არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიოგრაფია

იეჰოვამ ყველანაირ გასაჭირში მანუგეშა

იეჰოვამ ყველანაირ გასაჭირში მანუგეშა

მდინარე ინდის დასავლეთ სანაპიროზე, რომელიც დღეს პაკისტანის ნაწილია, გაშენებულია უძველესი ქალაქი სუკური. სწორედ იქ მოვევლინე ქვეყანას 1929 წლის 9 ნოემბერს. ჩემს მშობლებს სხვადასხვა ფერის წიგნები ჰქონდათ, რომლებიც იმ პერიოდში ინგლისელმა მისიონერმა დაუტოვა მათ. ბიბლიაზე დაფუძნებულმა ამ წიგნებმა დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ იეჰოვას მსახური გავმხდარიყავი.

ამ წიგნების ნაკრებს ცისარტყელა ერქვა. მათში მოცემულმა ცოცხალმა ილუსტრაციებმა წარმოსახვა გამიმდიდრა. შედეგად, ბავშვობიდანვე გამიჩნდა იმ ბიბლიური საკითხებისადმი ინტერესი, რომლებზეც იმ შესანიშნავ წიგნებში იყო საუბარი.

როცა ინდოეთი მეორე მსოფლიო ომის ქარცეცხლში გაეხვა, ისეთი შეგრძნება დამეუფლა, რომ ყველაფერი თავდაყირა დადგა. ჩემი მშობლები დაშორდნენ ერთმანეთს, შემდეგ კი განქორწინდნენ. არ მესმოდა, რატომ მიატოვეს ერთმანეთი ჩემთვის უსაყვარლესმა ადამიანებმა. თავს მიტოვებულად და განადგურებულად ვგრძნობდი. ვინაიდან დედისერთა ვიყავი, არავინ მყავდა ნუგეშისმცემელი და მხარდამჭერი, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა.

მაშინ მე და დედაჩემი დედაქალაქ კარაჩიში ვცხოვრობდით. ერთ დღეს ასაკოვანი ექიმი ფრედ ჰარდეიკერი გვესტუმრა. იმ მისიონერის მსგავსად, რომელმაც ზემოხსენებული წიგნები დაუტოვა ჩემს მშობლებს, ისიც იეჰოვას მოწმე იყო. მან დედაჩემს ბიბლიის შესწავლა შესთავაზა. დედას არ უნდოდა, მაგრამ უთხრა, რომ შეიძლებოდა მე დავინტერესებულიყავი. მომდევნო კვირიდანვე დავიწყე შესწავლა ძმა ჰარდეიკერთან.

რამდენიმე კვირის შემდეგ ქრისტიანულ შეხვედრას დავესწარი. ეს შეხვედრები, რომლებსაც დაახლოებით 12 ასაკოვანი მოწმე ესწრებოდა, ამ ძმის კლინიკაში ტარდებოდა. და-ძმებმა მანუგეშეს და შვილივით მიმიღეს. თბილად მახსენდება, როგორ ჩაიცუცქებოდნენ ხოლმე ჩემ წინ, თვალებში მიყურებდნენ და ნამდვილი მეგობრებივით მესაუბრებოდნენ, რაც ასე ძალიან მჭირდებოდა იმ დროს.

მალე ძმა ჰარდეიკერმა მსახურებაში წამიყვანა. მან მასწავლა პატეფონის ჩართვა, რათა მსახურების დროს ხალხისთვის მოკლე ბიბლიური მოხსენებები მოგვესმენინებინა. რამდენიმე მოხსენება საკმაოდ პირდაპირი იყო, ამიტომ ზოგიერთ მობინადრეს არ მოსწონდა ისინი. თუმცა მე ძალიან მომწონდა ქადაგება, აღფრთოვანებული ვიყავი ჭეშმარიტებით და მსიამოვნებდა ამაზე სხვებთან საუბარი.

როცა იაპონიის ჯარები ინდოეთში შემოსაჭრელად ემზადებოდნენ, ბრიტანელმა უფლებამოსილმა პირებმა იეჰოვას მოწმეებზე ზეწოლა გააძლიერეს. ეს მეც შემეხო 1943 წლის ივლისში. სკოლის დირექტორმა, რომელიც ანგლიკანური ეკლესიის მღვდელი იყო, ვითომდა ცუდი ყოფაქცევის გამო სკოლიდან გამრიცხა. მან დედაჩემს უთხრა, რომ იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობის გამო ცუდ მაგალითს ვაძლევდი სხვა მოსწავლეებს. დედას ძალიან შეეშინდა და იეჰოვას მოწმეებთან ურთიერთობა ამიკრძალა. მოგვიანებით მამასთან გამგზავნა ქალაქ პეშავარში, რომელიც ჩემი ქალაქიდან ჩრდილოეთით დაახლოებით 1 370 კილომეტრით იყო დაშორებული. სულიერ საზრდოსა და და-ძმებთან ურთიერთობას მოკლებული სულიერად მოვსუსტდი.

