არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 15

ხართ სამაგალითო საუბარში?

ხართ სამაგალითო საუბარში?

„სამაგალითო იყავი ერთგულთათვის საუბარში“ (1 ᲢᲘᲛ. 4:12).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 90 გავამხნეოთ ერთმანეთი

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. ვინ გვიბოძა მეტყველების უნარი?

 ᲛᲔᲢᲧᲕᲔᲚᲔᲑᲘᲡ უნარი მოსიყვარულე ღვთისგან ნაბოძები საჩუქარია. შექმნისთანავე პირველ ადამიანს, ადამს, შეეძლო ზეციერ მამასთან საუბარი. მას შეეძლო ახალი სიტყვების შექმნა და ამგვარად ლექსიკის გამდიდრება. სწორედ ამ უნარის წყალობით შეურჩია მან ცხოველებს სახელები (დაბ. 2:19). წარმოიდგინეთ, როგორ გაიხარებდა ადამი, როცა პირველად ესაუბრა თავის მსგავს ადამიანს, ევას (დაბ. 2:22, 23).

2. როგორ გადაგვარდა მეტყველების კულტურა წარსულიდან მოყოლებული დღემდე?

2 სამწუხაროდ, მალევე ღვთის ქმნილებებმა მეტყველების უნარი ბოროტად გამოიყენეს. სატანამ მოატყუა ევა, რამაც საბოლოოდ ის ცოდვამდე მიიყვანა და ადამიანებს სრულყოფილება დააკარგვინა (დაბ. 3:1—4). ადამმაც ბოროტად გამოიყენა მეტყველების უნარი, როცა ევა და თვით იეჰოვაც კი დაადანაშაულა თავის შეცდომაში (დაბ. 3:12). კაენმა იცრუა, როცა იეჰოვას დაუმალა, რომ თავისი ძმა აბელი მოკლა (დაბ. 4:9). მოგვიანებით, კაენის შთამომავალმა ლამექმა შეთხზა ლექსი, რომელშიც ასახული იყო იმდროინდელ საზოგადოებაში გავრცელებული ძალადობა (დაბ. 4:23, 24). დღეს რა მდგომარეობაა? პოლიტიკოსები მოურიდებლად იყენებენ უწმაწურ ლექსიკას. იშვიათად თუ ნახავთ ისეთ ფილმს, სადაც ასეთი ლექსიკა არ არის გამოყენებული. უწმაწურ სიტყვებსა და უხამს საუბარს სასწავლებლებსა და სამსახურებშიც მოისმენთ. ეს ყველაფერი იმაზე მოწმობს, რომ დღევანდელ საზოგადოებაში ზნეობრივი ნორმები და მეტყველების კულტურა დღითი დღე კნინდება.

3. რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

3 თუ ფრთხილად არ ვიქნებით, ყური ისე შეიძლება მიეჩვიოს უხამს სიტყვებს, რომ ჩვენც გადმოვიღოთ ქვეყნიერებაში გავრცელებული საუბრის სტილი. ჩვენ გვინდა, გული გავუხაროთ იეჰოვას. ამისათვის კი უფრო მეტია საჭირო, ვიდრე მხოლოდ ის, რომ უწმაწურ საუბარს ვერიდოთ. გვინდა, რომ მეტყველების უნარი ღვთის განსადიდებლად გამოვიყენოთ. ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეგვიძლია ამის გაკეთება: 1) მსახურებაში, 2) კრების შეხვედრებზე და 3) ყოველდღიურ ცხოვრებაში. თავიდან გავიგოთ, საიდან ჩანს, რომ იეჰოვასთვის სულ ერთი არ არის, რას და როგორ ვამბობთ.

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡᲗᲕᲘᲡ ᲡᲣᲚᲔᲠᲗᲘ ᲐᲠ ᲐᲠᲘᲡ, ᲠᲝᲒᲝᲠ ᲕᲡᲐᲣᲑᲠᲝᲑᲗ

რაზე მეტყველებს თქვენი საუბარი? (იხილეთ აბზაცები 4, 5). d

4. როგორ ჩანს მალაქიას 3:16-დან, რომ იეჰოვასთვის სულ ერთი არ არის, რაზე ვსაუბრობთ?

4 წაიკითხეთ მალაქიას 3:16. რატომ იწერს იეჰოვა „სამახსოვრო წიგნში“ იმ ადამიანთა სახელებს, რომელთა საუბრებიდანაც ჩანს, რომ მისი მოშიშები არიან და მის სახელზე ფიქრობენ? ხშირად საუბარი ამხელს, რა უდევს ადამიანს გულში. იესომაც თქვა: „პირი ხომ გულში მოჭარბებულს ლაპარაკობს“ (მათ. 12:34). ჩვენი საუბრიდან ჩანს, რამდენად გვიყვარს იეჰოვა. თავის მოყვარულთ იეჰოვა მარადიულ სიცოცხლეს ჰპირდება ახალ ქვეყნიერებაში.

