ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 26
იეჰოვას სიყვარული შიშის დაძლევაში დაგვეხმარება
„იეჰოვაა ჩემ გვერდით, არ შემეშინდება“ (ᲤᲡᲐᲚᲛ. 118:6).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 105 „ღმერთი სიყვარულია“
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a
1. რა შეიძლება გახდეს ჩვენი შიშის მიზეზი?
ᲜᲔᲡᲢᲝᲠᲡᲐ და მის ცოლს, მარიას, იქ სურდათ მსახურება, სადაც მქადაგებლების საჭიროება იყო. b მათ ესმოდათ, რომ ამ მიზნის მისაღწევად ცხოვრება უნდა გაემარტივებინათ. თუმცა ისიც აფიქრებდათ, როგორ შეეგუებოდნენ ხელმომჭირნედ ცხოვრებას. ბინიამი ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც იეჰოვას მოწმეების საქმიანობა შეზღუდულია. ამიტომ, როცა მოწმე გახდა, იცოდა, რომ დევნას თავადაც შეხვდებოდა. მართალია, ეშინოდა ამის, მაგრამ უფრო მეტად ის აშინებდა, როგორი რეაქცია ექნებოდა მის ოჯახს მის ახალ მრწამსზე. ვალერიას კიბოს აგრესიული ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. თავიდან მას გაუჭირდა ისეთი ქირურგის პოვნა, რომელიც გაითვალისწინებდა მის ბიბლიურ პოზიციას და სისხლის გადასხმის გარეშე ჩაუტარებდა ოპერაციას. ამიტომ, რა გასაკვირია, რომ მას სიკვდილის ეშინოდა.
2. რატომ უნდა ვისწავლოთ შიშის მართვა?
2 მსგავსი შიში ალბათ ბევრ ჩვენგანს გაგვჩენია. მაგრამ თუ არ ვისწავლით შიშის მართვას, დიდი ალბათობით ისეთ გადაწყვეტილებებს მივიღებთ, რომლებიც იეჰოვასთან გაგვიფუჭებს ურთიერთობას. სატანასაც ეს უნდა. ის ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს ჩვენი შიში და იეჰოვას კანონი დაგვარღვევინოს, მათ შორის მითითება სასიხარულო ცნობის ქადაგების შესახებ (გამოცხ. 12:17). მართალია, სატანა ბოროტი, დაუნდობელი და ძლიერია, მაგრამ ჩვენ მის წინაშე უმწეო მსხვერპლი არ ვართ. როგორ შეგვიძლია თავი დავიცვათ მისგან?
3. რა დაგვეხმარება შიშის დაძლევაში?
3 თუ დარწმუნებული ვართ იეჰოვას სიყვარულსა და მხარდაჭერაში, სატანა ჩვენი დაშინებით ვერაფერს მიაღწევს (ფსალმ. 118:6). ამაზე მოწმობს 118-ე ფსალმუნის დამწერის გამოცდილება. ის ცხოვრებაში ბევრ სირთულეს შეხვდა. მას ბევრი ძლიერი მტერი ჰყავდა (მუხლები 9, 10). ზოგჯერ მას სერიოზულ დაბრკოლებებს უქმნიდნენ (მუხლი 13). გარდა ამისა, იეჰოვამაც მკაცრად დასაჯა (მუხლი 18). ამ ყველაფრის მიუხედავად ფსალმუნმომღერალმა ასეთი სიტყვები დაწერა: „არ შემეშინდება“. რატომ გრძნობდა ის თავს ასე დაცულად და უსაფრთხოდ? მას ეჭვი არ ეპარებოდა ზეციერი მამის სიყვარულში მიუხედავად იმისა, რომ დაისაჯა. ფსალმუნმომღერალი დარწმუნებული იყო, რომ მოსიყვარულე ღმერთი ნებისმიერ სიტუაციაში დაეხმარებოდა (ფსალმ. 118:29).
4. რის შიშს დავძლევთ, თუ გვჯერა, რომ ღმერთს ვუყვარვართ?
