არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 14

უხუცესებო, კვლავაც მიჰბაძეთ პავლე მოციქულს

უხუცესებო, კვლავაც მიჰბაძეთ პავლე მოციქულს

„მომბაძეთ მე“ (1 ᲙᲝᲠ. 11:1).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 99 უამრავი და-ძმა

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *

1, 2. როგორ დაეხმარება უხუცესებს პავლე მოციქულის მაგალითი?

 ᲞᲐᲕᲚᲔ მოციქულს უყვარდა და-ძმები და დაუღალავად შრომობდა მათთვის (საქ. 20:31). თანაქრისტიანებსაც ძალიან უყვარდათ ის. მაგალითად, ეფესოელი უხუცესები ატირდნენ, როცა გაიგეს, რომ პავლეს მეტად ვეღარ ნახავდნენ (საქ. 20:37). ჩვენს მძიმედ მშრომელ უხუცესებსაც ძალიან უყვართ და-ძმები და თავს არ ზოგავენ მათთვის (ფილ. 2:16, 17). თუმცა უხუცესებისთვის ყოველთვის ადვილი არაა თავიანთი დავალების შესრულება. რა დაეხმარება მათ, გაუმკლავდნენ სირთულეებს?

2 უხუცესებს ბევრი რამის სწავლა შეუძლიათ პავლესგან (1 კორ. 11:1). ის ერთი ჩვეულებრივი კაცი იყო, რომელსაც ადამიანური სისუსტეები ჰქონდა და ზოგჯერ უჭირდა იმის კეთება, რაც სწორი იყო (რომ. 7:18—20). ამასთანავე, მას არაერთი განსაცდელი შეხვდა. მაგრამ ყველაფრის მიუხედავად, პავლეს ფარ-ხმალი არ დაუყრია და არც სიხარული დაუკარგავს. თუ პავლეს მიჰბაძავენ, უხუცესები შეძლებენ, გაუმკლავდნენ სირთულეებს და სიხარულით გააგრძელონ თავიანთი მსახურება. ვნახოთ, როგორ შეუძლიათ ამის გაკეთება.

3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში და რა მხრივ დაგვეხმარება განხილული მასალა?

3 ამ სტატიაში ვიმსჯელებთ ოთხ სირთულეზე, რომლებსაც უხუცესები ხშირად ხვდებიან: 1) დროის სწორად განაწილება სამქადაგებლო მსახურებისა და სხვა პასუხისმგებლობებისთვის; 2) დროის გამონახვა და-ძმების დასახმარებლად; 3) საკუთარ სისუსტეებთან ბრძოლა; 4) და-ძმებთან თანამშრომლობა მათი ნაკლოვანებების მიუხედავად. ამ სტატიიდან იმასაც გავიგებთ, როგორ გაუმკლავდა პავლე თითოეულ სირთულეს და როგორ შეუძლიათ უხუცესებს მისი მიბაძვა.

ᲓᲠᲝᲘᲡ ᲡᲬᲝᲠᲐᲓ ᲒᲐᲜᲐᲬᲘᲚᲔᲑᲐ

4. რატომ შეიძლება გაუჭირდეს უხუცესს, მაგალითი მისცეს და-ძმებს სამქადაგებლო მსახურებაში?

4 რაში მდგომარეობს სირთულე. გარდა იმისა, რომ უხუცესები მაგალითს უნდა აძლევდნენ კრებას სამქადაგებლო მსახურებაში, მათ ბევრი სხვა პასუხისმგებლობაც აკისრიათ. მათ შორისაა შუა კვირის შეხვედრაზე თავმჯდომარეობა თუ კრების ბიბლიის შესწავლის ჩატარება. ეს ძმები ხშირად მოხსენებებითაც გამოდიან. ამასთანავე, ბევრ დროს უთმობენ მომსახურეების მომზადებასა თუ და-ძმების გამხნევებას (1 პეტ. 5:2). ზოგი უხუცესი ჩვენი დარბაზებისა თუ სხვა თეოკრატიული შენობების მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაში მონაწილეობს. და მაინც, სხვა და-ძმების მსგავსად, მათი უმთავრესი და უმნიშვნელოვანესი დავალება სასიხარულო ცნობის ქადაგებაა (მათ. 28:19, 20).