სულიერად გამოჯანმრთელება

1947 წელს სამუშაოს საძებნელად კარაჩიში დავბრუნდი. მივედი ექიმ ჰარდეიკერთან კლინიკაში, რომელსაც ძალიან გაუხარდა ჩემი დანახვა და თბილად მიმიღო.

— გაწუხებს რამე? — მკითხა მან, რადგან ფიქრობდა, რომ მასთან სამკურნალოდ ვიყავი მისული.

— ექიმო, ფიზიკურად არაფერი მჭირს, — ვუთხარი მე, — მაგრამ სულიერი დახმარება ნამდვილად მჭირდება. მინდა, რომ ბიბლია შევისწავლო.

— როდის გინდა შესწავლის დაწყება?

— ახლავე, თუ შესაძლებელია.

შესწავლა იმავე საღამოს ჩავატარეთ. ძალიან ვისიამოვნე. ისეთი გრძნობა დამეუფლა, თითქოს სულიერ ოჯახში დავბრუნდი. დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა, რომ შემეწყვიტა მოწმეებთან ურთიერთობა, მაგრამ ამჯერად მტკიცედ მქონდა გადაწყვეტილი, რომ იეჰოვასთვის მემსახურა. 1947 წლის 31 აგვისტოს იეჰოვასადმი მიძღვნის ნიშნად მოვინათლე. მალევე, 17 წლის ასაკში, პიონერულ მსახურებას შევუდექი.

პიონერობის დაუვიწყარი წლები

პიონერობა ქალაქ კვეტაში დავიწყე, რომელიც ბრიტანეთის ჯარის მოწინავე სადარაჯო პოსტი იყო. 1947 წელს ინდოეთი ორ ნაწილად გაიყო და მისგან ინდოეთისა და პაკისტანის სახელმწიფოები შეიქმნა. * ამას მოჰყვა რელიგიური დაპირისპირება, რომელმაც ფართო მასშტაბები შეიძინა და ისტორიაში ცნობილი ერთ-ერთი ყველაზე დიდი მიგრაცია გამოიწვია. დაახლოებით 14-მა მილიონმა ადამიანმა შეიცვალა საცხოვრებელი ადგილი და ლტოლვილი გახდა. მუსლიმანები ინდოეთიდან პაკისტანში გადადიოდნენ, ინდუსები და სიკხები კი — პაკისტანიდან ინდოეთში. ამ ქაოსში კარაჩიში მიმავალ ხალხით გადაჭედილ მატარებელში ავედი და თითქმის მთელი გზა კვეტამდე გარეთა მოაჯირს რის ვაი-ვაგლახით ვეჭიდებოდი.

სარაიონო კონგრესზე ინდოეთში, 1948 წელი

კვეტაში შევხვდი სპეციალურ პიონერს, ჯორჯ სინს, რომელიც დაახლოებით 25 წლის იქნებოდა. ჯორჯმა ძველი ველოსიპედი მომცა, რომ მთაგორიან ტერიტორიაზე მემგზავრა. უმეტესწილად მარტო ვქადაგებდი. ექვსი თვის მანძილზე 17 ადამიანს შევასწავლე ბიბლია და ზოგი მათგანი მოინათლა. ერთ-ერთი იყო ოფიცერი სადიქ მასი, რომელიც მე და ჯორჯს პაკისტანის სახელმწიფო ენაზე, ურდუზე, რამდენიმე პუბლიკაციის გადათარგმნაში დაგვეხმარა. დროთა განმავლობაში სადიქი სასიხარულო ცნობის გულმოდგინე მქადაგებელი გახდა.