4 დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ იეჰოვას ვუყვარვართ. ეს დაგვეხმარება, დავძლიოთ სამი რამის შიში, რაც ყველაზე ხშირად შეიძლება დაგვეუფლოს: 1) შიში იმისა, რომ ვერ შევძლებთ ოჯახის რჩენას, 2) კაცთმოშიშება და 3) სიკვდილის შიში. პირველ აბზაცში მოხსენიებულმა ქრისტიანებმა დაძლიეს თავიანთი შიში, რადგან დარწმუნებული იყვნენ ღვთის სიყვარულში.
ᲔᲙᲝᲜᲝᲛᲘᲙᲣᲠᲘ ᲒᲐᲭᲘᲠᲕᲔᲑᲘᲡ ᲨᲘᲨᲘ
5. რამ შეიძლება გაუჩინოს თავსატეხი ოჯახისთავს? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
5 ქრისტიანი მამაკაცები სერიოზულად ეკიდებიან ოჯახის რჩენის პასუხისმგებლობას (1 ტიმ. 5:8). თუ ოჯახისთავი ხართ, შესაძლოა პანდემიამ თქვენც დაგაყენათ უმუშევრობის საფრთხის წინაშე. შეიძლება იმაზე ფიქრი გაწუხებთ, რა აჭამოთ ოჯახს და როგორ გადაიხადოთ ქირა თუ სესხი. შეიძლება ისიც გაფიქრებთ, თუ სამსახურს დაკარგავთ, ახალ სამუშაოს როგორ იშოვით. ან შეიძლება ნესტორისა და მარიას მსგავსად ფიქრობთ, რომ ხელმომჭირნედ ცხოვრება გაგიჭირდებათ. სატანა წარმატებით იყენებს ასეთ შიშს ადამიანების სამართავად.
6. რა უნდა სატანას, რომ დაგვაჯეროს?
6 სატანას სურს, დაგვაჯეროს, რომ იეჰოვას არ ადარდებს ჩვენი მდგომარეობა და თუ ოჯახის რჩენა გვინდა, ისევ ჩვენი თავის იმედად უნდა ვიყოთ. თუ სატანამ ეს დაგვაჯერა, არაფერზე დავიხევთ უკან და შეიძლება ბიბლიური პრინციპებიც კი დავარღვიოთ, ოღონდ სამსახური შევინარჩუნოთ.
7. რაში დაგვარწმუნა იესომ?
7 იესომ, რომელიც ყველაზე ახლოს იცნობს მამას, დაგვარწმუნა: „ღმერთმა, თქვენმა მამამ, მანამდე იცის, რა გჭირდებათ, სანამ სთხოვთ“ (მათ. 6:8). იესომ იმაშიც დაგვარწმუნა, რომ იეჰოვა მზად არის ჩვენ დასახმარებლად. ჩვენ, ქრისტიანები, ღვთის დიდი ოჯახის წევრები ვართ. დარწმუნებული ვართ, რომ ამ ოჯახის თავი, იეჰოვა, თავადვე უერთგულებს იმ პრინციპს, რომელიც 1 ტიმოთეს 5:8-შია მოცემული.
8. ა) როგორ დავძლიოთ იმის შიში, რომ ოჯახის რჩენას ვერ შევძლებთ? (მათე 6:31—33). ბ) როგორ შეგვიძლია მივბაძოთ სურათზე ნაჩვენებ ცოლ-ქმარს, რომელსაც საკვები მიაქვს თანაქრისტიანისთვის?