5. რა მხრივ იყო პავლე სამაგალითო?

5 პავლეს მაგალითი. რა ეხმარებოდა პავლეს, სათანადოდ შეესრულებინა ქადაგების საქმე? როგორც ფილიპელების 1:10-დან ჩანს, ის ურჩევდა თანაქრისტიანებს, დაენახათ, რა უფრო მნიშვნელოვანი იყო. მოციქული თავადაც ითვალისწინებდა ამ რჩევას. ის თავის დავალებას ათწლეულების მანძილზე უმნიშვნელოვანეს საქმედ მიიჩნევდა. პავლე თავდაუზოგავად ქადაგებდა „საჯაროდ და კარდაკარ“ (საქ. 20:20). ის ნებისმიერ დროს მზად იყო საქადაგებლად და არცერთ შესაძლებლობას არ უშვებდა ხელიდან. მაგალითად, როცა ათენში თანამსახურებს ელოდებოდა, იქაურ წარჩინებულებს უქადაგა სასიხარულო ცნობა, რასაც კარგი შედეგი მოჰყვა (საქ. 17:16, 17, 34). პავლე შინაპატიმრობის დროსაც კი ქადაგებდა ყველასთან, ვისაც ხვდებოდა (ფილ. 1:13, 14; საქ. 28:16—24).

6. რას ასწავლიდა პავლე თავის თანამსახურებს?

6 პავლე დროს ფუჭად არასდროს კარგავდა. ის იწვევდა სხვებს, რომ მასთან ერთად ემსახურათ. მაგალითად, მას პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს მარკოზი ახლდა თან, მეორე მოგზაურობის დროს კი — ტიმოთე (საქ. 12:25; 16:1—4). ეჭვგარეშეა, პავლე ასწავლიდა ამ ძმებს, როგორ გაეწიათ ორგანიზება კრების საქმიანობისთვის, როგორ გაემხნევებინათ და-ძმები და როგორ გამხდარიყვნენ კარგი მასწავლებლები (1 კორ. 4:17).

პავლეს მსგავსად, ყოველი შესაძლებლობა გამოიყენეთ საქადაგებლად (იხილეთ აბზაცი 7). *

7. როგორ შეუძლიათ უხუცესებს, გაითვალისწინონ ეფესოელების 6:14, 15-ში ჩაწერილი მითითება?

7 რას ვსწავლობთ. უხუცესები, რომლებიც პავლეს ჰბაძავენ, მხოლოდ კარდაკარ კი არ ქადაგებენ, არამედ ყოველთვის მზად არიან, სხვებს სასიხარულო ცნობა გაუზიარონ (წაიკითხეთ ეფესოელების 6:14, 15). მაგალითად, მათ შეუძლიათ იქადაგონ სამსახურში ან როცა საყიდლებზე მიდიან. თუ თეოკრატიულ სამშენებლო პროექტებში მონაწილეობენ, შეუძლიათ უქადაგონ მეზობლებს ან მათ, ვისგანაც სხვადასხვა რამეს ყიდულობენ. პავლეს მსგავსად, უხუცესებს შეუძლიათ და-ძმებთან, მათ შორის მომსახურეებთან, მსახურებაში ითანამშრომლონ და ეს დრო მათ მოსამზადებლად გამოიყენონ.

8. რისი გაკეთება შეიძლება მოუწიოთ ზოგჯერ უხუცესებს?

