არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ვინ არის იეჰოვას მხარეს?

ვინ არის იეჰოვას მხარეს?

„გეშინოდეს იეჰოვასი, შენი ღვთისა, მას ემსახურე და მას მიეკარი“ (კან. 10:20).

სიმღერები: 28, 32

1, 2. ა) რატომ არის გონივრული, იეჰოვას მხარე დავიკავოთ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

ჩვენი მხრიდან სიბრძნის მაჩვენებელი იქნება, თუ მივეკრობით იეჰოვას, ანუ ბოლომდე ახლო ურთიერთობას შევინარჩუნებთ მასთან. არავინაა ჩვენს ღმერთზე ძლიერი, ბრძენი და მოსიყვარულე. ვის არ გვენდომება მის მხარეს ყოფნა? (ფსალმ. 96:4—6). თუმცა ღვთის ზოგმა მსახურმა ვერ შეძლო ბოლომდე იეჰოვას მხარეს დარჩენა.

2 ამ სტატიაში განვიხილავთ იმ ადამიანების შემთხვევებს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ იეჰოვას მხარეს იყვნენ, თუმცა ამავე დროს მის შეურაცხმყოფელ საქმეებს აკეთებდნენ. მათი შემთხვევები მნიშვნელოვან გაკვეთილს გვასწავლის და გვეხმარება, ყველაფერში ვუერთგულოთ იეჰოვას.

იეჰოვა გულებს იკვლევს

3. რა უთხრა იეჰოვამ კაენს და რატომ?

3 დავფიქრდეთ კაენის მაგალითზე. ის მხოლოდ იეჰოვას სცემდა თაყვანს, მაგრამ მისი თაყვანისცემა არ იყო ღვთისთვის მისაღები. მის გულში ბოროტებამ დაიწყო ფესვის გადგმა (1 იოან. 3:12). იეჰოვას სურდა, კაენს დახმარებოდა, ამიტომ უთხრა: „თუ კარგს გააკეთებ, განა არ მიგიღებ?! მაგრამ თუ არ გააკეთებ კარგს, ცოდვაა ჩასაფრებული კართან და შენკენ ისწრაფვის. იბატონებ მასზე?!“ (დაბ. 4:6, 7). ფაქტობრივად, იეჰოვამ კაენს უთხრა: „თუ მოინანიებ და მტკიცედ იდგები ჩემს მხარეს, მეც შენს მხარეს ვიქნები“.

4. როგორ მოიქცა კაენი, როცა იეჰოვას მხარეს დადგომის შესაძლებლობა მიეცა?

4 კაენს რომ აზროვნება შეეცვალა, იეჰოვას კეთილგანწყობის დაბრუნებას შეძლებდა. მაგრამ მან ყურად არ იღო რჩევა. არასწორმა აზროვნებამ და ეგოისტურმა სურვილმა ის ცუდ საქმეებამდე მიიყვანა (იაკ. 1:14, 15). ალბათ, ერთ დროს კაენი ვერც კი წარმოიდგენდა, რომ იეჰოვას დაუპირისპირდებოდა. თუმცა ის სწორედ ასე მოიქცა — ეურჩა იეჰოვას და მოკლა ღვიძლი ძმა.

5. როგორმა აზროვნებამ შეიძლება დაგვაკარგვინოს იეჰოვას კეთილგანწყობა?

5 კაენის მსგავსად ჩვენც შეიძლება დავადგეთ მცდარ გზას მაშინაც კი, როცა თავს იეჰოვას თაყვანისმცემლებად მივიჩნევთ (იუდ. 11). მაგალითად, ზოგს შეიძლება უზნეო ფანტაზიები უტრიალებდეს თავში, რაიმეს მიღების დაუოკებელი სურვილი ჰქონდეს ან გულში თანაქრისტიანის მიმართ სიძულვილი განუვითარდეს (1 იოან. 2:15—17; 3:15). ასეთმა აზროვნებამ ადამიანი შეიძლება ცოდვამდე მიიყვანოს მაშინაც კი, თუ მსახურებაში აქტიურია და კრების შეხვედრებს რეგულარულად ესწრება. სხვებმა შეიძლება ვერ გაიგონ, რას ვფიქრობთ და რას ვაკეთებთ, მაგრამ იეჰოვა ყველაფერს ხედავს და ამჩნევს, როცა მთელი გულით არა ვართ მის მხარეს (წაიკითხეთ იერემიას 17:9, 10).

6. როგორ გვეხმარება იეჰოვა, რომ ვიბატონოთ ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებზე, როცა მტკიცედ ვიკავებთ მის მხარეს?

