ᲐᲕᲢᲝᲑᲘᲝᲒᲠᲐᲤᲘᲐ
იეჰოვამ შეისმინა ჩემი ლოცვები
ᲐᲠᲐᲡᲓᲠᲝᲡ დამავიწყდება ის ღამე, როცა იეჰოვას პირველად მივმართე ლოცვით. მაშინ, სულ რაღაც, 10 წლის ვიყავი. იმ ღამით ვარსკვლავებით მოჭედილ ცას ავხედე, მუხლი მოვიყარე და იეჰოვას გული გადმოვუღვარე. სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი ლოცვების მომსმენ ღმერთთან ჩემს მეგობრობას (ფსალმ. 65:2). არადა ის სულ ახალი გაცნობილი მყავდა. ნება მიბოძეთ, გიამბოთ, რატომ მივმართე იეჰოვას ლოცვით.
ᲔᲠᲗᲛᲐ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲐᲛ ᲩᲕᲔᲜᲘ ᲪᲮᲝᲕᲠᲔᲑᲐ ᲨᲔᲪᲕᲐᲚᲐ
დავიბადე 1929 წლის 22 დეკემბერს ბელგიის არდენებში, ქალაქ ბასტონის სიახლოვეს პატარა სოფელ ნოვილში. ჩვენს სოფელში სულ ცხრა ოჯახი ვცხოვრობდით და ერთმანეთს ყველა მხარში ვედექით. მე და ჩემი პატარა ძმა რაიმონდი მშობლებს ყოველდღე ვეხმარებოდით სოფლის საქმეში — ძროხებსაც ვწველიდით და მოსავალსაც ვიღებდით. სოფლად გატარებული ბავშვობა ძალიან ტკბილად მახსენდება.
ჩემი მშობლები, ემილი და ალისი, ღრმად მორწმუნეები იყვნენ და კათოლიკურ ეკლესიაში ყოველ კვირას დადიოდნენ წირვაზე. თუმცა ერთმა შეხვედრამ ჩვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. 1939 წლისთვის ჩვენს სოფელში ინგლისიდან პიონერები ჩამოვიდნენ და მამას შესთავაზეს, რომ გამოეწერა ჟურნალი „ნუგეში“ (დღევანდელი ჟურნალი „გამოიღვიძეთ!“). მამა მალევე მიხვდა, რომ ჭეშმარიტება იპოვა და ბიბლიის კითხვა დაიწყო. ამის შემდეგ მან ეკლესიაში სიარული შეწყვიტა, რასაც ჩვენი სამეზობლოსგან სასტიკი წინააღმდეგობა მოჰყვა. ისინი გამუდმებით ეკამათებოდნენ და ზეწოლას ახდენდნენ მასზე.
მამა ძალიან მეცოდებოდა. სწორედ ეს გახდა იმის მიზეზი, რომ იმ ღამით იეჰოვას მუხლმოყრილმა გადავუშალე გული. მანაც შეისმინა ჩემი ლოცვა და, საბედნიეროდ, დროთა განმავლობაში წინააღმდეგობამ იკლო. მომხდარმა დამარწმუნა, რომ იეჰოვა ლოცვების მომსმენი ღმერთია.
ᲛᲔᲝᲠᲔ ᲛᲡᲝᲤᲚᲘᲝ ᲝᲛᲘ
1940 წლის 10 მაისს ნაცისტური გერმანია ბელგიას დაესხა თავს, რის გამოც ბევრს მოუწია ქვეყნის დატოვება. ჩვენ სამხრეთ საფრანგეთში გავიქეცით. თუმცა გერმანიასა და საფრანგეთს შორისაც გაცხარებული ბრძოლა მიმდინარეობდა, ამიტომ გზაში არაერთხელ გავხდით მათი შეტაკებების მოწმენი.
რაღაც პერიოდის შემდეგ შევძელით სახლში დაბრუნება, თუმცა ოთხი კედლის გარდა აღარაფერი დაგვხვდა. იქ მხოლოდ ჩვენი ძაღლი ბობი გველოდებოდა. მოსვენებას არ მაძლევდა იმაზე ფიქრი, რატომ ხდებოდა ომები და რატომ იტანჯებოდა ხალხი.