8 თუ დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვას ვუყვარვართ ჩვენც და ჩვენი ოჯახიც, აღარ გვიჭირს იმის დაჯერება, რომ ის იზრუნებს ჩვენს საჭიროებებზე (წაიკითხეთ მათეს 6:31—33). იეჰოვას ნამდვილად სურს, რომ აუცილებელი არ მოგვაკლოს. ამაში გვარწმუნებს ისიც, თუ როგორ შექმნა დედამიწა. იეჰოვამ მხოლოდ იმაზე კი არ იზრუნა, რომ ელემენტარული მოთხოვნილებები დაგვეკმაყოფილებინა, არამედ დედამიწა აავსო იმით, რაც სიამოვნებას მოგვანიჭებდა (დაბ. 2:9). თუმცა დღევანდელი რეალობიდან გამომდინარე ზოგჯერ მხოლოდ იმდენი გვაქვს, რომ თავის გასატანად გვყოფნის. ამ დროსაც უნდა გვახსოვდეს, რომ იეჰოვა ზრუნავს იმაზე, რომ ელემენტარული მაინც გვქონდეს (მათ. 6:11). ისიც გვახსოვდეს, რომ რაც არ უნდა დავთმოთ იეჰოვასთვის, არაფერია იმასთან შედარებით, რასაც მოსიყვარულე ზეციერი მამა დღეს გვაძლევს და მომავალში მოგვცემს. ამაში ნესტორი და მარიაც დარწმუნდნენ (ეს. 65:21, 22).
9. რას ვსწავლობთ ნესტორისა და მარიასგან?
9 ზემოთ მოხსენიებული ნესტორი და მარია, რომლებიც კოლუმბიაში ცხოვრობენ, ფინანსურად უზრუნველყოფილი იყვნენ. მათ უნდოდათ ხარჯების შემცირება და მსახურების გაფართოება, მაგრამ შიშობდნენ, რომ ხელმომჭირნედ ცხოვრება სიხარულს დააკარგვინებდათ. რა დაეხმარა მათ ამ შიშის დაძლევაში? ნესტორმა და მარიამ იმაზე დაიწყეს ფიქრი, რამდენჯერ დაუმტკიცა იეჰოვამ მათ თავისი სიყვარული. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ იეჰოვა ყოველთვის იზრუნებდა მათზე, სამსახურები მიატოვეს, სახლი გაყიდეს და გადავიდნენ ქვეყნის იმ ნაწილში, სადაც მქადაგებლების საჭიროება იყო. როგორ აფასებენ ისინი თავიანთ გადაწყვეტილებას? აი, რას ამბობს ნესტორი: „ჩვენს თავზე გამოვცადეთ, როგორ სრულდება მათეს 6:33. რაც გვჭირდებოდა, ყველაფერი ყოველთვის გვქონდა. ახლა უფრო ბედნიერები ვართ“.
ᲙᲐᲪᲗᲛᲝᲨᲘᲨᲔᲑᲐ
10. რატომ არ არის გასაკვირი, რომ ადამიანებს ეშინიათ ერთმანეთის?
10 „კაცი კაცზე ყოველთვის მძლავრობდა მისდა საზიანოდ“ (ეკლ. 8:9). მაგალითად, უფლებამოსილი პირები ბოროტად იყენებენ ძალაუფლებას, ბოროტმოქმედები ყველანაირ ძალადობას სჩადიან, სკოლაში ბავშვები ერთმანეთს შეურაცხყოფენ და ჩაგრავენ, ზოგი ოჯახის წევრებსაც კი სასტიკად ეპყრობა. რა გასაკვირია, რომ ადამიანებს ერთმანეთის ეშინიათ! როგორ ცდილობს სატანა, სათავისოდ გამოიყენოს ეს შიში?
11, 12. როგორ იყენებს სატანა კაცთმოშიშებას ჩვენ წინააღმდეგ?
11 სატანა კაცთმოშიშებას იმისთვის იყენებს, რომ გვაიძულოს, კომპრომისზე წავიდეთ და დავთმოთ იეჰოვას მსახურება. ის აღძრავს მთავრობებს, რომ აკრძალონ ჩვენი საქმიანობა და შეგვავიწროვონ (ლუკ. 21:12; გამოცხ. 2:10). სატანის ქვეყნიერებაში ბევრი დეზინფორმაციას ან აშკარა სიცრუეს ავრცელებს იეჰოვას მოწმეებზე. ვინც ამას იჯერებს, შეიძლება დაგვცინოს ან ფიზიკურად გაგვისწორდეს (მათ. 10:36). სატანის ეს ტაქტიკა ჩვენთვის სულაც არ არის უცხო და ახალი, რადგან ის პირველ საუკუნეშიც იყენებდა მსგავს მეთოდს (საქ. 5:27, 28, 40).
