ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 24
თქვენ შეძლებთ სულიერი მიზნების მიღწევას!
„ნუ მოვიშლით სიკეთის კეთებას, რადგან თავის დროზე მოვიმკით, თუ არ დავიღლებით“ (ᲒᲐᲚ. 6:9).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 84 გვსურს, ყველას მივაწვდინოთ ხმა
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. რისი გაკეთება ერთულება ბევრს?
ᲓᲐᲒᲘᲡᲐᲮᲐᲕᲗ ისეთი სულიერი მიზანი, b რომლის მიღწევა არც ისე იოლი აღმოჩნდა თქვენთვის? თუ ასეა, გამონაკლისი არ ხართ. მაგალითად, ერთ ძმას, ფილიპს, სურდა, უფრო ხშირად და შინაარსიანად ელოცა, თუმცა უჭირდა ამისთვის დროის გამონახვა. ერთ დას, ერიკას, მიზნად ჰქონდა დასახული, რომ დროულად მისულიყო სამქადაგებლო მსახურების შეხვედრებზე, თუმცა თითქმის ყოველთვის აგვიანებდა. ერთმა ძმამ ტომაშმა კი არაერთხელ სცადა ბიბლიის თავიდან ბოლომდე წაკითხვა. ის ამბობს: «ბიბლიის კითხვას გულს ვერ ვუდებდი. სამჯერ დავიწყე, მაგრამ „გამოსვლას“ ვერ გავცდი».
2. რატომ არ უნდა გავიტეხოთ გული, თუ დასახულ მიზანს ჯერაც ვერ მივაღწიეთ?
2 თუ ჯერაც არ მიგიღწევიათ დასახული მიზნისთვის, არ იფიქროთ, რომ არაფერი გამოგდით და ვერასდროს მიაღწევთ მას. მარტივი მიზნის მიღწევასაც კი დრო და ძალისხმევა სჭირდება. თუმცა ის ფაქტი, რომ ჯერ კიდევ არ გითქვამთ უარი თქვენს მიზანზე, იმაზე მეტყველებს, რომ აფასებთ იეჰოვასთან ურთიერთობას და გსურთ, მისთვის საუკეთესო გაიღოთ. გახსოვდეთ, იეჰოვა აფასებს თქვენს ნებისმიერ მცდელობას და ის იმაზე მეტის გაკეთებას არ მოელის თქვენგან, ვიდრე შეგიძლიათ (ფსალმ. 103:14; მიქ. 6:8). ასე რომ, თქვენი მიზანი რეალისტური უნდა იყოს. მაგრამ რა დაგეხმარებათ, მიაღწიოთ მას? მოდი განვიხილოთ რამდენიმე რჩევა.
ᲛᲗᲐᲕᲐᲠᲘ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘᲐ
3. რატომაა სურვილი მთავარი?
3 სულიერი მიზნების მისაღწევად მთავარი სურვილის ანუ მოტივაციის ქონაა. მოტივირებულ ადამიანს ძლიერი სურვილი უბიძგებს, რომ მიაღწიოს მიზანს. მოტივაცია ჰგავს ქარს, რომელიც იალქნიან ნავს დანიშნულების ადგილისკენ მიაქროლებს და ჩაიყვანს კიდეც, თუ არ ჩადგება. იმ შემთხვევაში კი, თუ ძლიერი ქარი უბერავს, ნავი შეიძლება უფრო ადრეც მიადგეს ნაპირს. მსგავსად, რაც უფრო ძლიერია სურვილი, უფრო დიდია იმის ალბათობა, რომ მივაღწევთ მიზანს. სალვადორში მცხოვრები ერთი ძმა, სახელად დავიდი, ამბობს: „თუ მოტივირებული ხარ, მიზნის მისაღწევად ძალისხმევას არ იშურებ და არაფრის დიდებით არ დაიხევ უკან“. რა უნდა გააკეთოთ, რომ მოტივაცია არ დაკარგოთ?
