არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

სასწავლო სტატია 7

ჩვენ ძალიან გვიყვარს ზეციერი მამა, იეჰოვა

ჩვენ ძალიან გვიყვარს ზეციერი მამა, იეჰოვა

„ჩვენ გვიყვარს, რადგან მან პირველმა შეგვიყვარა“ (1 იოან. 4:19).

სიმღერა 3 ჩვენო რწმენავ, ძალავ, ჩვენო იმედო

მოკლე შინაარსი *

1, 2. რატომ გვაძლევს იეჰოვა თავისი ოჯახის წევრებად გახდომის შესაძლებლობას და რისი წყალობით გახდა ეს შესაძლებელი?

იეჰოვას სურს, რომ თავისი თაყვანისმცემლებისგან შემდგარი ოჯახის წევრები გავხდეთ, რაც ჩვენთვის ნამდვილად დიდი პატივია. ეს სულიერი ოჯახი იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებმაც თავი მიუძღვნეს ღმერთს. ისინი რწმენას ავლენენ იესოს მიერ გაღებული მსხვერპლის მიმართ. ჩვენ ნამდვილად ბედნიერები ვართ, რომ დღესვე გვაქვს აზრიანი ცხოვრება და მომავალში უსასრულო სიცოცხლის შესაძლებლობა, იქნება ეს ზეცაში თუ დედამიწაზე.

2 იეჰოვას უდიდეს სიყვარულზე მეტყველებს ის, რომ შეგვიძლია მისი ოჯახის წევრები გავხდეთ. მას ამისთვის დიდი მსხვერპლის გაღება მოუწია (იოან. 3:16). ბიბლიაში წერია, რომ ჩვენ „ფასით [ვართ] ნაყიდნი“ (1 კორ. 6:20). გამოსასყიდის წყალობით იეჰოვამ შესაძლებლობა მოგვცა, მასთან ახლო ურთიერთობა განგვევითარებინა. ჩვენ წილად გვხვდა პატივი, სამყაროში ყველაზე დიდებულ პიროვნებას მამა ვუწოდოთ. იეჰოვა შეუდარებელ მამობას გვიწევს, რაც წინა სტატიიდანაც გამოჩნდა.

3. რა კითხვა შეიძლება დაგვებადოს? (იხილეთ ჩარჩო  „მამჩნევს იეჰოვა?“)

3 ბიბლიის ერთ-ერთი დამწერის მსგავსად შეიძლება ჩვენც გაგვიჩნდეს კითხვა: „რით გადავუხდი იეჰოვას ყოველივე კარგისთვის, რაც ჩემთვის გაუკეთებია?“ (ფსალმ. 116:12). მართალია, სანაცვლოდ ვერაფერს გადავუხდით ჩვენს ზეციერ მამას, მაგრამ გვინდა, მის მიერ გამოვლენილ სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხოთ. მოციქულმა იოანემ დაწერა: „ჩვენ გვიყვარს, რადგან მან პირველმა შეგვიყვარა“ (1 იოან. 4:19). როგორ შეგვიძლია გამოვხატოთ ზეციერი მამისადმი სიყვარული?

შეინარჩუნეთ იეჰოვასთან ახლო ურთიერთობა

თუ ვლოცულობთ, ვემორჩილებით იეჰოვას და ვეხმარებით სხვებს, შეიყვარონ ის, ცხადვყოფთ, რომ ძალიან გვიყვარს ზეციერი მამა (იხილეთ აბზაცები 4—14)

4. იაკობის 4:8-ის თანახმად, რატომ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა იეჰოვასთან დასაახლოებლად?

4 იეჰოვას სურს, რომ დავუახლოვდეთ და მეგობრული ურთიერთობა გვქონდეს მასთან (წაიკითხეთ იაკობის 4:8). ის მოგვიწოდებს, „გამუდმებით ვილოცოთ“ და ყოველთვის გვისმენს, როცა ვლოცულობთ (რომ. 12:12). იეჰოვა აუცილებლად გამოგვინახავს დროს და არასოდეს დაიღლება ჩვენი მოსმენით. ჩვენი მხრივ, ღმერთს ვუსმენთ, როცა ბიბლიას ვკითხულობთ და პუბლიკაციების მეშვეობით ვცდილობთ, ჩავწვდეთ წაკითხულის მნიშვნელობას. ღმერთის მოსმენის საშუალება ქრისტიანულ შეხვედრებზეც გვეძლევა. როგორც ხშირი ურთიერთობა აახლოებს ბავშვებს მშობლებთან, ისე იეჰოვასთან ორმხრივი ურთიერთობა — რეგულარული ლოცვა და ბიბლიის კითხვა გვეხმარება მასთან მეგობრობის განმტკიცებაში.

