იცოდით თუ არა?
რატომ იყო ისრაელებისთვის ხელსაყრელი, რომ გვრიტის შეწირვაც შეეძლოთ და მტრედისაც?
ᲙᲐᲜᲝᲜᲘᲡ თანახმად, გვრიტიც და მტრედიც იეჰოვასთვის მისაღები შესაწირავები იყო. ეს ორი ფრინველი შესაწირავების შესახებ კანონებში ყოველთვის ერთად მოიხსენიებოდა და შეიძლებოდა ერთის მეორეთი შეცვლა (ლევ. 1:14; 12:8; 14:30). რატომ იყო ეს ხელსაყრელი ისრაელებისთვის? ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ გვრიტი ყოველთვის არ იშოვებოდა. რატომ?
გვრიტი გადამფრენი ფრინველია, რომელიც ისრაელში თბილ სეზონზე ბუდობს. ოქტომბერში ის სამხრეთით, თბილი ქვეყნებისკენ მიფრინავს და უკან მხოლოდ გაზაფხულზე ბრუნდება (ქებ. 2:11, 12; იერ. 8:7). ეს იმას ნიშნავს, რომ ზამთარში ისრაელებს გაუჭირდებოდათ მისი შეწირვა.
რაც შეეხება მტრედს, ჩვეულებრივ, ის არ მიგრირებს. ამიტომ ისრაელში წელიწადის ნებისმიერ დროს შეიძლებოდა მათი შოვნა. მეტიც, მტრედებს იშინაურებდნენ კიდეც (შეადარეთ იოანეს 2:14, 16). ერთ წიგნში ნათქვამია: „პალესტინაში ყველა სოფელსა თუ ქალაქში ჰყავდათ მოშინაურებული მტრედები. თითოეულ სახლს ჰქონდა სამტრედე ანუ კედელში გაკეთებული ღრმული, სადაც მტრედს შეეძლო დაებუდებინა“ (Bible Plants and Animals; შეადარეთ ესაიას 60:8).
აშკარაა, იეჰოვა სიყვარულითა და გაგებით ეკიდებოდა თავის ხალხს, რადგან ისეთ შესაწირავს არ სთხოვდა, რომელზეც მათ ხელი არ მიუწვდებოდათ.