არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 34

გამოიკვლიეთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები

გამოიკვლიეთ ბიბლიური წინასწარმეტყველებები

„ამ სიტყვებს გამჭრიახნი ჩასწვდებიან“ (ᲓᲐᲜ. 12:10).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 98 ბიბლია — ღვთისგან შთაგონებული წიგნი

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რა უნდა გავაკეთოთ, რომ ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევა ჩვენთვის სასიამოვნო პროცესად იქცეს?

 „ᲫᲐᲚᲘᲐᲜ მომწონს ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევა“, — ამბობს წინა სტატიაში მოხსენიებული ბენი. თქვენც მოგწონთ მათი გამოკვლევა თუ, პირიქით, გერთულებათ ან მოსაბეზრებელი გეჩვენებათ? ეს პროცესი თქვენთვის უფრო სასიამოვნო რომ გახდეს, უნდა გაიგოთ, რატომ ჩაიწერა ბიბლიაში წინასწარმეტყველებები.

2. რაზე ვისაუბრებთ ამ სტატიაში?

2 ამ სტატიაში მხოლოდ იმაზე კი არ ვისაუბრებთ, რატომ ღირს ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევა, არამედ იმაზეც, რა დაგვეხმარება ამაში. გარდა ამისა განვიხილავთ წიგნ „დანიელში“ ჩაწერილ ორ წინასწარმეტყველებას და მათ პრაქტიკულ ღირებულებაზეც ვიმსჯელებთ.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲦᲘᲠᲡ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲔᲑᲘᲡ ᲒᲐᲛᲝᲙᲕᲚᲔᲕᲐ?

3. როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს, რომ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს ჩავწვდეთ?

3 ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს რომ ჩავწვდეთ, დახმარება უნდა ვითხოვოთ. მოდი ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ: წარმოიდგინეთ, რომ უცხო ქალაქში ჩადიხართ, მაგრამ თან გახლავთ მეგობარი, რომელიც კარგად იცნობს იქაურობას და ზუსტად იცის, სად ხართ და რომელი გზა სად წაგიყვანთ. მსგავს სიტუაციაში ნამდვილად დიდი ბედნიერებაა ასეთი მეგობრის გვერდით ყოლა. იეჰოვაც ასეთ მეგობარს ჰგავს. მან ზუსტად იცის, დროის რა მონაკვეთში გვიწევს ცხოვრება და რა გველის წინ. ასე რომ, თუ გვინდა, ჩავწვდეთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, თავმდაბლები უნდა ვიყოთ და იეჰოვას ვთხოვოთ დახმარება (დან. 2:28; 2 პეტ. 1:19, 20).

წინასწარმეტყველებების უკეთ გაგება მომავალში მოსახდენი მოვლენებისთვის გვამზადებს (იხილეთ აბზაცი 4).

4. რატომ შემოგვინახა იეჰოვამ თავის სიტყვაში წინასწარმეტყველებები? (იერემია 29:11; იხილეთ აგრეთვე სურათი).

4 მზრუნველი და მოსიყვარულე მშობლის მსგავსად, იეჰოვასაც სურს, რომ ბედნიერი მომავალი გვქონდეს (წაიკითხეთ იერემიას 29:11). მეტიც, იეჰოვას მომავლის წინასწარმეტყველებაც შეუძლია, თანაც აბსოლუტური სიზუსტით. მან თავის სიტყვაში წინასწარმეტყველებები შემოგვინახა, რადგან სურს, ჩვენც ვიცოდეთ, რა მნიშვნელოვანი მოვლენები უნდა განვითარდეს მომავალში (ეს. 46:10). შეიძლება ითქვას, რომ ეს ფაქტი ჩვენი ზეციერი მამის სიყვარულის მტკიცებულებაა. ამიტომ მნიშვნელოვანია, დავრწმუნდეთ, რომ წინასწარმეტყველებები აუცილებლად შესრულდება. ვნახოთ, რა დაგვეხმარება ამაში.