12 ხელისუფლების მხრიდან დევნის შიში სატანის ერთადერთი იარაღი არ არის. ზოგს ფიზიკური შეურაცხყოფა ისე არ აშინებს, როგორც ოჯახის წევრების რეაქცია მის ახალშეძენილ რწმენაზე. ბუნებრივია, მათ უყვართ თავიანთი ოჯახის წევრები და უნდათ, რომ მათაც გაიცნონ და შეიყვარონ იეჰოვა, მაგრამ გული სტკივათ, როცა ისინი აგდებულად ლაპარაკობენ ღმერთსა და მის თაყვანისმცემლებზე. ზოგჯერ ოჯახის წევრები იცვლიან შეხედულებას და თავადაც ეცნობიან ღმერთს. მაგრამ როგორ მოვიქცევით, თუ ოჯახის წევრები ჩვენი მრწამსის გამო ჩვენთან ყველანაირ ურთიერთობას გაწყვეტენ?
13. რაში დაგვეხმარება იმაში დარწმუნება, რომ ღმერთს ვუყვარვართ? (ფსალმუნი 27:10).
13 ასეთ სიტუაციაში ძალებს გვმატებს სიტყვები, რომლებიც ფსალმუნის 27:10-შია ჩაწერილი (წაიკითხეთ). თუ დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვას ვუყვარვართ, ოჯახის წევრების მხრიდან წინააღმდეგობა აღარ შეგვაშინებს. ისიც ვიცით, რომ ის მოთმინებისთვის დაგვაჯილდოებს. მასზე უკეთ ვერავინ იზრუნებს ჩვენს ფიზიკურ, ემოციურ თუ სულიერ მოთხოვნილებებზე. ამაში თავად დარწმუნდა ზემოთ მოხსენიებული ბინიამი.
14. რას გვასწავლის ბინიამის მაგალითი?
14 ბინიამი იეჰოვას მოწმე გახდა, თუმცა იცოდა, რომ ამის გამო სასტიკ წინააღმდეგობას შეხვდებოდა. როგორ დაეხმარა მას იეჰოვას სიყვარული კაცთმოშიშების დაძლევაში? ბინიამი ამბობს: „დევნა იმაზე უარესი აღმოჩნდა, ვიდრე წარმომედგინა. მაგრამ მთავრობის მხრიდან დევნაზე მეტად ოჯახის წევრების რეაქციის მეშინოდა. იმაზე ვფიქრობდი, როგორ გაუცრუვდებოდა მამაჩემს იმედი, როცა გაიგებდა, რომ იეჰოვას მოწმე გავხდი. მთელი ჩვენი ოჯახი აღარაფრად ჩამაგდებდა“. მაგრამ ბინიამი დარწმუნებული იყო, რომ იეჰოვა ყოველთვის ზრუნავს თავის მოყვარულებზე. ის ამბობს: „ვფიქრობდი, როგორ დაეხმარა იეჰოვა სხვებს, გამკლავებოდნენ ეკონომიკურ სირთულეებს, სხვების უარყოფით აზრს და ჯგუფურ თავდასხმებს. ვიცოდი, რომ იეჰოვა მაკურთხებდა ერთგულებისთვის. არაერთხელ დამაპატიმრეს, მაწამეს კიდეც, მაგრამ საკუთარ თავზე გამოვცადე, როგორ გვეხმარება იეჰოვა, როცა მისი ერთგული ვრჩებით“. ბინიამისთვის იეჰოვა ნამდვილ მამად იქცა, მისი ხალხი კი — ოჯახად.
ᲡᲘᲙᲕᲓᲘᲚᲘᲡ ᲨᲘᲨᲘ
15. რატომ არის ბუნებრივი სიკვდილის შიში?