8 უხუცესები ისე არ უნდა დაკავდნენ კრებისა თუ რაიონის საქმეებით, რომ დრო აღარ დარჩეთ მსახურებისთვის. ისინი გაწონასწორებულები უნდა იყვნენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ზოგჯერ შეიძლება უარის თქმა მოუწიოთ ზოგიერთი დავალების შესრულებაზე. ყველაფრის კარგად აწონ-დაწონისა და ლოცვის შემდეგ შეიძლება ამჯობინონ, უარი თქვან ახალ დავალებაზე, რომ უფრო მნიშვნელოვანი არ გამორჩეთ. მაგალითად, ოჯახური თაყვანისცემა არ გაუცდეთ, მსახურებაში აქტიური მონაწილეობა მიიღონ და შვილებსაც დაეხმარონ, დაიხვეწონ ქადაგების საქმეში. ზოგს უჭირს დავალებაზე უარის თქმა, მაგრამ შეუძლიათ დარწმუნებული იყვნენ, რომ იეჰოვას მოეწონება, თუ ისინი გაწონასწორებული იქნებიან.

ᲓᲠᲝᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲜᲐᲮᲕᲐ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲡᲐᲮᲛᲐᲠᲔᲑᲚᲐᲓ

9. რა სირთულეს ხვდებიან უხუცესები?

9 რაში მდგომარეობს სირთულე. იეჰოვას ხალხი უამრავ პრობლემას ხვდება. ამ ქვეყნიერების ბოლო დღეებში ყველას გვჭირდება გამხნევება, დახმარება და ნუგეში. ზოგ და-ძმას იმაშიც სჭირდება დახმარება, რომ სწორი გზიდან არ გადაუხვიოს (1 თეს. 5:14). ცხადია, უხუცესები ყველა სირთულეს ვერ აარიდებენ და-ძმებს. თუმცა იეჰოვა მოელის, რომ ისინი შეძლებისდაგვარად ყველაფერს გააკეთებენ მისი სამწყსოს დასაცავად და გასამხნევებლად. როგორ შეუძლიათ ისედაც ბევრი საქმით დატვირთულ უხუცესებს, დრო გამონახონ თანაქრისტიანების დასახმარებლად?

შეაქეთ და გაამხნევეთ და-ძმები (იხილეთ აბზაცები 10, 12). *

10. როგორ ზრუნავდა პავლე ღვთის ხალხზე, როგორც ეს 1 თესალონიკელების 2:7-დან ჩანს?

10 პავლეს მაგალითი. პავლე ყოველთვის ცდილობდა და-ძმების გამხნევებასა და შექებას. უხუცესებსაც მართებთ, მიჰბაძონ მას და სათუთად მოეპყრონ ღვთის ხალხს (წაიკითხეთ 1 თესალონიკელების 2:7). მოციქული არწმუნებდა თანაქრისტიანებს იეჰოვასა თუ თავის სიყვარულში (2 კორ. 2:4; ეფეს. 2:4, 5). ის მათ მეგობრებად მიიჩნევდა და მათთვის დროის დათმობა არ ენანებოდა. პავლე ენდობოდა და-ძმებს, რაც იქიდან ჩანს, რომ ღიად საუბრობდა მათთან თავის სისუსტეებსა და საწუხარზე (2 კორ. 7:5; 1 ტიმ. 1:15). მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის საკუთარი პრობლემებით იყო მოცული. პავლეს ყოველთვის და-ძმების კეთილდღეობა აღელვებდა.

11. რატომ აძლევდა პავლე რჩევას და-ძმებს?

11 ზოგჯერ პავლეს და-ძმებისთვის რჩევის მიცემა უწევდა, თუმცა არა იმიტომ, რომ მათზე გაბრაზებული იყო. მას გულწრფელად სურდა თანაქრისტიანების დახმარება და სხვადასხვა საფრთხისგან დაცვა. პავლე ყოველთვის ცდილობდა, რომ მისი რჩევები ადვილად გასაგები ყოფილიყო; მას ისიც აინტერესებდა, როგორ მიიღებდნენ და-ძმები მის რჩევას. მაგალითად, მოციქულმა კორინთელებს თავის წერილში მკაცრი რჩევები მისცა, შემდეგ კი ტიტე გაგზავნა მათთან იმის გასაგებად, როგორ გამოეხმაურნენ მის წერილს. ის ძალიან გაახარა იმის გაგებამ, რომ კრებამ გაითვალისწინა მისი რჩევები (2 კორ. 7:6, 7).

