არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 26

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 123 ერთგულად დაემორჩილეთ თეოკრატიას

თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით

თავმდაბლურად ვაღიაროთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით

„ჩაუწვდომელია ყოვლისშემძლის გზები“ (ᲘᲝᲑ. 37:23).

ᲛᲘᲖᲐᲜᲘ

ამ სტატიიდან დავინახავთ, როგორ დაგვეხმარება თავმდაბლობა, თვალი გავუსწოროთ რეალობას და მივენდოთ იეჰოვას.

1. რისი უნარი გვიბოძა იეჰოვამ და რატომ?

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲛ ყველას გვიბოძა აზროვნების, შემეცნების და გონივრულად მოქცევის უნარი. ამის მიზეზი ისაა, რომ მას სურს, გავიცნოთ ის და გააზრებულად ვემსახუროთ (იგავ. 2:1–5; რომ. 12:1).

2. რა უნდა ვაღიაროთ და რაში დაგვეხმარება ეს? (იობი 37:23, 24; იხილეთ აგრეთვე სურათი).

2 მართალია, სწავლის უნარი გვაქვს, მაგრამ ყოვლისმცოდნეები ვერასდროს გავხდებით (წაიკითხეთ იობის 37:23, 24). ამ რეალობისთვის თვალის გასწორება იობსაც მოუწია. ბევრ კითხვაზე, რომლებიც იეჰოვამ დაუსვა, მას არ ჰქონდა პასუხი. ეს დაეხმარა იობს, თავმდაბლურად ეღიარებინა, რომ მისი შესაძლებლობები შეზღუდული იყო, და შეეცვალა დამოკიდებულება (იობ. 42:3–6). თუ ჩვენც თავმდაბლურად ვაღიარებთ, რომ ბევრი რამ არ ვიცით, უფრო მეტად მივენდობით იეჰოვას. ჩვენ ეჭვი არ შეგვეპარება იმაში, რომ იეჰოვა არაფერს დაგვიმალავს, რაც გონივრული გადაწყვეტილების მისაღებადაა საჭირო (იგავ. 2:6).

იობივით ჩვენც დაგვეხმარება იმის აღიარება, რომ ბევრი რამ არ გვესმის (იხილეთ აბზაცი 2).


3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 ამ სტატიაში შევეხებით რამდენიმე საკითხს, რაც არ ვიცით და რა სირთულეები შეიძლება შეგვექმნას ამის გამო. იმაზეც ვიმსჯელებთ, რატომაა კარგი, რომ ყველაფერი არ ვიცით. ეს განხილვა განგვიმტკიცებს იმის რწმენას, რომ იეჰოვა, რომელიც „სრულყოფილ ცოდნას ფლობს“, საჭირო ინფორმაციას აუცილებლად გაგვიმხელს (იობ. 37:16).

ᲐᲦᲡᲐᲡᲠᲣᲚᲘᲡ ᲛᲝᲡᲕᲚᲘᲡ ᲓᲠᲝ

4. რა არ ვიცით? (მათე 24:36).

4 წაიკითხეთ მათეს 24:36. ჩვენ არ ვიცით, როდის მოვა აღსასრული. დედამიწაზე ყოფნის დროს არც იესომ იცოდა ქვეყნიერების აღსასრულის „დღე და საათი“. a მან თავის მოწაფეებს უთხრა, რომ იეჰოვა განაგებს დროს და, შესაბამისად, ის წყვეტს, რა როდის უნდა მოხდეს (საქ. 1:6, 7). მართალია, იეჰოვას დადგენილი აქვს ამ ქვეყნიერების აღსასრულის დრო, მაგრამ ჩვენ ვერ შევძლებთ მის გამოთვლას.

5. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე აღსასრულის ზუსტი თარიღის არცოდნამ?

5 ვინაიდან აღსასრულის მოსვლის ზუსტი დრო არ ვიცით, ჩვენთვის უცნობია, კიდევ რამდენ ხანს მოგვიწევს ლოდინი. ამის გამო შეიძლება გაგვიჭირდეს ბოლომდე მოთმენა და გული გაგვიტყდეს, მით უმეტეს, თუ უკვე წლებია, ველოდებით „იეჰოვას დღის“ მოსვლას. ან შეიძლება ოჯახის წევრებისა თუ სხვების მხრიდან დაცინვამ გადაგვღალოს (2 პეტ. 3:3, 4). ამიტომ შეიძლება ვიფიქროთ, რომ თუ აღსასრულის მოსვლის ზუსტი დრო გვეცოდინებოდა, უფრო ადვილი იქნებოდა მოთმენაც და დაცინვის ატანაც.