(იხილეთ აბზაცი 5)

5. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენი ლოცვები უფრო შინაარსიანი გახდეს?

5 დაფიქრდით, რამდენად შინაარსიანია თქვენი ლოცვები. იეჰოვას სურს, გავანდოთ ჩვენი ფიქრები და გრძნობები (ფსალმ. 62:8). ამიტომ კარგი იქნება, ვკითხოთ საკუთარ თავს: გაზეპირებული ფრაზებით ვლოცულობ თუ გააზრებული, გულიდან მომდინარე სიტყვებით? ეჭვი არ გვეპარება, რომ ძალიან გიყვართ იეჰოვა და არ გსურთ, ოდესმე გაგიფუჭდეთ მასთან ურთიერთობა. ამიტომ ხშირად ესაუბრეთ მას, გადაუშალეთ გული და უთხარით, რა გაწუხებთ და რა გიხარიათ. დარწმუნებული იყავით, რომ იეჰოვას ნებისმიერ დროს შეგიძლიათ მიმართოთ დახმარებისთვის.

6. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობა შევინარჩუნოთ?

6 ზეციერ მამასთან ახლო ურთიერთობის შესანარჩუნებლად აუცილებელია, მისი მადლიერი ვიყოთ. სრულად ვეთანხმებით ფსალმუნმომღერლის სიტყვებს: „მრავალი საოცარი საქმე მოიმოქმედე, იეჰოვა, ჩემო ღმერთო, და შეასრულე ის, რაც ჩვენთვის გქონდა განზრახული; ვერავინ შეგედრება. მათზე რომ მელაპარაკა, იმდენი იქნებოდა, რომ ვერც კი ჩამოვთვლიდი“ (ფსალმ. 40:5). საკმარისი არ არის, მხოლოდ ვგრძნობდეთ იეჰოვასადმი მადლიერებას, ის სიტყვითა და საქმითაც უნდა გამოვხატოთ. სწორედ ეს გამოგვარჩევს სხვებისგან. დღევანდელ მსოფლიოში მრავლად არიან ისეთი ადამიანები, რომლებიც არ აფასებენ იმ ყოველივეს, რასაც ღმერთი მათთვის აკეთებს. ეს გასაკვირი არც არის, რადგან ბიბლიაში ნათქვამია, რომ ბოლო დღეებში ხალხი უმადური იქნებოდა (2 ტიმ. 3:1, 2). ნამდვილად არ გვინდა, ასეთ ადამიანებს დავემსგავსოთ!

7. რის გაკეთებას მოელის იეჰოვა ჩვენგან და რატომ?

7 ყველა მშობელს უნდა, რომ თავისი შვილები კარგი მეგობრები იყვნენ და ერთმანეთში არ კინკლაობდნენ. იეჰოვასაც სურს, რომ თავის მსახურებს კარგი ურთიერთობა ჰქონდეთ ერთმანეთთან. ნამდვილი ქრისტიანები ხომ სიყვარულით გამოირჩევიან (იოან. 13:35). ჩვენც ისეთივე გრძნობები გვეუფლება, როგორიც ფსალმუნმომღერალს, რომელმაც დაწერა: „რა კარგია და რა სასიამოვნო, ერთად რომ ცხოვრობენ ძმები ერთობაში!“ (ფსალმ. 133:1). როცა თანაქრისტიანების მიმართ სიყვარულს ვავლენთ, ამით ცხადვყოფთ, რომ გვიყვარს იეჰოვა (1 იოან. 4:20). რა დიდი პატივია იმ ოჯახში ყოფნა, სადაც და-ძმები კეთილად ეპყრობიან ერთმანეთს და დიდად თანაუგრძნობენ! (ეფეს. 4:32).

სიყვარული მორჩილებაში გამოიხატება

(იხილეთ აბზაცი 8)

8. პირველი იოანეს 5:3-ის თანახმად, უმთავრესად რამ უნდა აღგვძრას იეჰოვას მორჩილებისკენ?

8 იეჰოვა მოელის, რომ ბავშვები მშობლების მორჩილები იქნებიან. როგორც ზეციერი მამა, ის ჩვენგანაც მოელის მორჩილებას (ეფეს. 6:1). ღმერთი იმსახურებს კიდეც ამას, რადგან არა მხოლოდ სიცოცხლე გვიბოძა, არამედ ყოველივე ის, რაც სიცოცხლის შენარჩუნებაში გვეხმარება. გარდა ამისა, იეჰოვა ნებისმიერ მშობელზე გაცილებით დიდ სიბრძნეს ფლობს. თუმცა მორჩილებისკენ უმთავრესად მისადმი სიყვარული აღგვძრავს (წაიკითხეთ 1 იოანეს 5:3). მიუხედავად იმისა, რომ იეჰოვას მორჩილების არაერთი მიზეზი გვაქვს, ის ამას არ გვაიძულებს. მან ნების თავისუფლებით დაგვაჯილდოვა და გულს უხარებს იმის დანახვა, როცა სიყვარულით ვემორჩილებით.