12. როგორ შეუძლიათ უხუცესებს თანაქრისტიანების განმტკიცება?

12 რას ვსწავლობთ. პავლეს მსგავსად, უხუცესებიც დროს უთმობენ თანაქრისტიანებს. ამისთვის ისინი ადრე მიდიან კრებაზე და ცდილობენ, და-ძმები გაამხნეონ. როგორც წესი, ბევრი დრო არაა საჭირო, რომ მათ რაიმე გამამხნევებელი აზრი გაუზიარონ (რომ. 1:12; ეფეს. 5:16). უხუცესები პავლეს იმითაც ჰბაძავენ, რომ ღვთის სიტყვით განუმტკიცებენ რწმენას და-ძმებს და იეჰოვასა თუ თავიანთ სიყვარულში არწმუნებენ. ისინი ცდილობენ, რეგულარულად იურთიერთონ და-ძმებთან და ქების სიტყვები არ დაიშურონ მათთვის. ისინი უნდა შეეცადონ, რომ თავიანთი რჩევები ყოველთვის ღვთის სიტყვაზე დააფუძნონ. უხუცესებს სურთ, და-ძმებმა გაითვალისწინონ მათი ნათქვამი, ამიტომ რბილად აძლევენ კონკრეტულ რჩევებს (გალ. 6:1).

ᲡᲐᲙᲣᲗᲐᲠ ᲡᲘᲡᲣᲡᲢᲔᲔᲑᲗᲐᲜ ᲑᲠᲫᲝᲚᲐ

13. როგორ შეიძლება იმოქმედოს უხუცესზე პირადმა სისუსტეებმა?

13 რაში მდგომარეობს სირთულე. უხუცესები არ არიან სრულყოფილები და, სხვების მსგავსად, ისინიც უშვებენ შეცდომებს (რომ. 3:23). ზოგჯერ მათ შეიძლება გაუჭირდეთ, გაწონასწორებულად შეხედონ თავიანთ სისუსტეებს. ზოგს შეიძლება გული გაუტეხოს საკუთარ ნაკლოვანებებზე ზედმეტმა ფიქრმა. ზოგი კი პირიქით, შეიძლება თვითკმაყოფილი გახდეს და ვერ დაინახოს ცვლილებების აუცილებლობა, რადგან ყოველთვის გამართლებას უძებნის საკუთარ სისუსტეებს.

14. ფილიპელების 4:13-ის თანახმად, როგორ დაეხმარა თავმდაბლობა პავლეს, სწორი დამოკიდებულება ჰქონოდა საკუთარი სისუსტეების მიმართ?

14 პავლეს მაგალითი. პავლე თავმდაბალი იყო და კარგად ესმოდა, რომ ღვთის დახმარების გარეშე ვერ დასძლევდა სისუსტეებს. გაქრისტიანებამდე ის კადნიერი და ქრისტეს მიმდევრების სასტიკი მდევნელი იყო. მაგრამ, როცა გააცნობიერა, რომ მცდარ გზას ადგა, საკუთარ თავში ცვლილებები მოახდინა (1 ტიმ. 1:12—16). იეჰოვას დახმარებით პავლე მოსიყვარულე, თანამგრძნობი და თავმდაბალი უხუცესი გახდა. მართალია, ის აცნობიერებდა თავის სისუსტეებს, მაგრამ მათზე იმდენს არ ფიქრობდა, რომ გულგატეხილობამდე მისულიყო. პავლეს იეჰოვას გულმოწყალების იმედი ჰქონდა (რომ. 7:21—25). ის საკუთარი თავისგან სრულყოფილებას არ მოითხოვდა, თუმცა მთელი მონდომებით ცდილობდა ქრისტიანული თვისებების დახვეწას. პავლე დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას დახმარებით თავის დავალებას შეასრულებდა (1 კორ. 9:27; წაიკითხეთ ფილიპელების 4:13).