6 თუმცა ასეთ დროსაც კი იეჰოვა მალევე არ იქნევს ჩვენზე ხელს. როცა ღვთის მსახურები ნელ-ნელა შორდებიან იეჰოვას, ის სთხოვს მათ: „დამიბრუნდით და მეც დაგიბრუნდებით“ (მალ. 3:7). იეჰოვას სურს, რომ ზურგი ვაქციოთ ბოროტებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა სისუსტეებს ვებრძვით (ეს. 55:7). თუ მას ვუერთგულებთ, ღმერთი ჩვენს მხარეს იქნება — ის სულიერ, ემოციურ და ფიზიკურ დახმარებას აღმოგვიჩენს, რათა ჩვენს ცოდვილ მიდრეკილებებზე ვიბატონოთ (დაბ. 4:7).

„ნუ შეცდებით“

7. რატომ ვერ შეძლო სოლომონმა იეჰოვას მხარეს დარჩენა?

7 ჩვენ ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მეფე სოლომონის შემთხვევიდან. ახალგაზრდობაში სოლომონი იეჰოვას ხელმძღვანელობას ეძებდა. ღმერთმა მას დიდი სიბრძნე მისცა და იერუსალიმის დიდებული ტაძრის აშენება მიანდო. მაგრამ სოლომონმა ვერ შეინარჩუნა იეჰოვასთან მეგობრობა (1 მეფ. 3:12; 11:1, 2). ღვთის კანონის თანახმად, ებრაელ მეფეებს ეკრძალებოდათ ბევრი ცოლის ყოლა, რათა მათი გული არ ცდუნებულიყო (კან. 17:17). სოლომონი არ დაემორჩილა ამ კანონს. მას 700 ცოლი და 300 ხარჭა ჰყავდა (1 მეფ. 11:3). მათგან ბევრი არაისრაელი იყო, რომლებიც ცრუ ღმერთებს სცემდნენ თაყვანს. ამგვარად, მან ღვთის ის კანონიც დაარღვია, რომელიც უცხოელ ქალებზე დაქორწინებას კრძალავდა (კან. 7:3, 4).

8. როგორ შეურაცხყო სოლომონმა იეჰოვა?

8 სოლომონმა ნელ-ნელა შეწყვიტა იეჰოვას მითითებების გათვალისწინება, რამაც სერიოზულ ცოდვამდე მიიყვანა. მან ააგო ქალღმერთ აშთორეთისა და სულ მცირე კიდევ ერთი ღვთაების, ქემოშის სამსხვერპლოები. ის თავის ცოლებს ცრუ ღმერთების თაყვანისცემაში შეუერთდა. სოლომონმა ეს სამსხვერპლოები სწორედ იმ ქალაქის მოპირდაპირედ მდებარე მთაზე ააშენა, სადაც ერთ დროს მან იეჰოვას ტაძარი აუგო (1 მეფ. 11:5—8; 2 მეფ. 23:13). შესაძლოა სოლომონი თავს იტყუებდა და ფიქრობდა, რომ იეჰოვა თვალს დახუჭავდა მის ურჩობაზე, რადგან ის იერუსალიმის ტაძარშიც სწირავდა მსხვერპლს.

9. რა შედეგი მოჰყვა სოლომონის მიერ ღვთის გაფრთხილებების უგულებელყოფას?

9 იეჰოვა არასდროს ხუჭავს თვალს არასწორ საქციელზე. ბიბლიაში ვკითხულობთ: „განრისხდა იეჰოვა სოლომონზე, რადგან დაშორდა მისი გული იეჰოვას . . . რომელიც ორჯერ ეჩვენა. უბრძანა, არ გაჰყოლოდა სხვა ღმერთებს, მაგრამ მან არ შეასრულა იეჰოვას ბრძანება“. შედეგად, სოლომონმა დაკარგა იეჰოვას მოწონება და მხარდაჭერა. მისმა შთამომავლებმა ვერ შეინარჩუნეს ისრაელის სამეფოს მთლიანობა და თაობიდან თაობაში არაერთი უბედურება დაატყდათ თავს (1 მეფ. 11:9—13).

10. რამ შეიძლება გაგვიფუჭოს იეჰოვასთან ურთიერთობა?