9, 10. რატომ არის მნიშვნელოვანი, ვიცოდეთ იეჰოვას მითითებები და ვემორჩილებოდეთ მათ?

9 მშობლებს სურთ, დაიცვან თავიანთი შვილები, ამიტომ მათივე კეთილდღეობისთვის წესებს უდგენენ. როცა ბავშვები მშობლების მითითებებს მიჰყვებიან, ნდობასა და პატივისცემას გამოხატავენ მათ მიმართ. აქედან გამომდინარე, რამდენად უფრო მნიშვნელოვანია, ვიცოდეთ ზეციერი მამის მითითებები და ვემორჩილებოდეთ მათ. თუ ასე მოვიქცევით, იეჰოვას მიმართ პატივისცემასა და სიყვარულს გამოვხატავთ. გარდა ამისა, გვესმის, რომ მისი მცნებების დაცვას ჩვენთვის დიდი სიკეთე მოაქვს (ეს. 48:17, 18). ამის საპირისპიროდ, ვინც უგულებელყოფს იეჰოვას და მის ნორმებს, საკუთარ თავს დიდ ზიანს აყენებს (გალ. 6:7, 8).

10 იეჰოვას მოსაწონად ცხოვრება ფიზიკური, ემოციური და სულიერი ზიანისგან გვიცავს. მან კარგად უწყის, რა არის ჩვენთვის საუკეთესო. შეერთებულ შტატებში მცხოვრები ავრორა ამბობს: „ვიცი, რომ იეჰოვას მორჩილებას ყოველთვის საუკეთესო შედეგი მოჰყვება“. ნამდვილად, ეს უცვლელი ჭეშმარიტებაა. პირადად თქვენ როგორ წაგადგათ იეჰოვას მითითებების მორჩილება?

11. როგორ გვეხმარება ლოცვა?

11 ლოცვა გვეხმარება, მაშინაც გამოვავლინოთ მორჩილება, როცა ეს ადვილი არ არის. ჩვენი ცოდვილი ბუნება ზოგჯერ ხელს გვიშლის იეჰოვას მორჩილებაში, მაგრამ ძალისხმევა არ უნდა დავიშუროთ, რომ არასწორ მიდრეკილებებს ვებრძოლოთ. ფსალმუნმომღერალი ემუდარებოდა ღმერთს: „გამამაგრე მზადყოფნის სულით“ (ფსალმ. 51:12). ერთი პიონერი და, სახელად დენიზი, ამბობს: „როცა მორჩილება მიჭირს, იეჰოვას ვთხოვ, ძალა მომცეს იმის გასაკეთებლად, რაც სწორია“. დარწმუნებული ვართ, რომ იეჰოვა უპასუხოდ არ დატოვებს ასეთ ლოცვებს (ლუკ. 11:9—13).

სხვებსაც შევაყვაროთ ზეციერი მამა

12. ეფესოელების 5:1-ის თანახმად, რა უნდა გავაკეთოთ?

12 წაიკითხეთ ეფესოელების 5:1. როგორც იეჰოვას „საყვარელი შვილები“, ყველანაირად ვცდილობთ, მივბაძოთ მას. როცა სხვებს სიყვარულით ვექცევით, სიკეთეს ვუკეთებთ და ვპატიობთ, ცხადვყოფთ, რომ იეჰოვას ვბაძავთ. მათ, ვინც არ იცნობს ღმერთს, შეიძლება შეუმჩნეველი არ დარჩეთ ჩვენი კარგი საქმეები და ღვთის შესახებ მეტის გაგების სურვილი გაუჩნდეთ (1 პეტ. 2:12). ქრისტიანი მშობლები ისევე უნდა მოეპყრონ თავიანთ შვილებს, როგორც იეჰოვა გვეპყრობა. თუ მშობლები იეჰოვას თვისებებს აირეკლავენ, შეიძლება ამან მათი შვილები აღძრას, თავადაც განავითარონ ზეციერ მამასთან ურთიერთობა.

(იხილეთ აბზაცი 13)

13. რა შეგვმატებს გაბედულებას?