5. ა) რა გავლენას ახდენს ჩვენი საუბარი იეჰოვასთან ჩვენს ურთიერთობაზე? ბ) რას უნდა მოვერიდოთ? (იხილეთ აბზაცებთან მოცემული სურათები).

5 ჩვენი საუბარი დიდ გავლენას ახდენს იმაზე, მოიწონებს თუ არა იეჰოვა ჩვენს თაყვანისცემას (იაკ. 1:26). ქვეყნიერებაში ბევრს ახასიათებს აგრესიული ტონით, უხეშად და თავმომწონედ საუბარი (2 ტიმ. 3:1—5). ნამდვილად არ გვინდა, მათ დავემსგავსოთ, რადგან მთელი გულით გვსურს, ჩვენი საუბრით ვასიამოვნოთ იეჰოვას. მაგრამ განა მოეწონება მას, თუ კრების შეხვედრებსა და მსახურებაში თავაზიანები და თბილები ვიქნებით, ხოლო ოჯახის წევრებს უკმეხად და უტაქტოდ მივმართავთ?! (1 პეტ. 3:7).

6. რა გავლენა მოახდინა კიმბერლის საუბარმა მის კლასელზე?

6 როცა მეტყველების ძღვენს სწორად ვიყენებთ, ვაჩვენებთ, რომ იეჰოვას თაყვანისმცემლები ვართ. გარდა ამისა, გარშემომყოფებიც ხედავენ განსხვავებას „ღვთის მსახურსა და იმას შორის, ვინც არ ემსახურება მას“ (მალ. 3:18). ამაზე მოწმობს ერთი დის, კიმბერლის, b შემთხვევაც. მაღალ კლასებში სწავლის დროს მას და მის კლასელს ერთ პროექტზე მუშაობა დაავალეს. კლასელმა შენიშნა, რომ ის არ ჰგავდა სხვებს, რადგან ზურგს უკან არავისზე ჭორაობდა, არ ბილწსიტყვაობდა და ყოველთვის დადებითად საუბრობდა. ამან იმხელა შთაბეჭდილება მოახდინა მასზე, რომ ბიბლიის შესწავლაც კი მოინდომა. წარმოიდგინეთ, როგორ სიამოვნებს იეჰოვას, როცა ჩვენი საუბრით სხვებს ჭეშმარიტებისკენ ვიზიდავთ.

7. როგორ აპირებთ ღვთისგან ბოძებული მეტყველების უნარის გამოყენებას?

7 ყველას გვსურს, ჩვენი საუბრით იეჰოვა განვადიდოთ და და-ძმებთან მეგობრულ ურთიერთობას შევუწყოთ ხელი. განვიხილოთ რამდენიმე პრაქტიკული რჩევა, რომელიც დაგვეხმარება, კვლავაც სამაგალითონი ვიყოთ საუბარში.

ᲡᲐᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲝᲜᲘ ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲑᲐᲨᲘ

მსახურების დროს ჩვენი თავაზიანობა გულს უხარებს ღმერთს (იხილეთ აბზაცები 8, 9).

8. რა მაგალითი დაგვიტოვა იესომ?

8 პატივისცემა და თავაზიანობა გამოავლინეთ მაშინაც კი, როცა უხეშად მოგმართავენ. დედამიწაზე მსახურების დროს იესოს რაში აღარ დასდეს ბრალი. მას ჭამა-სმას გადაყოლილი, ეშმაკის მოციქული, შაბათის დამრღვევი და ღვთის მგმობელიც კი უწოდეს (მათ. 11:19; 26:65; ლუკ. 11:15; იოან. 9:16). ყველაფრის მიუხედავად იესო შეურაცხყოფაზე შეურაცხყოფით არ პასუხობდა. იესოს მსგავსად არც ჩვენ უნდა ვუპასუხოთ უკმეხად მათ, ვინც უხეშად გვექცევა (1 პეტ. 2:21—23). ცხადია, ამის გაკეთება ადვილი არ არის (იაკ. 3:2). განვიხილოთ, რა დაგვეხმარება თავშეკავებაში.

9. რა დაგვეხმარება, მსახურების დროს თავშეკავება გამოვავლინოთ?