იმ პერიოდში რამდენჯერმე მოგვინახულა ძმა ემილი შრანცმა, რომელიც პიონერად და უხუცესად მსახურობდა. მან ბიბლიიდან დამანახვა, რატომ ვიტანჯებით ადამიანები და ბევრ სხვა კითხვაზეც გამცა პასუხი. მასთან ურთიერთობა მთელი ჩვენი ოჯახისთვის დროული აღმოჩნდა, მე კი დამეხმარა, იეჰოვას უფრო დავახლოებოდი და დავრწმუნებულიყავი, რომ ის მოსიყვარულე ღმერთია.
ომი კვლავ მძვინვარებდა, მაგრამ მაინც ვახერხებდით და-ძმებთან ურთიერთობას. 1943 წლის აგვისტოში ჩვენთან ერთი ძმა, ჟოზე-ნიკოლა მინა, ჩამოვიდა მოხსენებით. მან ასეთი კითხვით მოგვმართა: „ვის გინდათ მონათვლა?“. მამამ მაშინვე აიწია ხელი და მეც ასე მოვიქეცი. ამის შემდეგ ორივენი ჩვენს სახლთან ახლოს მდინარეში მოვინათლეთ.
1944 წლის დეკემბერში გერმანიამ უკანასკნელი მასობრივი იერიში მიიტანა დასავლეთის ფრონტზე. ეს შეტევა „არდენების ოპერაციის“ სახელითაა ცნობილი. ჩვენ ფრონტის ხაზთან ახლოს ვცხოვრობდით, ამიტომ ერთი თვე სარდაფს ვაფარებდით თავს. ერთ დღეს გარეთ გამოვედი, რომ საქონლისთვის საჭმელი მეჭმია. მოულოდნელად ჩვენს ფერმას ჭურვები დაუშინეს. ამ დროს ერთმა ამერიკელმა ჯარისკაცმა დამიყვირა: „დაწექი!“. მეც მასთან მივირბინე და მის გვერდით გავწექი, მან კი თავისი ჩაფხუტი დამახურა. საბედნიეროდ, აფეთქების შედეგად ბეღლის სახურავის გარდა არაფერი დაზიანებულა.
ᲣᲤᲠᲝ ᲛᲔᲢᲐᲓ ᲕᲣᲐᲮᲚᲝᲕᲓᲔᲑᲘ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ
ომის შემდეგ შემოსავლების სამსახურში დავიწყე მუშაობა და პარალელურად იურიდიულ განათლებასაც ვიღებდი. მოგვიანებით ნოტარიუსის მდივნად ვმუშაობდი. იმ წლებში აქტიური ურთიერთობა გვქონდა ლიეჟის კრების და-ძმებთან. ლიეჟი ჩვენგან 90 კილომეტრში მდებარეობდა. დროთა განმავლობაში შევძელით, რომ ბასტონში პატარა ჯგუფი ჩამოგვეყალიბებინა. 1951 წელს იქ სარაიონო კონგრესიც ჩავატარეთ, რომელსაც სადღაც 100 ადამიანი დაესწრო. კონგრესზე ერთი გულანთებული პიონერი და, ელი როიტერი, გავიცანი. კონგრესს რომ დასწრებოდა, მას
50 კილომეტრი მოუწია ველოსიპედით სიარული. მე და ელის ერთმანეთი შეგვიყვარდა და რაღაც დროის შემდეგ დავინიშნეთ. ელის „გალაადის“ სკოლიდან მოწვევა ჰქონდა მიღებული, ამიტომ მთავარ სამმართველოს მისწერა და აუხსნა, რატომ ვერ შეძლებდა სკოლის გავლას. საპასუხოდ მან ძმა ნეითან ნორისგან, რომელიც იმ დროს ჩვენს საქმიანობას უწევდა ხელმძღვანელობას, ძალიან თბილი წერილი მიიღო. ის ელის სწერდა, იქნებ ერთ დღეს შენ და შენმა მეუღლემ ერთად გაიაროთო სკოლა. ჩვენ 1953 წლის თებერვალში ვიქორწინეთ.იმავე წელს დავესწარით ნიუ-იორკში იანკის სტადიონზე გამართულ კონგრესს, „ახალი ქვეყნიერების საზოგადოება“. იქ გავიცანი ერთი ძმა, რომელმაც კარგი სამსახური შემომთავაზა. თუმცა ამისთვის შეერთებულ შტატებში უნდა გადავსულიყავი. მე და ელიმ ვილოცეთ და ამ საკითხზე იეჰოვას ვთხოვეთ ხელმძღვანელობა. საბოლოოდ გადავწყვიტეთ, უარი გვეთქვა შემოთავაზებაზე და ბასტონში ჩვენი პატარა ჯგუფის დასახმარებლად დავბრუნებულიყავით, რომელშიც 10 მაუწყებელი მსახურობდა. 1954 წელს ბიჭი გვეყოლა, სერჟი. თუმცა შვიდ თვეში ავადმყოფობის გამო ხელიდან გამოგვეცალა. ამ ტკივილის ატანაში ლოცვა და მკვდრეთით აღდგომის იმედი გვეხმარებოდა.