6. რატომაა კარგი, რომ არ ვიცით აღსასრულის მოსვლის ზუსტი დრო?

6 რატომ არ გვიმჟღავნებს იეჰოვა აღსასრულის მოსვლის ზუსტ დროს? ეს იმის დამტკიცების შესაძლებლობას გვაძლევს, რომ გვიყვარს ის და ვენდობით. ჩვენ განსაზღვრული ვადით არ მიგვიძღვნია თავი იეჰოვასთვის. ამიტომ „დროებსა და ვადებზე“ კი არ უნდა გადავიტანოთ ყურადღება, არამედ იმაზე, თუ რას მოემსახურება „იეჰოვას დღე“. ამ შემთხვევაში უფრო განვიმტკიცებთ იეჰოვასთან ურთიერთობას და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მის მოსაწონად მოვიქცეთ (2 პეტ. 3:11, 12).

7. რა ვიცით?

7 ჩვენ აქცენტი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რაც ვიცით. მაგალითად, ბიბლიური წინასწარმეტყველებიდან ვიცით, რომ „ბოლო დღეები“ 1914 წელს დაიწყო. ბიბლიიდან ისიც გავიგეთ, როგორ განვითარდებოდა მოვლენები ამ წლის შემდეგ. ჩვენ საკუთარი თვალით ვხედავთ ამ წინასწარმეტყველებების შესრულებას, ამიტომ გვჯერა, რომ „ახლოს არის იეჰოვას დიდი დღე“ (სოფ. 1:14). ისიც კარგად ვიცით, რომ იეჰოვამ დაგვავალა, რაც შეიძლება მეტ ადამიანს ვუქადაგოთ სასიხარულო ცნობა (მათ. 24:14). დღეს ამ ცნობას დაახლოებით 240 ქვეყანაში 1 000-ზე მეტ ენაზე ვქადაგებთ. ეს საქმე გულმოდგინედ რომ შევასრულოთ, ამისთვის „დღისა და საათის“ ცოდნა არ გვჭირდება.

ᲠᲐᲡ ᲓᲐ ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ

8. რა იგულისხმება ეკლესიასტეს 11:5-ში მოხსენიებულ „ღვთის საქმეებში“?

8 ჩვენ ყოველთვის არ გვეცოდინება, რას და როგორ გააკეთებს იეჰოვა (წაიკითხეთ ეკლესიასტეს 11:5). ამ მუხლში მოხსენიებულ ფრაზაში, „ღვთის საქმეები“, იგულისხმება ყველაფერი, რასაც ღმერთი თავად აკეთებს ან მისი ნებართვით ხდება და მისი განზრახვის შესრულებას ემსახურება. შეუძლებელია, ბოლომდე მივხვდეთ, რატომ არ ერევა იეჰოვა ზოგიერთი მოვლენის განვითარებაში ან რას გააკეთებს ჩვენ დასახმარებლად (ფსალმ. 37:5). ეს არცაა გასაკვირი. თუ მეცნიერებიც კი ვერ ხვდებიან ბოლომდე იმას, როგორ ვითარდება ბავშვი დედის მუცელში, მით უმეტეს არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ ღვთის ყველა საქმეს ბოლომდე ჩავწვდებით.

9. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე იმის არცოდნამ, თუ რას და როგორ გააკეთებს იეჰოვა?

9 იმის გამო, რომ არ ვიცით, იეჰოვა რას და როგორ გააკეთებს, შეიძლება ადვილად დავიხიოთ უკან და მსახურების გასაფართოებლად აღარ წავიდეთ მსხვერპლზე. მაგალითად, აღარ გავიმარტივოთ ცხოვრება და აღარ გადავიდეთ იქ, სადაც მქადაგებლებზე დიდი საჭიროებაა. შეიძლება ღვთის მხარდაჭერაშიც დავეჭვდეთ იმ შემთხვევაში, თუ თეოკრატიულ მიზნებს ვერ მივაღწევთ, მსახურებაში განსაკუთრებულ შედეგებს ვერ დავინახავთ ან რომელიმე თეოკრატიული პროექტის დროს დაბრკოლებებს შევხვდებით.