4. რა შეგვიძლია ვთხოვოთ იეჰოვას? (ფილიპელები 2:13; იხილეთ აგრეთვე სურათი).
4 იეჰოვას სთხოვეთ, გაგიძლიეროთ სურვილი. იეჰოვას შეუძლია თავისი წმინდა სულით მიზნის მისაღწევად სურვილი გაგვიძლიეროს (წაიკითხეთ ფილიპელების 2:13). ზოგჯერ მიზანს იმიტომ ვისახავთ, რომ გონებით გვესმის ამის აუცილებლობა, რაშიც თავისთავად ცუდი არაფერია. თუმცა ამ დროს მიზნის მიღწევის სურვილი დიდად შეიძლება არ გვქონდეს. ასე მოხდა ერთი უგანდელი დის, ნორინას, შემთხვევაში. მან მიზნად დაისახა, რომ ბიბლიის შესწავლა ჰქონოდა, თუმცა თავს კარგ მასწავლებლად არ მიიჩნევდა, რის გამოც მოტივაცია აკლდა. ის გვიყვება, რა დაეხმარა მას: „ყოველდღე იეჰოვას ვთხოვდი, რომ ჩემში ბიბლიის შესწავლის დაწყების სურვილი გაეძლიერებინა. პარალელურად ვცდილობდი, კარგი მასწავლებელი გავმხდარიყავი. რამდენიმე თვეში მივხვდი, რომ სურვილიც გამიძლიერდა. ჩემდა გასახარად, იმავე წელს ორი ბიბლიის შესწავლა დავიწყე“.
5. რაზე ფიქრი შეგვმატებს მოტივაციას?
5 იფიქრეთ იმაზე, რაც იეჰოვას თქვენთვის გაუკეთებია (ფსალმ. 143:5). პავლე მოციქული ხშირად ფიქრობდა, რამხელა წყალობა გამოავლინა იეჰოვამ მის მიმართ, რაც აღძრავდა, მსახურებაში თავი არ დაეზოგა (1 კორ. 15:9, 10; 1 ტიმ. 1:12—14). ასე იქნება ჩვენს შემთხვევაშიც. რაც მეტად ვიფიქრებთ იმაზე, რაც იეჰოვას ჩვენთვის გაუკეთებია, მით მეტად გაგვიძლიერდება მიზნის მიღწევის სურვილი (ფსალმ. 116:12). ვნახოთ, რა დაეხმარა ერთ ჰონდურასელ დას, პიონერად დაეწყო მსახურება. ის ამბობს: „ვფიქრობდი ხოლმე, როგორ ვუყვარვარ იეჰოვას, როგორ გამაერთიანა თავის ხალხში, როგორ მმფარველობს და ზრუნავს ჩემზე. ამან უფრო მეტად შემაყვარა იეჰოვა და მოტივაციაც შემმატა“.
6. კიდევ რა შეგვმატებს მოტივაციას?
6 იფიქრეთ შედეგებზე. ზემოთ მოხსენიებული ერიკა აღნიშნავს, რა დაეხმარა, გამხდარიყო პუნქტუალური: „მივხვდი, რამდენს ვკარგავდი მსახურების შეხვედრებზე დაგვიანებით. თუ ადრე მივიდოდი, და-ძმებთან ურთიერთობისთვისაც მექნებოდა დრო და იმ რჩევებსაც მოვისმენდი, რომლებიც დამეხმარებოდა, სიხარული არ დამეკარგა მსახურებაში და დავხვეწილიყავი როგორც მქადაგებელი“. ამის გაანალიზება დაეხმარა ერიკას, გაეგრძელებინა მიზნისკენ სწრაფვა და მიეღწია მისთვის. ჩვენც შეგვიძლია მსგავსად მოვიქცეთ. მაგალითად, თუ მიზნად დავისახეთ, რომ გულდასმით ვიკითხოთ ბიბლია ან უფრო შინაარსიანად ვილოცოთ, კარგი იქნება, ვიფიქროთ, როგორ დაგვაახლოებს ამ მიზნის მიღწევა იეჰოვასთან (ფსალმ. 145:18, 19). ან თუ რომელიმე თვისების გამომუშავება გვსურს, შეგვიძლია იმაზე დავფიქრდეთ, როგორ აისახება დადებითად ამ თვისების შეძენა სხვებთან ჩვენს ურთიერთობაზე (კოლ. 3:14). კარგს ვიზამთ, თუ ჩამოვწერთ ამ მიზეზებს და რეგულარულად გადავხედავთ. ზემოთ მოხსენიებული ტომაში ამბობს: „როცა არაერთ მიზეზს ვპოულობ მიზნის მისაღწევად, მოტივაციაც მემატება და ადვილადაც არ ვნებდები“.