ᲡᲠᲣᲚᲘ ᲓᲠᲝᲘᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐ
1961 წლის ოქტომბერში ნახევარგანაკვეთიანი სამუშაო ვიპოვე, რაც პიონერად მსახურების დაწყების შესაძლებლობას მაძლევდა. თუმცა იმავე დღეს, როცა ეს სამსახური გამოჩნდა, ბელგიის ფილიალის მსახურმა დამირეკა და მკითხა, შემეძლო თუ არა, სარაიონო მსახურებას შევდგომოდი. რაკი ჯერ პიონერად არ ვმსახურობდით, ვთხოვეთ, რომ თუ შესაძლებელი იქნებოდა, ჯერ ამ სახის მსახურებაში მოგვესინჯა ჩვენი თავი, რაზეც უარი არ გვითხრეს. პიონერად რვა თვე ვიმსახურეთ, რის შემდეგაც, 1962 წლის სექტემბერში, სარაიონო მსახურებას შევუდექით.
ორი წლის შემდეგ, 1964 წლის ოქტომბერში, ბეთელში მიგვიწვიეს. 1965 წელს ჩვენი ფილიალი ძმა ნეითან ნორმა მოინახულა, რის შემდეგაც მალევე ფილიალის მსახურად დავინიშნე. ეს ჩემთვის ძალიან მოულოდნელი იყო, თუმცა, რა თქმა უნდა, დიდ პატივად მივიჩნევდი ამ დავალების შესრულებას. მოგვიანებით მე და ელი სკოლა „გალაადის“ 41-ე კლასში მიგვიწვიეს. ესეც უზომოდ სასიხარულო მოვლენა იყო ჩვენს ცხოვრებაში. რას წარმოვიდგენდით, რომ ასე აგვიხდებოდა ნეითან ნორის სიტყვები, 13 წლით ადრე რომ მისწერა ელის. სკოლის დასრულების შემდეგ ისევ ბელგიის ბეთელში გავაგრძელეთ მსახურება.
ᲦᲕᲗᲘᲡ ᲮᲐᲚᲮᲘᲡ ᲣᲤᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲓᲐᲪᲕᲐ
მიხარია, რომ იურიდიული განათლება და-ძმების უფლებების დასაცავადაც გამომადგა (ფილ. 1:7). წლების მანძილზე 55-ზე მეტი ქვეყნის თანამდებობის პირებს შევხვდი. ამ ქვეყნებში ჩვენი საქმიანობა ან შეზღუდული იყო, ან აკრძალული. მათ რომ ვხვდებოდი, თავს იურისტად კი არა, ღვთის მსახურად ვაცნობდი. ასეთი დავალებების შესრულების დროს ყოველთვის იეჰოვას ვთხოვდი ხელმძღვანელობას, რადგან კარგად მესმოდა იგავების 21:1-ში ჩაწერილი სიტყვების ჭეშმარიტება: „მეფის გული იეჰოვას ხელში წყლის ნაკადივითაა; საითაც უნდა, იქით მიუშვებს“.
