ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 9
იესოს მსგავსად თავს ნუ დაზოგავთ სხვებისთვის!
„გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (ᲡᲐᲥ. 20:35).
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 17 მსურს
ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ *
1. რა სულისკვეთებით გამოირჩევა ღვთის ხალხი?
ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ ნაწინასწარმეტყველები იყო, რომ ღვთის ხალხი, რომელსაც იესო უხელმძღვანელებდა, მზადყოფნით ემსახურებოდა იეჰოვას (ფსალმ. 110:3). ეს წინასწარმეტყველება ჩვენ თვალწინ სრულდება. ყოველწლიურად იეჰოვას ერთგული მსახურები ასობით მილიონ საათს უთმობენ სამქადაგებლო საქმეს. ისინი ამას ნებაყოფლობით და საკუთარი ხარჯებით აკეთებენ. ამასთანავე, დროს იმისთვისაც გამოყოფენ, რომ თანამორწმუნეებს ფიზიკურად, ემოციურად თუ სულიერად დაუჭირონ მხარი. პასუხისმგებელი ძმები არაერთ საათს უთმობენ შეხვედრებისთვის მომზადებასა თუ და-ძმების გამხნევებას. ამ ყველაფერს საფუძვლად იეჰოვასა და მოყვასის სიყვარული უდევს (მათ. 22:37—39).
2. რომაელების 15:1—3-ის თანახმად, რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?
2 იესო სხვების საჭიროებებს ყოველთვის საკუთარზე წინ აყენებდა, რითაც შესანიშნავი მაგალითი დაგვიტოვა. ჩვენც ყველანაირად ვცდილობთ, მივბაძოთ მას (წაიკითხეთ რომაელების 15:1—3). ეს აუცილებლად დაგვიფასდება, რადგან, როგორც იესომ თქვა: „გაცემას უფრო მეტი ბედნიერება მოაქვს, ვიდრე მიღებას“ (საქ. 20:35).
3. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
3 ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე შემთხვევას, საიდანაც გამოჩნდა იესოს თავდაუზოგავი ზრუნვა სხვებზე. იმაზეც ვიმსჯელებთ, ჩვენ როგორ მივბაძოთ მას და რა გაგვიძლიერებს სხვებზე თავდაუზოგავად ზრუნვის სურვილს.
ᲛᲘᲰᲑᲐᲫᲔᲗ ᲘᲔᲡᲝᲡ
4. საიდან გამოჩნდა, რომ იესო სხვების საჭიროებებს საკუთარზე წინ აყენებდა?
4 დაღლილიც რომ ყოფილიყო, იესო მზად იყო სხვების დასახმარებლად. ერთხელ იესო კაპერნაუმთან ახლოს მთაზე ავიდა და ღამე ლოცვაში გაატარა. მთიდან ჩამოსულს დიდძალი ხალხი დახვდა. იესო ძალიან დაღლილი იქნებოდა, მაგრამ, როცა ამდენი გაჭირვებული და ავადმყოფი დაინახა, გული დაეწვა მათ გამო. მან არა მარტო განკურნა ხალხი, არამედ თავისი ერთ-ერთი დაუვიწყარი ქადაგება წარმოთქვა (ლუკ. 6:12—20).
5. რა სიტუაციაში შეიძლება დასჭირდეს ოჯახისთავს იესოს მიბაძვა?
5 როგორ ჰბაძავენ ოჯახისთავები იესოს. წარმოვიდგინოთ ასეთი სიტუაცია: დაძაბული სამუშაო დღის ბოლოს მამა დაღლილი ბრუნდება ოჯახში. მართალია, ურჩევნია, დაგეგმილი ოჯახური თაყვანისცემა გადადოს, მაგრამ იეჰოვას სთხოვს ძალას, რომ გეგმა არ ჩაშალოს. ღვთისგან ბოძებული ძალით ის ახერხებს ოჯახური თაყვანისცემის ჩატარებას. მისი შვილები მშობლების მაგალითზე ერთ მნიშვნელოვან რამეს სწავლობენ, რომ ოჯახში სულიერი საკითხები პირველ ადგილზე უნდა იდგეს.
6. საიდან ჩანს, რომ იესო არასდროს იშურებდა დროს სხვების დასახმარებლად?