5. რისი სწავლა შეუძლიათ ახალგაზრდებს მაქსისგან?

5 დღეს ბევრ იეჰოვას მოწმე ახალგაზრდას სკოლაში ისეთი ადამიანების გარემოცვაში უწევს ყოფნა, რომლებიც საერთოდ არ აფასებენ ბიბლიას. ამის გამო შეიძლება მათაც გაუჩნდეთ ეჭვები. აი მაგალითად, რას ამბობს ერთი ძმა მაქსი: „მოზარდობის წლებში ეჭვი შემეპარა, რამდენად შეესაბამებოდა სიმართლეს ის, რასაც მშობლები მასწავლიდნენ და იყო თუ არა ბიბლია ღვთის სიტყვა“. როგორი რეაქცია ჰქონდათ მაქსის მშობლებს ამის გაგებაზე? „რა თქმა უნდა, მათთვის ადვილი არ იყო ამის მოსმენა, თუმცა არ გაღიზიანებულან“, — იხსენებს მაქსი. მშობლებმა ბიბლიიდან უპასუხეს მის კითხვებს. თავის მხრივ, არც მაქსი იყო უმოქმედოდ. ის ამბობს: „შევუდექი ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევას და რასაც ვიგებდი, კრებაში სხვა ახალგაზრდებსაც ვუზიარებდი“. მაქსი აღნიშნავს, რა შედეგი გამოიღო მისმა ძალისხმევამ: „დავრწმუნდი, რომ ბიბლია ნამდვილად ღვთისგან არის შთაგონებული“.

6. რატომაა ეჭვები საშიში და როგორ მოვიშოროთ ისინი?

6 თავს დამნაშავედ ნუ იგრძნობთ, თუ თქვენც გაეჭვებთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ბიბლიაში ჩაწერილი. თუმცა ნურც უმოქმედოდ გაჩერდებით! ეჭვები ჟანგივითაა. თუ დროულად არ მოვიშორებთ, ის ნელ-ნელა „შეჭამს“ ჩვენს რწმენას. მაშ, როგორ უნდა მოიქცეთ? თავდაპირველად დაფიქრდით, გჯერათ თუ არა, რომ მომავალთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები შესრულდება. თუ ოდნავ მაინც გეპარებათ ეჭვი, კარგი იქნება, უკვე შესრულებული წინასწარმეტყველებები გამოიკვლიოთ. ამაში ქვემოთ მოცემული რჩევები დაგეხმარებათ.

ᲠᲐ ᲓᲐᲒᲕᲔᲮᲛᲐᲠᲔᲑᲐ ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲔᲑᲘს ᲒᲐᲛᲝᲙᲕᲚᲔᲕᲐᲨᲘ

თუ გვინდა, დანიელივით ბოლომდე მივენდოთ იეჰოვას, წინასწარმეტყველებების კვლევისას თავმდაბლობა უნდა გამოვავლინოთ, ვიყოთ გულმოდგინენი და გვქონდეს სწორი მოტივი (იხილეთ აბზაცი 7).

7. რა მაგალითი დაგვიტოვა დანიელმა? (დანიელი 12:10; იხილეთ აგრეთვე სურათი).

7 დანიელის მაგალითიდან ვხედავთ, რა არის საჭირო, ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს რომ ჩავწვდეთ. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ დანიელს სწორი მოტივი ამოძრავებდა — სიმართლის გაგება სურდა. ის თავმდაბალიც იყო და ესმოდა, რომ წინასწარმეტყველებების გასაგებად იეჰოვასთვის უნდა მიემართა. დანიელმა ისიც კარგად იცოდა, რომ ღმერთი მხოლოდ იმ შემთხვევაში დაეხმარებოდა, თუ უკეთ გაიცნობდა და მისი მაღალზნეობრივი ნორმებით იცხოვრებდა (დან. 2:18, 27, 28; წაიკითხეთ დანიელის 12:10). ის გულმოდგინეც იყო და ყველა იმ ღვთივშთაგონებულ წიგნს იკვლევდა, რომლებზეც ხელი მიუწვდებოდა (იერ. 25:11, 12; დან. 9:2). თქვენ როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ დანიელს?