15 ბიბლია სიკვდილს მტერს უწოდებს (1 კორ. 15:25, 26). იმის გაფიქრებაც კი გვზარავს, რომ ერთ მშვენიერ დღეს შეიძლება ჩვენ ან ჩვენი ახლობლები აღარ ვიყოთ, მით უმეტეს, თუ ოჯახში ვინმე სერიოზულად ავადმყოფობს. რატომ გვაშინებს სიკვდილი? იმიტომ, რომ იეჰოვამ მარადიული სიცოცხლის სურვილი ჩადო ჩვენში (ეკლ. 3:11). თუმცა გარკვეულწილად სიკვდილის შიში გვიცავს კიდეც. სიკვდილის შიში გვიბიძგებს, გავუფრთხილდეთ სიცოცხლეს და სწორად ვიკვებოთ, საკმარისად ვივარჯიშოთ, საჭიროების შემთხვევაში ექიმს მივმართოთ, მივიღოთ მედიკამენტები და დავიცვათ უსაფრთხოების ზომები.
16. როგორ ცდილობს სატანა, ისარგებლოს სიკვდილის შიშით?
16 სატანამ იცის, რომ ჩვენთვის სიცოცხლე ძვირფასია. ის ირწმუნება, რომ სიცოცხლის შესანარჩუნებლად ყველაფერს დავთმობთ, იეჰოვასთან მეგობრობასაც კი (იობ. 2:4, 5). მაგრამ ის მწარედ ცდება! ბიბლიაში მასზე ნათქვამია, რომ „სიკვდილს იწვევს“. ამიტომაც ცდილობს, სიკვდილის შიშით იეჰოვასთვის ზურგი შეგვაქცევინოს (ებრ. 2:14, 15). ზოგჯერ სატანის წაქეზებით ადამიანები იეჰოვას თაყვანისმცემლებს სიკვდილით ემუქრებიან იმ შემთხვევაში, თუ რწმენას არ უარყოფენ. თუ სასწრაფო სამედიცინო დახმარება დაგვჭირდება, სატანამ შეიძლება ამითაც ისარგებლოს, რათა ჩვენი პოზიცია დაგვათმობინოს. ექიმები ან ოჯახის წევრები შეიძლება ეცადონ, სისხლის გადასხმაზე დაგვიყოლიონ, რაც ღვთის კანონის დარღვევა იქნება. ან შეიძლება მკურნალობის ისეთი მეთოდი შემოგვთავაზონ, რომელიც აშკარად ეწინააღმდეგება ბიბლიურ პრინციპებს.
17. რომაელების 8:37—39-ის თანახმად, რატომ არ უნდა გვეშინოდეს სიკვდილის?
17 მართალია, სიკვდილი არავის გვსურს, მაგრამ კარგად გვესმის, რომ რომც დავიღუპოთ, იეჰოვას მაინც ვეყვარებით (წაიკითხეთ რომაელების 8:37—39). იეჰოვა თავის მეგობრებს სიკვდილის შემდეგაც არ ივიწყებს; ისინი თითქოს ცოცხლები არიან მისთვის (ლუკ. 20:37, 38). მას ერთი სული აქვს, რომ სიცოცხლე დაუბრუნოს მათ (იობ. 14:15). იეჰოვამ უდიდესი საფასური გაიღო ჩვენი მარადიული სიცოცხლისთვის (იოან. 3:16). ეჭვი არ გვეპარება იეჰოვას სიყვარულსა და მზრუნველობაში. ამიტომ, როცა ავად ვართ ან ჩვენს სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება, ზურგს კი არ ვაქცევთ იეჰოვას, პირიქით, შევთხოვთ, რომ გვანუგეშოს, სიბრძნე მოგვცეს და ძალა შეგვმატოს. სწორედ ასე მოიქცნენ ვალერია და მისი ქმარი (ფსალმ. 41:3).
18. რას ვსწავლობთ ვალერიასგან?