7. რა დაეხმარა ერთ წყვილს, მიეღწია მიზნისთვის?
7 დაუახლოვდით მათ, ვინც სულიერი მიზნებისკენ წაგახალისებთ (იგავ. 13:20). ვნახოთ, რა დაეხმარა ერთ წყვილს, გაეფართოებინა მსახურება. ქმარი აღნიშნავს: „ისეთ და-ძმებს დავუმეგობრდით, რომლებიც გვახალისებდნენ, მიგვეღწია დასახული მიზნისთვის. მათთან ხშირად ვმსჯელობდით ხოლმე ჩვენს მიზანზე და ისინიც კარგ რჩევებს გვაძლევდნენ, რადგან დიდი გამოცდილება ჰქონდათ დაგროვილი. ისინი შიგადაშიგ ინტერესდებოდნენ ჩვენი გეგმებით და საჭირო დროს გვამხნევებდნენ კიდეც“.
ᲠᲝᲪᲐ ᲛᲝᲢᲘᲕᲐᲪᲘᲐ ᲒᲕᲐᲙᲚᲘᲐ
8. რა შეიძლება მოხდეს, თუ მხოლოდ მოტივაციის იმედად ვიქნებით? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
8 ყოველთვის ერთნაირად მოტივირებული არ ვართ, ზოგჯერ კი შეიძლება საერთოდ არ გვქონდეს მიზნისკენ სწრაფვის სურვილი. არაფრის გაკეთება არ შეგვიძლია ასეთ დროს? დავუბრუნდეთ ზემოთ მოყვანილ მაგალითს. იალქნიან ნავს ადგილზე მისასვლელად ქარი სჭირდება. თუმცა ქარი ყოველთვის ერთნაირად არ უბერავს, ზოგჯერ შეიძლება ნიავიც კი არ იძვროდეს. არაფრის გაკეთება არ შეუძლია მესაჭეს ასეთ დროს? ზოგ ნავს ძრავი აქვს, ზოგსაც — ნიჩბები და მესაჭეს შეუძლია მათით ისარგებლოს. მსგავსადვე, თუ მხოლოდ მოტივაციის იმედად ვიქნებით, მიზანს ვერასდროს მივაღწევთ. ამ დროს ჩვენც მესაჭის მსგავსად უნდა მოვიქცეთ, რომელიც დანიშნულების ადგილზე ჩასასვლელად სხვადასხვა ხერხს მიმართავს. მართალია, ეს თვითდისციპლინას მოითხოვს, მაგრამ შედეგები ძალისხმევად ღირს. ქვემოთ ვისაუბრებთ, კონკრეტულად, რისი გაკეთება შეგვიძლია. თუმცა მანამდე ერთ კითხვას შევეხოთ.
9. მიუღებელი იქნება ღვთისთვის, თუ მაშინაც ვისწრაფვით მიზნისკენ, როცა მოტივაცია გვაკლია? ახსენით.
