მკითხველთა შეკითხვები
სულის უკვდავებაზე ხომ არ მიანიშნა სატანამ ევას, როცა უთხრა, რომ არ მოკვდებოდა, თუ სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან შეჭამდა ნაყოფს?
როგორც ჩანს, არა. ეშმაკს არ უთქვამს ევასთვის, რომ, თუ ღვთის მიერ აკრძალულ ნაყოფს შეჭამდა, მისი სხეული მოკვდებოდა, თუმცა მისი უხილავი ნაწილი (ეგრეთ წოდებული უკვდავი სული) სადღაც სხვა სამყაროში განაგრძობდა არსებობას. გველის მეშვეობით სატანამ ევა დაარწმუნა, რომ, თუ ხის ნაყოფს იგემებდა, არ მოკვდებოდა, ანუ ფიზიკურად არასდროს შეწყვეტდა არსებობას. ამგვარად ეშმაკმა ქალს მიანიშნა, რომ დედამიწაზე განაგრძობდა სიცოცხლეს და ღვთისგან დამოუკიდებლად გაცილებით უკეთ იცხოვრებდა (დაბ. 2:17; 3:3—5).
თუ სულის უკვდავების შესახებ ცრუ მოძღვრება ედემის ბაღიდან არ იღებს სათავეს, მაშ საიდან გაჩნდა ეს იდეა? დაზუსტებით ვერ ვიტყვით, თუმცა ერთი რამ დანამდვილებით ვიცით: ნოეს დროს მომხდარმა წარღვნამ წერტილი დაუსვა ყველანაირ ცრუ თაყვანისმცემლობას. შეუძლებელია, რომ წარღვნის შემდეგ ცრუ რელიგიური შეხედულებების რაიმე კვალი დარჩენილიყო, რადგან წარღვნას მხოლოდ ჭეშმარიტი თაყვანისმცემლები, ნოე და მისი ოჯახი გადაურჩნენ.
ასე რომ, სულის უკვდავების იდეა, რომელიც დღეს უკვე მოძღვრებადაა ქცეული, უდავოდ წარღვნის შემდეგ გაჩნდა. როცა ღმერთმა ბაბილონში ენები აურია, ხალხი „მთელი დედამიწის ზურგზე“ გაიფანტა. როგორც ჩანს, სულის უკვდავების იდეა მათ ახალ ტერიტორიებზეც გაავრცელეს (დაბ. 11:8, 9). არა აქვს მნიშვნელობა, როდის იღებს დასაბამს ეს მცდარი მოსაზრება, ერთი რამ ცხადია: ამ შეხედულების მიღმა „სიცრუის მამა“, სატანა ეშმაკი დგას, რომელსაც ძალიან ახარებს ის ფაქტი, რომ ეს სწავლება ფართოდ გავრცელდა (იოან. 8:44).