ძალისხმევა მოახმარეთ, რომ დასძლიოთ საკუთარი სისუსტეები (იხილეთ აბზაცები 14, 15). *

15. როგორ უნდა უყურებდნენ უხუცესები საკუთარ სისუსტეებს?

15 რას ვსწავლობთ. იეჰოვა უხუცესებისგან სრულყოფილებას არ მოითხოვს. თუმცა მოელის, რომ ისინი აღიარებენ საკუთარ შეცდომებს და ეცდებიან, დახვეწონ ქრისტიანული თვისებები (ეფეს. 4:23, 24). უხუცესებმა ღვთის სიტყვით უნდა გამოიკვლიონ საკუთარი თავი და საჭირო ცვლილებები მოახდინონ. ასეთ შემთხვევაში იეჰოვა დაეხმარება მათ, კარგად გაართვან თავი თავიანთ საქმეს და ბედნიერები იყვნენ (იაკ. 1:25).

ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲗᲐᲜ ᲗᲐᲜᲐᲛᲨᲠᲝᲛᲚᲝᲑᲐ ᲛᲐᲗᲘ ᲜᲐᲙᲚᲝᲕᲐᲜᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲛᲘᲣᲮᲔᲓᲐᲕᲐᲓ

16. რა შეიძლება მოხდეს, თუ უხუცესი ზედმეტ ყურადღებას ამახვილებს თანაქრისტიანების ნაკლოვანებებზე?

16 რაში მდგომარეობს სირთულე. უხუცესები ბევრ დროს ატარებენ თანაქრისტიანებთან, ამიტომ მათ ნაკლოვანებებსაც ადვილად ამჩნევენ. ეს ძმები ფრთხილად უნდა იყვნენ, რომ ამის გამო არ გაღიზიანდნენ და უხეშები და კრიტიკულები არ გახდნენ. როგორც პავლეს სიტყვებიდან ჩანს, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი სატანის წისქვილზე დაასხამენ წყალს (2 კორ. 2:10, 11).

17. როგორი დამოკიდებულება ჰქონდა პავლეს და-ძმების მიმართ?

17 პავლეს მაგალითი. პავლე ყოველთვის კარგს ხედავდა და-ძმებში. მან კარგად იცოდა, რა შეცდომებს უშვებდნენ ისინი, რადგან ზოგჯერ მასაც სტკენდნენ გულს. მიუხედავად ამისა, პავლეს ესმოდა, რომ შეცდომის გამო ვინმესთვის ხაზი არ უნდა გადაესვა. მას უყვარდა და-ძმები და ყურადღებას მათ კარგ თვისებებზე ამახვილებდა. თუ ვინმე მთლად სწორად არ იქცეოდა, პავლეს მაშინვე ეჭვი არ შეჰქონდა მის მოტივებში. ის ხვდებოდა, რომ მას უბრალოდ დახმარება სჭირდებოდა.

18. რას ვსწავლობთ იქიდან, თუ როგორ დაეხმარა პავლე ევოდიასა და სინტიქეს? (ფილიპელები 4:1—3).

18 განვიხილოთ, როგორ დაეხმარა პავლე მოციქული ორ დას, რომლებიც ფილიპეს კრებაში მსახურობდნენ (წაიკითხეთ ფილიპელების 4:1—3). როგორც ჩანს, განსხვავებული ხასიათის გამო ევოდიასა და სინტიქეს უთანხმოება მოუვიდათ და ურთიერთობა დაეძაბათ. ამ დებზე უხეშად და კრიტიკულად საუბრის ნაცვლად, პავლემ მათ კარგ თვისებებზე გაამახვილა ყურადღება. ეს დები წლების მანძილზე ერთგულად მსახურობდნენ და პავლე დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვას უყვარდა ისინი. ის კარგს ხედავდა მათში და სწორედ ამიტომ შეძლო, დახმარებოდა ამ დებს უთანხმოების მოგვარებაში. დადებითი განწყობის წყალობით პავლეს მომხდარის გამო სიხარული არ დაუკარგავს და ფილიპელ ქრისტიანებთან მეგობრული ურთიერთობაც შეინარჩუნა.