8. რატომ იკვლევს ზოგი ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, მაგრამ რა უნდა იყოს ჩვენი მოტივი?

8 დაფიქრდით თქვენს მოტივებზე. თუ თქვენც იმიტომ იკვლევთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს, რომ სიმართლის გაგება გსურთ, მაშინ შეგიძლიათ იეჰოვას დახმარების იმედი გქონდეთ (იოან. 4:23, 24; 14:16, 17). ფაქტია, ყველას ასეთი მოტივი არ ამოძრავებს. კვლევისას ზოგი იმის მტკიცებულებებს ეძებს, რომ ბიბლია არ არის ღვთისგან შთაგონებული, რადგან არ სურთ, ვინმემ უკარნახოს, როგორ იცხოვრონ. აშკარაა, მოტივს უდიდესი მნიშვნელობა აქვს. თუმცა ბიბლიური წინასწარმეტყველებების გასაგებად მხოლოდ სწორი მოტივის ქონა არ კმარა.

9. რა თვისება გვჭირდება, რომ ჩავწვდეთ ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს? ახსენით.

9 იყავით თავმდაბლები. იეჰოვა თავმდაბლებს დახმარებას ჰპირდება (იაკ. 4:6). ასე რომ, თუ გვინდა, ბიბლიურ წინასწარმეტყველებებს ჩავწვდეთ, მას დახმარება უნდა ვთხოვოთ. თუ თავმდაბლები ვიქნებით, იმასაც ვაღიარებთ, რომ „ერთგული და გონიერი მონის“ გარეშე ვერ გავიგებთ წინასწარმეტყველებებს და ვერ მივიღებთ დროულ სულიერ საზრდოს (ლუკ. 12:42). თავისი სიტყვის ასახსნელად იეჰოვა ხომ მხოლოდ ამ ერთ ჯგუფს იყენებს, რაც ლოგიკურიცაა, რადგან წესრიგის ღმერთია (1 კორ. 14:33; ეფეს. 4:4—6).

10. რას ვსწავლობთ ესთერისგან?

10 იყავით გულმოდგინენი. გამოკვლევა იმ წინასწარმეტყველებით დაიწყეთ, რომელიც ყველაზე მეტად გაინტერესებთ. სწორედ ასე მოიქცა წინა სტატიაში მოხსენიებული ესთერი. მას მესიის მოსვლასთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები აინტერესებდა. ის ამბობს: „მახსოვს, 15 წლის ვიყავი, როცა იმის მტკიცებულებების ძებნა დავიწყე, რომ იესოზე წარმოთქმული წინასწარმეტყველებები მის დაბადებამდე დაიწერა“. ამაში ის მკვდარი ზღვის ხელნაწერების შესახებ მეტის გაგებამ დაარწმუნა. ესთერი აღნიშნავს: „ზოგიერთი ხელნაწერი ქრისტეს შობამდეა დაწერილი. ამან დამარწმუნა, რომ მათში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები ნამდვილად ღვთისგანაა. გულწრფელად რომ გითხრათ, ამ საკითხის გამოკვლევა ადვილი არ იყო. ერთი და იმავეს წაკითხვა რამდენჯერმე მომიწია“. თუმცა ეს ძალისხმევად ნამდვილად ღირდა. ესთერი დასძენს: „ახლა ბოლომდე ვარ დარწმუნებული ბიბლიის სანდოობაში“.

11. რატომ უნდა დავრწმუნდეთ ბიბლიის სანდოობაში?