10 როგორც სოლომონის შემთხვევაში იყო, ჩვენს სულიერობას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის იმ ადამიანებთან მეგობრობა, რომლებმაც არ იციან იეჰოვას ნორმები ან არ აფასებენ მათ. ზოგი შეიძლება კრების წევრიც კი იყოს, რომელიც სულიერად არის მოსუსტებული. გარდა ამისა, მათ შორის შეიძლება ჩვენი ნათესავები, მეზობლები, თანამშრომლები ან თანაკლასელები იყვნენ, რომლებიც არ ემსახურებიან იეჰოვას. ნებისმიერ შემთხვევაში იმ ადამიანებთან ახლო ურთიერთობამ, რომლებიც არ ცხოვრობენ ღვთის მაღალზნეობრივი ნორმების თანახმად, შეიძლება დროთა განმავლობაში იეჰოვასთან ურთიერთობა გაგვიფუჭოს.

რა გავლენას ახდენს თქვენი სამეგობრო წრე იეჰოვასთან თქვენს ურთიერთობაზე? (იხილეთ აბზაცი 11)

11. რა დაგვეხმარება იმის განსაზღვრაში, თუ ვისთან უნდა მოვერიდოთ ურთიერთობას?

11 წაიკითხეთ 1 კორინთელების 15:33. ადამიანთა უმეტესობას კარგი თვისებებიც აქვს და ისინიც კი, ვინც იეჰოვას არ ემსახურებიან, ყოველთვის არ სჩადიან ცუდ საქმეებს. თუ თქვენს გარემოცვაშიც არიან ასეთი ადამიანები, შეიძლება, რომ ისინი კარგ საზოგადოებად მიიჩნიოთ? დაფიქრდით, რა გავლენას მოახდენენ ისინი იეჰოვასთან თქვენს ურთიერთობაზე? დაგეხმარებიან, რომ უფრო დაუახლოვდეთ ღმერთს? რა აქვთ მათ გულში? მაგალითად, ხომ არ შემოიფარგლებიან ისინი მხოლოდ მოდაზე, ფულზე, უახლეს მოწყობილობებზე, გართობაზე ან მატერიალურ მისწრაფებებზე საუბრით? ხშირად ხომ არ ამცირებენ სხვებს ან უხამსად ხომ არ ხუმრობენ? იესომ გაგვაფრთხილა: „პირი გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათ. 12:34). თუ ატყობთ, რომ ასეთ ადამიანებთან ურთიერთობა საფრთხეს უქმნის იეჰოვასთან თქვენს მეგობრობას, მინიმუმამდე დაიყვანეთ მათთან ურთიერთობა და თუ საჭიროა, საერთოდ ჩამოშორდით მათ (იგავ. 13:20).

იეჰოვა ჩვენგან განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს

12. ა) რა უთხრა იეჰოვამ ისრაელებს ეგვიპტის დატოვებიდან მალევე? ბ) რა უპასუხეს ისრაელებმა ღმერთს, როცა მან განსაკუთრებული ერთგულება მოითხოვა?

12 კიდევ ერთი გაკვეთილის სწავლა შეგვიძლია ისრაელების შემთხვევიდან, რომელიც ეგვიპტის დატოვებიდან მალევე გადახდათ თავს. ისინი სინას მთის წინ შეიკრიბნენ. ხალხმა აშკარად იგრძნო, რომ იეჰოვა იყო იქ. მთაზე სასწაულებრივად ჩამოწვა შავი ღრუბელი. დაიწყო ქუხილი და ელვა. კვამლი ასდიოდა მთას და ისმოდა საყვირის გაბმული ხმა (გამ. 19:16—19). სწორედ ამ დროს უთხრა იეჰოვამ ისრაელებს, რომ „განსაკუთრებული ერთგულების მომთხოვნი ღმერთი“ იყო. მან დაარწმუნა ისინი, რომ მის მოყვარულთა და მისი მცნებების დამცველთა ერთგული იქნებოდა (წაიკითხეთ გამოსვლის 20:1—6). ფაქტობრივად, მან უთხრა თავის ხალხს: „თუ ჩემს მხარეს იქნებით, მეც თქვენს მხარეს ვიქნები“. თქვენ რა რეაქცია გექნებოდათ, ღმერთს თქვენთვის რომ დაედო ერთგულების აღთქმა? ალბათ, ისრაელებივით უპასუხებდით, რომლებმაც ერთხმად თქვეს: „იეჰოვას ყველა სიტყვას შევასრულებთ“ (გამ. 24:3). თუმცა ისრაელების ერთგულება მალევე მოულოდნელმა ვითარებამ გამოსცადა.

13. როდის გამოიცადა ისრაელების ერთგულება?