9 როცა მობინადრე უხეშად გპასუხობთ, ეცადეთ, გაუგოთ მას. აი, რას ამბობს ერთი ძმა, სახელად სემი: „ვცდილობ ჩემს თავს შევახსენო, რომ ამ ადამიანს ჭეშმარიტების მოსმენა სჭირდება და რომ მას შეუძლია, უკეთესობისკენ შეიცვალოს“. ზოგჯერ მობინადრის გაღიზიანების მიზეზი ის არის, რომ უბრალოდ ცუდ დროს მივედით. თუ მსახურებაში გაღიზიანებულ ადამიანს შევხვდებით, შეგვიძლია ერთი დის, ლუსიას მსგავსად მოვიქცეთ — გულში მოკლედ ვილოცოთ და ვთხოვოთ იეჰოვას, დაგვეხმაროს, შევინარჩუნოთ სიმშვიდე და უხეშად და უტაქტოდ არ ვუპასუხოთ.

10. პირველი ტიმოთეს 4:13-ის თანახმად, რა მიზანი უნდა გვქონდეს?

10 ეცადეთ, უკეთესი მასწავლებელი გახდეთ. მიუხედავად იმისა, რომ ტიმოთე გამოცდილი მქადაგებელი იყო, მასაც სჭირდებოდა გაუმჯობესება (წაიკითხეთ 1 ტიმოთეს 4:13). რა დაგვეხმარება, რომ დავხვეწოთ სწავლების უნარ-ჩვევები? კარგად უნდა მოვემზადოთ მსახურებისთვის. საბედნიეროდ, არაერთი დამხმარე საშუალება გვაქვს. მაგალითად, ბროშურა „გაიუმჯობესე კითხვისა და სწავლების უნარი“ და შუა კვირის შეხვედრის პროგრამაში პუნქტი „ქრისტიანული მსახურება“. აქტიურად იყენებთ ამ საშუალებებს? მომზადება გვეხმარება, ნაკლებად ვინერვიულოთ და მეტი დამაჯერებლობით ვისაუბროთ.

11. რა ეხმარება ზოგ ქრისტიანს სწავლების უნარის გაუმჯობესებაში?

11 სხვებზე დაკვირვებაც დაგვეხმარება, უკეთესი მასწავლებლები გავხდეთ. ზემოხსენებული სემი აკვირდება, რა მეთოდებს იყენებენ ის და-ძმები, რომლებიც კარგი მასწავლებლები არიან და შემდეგ ცდილობს, თავადაც გადაიღოს ეს მეთოდები. ერთი და, სახელად ტალია, ყურადღებით უსმენს გამოცდილ მომხსენებლებს. ეს ეხმარება მას იმ საკითხებზე საუბარსა და მსჯელობაში, რომლებიც ხშირად წამოიჭრება მსახურებაში.

ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲡᲐᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲝᲜᲘ ᲙᲠᲔᲑᲘᲡ ᲨᲔᲮᲕᲔᲓᲠᲔᲑᲖᲔ

იეჰოვას განვადიდებთ, თუ მთელი გულით ვმღერით კრების შეხვედრებზე (იხილეთ აბზაცები 12, 13).

12. რისი გაკეთება უჭირს ზოგს?

12 ჩვენი სიმღერითა და კარგად მომზადებული კომენტარებით ყველას შეგვიძლია წვლილი შევიტანოთ იმაში, რომ კრების შეხვედრა სათანადოდ ჩატარდეს (ფსალმ. 22:22). ზოგ ჩვენგანს უჭირს სახალხოდ მღერა თუ კომენტარის გაკეთება. თუ თქვენ შემთხვევაშიც ასეა, ალბათ, დაგაინტერესებთ, როგორ გადალახა ზოგმა ამის შიში.

13. რა დაგვეხმარება, კრების შეხვედრებზე მთელი გულით ვიმღეროთ?

13 მთელი გულით იმღერეთ. ჩვენ გვსურს, განვადიდოთ იეჰოვა; სწორედ ამიტომ ვმღერით კრების შეხვედრებზე. ერთი და, სახელად სარა თვლის, რომ მაინცდამაინც კარგი ხმა არა აქვს. თუმცა მაინც სურს, რომ სიმღერით განადიდოს იეჰოვა. ის სიმღერისთვისაც ისე ემზადება, როგორც კრების შეხვედრის სხვა პუნქტებისთვის. ის სახლში მღერის და ცდილობს დაინახოს, როგორ უკავშირდება სიმღერის ტექსტი კრებაში განსახილველ მასალას. „ეს მეხმარება, ყურადღება სიტყვებზე გავამახვილო და არა იმაზე, რამდენად კარგად გამომდის სიმღერა“, — ამბობს სარა.

14. რა დაგეხმარებათ, გაუბედაობის მიუხედავად განხილვაში მიიღოთ მონაწილეობა?