11 როცა ვიგებთ, როგორ შესრულდა ღვთის სიტყვაში ჩაწერილი წინასწარმეტყველებები, იეჰოვასადმი ნდობა გვიმტკიცდება და იმაშიც ვრწმუნდებით, რომ ის ყოველთვის ჩვენ სასიკეთოდ გვაძლევს მითითებებს. ამასთანავე სირთულეების დროსაც იმედიანად ვართ, რადგან იოტისოდენა ეჭვიც არ გვეპარება, რომ მომავალთან დაკავშირებული წინასწარმეტყველებები აუცილებლად შესრულდება. მოდი ახლა მოკლედ მიმოვიხილოთ წიგნ „დანიელში“ ჩაწერილი ორი წინასწარმეტყველება, რომლებიც ჩვენ თვალწინ სრულდება. მათი გამოკვლევა გონივრული გადაწყვეტილებების მიღებაში დაგვეხმარება.

ᲥᲐᲜᲓᲐᲙᲔᲑᲘᲡ ᲢᲔᲠᲤᲔᲑᲘ

12. რას განასახიერებს ქანდაკების ტერფები? (დანიელი 2:41—43).

12 წაიკითხეთ დანიელის 2:41—43. ნაბუქოდონოსორის სიზმარში ნანახი ქანდაკების ტერფები „ნაწილობრივ რკინისა და ნაწილობრივ თიხისა“ იყო. თუ ამ წინასწარმეტყველებას წიგნ „დანიელსა“ და „გამოცხადებაში“ ჩაწერილ სხვა წინასწარმეტყველებებს შევადარებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ ტერფები განასახიერებს მსოფლიოში წამყვან პოლიტიკურ ძალას, კერძოდ, ბრიტანეთ-ამერიკის ალიანსს. დანიელმა ეს ალიანსი „სამეფოდ“ მოიხსენია და თქვა, რომ ის „ნაწილობრივ ძლიერი . . . და ნაწილობრივ მყიფე“ იქნებოდა. რატომაა მასზე ნათქვამი, რომ ნაწილობრივ მყიფეა? ამის მიზეზი ისაა, რომ თიხა ანუ რიგითი მოქალაქეები ასუსტებენ ამ სამეფოს რკინისებრ სიძლიერეს. b

13. რა მნიშვნელოვან დეტალებს ვიგებთ ნაბუქოდონოსორის სიზმრიდან?

13 ამ სიზმრიდან ბევრ მნიშვნელოვან დეტალს ვიგებთ. პირველი, ბრიტანეთ-ამერიკის ალიანსმა არაერთხელ აჩვენა მსოფლიოს თავისი ძალა. მაგალითად, გადამწყვეტი როლი ითამაშა როგორც პირველი, ისე მეორე მსოფლიო ომის მოგებაში. თუმცა მის ძალას დღემდე ასუსტებს ის, რომ მისი მოქალაქეები ერთმანეთსაც უპირისპირდებიან და ხელისუფლებასაც. მეორე, ეს ალიანსი იქნება ბოლო წამყვანი პოლიტიკური ძალა, რომელიც მაშინაც იარსებებს, როცა ღვთის სამეფო ყველა ადამიანურ მმართველობას დაუსვამს წერტილს. მართალია, დროდადრო სხვა ქვეყნებიც აცხადებენ პრეტენზიას მსოფლიო პირველობაზე, მაგრამ ისინი ვერ შეძლებენ მისი ადგილის დაკავებას. ეს იქიდან ვიცით, რომ „ქვა“, რომელიც ღვთის სამეფოს განასახიერებს, ქანდაკების ტერფებს ეცემა ანუ ანადგურებს ბრიტანეთ-ამერიკის ალიანსს (დან. 2:34, 35, 44, 45).

14. საიდან გამოჩნდება, რომ კარგად გვესმის ზემოთ განხილული წინასწარმეტყველების მნიშვნელობა?