ეცადეთ, კრიტიკულები არ იყოთ სხვების მიმართ (იხილეთ აბზაცი 19). *

19. ა) რა დაეხმარება უხუცესებს, დადებითი დამოკიდებულება შეინარჩუნონ და-ძმების მიმართ? ბ) რას ვსწავლობთ სურათზე ნაჩვენები უხუცესისგან, რომელიც დარბაზს ალაგებს?

19 რას ვსწავლობთ. უხუცესებო, ეცადეთ, და-ძმების დადებით თვისებებზე გაამახვილოთ ყურადღება. არასრულყოფილების მიუხედავად ყველას გააჩნია კარგი თვისებები (ფილ. 2:3). თუმცა ისიც ფაქტია, რომ უხუცესები დროდადრო და-ძმებს აზროვნების გამოსწორებაში უნდა დაეხმარონ. პავლე მოციქულის მსგავსად, უხუცესებმა ამ დროს ყურადღება არ უნდა მიაქციონ მათ გამაღიზიანებელ სიტყვებსა თუ საქციელს. პირიქით, ყურადღება იეჰოვასადმი მათ სიყვარულზე, მოთმინებაზე და გაუმჯობესების პოტენციალზე უნდა გაამახვილონ. უხუცესები, რომლებიც და-ძმებში ყოველთვის კარგს ხედავენ, თბილ და სასიამოვნო ატმოსფეროს ქმნიან კრებაში.

ᲙᲕᲚᲐᲕᲐᲪ ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲞᲐᲕᲚᲔᲡ

20. რისი გაკეთება შეუძლიათ უხუცესებს, რომ კვლავაც მიჰბაძონ პავლეს?

20 უხუცესებო, კარგს იზამთ, თუ უფრო მეტად გამოიკვლევთ პავლეს მაგალითს. ამისთვის „საგუშაგო კოშკის პუბლიკაციების საძიებელში“ შეგიძლიათ მოძებნოთ „პავლე“, შემდეგ კი — „მაგალითი უხუცესებისთვის“. მოცემულ წყაროებთან გაცნობის შემდეგ ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ დამეხმარება პავლეს მაგალითი, სიხარულით გავაგრძელო უხუცესად მსახურება?

21. რაში უნდა იყვნენ უხუცესები დარწმუნებული?

21 უხუცესებო, გახსოვდეთ, იეჰოვა თქვენგან სრულყოფილებას კი არა, ერთგულებას მოელის (1 კორ. 4:2). იეჰოვა ძალიან აფასებდა პავლე მოციქულის შრომასა და ერთგულებას. გჯეროდეთ, რომ მისთვის თქვენი მსახურებაც ძალიან ძვირფასია. ის არასდროს დაივიწყებს „თქვენს შრომასა და სიყვარულს, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ, რადგან ემსახურებოდით და კვლავაც ემსახურებით წმინდებს“ (ებრ. 6:10).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 87 მოდით და გამოცოცხლდით!

^ ძალიან მადლიერი ვართ მზრუნველი და მოსიყვარულე უხუცესების მძიმე შრომისთვის. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ ოთხ სირთულეზე, რომლებსაც უხუცესები ხშირად ხვდებიან. იმასაც განვიხილავთ, როგორ დაეხმარება მათ პავლე მოციქულის მაგალითი ამ სირთულეებთან გამკლავებაში. ეს სტატია ყველას დაგვეხმარება, უკეთ გავუგოთ უხუცესებს, სიყვარული გამოვავლინოთ მათ მიმართ და მხარი დავუჭიროთ.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა სამუშაოს შემდეგ თანამშრომელს სასიხარულო ცნობას უზიარებს.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: უხუცესი რბილად ესაუბრება ძმას, რომელსაც განმარტოება სჩვევია.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა რჩევას აძლევს განაწყენებულ თანაქრისტიანს.

^ ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: უხუცესი შენიშვნას არ აძლევს ძმას, რომელიც დალაგების ნაცვლად ტელეფონითაა გართული.