18 ვალერია 35 წლის იყო, როცა მას კიბოს აგრესიული და იშვიათი ფორმის დიაგნოზი დაუსვეს. როგორ დაეხმარა მას იეჰოვას სიყვარული სიკვდილის შიშის დაძლევაში? აი, რას ამბობს ის: «კიბოს დიაგნოზმა ჩვენი ცხოვრება თავდაყირა დააყენა. სერიოზული ოპერაცია მჭირდებოდა. ბევრ ქირურგთან გავიარე კონსულტაცია, მაგრამ ყველა მათგანი უარს ამბობდა სისხლის გადასხმის გარეშე ოპერაციის ჩატარებაზე. მართალია, მეშინოდა, მაგრამ ღვთის კანონს არ დავარღვევდი და არ დავთანხმდებოდი სისხლის გადასხმაზე. ცხოვრების მანძილზე იეჰოვამ არაერთხელ დამარწმუნა თავის სიყვარულში. ახლა კი ჯერი ჩემზე იყო, მე უნდა დამემტკიცებინა მისთვის სიყვარული. ყოველთვის, როცა ექიმებისგან ცუდ ამბავს ვიგებდი, იმის სურვილი მიძლიერდებოდა, რომ წინააღმდეგობა გამეწია სატანისთვის და იეჰოვას გული გამეხარებინა. ბოლოს სისხლის გადასხმის გარეშე წარმატებით ჩამიტარდა ოპერაცია. მართალია, ჯანმრთელობის პრობლემები დღესაც მაქვს, მაგრამ ვხედავთ, როგორ გვაძლევს იეჰოვა ყველაფერს, რაც გვჭირდება. მაგალითად, დიაგნოზის დასმამდე რამდენიმე დღით ადრე კრების შეხვედრაზე განვიხილეთ სტატია „გაბედულად გავუმკლავდეთ დღეს არსებულ სირთულეებს“. c ამ დროულმა სტატიამ მართლაც ძალიან გვანუგეშა. არაერთხელ გადავიკითხეთ. მსგავსი სტატიები და კარგი სულიერი განრიგი მე და ჩემს მეუღლეს გვეხმარება, მივიღოთ გონივრული გადაწყვეტილებები, შევინარჩუნოთ შინაგანი სიმშვიდე და სულიერი წონასწორობა».
ᲨᲘᲨᲘᲡ ᲓᲐᲫᲚᲔᲕᲐ
19. რა მოხდება მალე?
19 იეჰოვას დახმარებით მთელ მსოფლიოში ჩვენი და-ძმები წარმატებით უმკლავდებიან სირთულეებს და წინააღმდეგობას უწევენ ეშმაკს (1 პეტ. 5:8, 9). ამას თქვენც შეძლებთ. ძალიან მალე იეჰოვას მითითებით იესო და მისი თანამმართველები მოსპობენ „ეშმაკის საქმეებს“ (1 იოან. 3:8). ამის შემდეგ დედამიწაზე ღვთის თაყვანისმცემლებს აღარაფერი შეაშინებთ და აღარც არაფერი შეაძრწუნებთ (ეს. 54:14; მიქ. 4:4). მაგრამ სანამ ეს დრო დადგება, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ ჩვენ-ჩვენი შიშის დასაძლევად.
20. რა დაგვეხმარება შიშის დაძლევაში?
20 უნდა განვიმტკიცოთ იმის რწმენა, რომ იეჰოვას უყვარს თავისი მსახურები და მზად არის მათ დასაცავად. თუ ვიფიქრებთ და სხვებთან ვისაუბრებთ იმაზე, როგორ იცავდა იეჰოვა თავის მსახურებს წარსულში, რწმენა განგვიმტკიცდება. ამასთანავე ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, პირადად ჩვენ როგორ გადაგვატანინა იეჰოვამ რთული სიტუაციები. მისი დახმარებით შევძლებთ შიშის დაძლევას (ფსალმ. 34:4).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 129 ბოლომდე მოვითმენთ
a შიში ბუნებრივი გრძნობაა, რომელიც საფრთხისგან გვიცავს. მაგრამ ზოგჯერ შიში შეიძლება ჩვენთვის საზიანოც იყოს. სატანა ცდილობს, სათავისოდ გამოიყენოს ჩვენში ჩადებული ეს ბუნებრივი გრძნობა. ამიტომ ყველანაირად უნდა ვეცადოთ, რომ ვმართოთ ჩვენი შიში. რა დაგვეხმარება ამაში? ამ სტატიიდან დავინახავთ, რომ თუ დარწმუნებული ვართ იეჰოვას მხარდაჭერასა და სიყვარულში, ნებისმიერ შიშს დავძლევთ.
b ზოგი სახელი შეცვლილია.