9 იეჰოვას სურს, რომ ხალისით ვემსახუროთ და არა ნაძალადევად (ფსალმ. 100:2; 2 კორ. 9:7). მაშ, რა გამოდის, აღარ უნდა ვისწრაფოთ მიზნისკენ, თუ მოტივაცია გვაკლია? ვნახოთ, როგორ იქცეოდა პავლე მოციქული. მან თქვა: „ვცემ და ვიმონებ ჩემს სხეულს“ (1 კორ. 9:25—27). პავლე ძალას ატანდა საკუთარ თავს, მაშინაც შეესრულებინა ღვთის ნება, როცა ეს არ ეხალისებოდა. იწონებდა იეჰოვა ამას? რა თქმა უნდა! და ამისთვის დააჯილდოვა კიდეც (2 ტიმ. 4:7, 8).
10. რატომ იქნება კარგი, მაშინაც ვისწრაფოთ მიზნისკენ, როცა მოტივაცია გვაკლია?
10 პავლეს მსგავსად, შეიძლება კონკრეტულ მომენტში არც ჩვენ გვეხალისებოდეს რაღაცის გაკეთება. თუმცა იეჰოვას ახარებს იმის დანახვა, რომ მისი სიყვარულით ამას მაინც ვაკეთებთ, და გვიფასებს ძალისხმევას (ფსალმ. 126:5). ჩვენ კი, როცა მის მხარდაჭერას ვგრძნობთ, მოტივაციაც გვემატება. ერთი პოლონელი და, ლუცინა, ამბობს: „ზოგჯერ მსახურებაში გასვლას სახლში დარჩენა მირჩევნია, განსაკუთრებით, თუ დაღლილი ვარ. თუმცა გასაოცარია, რამხელა სიხარულს ვგრძნობ ხოლმე მსახურების შემდეგ. ეს იეჰოვას საჩუქარია“. ახლა კი ვიმსჯელოთ, კონკრეტულად, რისი გაკეთება შეგვიძლია, როცა მოტივაცია გვაკლია.
11. როგორ გვეხმარება იეჰოვა თავშეკავების გამომუშავებაში?
11 სთხოვეთ იეჰოვას თავშეკავება. თავშეკავებაში საკუთარი გრძნობებისა და საქციელის გაკონტროლება იგულისხმება. როცა ამ თვისებაზე ვფიქრობთ, პირველი, რაც გონებაში მოგვდის, ცუდი საქციელისგან თავის შეკავებაა. თუმცა თავის ხელში აყვანა იმისთვისაცაა საჭირო, რომ კარგი ვაკეთოთ, განსაკუთრებით, თუ ეს გვერთულება ან არ გვეხალისება. ვინაიდან თავშეკავება სულის ნაყოფია, იეჰოვას უნდა ვთხოვოთ წმინდა სული, რომ დაგვეხმაროს ამ მნიშვნელოვანი თვისების გამომუშავებაში (ლუკ. 11:13; გალ. 5:22, 23). დავიდი, რომელიც ზემოთ მოვიხსენიეთ, გვიყვება, როგორ დაეხმარა ლოცვა, რეგულარულად ჩაეტარებინა პირადი შესწავლა: „იეჰოვას ვთხოვდი, რომ თავშეკავების გამომუშავებაში დამხმარებოდა. ახლა პირადი შესწავლის კარგი განრიგი მაქვს“.
12. როგორ უკავშირდება ეკლესიასტეს 11:4-ში ჩაწერილი პრინციპი სულიერი მიზნებისკენ სწრაფვას?
12 იდეალურ დროს ნუ დაელოდებით. ამ ქვეყნიერებაში ყველაფერი იდეალურად არასდროს იქნება. ამიტომ, თუ ასეთ დროს დაველოდებით, დიდი ალბათობით, მიზანს ვერასდროს მივაღწევთ (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:4). ერთი ძმა დანიელი ამბობს: „საუკეთესო მომენტის ლოდინი არ ღირს. უბრალოდ უნდა ადგე და საქმეს შეუდგე“. კიდევ ერთ მიზეზს, თუ რატომ არ უნდა გადავდოთ საქმის დაწყება, ერთი უგანდელი ძმა პოლიც გვიზიარებს: „როცა იეჰოვა ხედავს, რომ სირთულეებს არ ვუშინდებით, ხელსაც გვიმართავს“ (მალ. 3:10).