დღემდე მახსოვს შეხვედრა ერთ ევროპარლამენტართან, რომელთანაც არაერთი მცდელობის შემდეგ ძლივს შევძელი გასაუბრება. როცა შევხვდით, მითხრა, ხუთ წუთს გაძლევ და არცერთი წამით მეტსო. მაშინვე თავი ჩავხარე და გულში ლოცვა დავიწყე, რაზეც პარლამენტარმა შეშფოთებულმა მკითხა, რას აკეთებო. ვუპასუხე, ღმერთს მადლობას ვუხდი, მის მსახურს რომ შემახვედრა-მეთქი. ის ვერ მიხვდა, რას ვგულისხმობდი, ამიტომ რომაელების 13:4 წავუკითხე. ეს კაცი პროტესტანტი იყო და ბიბლიიდან წაკითხულმა მასზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა. საბოლოოდ, ჩვენ შორის ძალიან კარგი საუბარი შედგა. თანაც ხუთი წუთი კი არა, მთელი ნახევარი საათი დამითმო. ისიც კი მითხრა, რომ იეჰოვას მოწმეებს დიდ პატივს სცემდა.
წლების მანძილზე იეჰოვას დახმარებით ევროპაში არაერთი სასამართლო საქმე მოვიგეთ. ეს საქმეები ეხებოდა ისეთ საკითხებს, როგორებიცაა, მაგალითად, ქრისტიანული ნეიტრალიტეტი, მეურვეობა და გადასახადები. ბედნიერი ვარ, რომ პატივი მხვდა წილად, ბევრ მათგანში უშუალოდ მიმეღო მონაწილეობა. წარმოიდგინეთ, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოწმეებმა 140-ზე მეტი გამარჯვება მოვიპოვეთ!
ᲛᲔᲢᲘ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲚᲔᲑᲐ ᲙᲣᲑᲐᲨᲘ
1990-იან წლებში ხელმძღვანელმა საბჭომ სამ ძმას დაგვავალა, რომ კუბაში მცხოვრებ და-ძმებს დავხმარებოდით, რადგან იქ ჩვენი საქმიანობა შეზღუდული იყო. ამ საქმეზე ჩემთან ერთად მუშაობდა ძმა ფილიპ ბრამლი მთავარი სამმართველოდან და ძმა ვალტერ ფარნეტი იტალიის ფილიალიდან. კუბაში ჩვენს საქმიანობაზე შეზღუდვები იმიტომ იყო დაწესებული, რომ ხელისუფლებას არასწორი ინფორმაცია ჰქონდა ჩვენზე. ამიტომ ბელგიაში კუბის საელჩოს მივწერე და რომელიმე თანამშრომელთან შეხვედრა მოვითხოვე. თუმცა საელჩოს წარმომადგენელთან პირველი შეხვედრა დიდად შედეგიანი არ აღმოჩნდა.
იეჰოვას მივმართავდით დახმარებისთვის, რის შემდეგაც კუბის ხელისუფლებას ნებართვა ვთხოვეთ, რომ ქვეყანაში 5 000 ბიბლია შეგვეტანა. საბედნიეროდ, თანხმობა მივიღეთ და ჩვენც მაშინვე გავუგზავნეთ და-ძმებს ბიბლიები. რაკი ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მივხვდით, რომ იეჰოვა მხარს გვიჭერდა ამ საქმეში. ამიტომ კიდევ ერთხელ მივმართეთ კუბის ხელისუფლებას თხოვნით და ქვეყანაში კიდევ 27 500 ბიბლიის შეტანის უფლება ვითხოვეთ. ჩვენდა გასახარად, არც ამაზე გვითხრეს უარი. უზომოდ მაბედნიერებდა ის ფაქტი, რომ კუბელ და-ძმებს ახლა უკვე ბიბლიის პირადი ეგზემპლარები ჰქონდათ და ამაში მეც შევიტანე ჩემი პატარა წვლილი.
და-ძმებს ნაკლები შეზღუდვები რომ ჰქონოდათ, უშუალოდ კუბაშიც არაერთხელ ჩავედი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შესახვედრად. ასეთმა შეხვედრებმა ჩვენ შორის კარგ ურთიერთობებს შეუწყო ხელი.
ᲠᲣᲐᲜᲓᲔᲚᲘ ᲓᲐ-ᲫᲛᲔᲑᲘᲡ ᲛᲮᲐᲠᲓᲐᲭᲔᲠᲐ
1994 წელს რუანდაში ტუტსი ხალხის გენოციდის დროს 1 000 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის ჩვენი და-ძმებიც. მალევე ორგანიზება გაეწია, რომ მათთვის ჰუმანიტარული დახმარება ჩაგვეტანა.