13 ისრაელები შეაშინა შავმა ღრუბელმა, ელვამ და სხვა შიშის მომგვრელმა ნიშნებმა, რომლებიც ღმერთმა მოახდინა. ხალხის თხოვნით მოსე ავიდა სინას მთაზე, რომ ღმერთთან მათ მაგივრად ელაპარაკა (გამ. 20:18—21). დრო გადიოდა, მაგრამ მოსე აყოვნებდა მთიდან ჩამოსვლას. დარჩნენ ისრაელები უდაბნოში წინამძღოლის გარეშე? როგორც ჩანს, ისინი ძალიან იყვნენ დამოკიდებული თავიანთ ხილულ წინამძღოლზე, მოსეზე. შეწუხებულმა ხალხმა აარონს უთხრა: „გაგვიკეთე ღმერთი, რომელიც წაგვიძღვება, რადგან არ ვიცით, რა დაემართა ამ მოსეს, რომელმაც ეგვიპტის მიწიდან გამოგვიყვანა“ (გამ. 32:1, 2).

14. რით იტყუებდნენ ისრაელები თავს და რა რეაქცია ჰქონდა იეჰოვას მათ საქციელზე?

14 ხალხმა იცოდა, რომ კერპთაყვანისმცემლობა სერიოზული ცოდვა იყო (გამ. 20:3—5). მაგრამ მალევე მათ ოქროს ხბოს თაყვანისცემა დაიწყეს. აშკარა ურჩობის მიუხედავად, ისრაელები თავს იტყუებდნენ, როცა ფიქრობდნენ, რომ კვლავაც იეჰოვას მხარეს იყვნენ. აარონმა „იეჰოვას დღესასწაულიც“ კი უწოდა ხბოს თაყვანისცემას! რა რეაქცია ჰქონდა იეჰოვას მათ საქციელზე? ეს იეჰოვასთვის ღალატი იყო. მან უთხრა მოსეს: „[ხალხი] უკეთურად იქცევა. მალევე გადაუხვიეს იმ გზიდან, რომელზე სიარულიც ვუბრძანე“. რისხვით ანთებულმა ღმერთმა ახლად ჩამოყალიბებული ერის განადგურებაც კი იფიქრა (გამ. 32:5—10).

15, 16. რით ცხადყვეს მოსემ და აარონმა, რომ მტკიცედ იდგნენ იეჰოვას მხარეს? (იხილეთ სურათი მე-17 გვერდზე)

15 იეჰოვამ გადაიფიქრა ისრაელი ერის განადგურება. მისმა გულმოწყალებამ შესაძლებლობა მისცა ერთგულ ისრაელებს, მისი მხარე დაეკავებინათ (გამ. 32:14). ხალხის თავაშვებულობის დანახვაზე, რომლებიც კერპის წინაშე მღეროდნენ, ყვიროდნენ და ცეკვავდნენ, მოსე განრისხდა და მტვრად აქცია ოქროს ხბო. მან ყველას გასაგონად თქვა: „ვინც იეჰოვას მხარესაა, ჩემკენ!“. ამის შემდეგ „შეიკრიბა მასთან ლევის ყველა ძე“ (გამ. 32:17—20, 26).

16 მიუხედავად იმისა, რომ კერპის გაკეთებაში იღებდა მონაწილეობას, აარონმა მოინანია და სხვა ლევიანებთან ერთად იეჰოვას მხარეს დადგა. ერთგულმა ისრაელებმა მხოლოდ იეჰოვას მხარე კი არ დაიკავეს, არამედ მთლიანად გამოეყვნენ შემცოდველებს. ეს გონივრული საქციელი იყო, რადგან იმ დღეს ათასობით ისრაელი გამოესალმა სიცოცხლეს კერპთაყვანისმცემლობის გამო. მათ კი, ვინც იეჰოვას მხარე დაიკავა, ღმერთი კურთხევებს დაჰპირდა (გამ. 32:27—29).

17. რას ვსწავლობთ პავლეს სიტყვებიდან, რომლებიც მან კერპთაყვანისმცემელ ისრაელებზე თქვა?