გემით (Queen Elizabeth) მივემგზავრები სკოლა „გალაადში“

მოგვიანებით კარაჩიში დავბრუნდი და ვმსახურობდი სკოლა „გალაადიდან“ ახლად ჩამოსულ მისიონერებთან, ჰენრი ფინჩთან და ჰარი ფორესტთან ერთად. მათგან ბევრი რამ ვისწავლე. ერთხელ ძმა ჰენრის ჩრდილოეთ პაკისტანში საქადაგებლად გავყევი. მთების ძირში გაშენებულ სოფლებში ურდუ ენაზე მოლაპარაკე ბევრ გულწრფელ ადამიანს შევხვდით, რომლებიც ჭეშმარიტებას იყვნენ მოწყურებულები. ორი წლის შემდეგ მეც მიმიწვიეს სკოლა „გალაადში“. პაკისტანში დაბრუნების შემდეგ დროდადრო სარაიონო ზედამხედველად ვმსახურობდი. ლაჰორში სამ მისიონერ ძმასთან ერთად მისიონერთა სახლში ვცხოვრობდი.

კრიზისული მდგომარეობიდან გამოსვლა

სამწუხაროდ, 1954 წელს ლაჰორში მისიონერებს სერიოზული უთანხმოება მოუვიდათ, რის გამოც ფილიალმა რამდენიმე მისიონერს სხვა დავალება მისცა. ვინაიდან კამათში ერთ-ერთის მხარე დავიკავე, ძმებმა მკაცრი რჩევა მომცეს. განადგურებული ვიყავი. ვფიქრობდი, რომ ძმების ნდობა ვერ გავამართლე. ჯერ კარაჩიში დავბრუნდი, მოგვიანებით კი ლონდონში წავედი იმ იმედით, რომ ყველაფერს თავიდან დავიწყებდი.

ლონდონში ჩემს კრებაში ბევრი ბეთელელი მსახურობდა. ფილიალის მსახურმა, ძმა პრაის ჰიუზმა, დიდი მხარდაჭერა აღმომიჩინა. ერთხელ მან მითხრა, რომ მკაცრი რჩევა მიიღო ძმა რუტერფორდისგან, რომელიც მსოფლიო სამქადაგებლო საქმეს ხელმძღვანელობდა. როცა ძმა პრაისი თავის გამართლებას ცდილობდა, რუტერფორდმა ის მკაცრად გაკიცხა. გამიკვირდა, რომ ამ ამბავს ის ღიმილით იხსენებდა. თავიდან არც მისთვის ყოფილა შენიშვნის მიღება ადვილი, მაგრამ მოგვიანებით გააცნობიერა, რომ ამით იეჰოვამ მისადმი სიყვარული გამოავლინა, რადგან მკაცრი რჩევა ნამდვილად სჭირდებოდა (ებრ. 12:6). მისი სიტყვები ჩემს გულს შეეხო და სულიერი წონასწორობის აღდგენაში დამეხმარა.

დაახლოებით იმ პერიოდში დედაჩემიც ჩამოვიდა ლონდონში საცხოვრებლად, სადაც ბიბლიის შესწავლა დაიწყო. მას ბიბლიას ძმა ჯონ ბარი ასწავლიდა, რომელიც მოგვიანებით ხელმძღვანელ საბჭოში მსახურობდა. დედამ სწრაფად წაიწია სულიერად წინ და 1957 წელს მოინათლა. მოგვიანებით გავიგე, რომ სიკვდილამდე მამაჩემსაც დაუწყია მოწმეებთან ბიბლიის შესწავლა.

1958 წელს ერთ დანიელ დაზე, ლინეზე დავქორწინდი, რომელიც ინგლისში ცხოვრობდა. მომდევნო წელს ქალიშვილი შეგვეძინა, რომელსაც ჯეინი დავარქვით. მას შემდეგ კიდევ ოთხი შვილი გვეყოლა. ამასთანავე, შესაძლებლობა მომეცა, ლონდონის ერთ-ერთ უბანში, ფულემში არსებულ კრებას დავხმარებოდი. რაღაც დროის შემდეგ ლინეს ჯანმრთელობის გაუარესების გამო შედარებით თბილ ქვეყანაში მოგვიწია გადასვლა. ამიტომ 1967 წელს ავსტრალიის ქალაქ ადელაიდაში გადავსახლდით.

საშინელი ტრაგედია

ადელაიდაში ჩვენს კრებაში 12 სულით ცხებული ქრისტიანი იყო. ისინი მთელი შემართებით ხელმძღვანელობდნენ სამქადაგებლო საქმიანობას, ამიტომ ჩვენც მალევე ავუღეთ ალღო იქაურობას და ჩვეულ სულიერ განრიგს დავუბრუნდით.