10. რაში შეიძლება დაგვეხმაროს იმის არცოდნა, როგორ იმოქმედებს იეჰოვა?

10 რატომაა კარგი, რომ არ ვიცით, როგორ იმოქმედებს იეჰოვა? ეს თავმდაბლობას გვასწავლის და იმის გაცნობიერებაში გვეხმარება, რომ იეჰოვას აზრები ჩვენსას ბევრად აღემატება (ეს. 55:8, 9). იეჰოვასაც უფრო მეტად ვენდობით, რადგან გვჯერა, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ის საუკეთესო გამოსავალს გვაპოვნინებს. ასე რომ, თუ რაიმე წარმატებას ვაღწევთ, იქნება ეს მსახურებაში თუ რომელიმე თეოკრატიული პროექტის დროს, მას ვემადლიერებით (ფსალმ. 127:1; 1 კორ. 3:7). თუნდაც მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც ჩვენ ველოდით, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა ყველაფერს აკონტროლებს და სიმშვიდის შენარჩუნებაში დაგვეხმარება (ეს. 26:3). ჩვენ ჩვენი გასაკეთებელი უნდა გავაკეთოთ და იმაში ვიყოთ დარწმუნებულები, რომ იეჰოვა თავისას აუცილებლად გააკეთებს. შეიძლება მან სასწაულებრივი სახით არ გვიხელმძღვანელოს, მაგრამ უნდა გვჯეროდეს, რომ ყოველთვის მოგვცემს საჭირო მითითებებს (საქ. 16:6–10).

11. რა ვიცით?

11 ჩვენ ვიცით, რომ იეჰოვას ნებისმიერი ქმედება მის სიყვარულზე, სამართლიანობასა და სიბრძნეზე მოწმობს. ის აფასებს ყველაფერს, რასაც მისთვის და და-ძმებისთვის ვაკეთებთ. ისიც ვიცით, რომ ის ჯილდოს გარეშე არასდროს ტოვებს თავის ერთგულებს (ებრ. 11:6). ასე რომ, მოდი ამაზე გავაკეთოთ აქცენტი და არა იმაზე, რაც არ ვიცით.

ᲠᲐᲡ ᲛᲝᲒᲕᲘᲢᲐᲜᲡ ᲮᲕᲐᲚᲘᲜᲓᲔᲚᲘ ᲓᲦᲔ

12. რა არ ვიცით? (იაკობი 4:13, 14).

12 წაიკითხეთ იაკობის 4:13, 14. ერთი რამ ფაქტია: ვერავინ იტყვის, რას მოიტანს ხვალინდელი დღე. სანამ ეს ქვეყნიერება არსებობს, „ყველა ადამიანზე დრო და შემთხვევა მოქმედებს“ (ეკლ. 9:11). შესაბამისად, ჩვენ არ ვიცით, გაამართლებს თუ არა ჩვენი გეგმები და, საერთოდ, მოვესწრებით თუ არა მათ განხორციელებას.

13. როგორ შეიძლება იმოქმედოს ჩვენზე ცხოვრების მოულოდნელობებმა?

13 ხშირად სირთულეებს მოულოდნელად ვხვდებით. რაიმე ტრაგიკულმა მოვლენამ შეიძლება ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენოს და სასოწარკვეთილებაში ჩაგვყაროს. შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ჩვენი მოლოდინები არ გამართლდეს და ამის გამო გული გაგვიტყდეს (იგავ. 13:12). ასეთმა გამოცდილებამ შეიძლება დაგვძაბოს და ცუდის მოლოდინის შიში გაგვიჩინოს. ეს კი, თავის მხრივ, მოთმინების ძალას და სიხარულს დაგვაკარგვინებს.