13 როგორც წესი, ბავშვები ამაყობენ თავიანთი მამებით და სხვებს სიხარულით ელაპარაკებიან მათზე. მსგავსად, ჩვენც ვამაყობთ ზეციერი მამით და გვინდა, სხვებსაც გავაცნოთ ის. იმავეს ვგრძნობთ, რასაც მეფე დავითი, რომელმაც დაწერა: „იეჰოვათი იამაყებს ჩემი სული“ (ფსალმ. 34:2). მაგრამ, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვერიდება იეჰოვას შესახებ საუბარი? რა შეგვმატებს გაბედულებას? თუ იმაზე ვიფიქრებთ, როგორ ვუხარებთ იეჰოვას გულს, როცა სხვებს მის შესახებ ვესაუბრებით და როგორ შეუძლია ღვთის გაცნობას მათი ცხოვრების უკეთესობისკენ შეცვლა, უფრო გაბედულები გავხდებით. შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ, რომ საჭირო დროს იეჰოვა სიმამაცეს შეგვმატებს. ის პირველი საუკუნის ქრისტიანებსაც ეხმარებოდა გაბედულების მოკრებაში და ჩვენც დაგვეხმარება (1 თეს. 2:2).

14. რატომ არის მნიშვნელოვანი, მონაწილეობა მივიღოთ მოწაფეების მომზადების საქმეში?

14 იეჰოვა მიუკერძოებელი ღმერთია. მას ძალიან ახარებს, როცა ჩვენც მიუკერძოებლად ვავლენთ სიყვარულს ყველანაირი ადამიანის მიმართ (საქ. 10:34, 35). სასიხარულო ცნობის ქადაგება სხვების მიმართ სიყვარულის გამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო საშუალებაა (მათ. 28:19, 20). რა მიზანს ემსახურება სამქადაგებლო საქმე? ისინი, ვინც დადებითად ეხმაურებიან ბიბლიურ ცნობას, დღესვე ხედავენ, როგორ იცვლება მათი ცხოვრება უკეთესობისკენ. გარდა ამისა, მომავალში მათ მარადიული სიცოცხლის შესანიშნავი შესაძლებლობაც მიეცემათ (1 ტიმ. 4:16).

ზეციერი მამის სიყვარული ბედნიერების საწინდარია

15, 16. რა მიზეზები გვაქვს ბედნიერებისთვის?

15 იეჰოვა ბედნიერი ღმერთია და სურს, მის ოჯახში ყველა ბედნიერი იყოს (ეს. 65:14). მიუხედავად იმისა, რომ არაერთ სირთულესთან გვიწევს ჭიდილი, დღესვე უამრავი მიზეზი გვაქვს ბედნიერებისთვის. მაგალითად, ეჭვი არ გვეპარება, რომ ჩვენს ზეციერ მამას ძალიან ვუყვარვართ. გარდა ამისა, გვაქვს ღვთის სიტყვის საფუძვლიანი ცოდნა (იერ. 15:16). ჩვენი სულიერი ოჯახი განსაკუთრებულია, რადგან იმ ადამიანებისგან შედგება, რომლებსაც უყვართ იეჰოვა, იცავენ მის მაღალზნეობრივ ნორმებს და უყვართ ერთმანეთი (ფსალმ. 106:4, 5).

16 ბედნიერები ვართ, რომ გვაქვს უკეთესი ცხოვრების უტყუარი იმედი. ეჭვი არ გვეპარება, რომ იეჰოვა ბოლოს მოუღებს ყოველგვარ ბოროტებას და თავისი სამეფოს მეშვეობით დედამიწაზე სამოთხისებურ პირობებს აღადგენს. გარდა ამისა, გვაქვს მკვდრეთით აღდგომის შესანიშნავი იმედი. გვჯერა, რომ კვლავ შევხვდებით იმ ადამიანებს, რომლებიც სიკვდილმა გამოგვაცალა ხელიდან (იოან. 5:28, 29). წინ ენით აუწერელი სიხარული გველის! და, რაც ყველაზე მთავარია, დარწმუნებულები ვართ, რომ ძალიან მალე ზეცაშიც და დედამიწაზეც, ყველა საკადრის ქებას, პატივსა და დიდებას მიაგებს ჩვენს მოსიყვარულე მამას!

სიმღერა 12 დიდებული ღმერთი, იეჰოვა

^ აბზ. 5 ვიცით, რომ ჩვენს მამას, იეჰოვას ძალიან ვუყვარვართ. მან თავისი თაყვანისმცემლებისგან შემდგარ ოჯახში მიგვიღო, რაც აღგვძრავს, მის სიყვარულს სიყვარულითვე ვუპასუხოთ. როგორ გამოვხატოთ მზრუნველი მამისადმი სიყვარული? ამ სტატიაში სწორედ ამაზე ვისაუბრებთ.