6 იესო არასდროს იშურებდა დროს სხვებისთვის. უეჭველია, იესოს ძალიან დაამწუხრებდა იმის გაგება, რომ მის მეგობარს, იოანე ნათლისმცემელს თავი მოჰკვეთეს. ბიბლიაში ვკითხულობთ: „როცა ეს ამბავი გაიგო, იესომ ნავით უკაცრიელ ადგილს მიაშურა, რათა განმარტოებულიყო“ (მათ. 14:10—13). იესოს რეაქცია გასაგებია, რადგან ბევრს ურჩევნია, რომ გლოვის დროს განმარტოვდეს. მაგრამ მას ამის საშუალება არ მიეცა. უკაცრიელ ადგილას მისულ იესოს უამრავი ხალხი დახვდა. როგორ მოიქცა ის? მათ დანახვაზე გული დაეწვა, რადგან დაინახა, როგორ იყო ეს ხალხი სულიერს მოწყურებული. ამიტომ ღვთის სამეფოზე დაუწყო ლაპარაკი და „ბევრ რამეს ასწავლიდა მათ“ (მარ. 6:31—34; ლუკ. 9:10, 11).
7, 8. როგორ ჰბაძავენ უხუცესები იესოს?
7 როგორ ჰბაძავენ უხუცესები იესოს. ჩვენ ძალიან ვაფასებთ უხუცესების თავდაუზოგავ შრომას, რომელიც ხშირად ჩვენთვის შეუმჩნეველია. მაგალითად, როცა ვინმეს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება სჭირდება, საავადმყოფოებთან თანამშრომლობის კომიტეტში მომსახურე ძმები დაუყოვნებლივ იწყებენ მოქმედებას. არადა ასეთი სიტუაციები ხშირად გვიან ღამე იქმნება! მაგრამ გაჭირვებაში მყოფი და-ძმების დახმარების სურვილით აღძრული ეს ძმები და მათი ოჯახები მზად არიან, სხვების ინტერესები საკუთარზე წინ დააყენონ.
8 უხუცესები მონაწილეობენ ჩვენი დარბაზებისა თუ სხვა თეოკრატიული შენობების მშენებლობაში, აგრეთვე დაზარალებულთა დახმარების საქმეში. იმაზე აღარაფერს ვამბობთ, რამდენ დროს უთმობენ კრებაში და-ძმების დამოძღვრასა და გამხნევებას. ეს ძმები და მათი ოჯახები ჩვენგან გულწრფელ ქებას იმსახურებენ. დაე იეჰოვამ აკურთხოს მათი გულმოდგინება! თუმცა უხუცესებს სიფრთხილეც მართებთ, რომ თეოკრატიულ საქმეებს არ შესწირონ თავიანთი ოჯახების კეთილდღეობა.
ᲠᲝᲒᲝᲠ ᲒᲐᲜᲕᲘᲕᲘᲗᲐᲠᲝᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲖᲔ ᲗᲐᲕᲓᲐᲣᲖᲝᲒᲐᲕᲐᲓ ᲖᲠᲣᲜᲕᲘᲡ ᲡᲣᲠᲕᲘᲚᲘ
9. ფილიპელების 2:4, 5-ის თანახმად, როგორი აზროვნება უნდა განივითარონ ქრისტიანებმა?
9 წაიკითხეთ ფილიპელების 2:4, 5. მართალია, ყველანი უხუცესები არ ვართ, მაგრამ ყველას შეგვიძლია, იესოს მსგავსად თავდაუზოგავები ვიყოთ. ბიბლია იესოზე ამბობს, რომ მან „მონის სახე მიიღო“ (ფილ. 2:7). რაზე უნდა დაგვაფიქროს ამ სიტყვებმა? კარგი მონა თუ მსახური ყველანაირად ცდილობს, რომ ასიამოვნოს თავის ბატონს. ჩვენ იეჰოვას მონები ვართ და და-ძმების მომსახურება გვევალება. ამიტომ გვინდა, უფრო მეტად დავიხარჯოთ იეჰოვასა და და-ძმებისთვის. ამის გაკეთებაში ქვემოთ მოყვანილი რჩევები დაგვეხმარება.
10. რაზე უნდა დავფიქრდეთ?
10 დაუკვირდით საკუთარ თავს. დაფიქრდით შემდეგ კითხვებზე: მზად ვარ, სხვების დასახმარებლად არ დავიშურო საკუთარი დრო და ენერგია? მაგალითად, როგორი რეაქცია მექნება, თუ ასაკოვანი დის ან ძმის მონახულებას ან კრებაზე წაყვანას მთხოვენ? მზადყოფნით ვიღებ მონაწილეობას ჩვენი დარბაზების დასუფთავებასა თუ მოვლა-პატრონობაში? მართალია, ყველაფერი, რაც გვაქვს, ისედაც იეჰოვას ეკუთვნის, მაგრამ მას სიამოვნებს, როცა ჩვენ ამ ყველაფერს ნებაყოფლობით ვიღებთ სხვების დასახმარებლად. როგორ მოვიქცეთ, თუ ვხდებით, რომ ამ მხრივ მოვიკოჭლებთ?