17 მოციქულ პავლეს სწორედ ეს შემთხვევა ჰქონდა მხედველობაში, როცა გაგვაფრთხილა: «ეს ჩვენთვის გაკვეთილია, რათა . . . კერპთაყვანისმცემლები [არ] გავხდეთ ზოგიერთი მათგანის მსგავსად . . . რაც მათ დაემართათ, ჩვენთვის გაკვეთილია და ჩვენ გასაფრთხილებლად დაიწერა, რომლებზეც ქვეყნიერების აღსასრულმა მოაწია. ამიტომ, ვინც ფიქრობს, რომ დგას, გაფრთხილდეს, რომ არ დაეცეს» (1 კორ. 10:6, 7, 11, 12). როგორც პავლემ აღნიშნა, ჭეშმარიტი თაყვანისმცემლებიც კი შეიძლება აჰყვნენ სხვებს არასწორ საქციელში და თავი მოიტყუონ, რომ იეჰოვას მოწონება არ დაუკარგავთ. თუმცა იეჰოვასთან მეგობრობის სურვილი ან მისადმი ერთგულების სიტყვით მტკიცება ყოველთვის არ ნიშნავს იმას, რომ იეჰოვა გვიწონებს (1 კორ. 10:1—5).

18. რამ შეიძლება ჩამოგვაშოროს იეჰოვას და რა შედეგებამდე მიგვიყვანდა ეს?

18 როგორც ისრაელები წუხდნენ, რომ მოსე სინას მთიდან ჩამოსვლას აყოვნებდა, შეიძლება ქრისტიანებიც წუხდნენ იმის გამო, რომ იეჰოვას სასამართლოს დღე, მათი აზრით, აყოვნებს და ახალი ქვეყნიერების დადგომას პირი არ უჩანს. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს დანაპირები ზედმეტად არარეალურია ან შორეულ მომავალს ეხება. თუ ასეთ აზროვნებას გასაქანს მივცემთ, ხორციელ სურვილებს იეჰოვას ნებაზე წინ დავაყენებთ. დროთა განმავლობაში შეიძლება ჩამოვშორდეთ იეჰოვას და ისეთი რამ ჩავიდინოთ, რასაც ვერც კი წარმოვიდგენდით მაშინ, როცა სულიერად ძლიერები ვიყავით.

19. რა არ უნდა დაგვავიწყდეს და რატომ?

19 არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ იეჰოვა მთელი გულით მორჩილებასა და განსაკუთრებულ ერთგულებას ითხოვს (გამ. 20:5). იეჰოვას თაყვანისმცემლობიდან მცირე გადახვევაც კი სატანის ნების შესრულებას ნიშნავს და ადამიანისთვის მხოლოდ უბედურება მოაქვს. სწორედ ამიტომ გვაფრთხილებს პავლე: «შეუძლებელია იეჰოვას სასმისსაც სვამდეთ და დემონების სასმისსაც. შეუძლებელია „იეჰოვას სუფრიდანაც“ ჭამდეთ და დემონების სუფრიდანაც» (1 კორ. 10:21).

მიეკარით იეჰოვას!

20. როგორ გვეხმარება იეჰოვა მცდარი ნაბიჯის გადადგმის შემდეგაც კი?

20 ბიბლიაში მოთხრობილ შემთხვევებს, რომლებიც კაენს, სოლომონსა და სინას მთასთან შეკრებილ ისრაელებს ეხება, საერთო ნამდვილად აქვთ. მათ მონანიებისა და მობრუნების შესაძლებლობა ჰქონდათ (საქ. 3:19). აშკარაა, რომ იეჰოვა მაშინვე არ იქნევს ხელს მათზე, ვინც მცდარ ნაბიჯს დგამს. მაგალითად, მან აპატია აარონს. დღეს იეჰოვამ შეიძლება ბიბლიის, ბიბლიური პუბლიკაციების ან თანაქრისტიანების მეშვეობით გაგვაფრთხილოს. თუ ყურად ვიღებთ ამ გაფრთხილებებს, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ იეჰოვა გულმოწყალებას გამოავლენს ჩვენდამი.

21. რა უნდა გვქონდეს გადაწყვეტილი, როცა იეჰოვასადმი ჩვენი ერთგულება იცდება?

21 იეჰოვა მიზანმიმართულად ავლენს წყალობას (2 კორ. 6:1). ის შესაძლებლობას გვაძლევს, „უარვყოთ უღმერთოება და ქვეყნიური სურვილები“ (წაიკითხეთ ტიტეს 2:11—14). სანამ „ახლანდელ ქვეყნიერებაში“ ვცხოვრობთ, შეიძლება ისეთ სიტუაციებში აღმოვჩნდეთ, რომლებშიც გამოიცდება იეჰოვასადმი ჩვენი განსაკუთრებული ერთგულება. დაე ყოველთვის მტკიცედ ვიდგეთ იეჰოვას მხარეს, გვეშინოდეს მისი, ვემსახუროთ და მივეკრათ მას! (კან. 10:20).