14 გჯერათ, რომ ეს წინასწარმეტყველება დღეს ჩვენ თვალწინ სრულდება? ეს თქვენი გადაწყვეტილებებიდან გამოჩნდება. მაგალითად, თუ მტკიცედ გწამთ, რომ მალე ამ ქვეყნიერებას ბოლო მოეღება, არ იფიქრებთ, რომ სიმდიდრე უსაფრთხოების გარანტიაა (ლუკ. 12:16—21; 1 იოან. 2:15—17). გარდა ამისა, ქადაგება და მოწაფეების მომზადება თქვენს ცხოვრებაში უმთავრეს ადგილს დაიკავებს (მათ. 6:33; 28:18—20). ამ წინასწარმეტყველების გამოკვლევის შემდეგ დაფიქრდით, ჩანს თქვენი გადაწყვეტილებებიდან იმის მტკიცე რწმენა, რომ მალე ღვთის სამეფო ბოლოს მოუღებს ადამიანურ ხელისუფლებებს.

ᲩᲠᲓᲘᲚᲝᲔᲗᲘᲡᲐ ᲓᲐ ᲡᲐᲛᲮᲠᲔᲗᲘᲡ ᲛᲔᲤᲔᲔᲑᲘ

15. ვინ არიან ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეები? (დანიელი 11:40).

15 წაიკითხეთ დანიელის 11:40. დანიელის მე-11 თავში საუბარია ორ მეფეზე ანუ პოლიტიკურ ძალაზე, რომლებიც მსოფლიო პირველობისთვის ერთმანეთს ეცილებიან. თუ ამ წინასწარმეტყველებას ბიბლიაში ჩაწერილ სხვა წინასწარმეტყველებებს შევადარებთ, იმ დასკვნამდე მივალთ, რომ „ჩრდილოეთის მეფე“ რუსეთი და მისი მოკავშირეები არიან, ხოლო „სამხრეთის მეფე“ ბრიტანეთ-ამერიკის ალიანსია. c

თუ ვაცნობიერებთ, რომ განვითარებული მოვლენებით ბიბლიური წინასწარმეტყველებები სრულდება, რწმენაც გვიმტკიცდება და ზედმეტადაც არ ვღელავთ (იხილეთ აბზაცები 16—18).

16. როგორ ექცევა „ჩრდილოეთის მეფე“ ღვთის ხალხს?

16 დღეს „ჩრდილოეთის მეფე“ დევნის თავის ტერიტორიაზე მცხოვრებ ღვთის მსახურებს. ზოგი მოწმე რწმენის გამო სასტიკად სცემეს და დააპატიმრეს კიდეც. თუმცა ეს ყველაფერი ჩვენს და-ძმებს კი არ აშინებთ, რწმენას უმტკიცებთ, რადგან ხედავენ, რომ ამით „დანიელში“ ჩაწერილი წინასწარმეტყველება სრულდება d (დან. 11:41). ეს ჩვენც გვეხმარება, არ დავკარგოთ იმედი და ერთგულები დავრჩეთ.

17. რა სირთულეებს ხვდებიან „სამხრეთის მეფის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ღვთის მსახურები?

17 წარსულში „სამხრეთის მეფეც“ ავიწროებდა იეჰოვას ხალხს. მაგალითად, მე-20 საუკუნის პირველი ათწლეულების განმავლობაში ძმებს ქრისტიანული ნეიტრალიტეტის გამო აპატიმრებდნენ, მოწმეების ბავშვებს კი სკოლიდან რიცხავდნენ. მართალია, ბოლო ათწლეულების განმავლობაში მსგავსი თავდასხმები აშკარა აღარ არის, მაგრამ ამ „მეფის“ ტერიტორიაზე მცხოვრები ღვთის მსახურების ერთგულება მაინც იცდება. მაგალითად, საარჩევნო კამპანიების დროს ქრისტიანს შეიძლება რომელიმე პოლიტიკური პარტიის ან კანდიდატის მიმართ სიმპათიები გაუჩნდეს. შეიძლება ის არჩევნებზე არ წავიდეს, მაგრამ არჩევანი მაინც გააკეთოს გულში. მართლაც, ქრისტიანული ნეიტრალიტეტის დაცვა გულიდან უნდა დავიწყოთ (იოან. 15:18, 19; 18:36).

18. როგორ მოქმედებს ჩვენზე ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებს შორის არსებული დაპირისპირების დანახვა? (იხილეთ აგრეთვე სურათი).