1979 წელს მე და ლინე ძალიან გაგვახარა მეხუთე შვილის დაბადებამ. სამწუხაროდ, დანიელს დაუნის სინდრომი ჰქონდა, რის გამოც დიდხანს ვერ იცოცხლებდა. * დღესაც კი ვერ შევძლებ იმ ტკივილის სიტყვებით გადმოცემას, რასაც მაშინ განვიცდიდი. მისთვის ყველაფერს ვაკეთებდით, თუმცა ამავე დროს ვცდილობდით, რომ არც სხვა შვილები დაგვრჩენოდა უყურადღებოდ. დანიელს გულზე ორი ხვრელი ჰქონდა, ამიტომ უჟანგბადობის გამო ზოგჯერ ლურჯდებოდა ხოლმე და მაშინვე საავადმყოფოში მიგვყავდა. თავისი მდგომარეობის მიუხედავად, ის ძალიან გონიერი და თბილი ბავშვი იყო. მას იეჰოვაც ძალიან უყვარდა. როცა ოჯახი ჭამის წინ ვლოცულობდით, დანიელი თავის პაწაწინა თითებს ერთმანეთზე აჭდობდა, თავს ხრიდა და მთელი გულით ამბობდა: „ამინ!“. მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა ჭამას.

ოთხი წლის ასაკში დანიელს მწვავე ლეიკემია განუვითარდა. მე და ლინეს აღარც ფიზიკური ძალები გვქონდა შერჩენილი და აღარც ემოციური. ნერვულ აშლილობამდე ცოტაღა მაკლდა. ერთ დღეს, როცა ყველანაირი იმედი გადაგვეწურა, ძმა ნევილ ბრამიჩმა მოგვინახულა, რომელიც ჩვენი სარაიონო ზედამხედველი იყო. იმ ღამით ცრემლმორეულმა გულში ჩაგვიკრა და ჩვენთან ერთად ტიროდა. მისმა სიყვარულმა და თანაგრძნობამ წარმოუდგენლად გაგვამხნევა. ის ჩვენგან დაახლოებით ღამის პირველ საათზე წავიდა. დანიელი იმავე დღეს გამოგვეცალა ხელიდან. მისი დაკარგვა ყველაზე ტრაგიკული მომენტი იყო ჩვენს ცხოვრებაში. თუმცა ამ გაუსაძლის ტკივილს იმის ცოდნა გვატანინებდა, რომ ვერაფერი, სიკვდილიც კი, ვერ ჩამოაშორებდა დანიელს ღვთის სიყვარულს (რომ. 8:38, 39). ერთი სული გვაქვს, როდის დაგვიბრუნებს ღმერთი მას ახალ ქვეყნიერებაში! (იოან. 5:28, 29).

სხვების დახმარება სიხარულს მანიჭებს

მიუხედავად იმისა, რომ ორი ინსულტი გადავიტანე, დღემდე უხუცესად ვმსახურობ. განვლილმა ცხოვრებამ თანამგრძნობი და გულისხმიერი გამხადა, განსაკუთრებით მათ მიმართ, ვინც პრობლემებს ებრძვის. ვცდილობ, არ განვსაჯო ისინი. ნაცვლად ამისა, საკუთარ თავს ვეკითხები: „როგორ იმოქმედა წარსულმა მათ აზროვნებასა და გრძნობებზე? როგორ ვაგრძნობინო, რომ ვზრუნავ მათზე? როგორ დავეხმარო, რომ იეჰოვას გზებით იარონ?“. სამწყემსო მონახულებების გაკეთება ძალიან მიყვარს. როცა სხვებს ვანუგეშებ და სულიერ გამოცოცხლებაში ვეხმარები, თავადაც ვპოულობ ნუგეშს და სულიერად ვძლიერდები.

დღემდე ძალიან მსიამოვნებს სამწყემსო მონახულების გაკეთება

თავს ფსალმუნმომღერალივით ვგრძნობ, რომელმაც თქვა: „როცა მშფოთვარე ფიქრები მომიმრავლდა, . . [იეჰოვას] ნუგეშმა მიუალერსა ჩემს სულს“ (ფსალმ. 94:19). ოჯახური პრობლემების, წინააღმდეგობის, იმედგაცრუებისა თუ დეპრესიის დროს ის ყოველთვის ჩემ გვერდით იყო. დიახ, იეჰოვა ჩემთვის ნამდვილი მამაა!

^ აბზ. 19 თავიდან პაკისტანში შედიოდა დასავლეთ პაკისტანი (დღევანდელი პაკისტანი) და აღმოსავლეთ პაკისტანი (დღევანდელი ბანგლადეში).

^ აბზ. 29 იხილეთ 2011 წლის ივნისის „გამოიღვიძეთ“-ში დაბეჭდილი სტატია „დაუნის სინდრომით დაავადებული ბავშვის აღზრდა — სირთულეები და დადებითი მხარეები“.