურ თაყვანისცემასაც უძღვებოდა. ბრიჯიტის ძალისხმევას უშედეგოდ არ ჩაუვლია. მან არაერთი ბიბლიის შესწავლა დაიწყო და ბევრი მისი შემსწავლელი მოინათლა კიდეც. 2005 წელს ის პიონერულ მსახურებას შეუდგა. ბრიჯიტს დაუფასდა იეჰოვასადმი ნდობა და ორგანიზაციის ერთგულება. მისი ქალიშვილები გულმოდგინედ ემსახურებიან იეჰოვას და ახლა მათ ტერიტორიაზე უკვე ორი კრებაა. ბრიჯიტს სჯერა, რომ ამ ყველაფრის ასატანად იეჰოვამ მისცა ძალა.
ᲣᲔᲠᲗᲒᲣᲚᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲐ ᲓᲐ ᲛᲘᲡ ᲝᲠᲒᲐᲜᲘᲖᲐᲪᲘᲐᲡ
17. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი?
17 სატანას სურს, დაგვაჯეროს, რომ სირთულეების დროს იეჰოვა მიგვატოვებს და მის ორგანიზაციაში ყოფნა ცხოვრებას გაგვირთულებს. როცა პასუხისმგებელ ძმებს ცილს სწამებენ, დევნიან და აპატიმრებენ, მას იმედი აქვს, რომ ეს ჩვენ შეგვაშინებს. დაცინვითა და კრიტიკით ის ცდილობს, რომ დაგვაეჭვოს იეჰოვას ნორმების სამართლიანობაში და მისი ორგანიზაციისადმი ნდობა შეგვირყიოს. მაგრამ ჩვენ არ მოვტყუვდებით, რადგან ვიცით მისი ხრიკები (2 კორ. 2:11). გადაწყვეტილი გქონდეთ, რომ ყური არ ათხოვოთ სატანის სიცრუეს და იეჰოვასა და მისი ორგანიზაციის ერთგული დარჩეთ. გახსოვდეთ, იეჰოვა არასდროს მიგატოვებთ (ფსალმ. 28:7). დაე ნურაფერი ჩამოგაშორებთ იეჰოვას! (რომ. 8:35—39).
18. რაზე ვიმსჯელებთ მომდევნო სტატიაში?
18 ამ სტატიაში იმ პრობლემებზე ვისაუბრეთ, რომლებსაც ქვეყნიერებაში ვხვდებით. თუმცა იეჰოვასა და მისი ორგანიზაციისადმი ნდობა შეიძლება ქრისტიანულ კრებაშიც გამოიცადოს. რა დაგვეხმარება ასეთ დროს? ამაზე მომდევნო სტატიაში ვიმსჯელებთ.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 118 „რწმენა განგვიმტკიცე“