11. რაში დაგვეხმარება ლოცვა?
11 გულწრფელად სთხოვეთ იეჰოვას დახმარება. თუ მიხვდებით, რომ გაუმჯობესება გჭირდებათ, მაგრამ ამისთვის მოტივაცია გაკლიათ, იეჰოვას მიმართეთ ლოცვით. გულახდილად უთხარით მას ყველაფერი და სთხოვეთ, რომ სურვილიც აღგიძრათ და მოქმედების ძალაც მოგცეთ (ფილ. 2:13).
12. როგორ შეუძლიათ ახალგაზრდა ძმებს, გამოადგნენ კრებას?
12 თუ ახალგაზრდა ძმა ხარ, სთხოვე იეჰოვას, რომ კრებაში მეტის კეთების სურვილი გაგიჩინოს. ბევრ ქვეყანაში უფრო მეტი უხუცესია, ვიდრე მომსახურე, და მომსახურეთა უმეტესობაც აღარ არის ახალგაზრდა. რაც უფრო იზრდება ჩვენი ორგანიზაცია, მით უფრო მეტი ახალგაზრდა ძმაა საჭირო, რომ უხუცესებს ღვთის ხალხზე ზრუნვაში დაეხმარონ. თუ მზად იქნები ნებისმიერი საქმის შესასრულებლად, თავს ბედნიერად იგრძნობ. და ეს იმიტომ, რომ იეჰოვასაც გაუხარებ გულს, კარგ სახელსაც მოიპოვებ და სხვების დახმარებით გამოწვეულ სიხარულსაც განიცდი.
13, 14. როგორ შეგვიძლია დავეხმაროთ და-ძმებს? (იხილეთ სურათი გარეკანზე).
13 იყავით ყურადღებიანი და დაკვირვებული. პავლემ ებრაელ ქრისტიანებს ურჩია: „ნუ მოიშლით კარგის კეთებასა და გაზიარებას, რადგან ღმერთს სიამოვნებს ასეთი მსხვერპლი“ (ებრ. 13:16). ეს ძალიან დროული რჩევა იყო. ამ წერილის მიღებიდან არცთუ ისე დიდი ხნის შემდეგ იუდეველ ქრისტიანებს მოუწევდათ თავიანთი სახლ-კარის, საქმისა თუ ნათესავების დატოვება და მთებში გაქცევა (მათ. 24:16). აი, სწორედ მაშინ დასჭირდებოდათ ერთმანეთის მხარში დგომა. თუ პავლეს რჩევისამებრ მათ ნასწავლი ექნებოდათ კარგის კეთება და გაზიარება, ახალ გარემოში ეს უფრო გაუადვილდებოდათ.
14 ზოგ და-ძმას უჭირს დახმარების თხოვნა. მაგალითად, თუ რომელიმე ძმას მეუღლე დაეღუპა, რაში შეიძლება დასჭირდეს მას დახმარება? შეიძლება დახმარება დასჭირდეს საჭმლის მომზადებაში, ტრანსპორტირებაში ან საოჯახო საქმეებში. მას შეიძლება მოერიდოს და არ შეგვაწუხოს თხოვნით, მაგრამ ძალიან მადლიერი დაგვრჩება, თუ ჩვენ გამოვიჩენთ ინიციატივას. ნუ ვიფიქრებთ, რომ ამას სხვა გააკეთებს ჩვენ ნაცვლად ან ის თავად მოვა და გვთხოვს დახმარებას. დაფიქრდით, თქვენ რომ მის ადგილას ყოფილიყავით, რა სახის დახმარება დაგჭირდებოდათ?
15. როგორები უნდა ვიყოთ, თუ გვინდა, რომ სხვებს დავეხმაროთ?