18 ისინი, ვისაც არ სჯერათ ბიბლიური წინასწარმეტყველებების, შეიძლება ძალიან შეაშფოთოს ჩრდილოეთისა და სამხრეთის მეფეებს შორის არსებული დაპირისპირების დანახვამ (დან. 11:40). ორივეს იმდენი ბირთვული იარაღი აქვს, რომ თავისუფლად შეუძლიათ მთელ დედამიწაზე სიცოცხლის განადგურება. საბედნიეროდ ვიცით, რომ იეჰოვა ამას არ დაუშვებს (ეს. 45:18). ასე რომ, მათ შორის არსებული დაპირისპირების დანახვა კი არ გვაშინებს, რწმენას გვიმტკიცებს, რადგან ვრწმუნდებით, რომ ამ ქვეყნიერების აღსასრული ახლოსაა.

ᲓᲐᲣᲙᲕᲘᲠᲓᲘᲗ ᲬᲘᲜᲐᲡᲬᲐᲠᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲔᲑᲡ

19. რა უნდა გვახსოვდეს, როცა ბიბლიურ წინასწარმეტყველებებზე ვსაუბრობთ?

19 ჩვენ არ ვიცით, როგორ შესრულდება ბიბლიაში ჩაწერილი ზოგიერთი წინასწარმეტყველება. წინასწარმეტყველ დანიელსაც არ ესმოდა იმ ყველაფრის მნიშვნელობა, რასაც წერდა (დან. 12:8, 9). ამიტომ, თუ ზოგიერთი დეტალი არ გვესმის, ეს არ ნიშნავს, რომ წინასწარმეტყველება არ შესრულდება. ეჭვი არ უნდა გვეპარებოდეს, რომ იეჰოვა საჭირო დროს გაგვიმჟღავნებს ამ დეტალების მნიშვნელობას, როგორც ამას წარსულში აკეთებდა (ამოს. 3:7).

20. რომელი ბიბლიური წინასწარმეტყველებები შესრულდება მალე და რა უნდა გავაკეთოთ მანამდე?

20 მალე „მშვიდობა და უსაფრთხოება“ გამოცხადდება, რის შემდეგაც მთავრობები ცრუ რელიგიას გაანადგურებენ (1 თეს. 5:3; გამოცხ. 17:16, 17). შემდეგ ღვთის ხალხს დაესხმიან თავს, რასაც არმაგედონი მოჰყვება (ეზეკ. 38:18, 19; გამოცხ. 16:14, 16). ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ ეს მოვლენები ძალიან მალე მოხდება. მანამდე კი მოდი დავუკვირდეთ წინასწარმეტყველებებს, სხვებსაც დავეხმაროთ ამაში და ამგვარად მადლიერება გამოვხატოთ ჩვენი ზეციერი მამისადმი.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 95 სინათლე უფრო და უფრო კაშკაშა ხდება

a როგორც არ უნდა დამძიმდეს მსოფლიოში მდგომარეობა, ჩვენ ეჭვი არ უნდა შეგვეპაროს, რომ წინ ნათელი და ბედნიერი მომავალი გველის. ამის რწმენას ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევა შეგვმატებს. ამ სტატიაში განვიხილავთ რამდენიმე მიზეზს, რატომაც ღირს ბიბლიური წინასწარმეტყველებების გამოკვლევა. გარდა ამისა, მოკლედ შევეხებით წიგნ „დანიელში“ ჩაწერილ ორ წინასწარმეტყველებას და მათ პრაქტიკულ ღირებულებაზეც ვისაუბრებთ.

b იხილეთ 2012 წლის 15 ივნისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია «იეჰოვა აცხადებს იმას, რაც „უნდა მოხდეს მალე“», აბზ. 7—9.

c იხილეთ 2020 წლის მაისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ვინ არის დღეს ჩრდილოეთის მეფე?“, აბზ. 3, 4.

d იხილეთ 2020 წლის მაისის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „ვინ არის დღეს ჩრდილოეთის მეფე?“, აბზ. 7—9.