როცა დედაქალაქ კიგალიში ჩავედით, მთარგმნელობითი ოფისი და ლიტერატურის საწყობი სულ დაცხრილული დაგვხვდა. არაერთი შემზარავი ისტორია მოვისმინეთ, თუ როგორ უმოწყალოდ დახოცეს და-ძმები მაჩეტეთი. თუმცა იმასაც ვიგებდით, როგორ ავლენდნენ ისინი ამ საშინელ პერიოდში ერთმანეთის მიმართ სიყვარულს. მაგალითად, შევხვდით ერთ ტუტსი ძმას, რომელსაც 28 დღე მალავდნენ ორმოში ჰუტუ თანაქრისტიანები. და-ძმები რომ გაგვემხნევებინა და გვენუგეშებინა, კიგალიში შეხვედრა ჩავატარეთ, რომელსაც 900-ზე მეტი კაცი დაესწრო.
ამის შემდეგ მეზობელ ზაირიში (დღევანდელი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკა) გადავედით, რადგან ვიცოდით, რომ იქ ქალაქ გომასთან ახლოს ლტოლვილთა ბანაკს ბევრმა რუანდელმა მოწმემ შეაფარა თავი. თუმცა ბევრი ძებნის მიუხედავად ვერავის ვპოულობდით, ამიტომ იეჰოვას ვთხოვეთ, მათთან მივეყვანეთ. ამ დროს დავინახეთ, რომ ერთი მამაკაცი ჩვენკენ მოდიოდა და ვკითხეთ, იეჰოვას მოწმეებს ხომ არ იცნობდა. მან გვითხრა, რომ თავად იყო იეჰოვას მოწმე და დაზარალებულთა დახმარების კომიტეტს შეგვახვედრებდა. ამ ძმებს რომ შევხვდით, გამამხნევებელი აზრები გავუზიარეთ, შემდეგ კი დაახლოებით 1 600 და-ძმა მოვინახულეთ, რათა ისინიც გვენუგეშებინა. მათ ხელმძღვანელი საბჭოს წერილიც წავუკითხეთ. ისინი განსაკუთრებით ანუგეშა შემდეგმა სიტყვებმა: „სულ თქვენზე ვლოცულობთ. დარწმუნებული ვართ, იეჰოვა არ მიგატოვებთ“. იეჰოვას მართლაც არ მიუტოვებია ისინი, რაზეც ისიც მოწმობს, რომ დღეს რუანდაში 30 000-ზე მეტი იეჰოვას მოწმე სიხარულით ემსახურება მას.
ᲑᲝᲚᲝᲛᲓᲔ ᲕᲣᲔᲠᲗᲒᲣᲚᲔᲑ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ
2011 წელს, დაქორწინებიდან დაახლოებით 58 წლის შემდეგ, ჩემი ძვირფასი მეუღლე ელი ხელიდან გამომეცალა. იეჰოვას ვუშლიდი გულს და ისიც მანუგეშებდა. სხვებთან სასიხარულო ცნობის ქადაგებაც მიმსუბუქებდა დარდს.
მართალია, 90 წელს ვარ გადაცილებული, მაგრამ დღემდე ყოველკვირა ვქადაგებ. მიხარია, რომ კვლავაც შემიძლია ბელგიის ფილიალში იურიდიულ განყოფილებასთან ვითანამშრომლო, სხვებს ჩემი გამოცდილება გავუზიარო და ახალგაზრდა ბეთელელები გავამხნევო.
იეჰოვასთან ჩემი მეგობრობა 84 წლის წინ დაიწყო, როცა მას პირველად მივმართე ლოცვით. წლების სვლასთან ერთად კი ეს ურთიერთობა სულ უფრო გაღრმავდა. უზომოდ მადლიერი ვარ იეჰოვასი, რომ დღემდე ისმენს ჩემს ლოცვებს (ფსალმ. 66:19). a
a ძმა მარსელ ჟილე ამ სტატიის მომზადების დროს, 2023 წლის 4 თებერვალს, გარდაიცვალა.