15 თავისუფლად აგრძნობინეთ სხვებს თავი. უეჭველია, თქვენც გყავთ კრებაში ისეთი და-ძმები, რომლებიც ყოველთვის მზად არიან სხვების დასახმარებლად. ისინი არასდროს გვაგრძნობინებენ თავს ისე, რომ რაღაცით შევაწუხეთ. ჩვენ ვიცით, რომ ყოველთვის შეგვიძლია მათი იმედი გვქონდეს. მათი შემხედვარე ჩვენც გვიჩნდება სურვილი, რომ მათნაირები ვიყოთ. აი, რას ამბობს ერთი უხუცესი ძმა ალანი, რომელიც 40 წელს არის გადაცილებული: „იესო დაკავებული იყო, მაგრამ ყველა ასაკის ადამიანი თავისუფლად მიდიოდა მასთან და დახმარებას სთხოვდა. ისინი ხვდებოდნენ, რომ მას გული შესტკიოდა მათზე. ძალიან მინდა, რომ იესოს მსგავსად, სხვები ჩემშიც მეგობრულ, თბილ და მზრუნველ ადამიანს ხედავდნენ“.
16. როგორ დაგვეხმარება ფსალმუნის 119:59, 60-ში ჩაწერილი სიტყვები, უკეთ მივბაძოთ იესოს?
16 გული არ უნდა გავიტეხოთ, თუ იდეალურად არ გამოგვდის იესოს მიბაძვა (იაკ. 3:2). ჩვენ რაღაცით მხატვრის შეგირდს ვგავართ, რომელიც მცდელობის მიუხედავად ზუსტად ვერ იმეორებს მხატვრის ნამუშევარს. მაგრამ, თუ შეგირდი სწავლობს საკუთარ შეცდომებზე და მაქსიმალურად ცდილობს, მიჰბაძოს თავის მასწავლებელს, აუცილებლად გააუმჯობესებს შედეგს. თუ ჩვენც ვიყენებთ ბიბლიიდან ნასწავლს და საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობთ, უკეთ გამოგვივა იესოს მიბაძვა (წაიკითხეთ ფსალმუნის 119:59, 60).
ᲠᲐ ᲓᲐᲓᲔᲑᲘᲗᲘ ᲨᲔᲓᲔᲒᲔᲑᲘ ᲛᲝᲐᲥᲕᲡ ᲡᲮᲕᲔᲑᲖᲔ ᲗᲐᲕᲓᲐᲣᲖᲝᲒᲐᲕᲐᲓ ᲖᲠᲣᲜᲕᲐᲡ
17, 18. რა დადებითი შედეგები მოაქვს სხვებზე თავდაუზოგავად ზრუნვას?
17 თუ და-ძმები ხედავენ, რომ ყოველთვის მზად ვართ სხვების დასახმარებლად, მათაც შეიძლება იმავეს კეთების სურვილი გაუჩნდეთ. ერთი უხუცესი ამბობს: „კრებაში გვყავს ახალგაზრდა ძმები, რომლებმაც სულიერად წინ წაიწიეს და მომსახურეებად დაინიშნენ, თანაც საკმაოდ პატარა ასაკში. გარკვეულწილად ეს იმის დამსახურებაა, რომ ისინი სხვებში ხედავდნენ მზადყოფნის სულს. ეს ახალგაზრდა ძმები დიდ დახმარებას უწევენ კრებასა და უხუცესებს“.
18 დღევანდელ საზოგადოებაში ეგოიზმია გაბატონებული. ჩვენ, იეჰოვას ხალხი, ვცდილობთ, ამ მხრივ არ ვგავდეთ უმრავლესობას. ჩვენთვის სამაგალითოა ის, თუ რა თავდაუზოგავად ირჯებოდა იესო სხვებისთვის. მართალია, იდეალურად არ გამოგვივა მისი მიბაძვა, მაგრამ შეგვიძლია „ზუსტად მიჰყვეთ მის ნაკვალევს“ (1 პეტ. 2:21). თუ ყველანაირად ვეცდებით, მივბაძოთ იესოს და თავი არ დავზოგოთ სხვებისთვის, გულს გავუხარებთ იეჰოვას და დიდ სიხარულს გამოვცდით.
ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 13 ქრისტე ჩვენი მაგალითია
^ აბზ. 5 იესო სხვის საჭიროებებს ყოველთვის საკუთარზე წინ აყენებდა. ამ სტატიიდან დავინახავთ, როგორ მივბაძოთ მას და როგორ დაგვიფასდება ეს.
^ აბზ. 57 ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ახალგაზრდა ძმა დენი შეჰყურებს ორ უხუცესს, რომლებიც მამამისს ინახულებენ საავადმყოფოში. მასზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს უხუცესების მაგალითი. ის ცდილობს, ყურადღება მიაქციოს და-ძმებს კრებაში. თავად დენსაც აკვირდება ერთი ძმა ბენი. დენის შემხედვარე ისიც იღებს მონაწილეობას დარბაზის დასუფთავებაში.