13. რატომ იქნება კარგი პატარ-პატარა მიზნების დასახვა?
13 დაისახეთ პატარ-პატარა მიზნები. შეიძლება მოტივაცია იმანაც დაგიკარგოთ, თუ დასახული მიზანი რთული მისაღწევი გეჩვენებათ. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, საბოლოო მიზნის მისაღწევად პატარ-პატარა მიზნები დაისახოთ. მაგალითად, თუ რომელიმე თვისების გამომუშავება გსურთ, ბევრს ნუ მოსთხოვთ საკუთარ თავს. თავიდან ეცადეთ, მცირედში მაინც გამოავლინოთ ეს თვისება. ან თუ ბიბლიის თავიდან ბოლომდე წაკითხვა დაისახეთ მიზნად, შეგიძლიათ თავიდან ცოტა დრო დაუთმოთ კითხვას. დასაწყისში მოხსენიებულ ტომაშს ერთ წელიწადში უნდოდა ბიბლიის წაკითხვა, მაგრამ ეს რთული აღმოჩნდა მისთვის. აი რას გვიყვება ის: „მივხვდი, რომ ძალიან სწრაფი ტემპი მქონდა არჩეული. ამიტომ გადავწყვიტე, თავიდან პატარ-პატარა მონაკვეთები წამეკითხა და მეფიქრა მათზე. საბოლოოდ, ბიბლიის კითხვის პროცესი სასიამოვნო გახდა ჩემთვის“. ნელ-ნელა ტომაში სულ უფრო მეტ დროს უთმობდა კითხვას და ბოლოს მთელი ბიბლიაც წაიკითხა. c
ᲩᲐᲕᲐᲠᲓᲜᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝ ᲒᲣᲚᲡ ᲜᲣ ᲒᲐᲘᲢᲔᲮᲗ
14. რამ შეიძლება გაგვირთულოს მიზნისკენ სწრაფვა?
14 როგორი მოტივირებული და თვითდისციპლინირებულიც არ უნდა ვიყოთ, ჩავარდნები მაინც გვექნება. მაგალითად, მოულოდნელად შეიძლება ისეთი რამ მოხდეს, რამაც დიდი დრო წაგვართვას, ან ისეთ სირთულეს შევხვდეთ, რომ გულგატეხილებს აღარაფრის თავი აღარ გვქონდეს (იგავ. 24:10; ეკლ. 9:11). ზოგჯერ შეიძლება დაღლილები ვიყოთ ან კიდევ არასრულყოფილება გვიშლიდეს ხელს მიზნის მიღწევაში (მათ. 26:43; რომ. 7:23). რა დაგვეხმარება, რომ ჩავარდნების მიუხედავად, კვლავაც ვისწრაფოთ მიზნისკენ?
15. ნიშნავს მარცხი დამარცხებას? ახსენით (ფსალმუნი 145:14).
15 გახსოვდეთ, მარცხი დამარცხებას არ ნიშნავს. ბიბლიიდან ვიგებთ, რომ ცხოვრებაში შეიძლება ხშირად იჩინოს თავი პრობლემებმა. თუმცა ბიბლია იმაშიც გვარწმუნებს, რომ რამდენჯერაც არ უნდა გვქონდეს ჩავარდნა, იეჰოვას დახმარებით შევძლებთ წამოდგომას (წაიკითხეთ ფსალმუნის 145:14). ზემოთ მოხსენიებული ფილიპი აღნიშნავს: „ჩემს წარმატებას იმით არ განვსაზღვრავ, რამდენჯერ ვეცემი, არამედ იმით, თუ რამდენჯერ ვახერხებ წამოდგომას და სვლის გაგრძელებას“. დავიდიც მსგავს აზრს ამბობს: „ჩემთვის ჩავარდნა დაბრკოლება კი არ არის, არამედ იმის შესაძლებლობა, რომ იეჰოვას სიყვარული დავუმტკიცო“. თუ თქვენც, ჩავარდნების მიუხედავად, არ შეწყვეტთ მიზნისკენ სწრაფვას, ცხადყოფთ, რომ გსურთ, იეჰოვას გული გაუხაროთ. წარმოიდგინეთ, როგორ ხარობს იეჰოვა თქვენი შეუპოვრობის შემხედვარე.