14. რაზეა ჩვენი ბედნიერება დამოკიდებული? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

14 სირთულეების დროს შესაძლებლობა გვეძლევა, დავამტკიცოთ, რომ ჩვენს ზეციერ მამას უანგარო სიყვარულით ვემსახურებით. როგორც ბიბლიური მაგალითებიდან ჩანს, არ უნდა გვქონდეს იმის მოლოდინი, რომ იეჰოვა ყველა პრობლემისგან დაგვიცავს, და არც ის უნდა გვეგონოს, რომ ღმერთი ჩვენს ცხოვრებაში მოვლენებს წინასწარ განსაზღვრავს. მან კარგად იცის, რომ ჩვენი ბედნიერება მისი მითითებების გათვალისწინებაზეა დამოკიდებული და არა იმის ცოდნაზე, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე (იერ. 10:23). გადაწყვეტილების მიღების დროს გვინდა, ასეთი განწყობა გვქონდეს: „თუ იეჰოვა ინებებს და ვიცოცხლებთ, ან ამას გავაკეთებთ, ან იმას“ (იაკ. 4:15).

თუ იეჰოვას მითითებებს გავითვალისწინებთ, შეგვიძლია მისი დახმარების იმედი გვქონდეს (იხილეთ აბზაცები 14, 15). b


15. რა ვიცით?

15 მართალია, არ ვიცით, რას მოგვიტანს ხვალინდელი დღე, მაგრამ ის კი ვიცით, რომ იეჰოვას დაპირებისამებრ მარადიულ სიცოცხლეს მივიღებთ ან ზეცაში, ან დედამიწაზე. ჩვენ იმაშიც ვართ დარწმუნებული, რომ იეჰოვამ შეუძლებელია, იცრუოს და თავისი დანაპირები არ შეასრულოს (ტიტ. 1:2). მხოლოდ იეჰოვას შეუძლია ამის თქმა: „დასაწყისიდანვე ვაცხადებ დასასრულს და ძველთაგანვე იმას, რაც არ მომხდარა“. ეს ასე იყო წარსულში და ასე იქნება მომავალშიც (ეს. 46:10). გარდა ამისა, კარგად ვიცით, რომ ვერაფერი ჩამოგვაშორებს იეჰოვას სიყვარულს (რომ. 8:35–39). რაც არ უნდა მოხდეს, ის აუცილებლად გვანუგეშებს და მოგცემს საჭირო სიბრძნესა თუ ძალას. ის არა მხოლოდ დაგვეხმარება, რომ მოვითმინოთ, არამედ დაგვაჯილდოებს კიდეც (იერ. 17:7, 8).

ᲠᲐᲛᲓᲔᲜᲐᲓ ᲙᲐᲠᲒᲐᲓ ᲒᲕᲘᲪᲜᲝᲑᲡ ᲘᲔᲰᲝᲕᲐ

16. რა იცის იეჰოვამ ჩვენზე და რა გრძნობებს იწვევს თქვენში ამის ცოდნა? (ფსალმუნი 139:1–6).

16 წაიკითხეთ ფსალმუნის 139:1–6. იეჰოვამ კარგად იცის, როგორ ვართ შექმნილი და რამ ჩამოგვაყალიბა ისეთებად, როგორებიც ახლა ვართ ანუ რით არის განპირობებული ჩვენი ფიზიკური, ემოციური თუ მენტალური მდგომარეობა. მან ისიც იცის, რას და რატომ ვამბობთ. ის იმასაც ხედავს, რას ვაკეთებთ და რა მოტივით. ჩვენ, ასე ვთქვათ, იეჰოვას ყურადღების ცენტრში ვყავართ. როგორც დავითმა აღნიშნა, იეჰოვა ჩვენთვის შემოვლებული გალავანივითაა და ყოველთვის მზადაა, დახმარების ხელი გამოგვიწოდოს. რა გრძნობებს იწვევს თქვენში ის ფაქტი, რომ სამყაროს უზენაესი უფალი, ცისა და დედამიწის შემოქმედი, ამხელა ყურადღებას იჩენს პირადად თქვენ მიმართ? შესაძლოა თქვენც იმავეს გრძნობთ, რასაც დავითი: „ამგვარი ცოდნა ჩაუწვდომელია ჩემთვის, იმდენად აღმატებულია, რომ ვერ ვწვდები“.

17. რისი დაჯერება შეიძლება გაგვიჭირდეს და რატომ?