16. რაზე ღირს დაფიქრება, თუ ჩავარდნები გვაქვს?
16 მარცხი გაკვეთილად მიიჩნიეთ. დაფიქრდით, რამ გამოიწვია ჩავარდნა და რისი გაკეთება შეგიძლიათ, რომ იგივე არ განმეორდეს (იგავ. 27:12). ზოგჯერ ჩავარდნა იმის მაჩვენებელია, რომ მიზანი მთლად რეალისტური არ იყო. ასეთ დროს კარგი იქნება, დაფიქრდეთ, დღევანდელი მდგომარეობიდან გამომდინარე არის თუ არა თქვენი მიზანი რეალისტური. d გახსოვდეთ, იეჰოვა თქვენგან იმის გაკეთებას არ ელის, რაც თქვენს ძალას აღემატება (2 კორ. 8:12).
17. რატომ უნდა გვახსოვდეს ის, რასაც უკვე მივაღწიეთ?
17 იფიქრეთ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ. ებრაელების 6:10-ში ნათქვამია: „ღმერთი უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა“. არც თქვენ უნდა დაივიწყოთ! იფიქრეთ იმაზე, რასაც უკვე მიაღწიეთ, იქნება ეს იეჰოვასთან დამეგობრება, სხვებთან მის შესახებ საუბარი თუ ნათლობა. დარწმუნებული იყავით, რომ თუ წარსულში შეძელით სულიერი მიზნის მიღწევა, ამას ახლაც შეძლებთ (ფილ. 3:16).
18. რით უნდა გავიხაროთ? (იხილეთ აგრეთვე სურათი).
18 იალქნიანი ნავის მესაჭეს მხოლოდ დანიშნულების ადგილზე ჩასვლა კი არ უხარია, არამედ მგზავრობითაც ტკბება. ჩვენც მხოლოდ მიზნის მიღწევა კი არ გვახარებს, არამედ იმის დანახვაც, გზადაგზა როგორ გვეხმარება და გვაკურთხებს იეჰოვა (2 კორ. 4:7). არასდროს უნდა დაგვავიწყდეს, რომ წინ უფრო დიდი ჯილდო გველის. მთავარია, არ დავნებდეთ! (გალ. 6:9).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 126 იფხიზლეთ, განმტკიცდით, გაძლიერდით!
a იეჰოვას ორგანიზაცია ხშირად მოგვიწოდებს, რომ სულიერი მიზნები დავისახოთ. მაგრამ რისი გაკეთება შეგვიძლია, თუ დავისახეთ მიზანი და გვიჭირს მისი მიღწევა? წინამდებარე სტატიაში მოცემული რჩევები სულიერი მიზნების მიღწევაში დაგვეხმარება.
b ᲒᲐᲜᲛᲐᲠᲢᲔᲑᲐ: სულიერი მიზანი არის ნებისმიერი რამ, რისი მიღწევაც გვეხმარება, უფრო მეტად დავიხარჯოთ იეჰოვასთვის და გული გავუხაროთ მას. მაგალითად, შეიძლება მიზნად დავისახოთ რომელიმე თვისების გამომუშავება ან ისეთი სულიერი საქმეების უფრო ხარისხიანად შესრულება, როგორებიცაა ბიბლიის კითხვა, პირადი შესწავლა და სამქადაგებლო მსახურება.
c იხილეთ წიგნი „მიიღე განათლება თეოკრატიული მსახურების სკოლაში“, გვ. 10, 11, აბზ. 4.
d მეტი ინფორმაციისთვის იხილეთ 2008 წლის 15 ივლისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ზედმეტს ხომ არ სთხოვთ საკუთარ თავს?“.