17 აღზრდის, კულტურის ან იმ რელიგიური შეხედულებების გამო, რაც ადრე გვქონდა, შეიძლება გაგვიჭირდეს იმის დაჯერება, რომ იეჰოვა მოსიყვარულე და მზრუნველი მამაა. შესაძლოა ვიფიქროთ, რომ წარსულში დაშვებული შეცდომების გამო იეჰოვა ჩვენთან მეგობრობას არ მოინდომებს და თავს შორს დაიჭერს ჩვენგან (ფსალმ. 38:18, 21). მან, ვინც ცხოვრების წესს იცვლის და ყველანაირად ცდილობს, ღვთის ნორმებით იცხოვროს, შეიძლება იფიქროს: თუ იეჰოვას მართლა ესმის ჩემი, რატომ მოითხოვს ასეთი რთული და მტკივნეული ცვლილებების მოხდენას?

18. რაში გვეხმარება იმის ცოდნა, რომ იეჰოვა ძალიან კარგად გვიცნობს? (იხილეთ აგრეთვე სურათები).

18 იეჰოვა იმაზე უკეთ გვიცნობს, ვიდრე ჩვენ ვიცნობთ საკუთარ თავს და იმ კარგსაც ხედავს ჩვენში, რასაც თავად ვერ ვამჩნევთ. მან იცის ჩვენი ნაკლოვანებები და ისიც ესმის, რა დგას ჩვენი გრძნობებისა თუ საქციელის მიღმა. თუმცა ჩვენს პოტენციალსაც ხედავს და მზად არის, დაგვეხმაროს (რომ. 7:15). თუ ამ ყველაფერს კარგად გავაანალიზებთ და გავითავისებთ, უფრო მოტივირებული ვიქნებით, ვუერთგულოთ იეჰოვას და სიხარულით ვემსახუროთ.

იეჰოვა გვეხმარება, ბედნიერი მომავლის იმედზე გადავიტანოთ ყურადღება, როცა სირთულეებს ვხვდებით (იხილეთ აბზაცები 18, 19). c


19. რა ვიცით იეჰოვას შესახებ?

19 ჩვენ ოდნავაც არ გვეპარება ეჭვი, რომ ღმერთი სიყვარულია (1 იოან. 4:8). იმაშიც ვართ დარწმუნებული, რომ მისი სამართლიანი ნორმები მის სიყვარულზე მეტყველებს და მათი დაცვა ჩვენთვისვეა კარგი. ისიც ვიცით, რომ იეჰოვას სურს, მარადიულად ვიცხოვროთ, რისთვისაც გამოსასყიდი გაიღო. გამოსასყიდი იმის საშუალებასაც გვაძლევს, რომ შეცდომების მიუხედავად ღმერთს მის მოსაწონად ვემსახუროთ (რომ. 7:24, 25). ჩვენ ისიც გვესმის, რომ „ღმერთი ჩვენს გულზე დიდია და მან ყველაფერი იცის“ (1 იოან. 3:19, 20). რახან იეჰოვა კარგად გვიცნობს, სჯერა ჩვენი და იცის, რომ შევძლებთ მისი ნების შესრულებას.

20. რა დაგვეხმარება, ზედმეტად არ ვიდარდოთ იმის გამო, რაც არ ვიცით?

20 ფაქტია, იეჰოვა ყოველთვის გვაწვდის საჭირო ინფორმაციას. მაგრამ თავმდაბლობა გვჭირდება, რომ ზედმეტად არ ვიდარდოთ იმაზე, რაც არ ვიცით და ყურადღება იმაზე გადავიტანოთ, რაც ვიცით და რისი გაკეთებაც შეგვიძლია. ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ბოლომდე ვენდობით იეჰოვას, რომელიც „სრულყოფილ ცოდნას ფლობს“ (იობ. 36:4). ჩვენ სიხარულით ველით იმ დროს, როცა ჩვენი დიდებული ღმერთი სულ უფრო მეტს გვასწავლის და ეს ასე გაგრძელდება მარადიულად (ეკლ. 3:11).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 104 ღვთის ძღვენი – წმინდა სული

a ვინაიდან სატანის ბოროტი ქვეყნიერების წინააღმდეგ იესო გაილაშქრებს, ლოგიკურია, მან უკვე იცის არმაგედონის ზუსტი დრო ანუ როდის მოიპოვებს „საბოლოო გამარჯვებას“ (გამოცხ. 6:2; 19:11–16).

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: მამა თავის ბიჭთან ერთად საევაკუაციო ჩანთას ამზადებს.

c ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა, რომელსაც ბევრი სადარდებელი აქვს, თავს წარმოიდგენს ახალ ქვეყნიერებაში.