14 ეცადეთ, ყოველთვის გააკეთოთ კომენტარები. ზოგისგან ეს დიდ ძალისხმევას მოითხოვს. მაგალითად, ზემოთ მოხსენიებული ტალია ამბობს: „ჩვეულებრივ მშვიდად ვსაუბრობ, ამიტომ გარეგნულად არ მეტყობა, რომ სოციოფობია მაქვს, მაგრამ კომენტარის გაკეთება ძალიან მიჭირს“. მიუხედავად ამისა, ტალია მაინც აკეთებს კომენტარებს. კრების შეხვედრისთვის მომზადების დროს ის ითვალისწინებს, რომ პირველი კომენტარი უნდა იყოს მოკლე და კონკრეტული. ტალია ამბობს: „არაფერი დაშავდება, თუ მოკლე, მარტივ და კონკრეტულ კომენტარს გავაკეთებ, რადგან ჩამტარებელი სწორედ ასეთ კომენტარს ელის ჩვენგან“.

15. რა უნდა გვახსოვდეს?

15 ზოგჯერ ისეთ ქრისტიანებსაც კი, რომლებიც მორცხვები და მორიდებულები არ არიან, უჭირთ კომენტარის გაკეთება. აი, რას ამბობს ერთი და ჯულიეტი: „ზოგჯერ იმიტომ ვიკავებ თავს, რომ ჩემი კომენტარი ძალიან მარტივი და უინტერესო მგონია“. გვახსოვდეს, იეჰოვა აფასებს, როცა მთელი გულით ვაკეთებთ იმას, რაც შეგვიძლია. c მას სიამოვნებს, როცა შიშის გამო უკან არ ვიხევთ და კომენტარებით განვადიდებთ კრების შეხვედრაზე.

ᲡᲐᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲝᲔᲑᲘ ᲘᲧᲐᲕᲘᲗ ᲧᲝᲕᲔᲚᲓᲦᲘᲣᲠ ᲡᲐᲣᲑᲐᲠᲨᲘ

16. როგორ საუბარს უნდა მოვერიდოთ?

16 მოერიდეთ შეურაცხმყოფელი სიტყვებით საუბარს (ეფეს. 4:31). როგორც უკვე აღვნიშნეთ, ქრისტიანის პირიდან უხამსი სიტყვები არ უნდა გამოდიოდეს. თუმცა თუ არ ვიფრთხილებთ, ზოგჯერ შეიძლება ჩვეულებრივმა საუბარმა შეურაცხმყოფელი სახე მიიღოს. მაგალითად, ვინმე ეროვნების ან კულტურის გამო შეიძლება უარყოფით კონტექსტში მოვიხსენიოთ. გარდა ამისა, გესლიან კომენტარებსაც უნდა მოვერიდოთ. ერთი ძმა აღიარებს: „ზოგჯერ მეგონა, რასაც ვამბობდი სასაცილო და უწყინარი იყო, მაგრამ სინამდვილეში გულს ვტკენდი გარშემომყოფებს. ამ მხრივ ჩემი მეუღლე ძალიან დამეხმარა. წლების მანძილზე ერთი ერთზე ის ყოველთვის მეუბნებოდა, როდის იყო ჩემი ნათქვამი მისთვის თუ სხვებისთვის უტაქტო და გულსატკენი“.

17. ეფესოელების 4:29-ის თანახმად, როგორ შეგვიძლია გავამხნეოთ სხვები?

17 გაამხნევეთ და წაახალისეთ სხვები. ჯობია, კრიტიკას და წუწუნს მოვერიდოთ და შევაქოთ სხვები (წაიკითხეთ ეფესოელების 4:29). მართალია, ისრაელებს მადლიერების არაერთი მიზეზი ჰქონდათ, მაგრამ ყოველთვის პოულობდნენ რაიმეს საწუწუნოდ. წუწუნი და უკმაყოფილება გადამდებია. ალბათ გახსოვთ, როგორ განაწყო ათმა მზვერავმა უარყოფითი საუბრით მთელი ისრაელი მოსეს წინააღმდეგ (რიცხ. 13:31—14:4). თუმცა შექებასაც დიდი ძალა აქვს და შეუძლია ადამიანი კარგისკენ წაახალისოს. იფთახის ქალიშვილსაც ძალიან დაეხმარებოდა მსახურების გაგრძელებაში თავისი მეგობრებისგან ქების მოსმენა (მსაჯ. 11:40). ზემოხსენებული სარა ამბობს: „როცა სხვებს ვაქებთ, ამით, ფაქტობრივად, ვარწმუნებთ იეჰოვასა და და-ძმების სიყვარულში“. ასე რომ, ყოველთვის შეეცადეთ გულწრფელად შეაქოთ სხვები.

18. ფსალმუნის 15:1, 2-ის თანახმად, რატომ უნდა ვილაპარაკოთ სიმართლე და რა შედის ამაში?

18 ყოველთვის სიმართლე ილაპარაკეთ. თუ ტყუილის თქმა გვჩვევია, იეჰოვას ვერ ვასიამოვნებთ, რადგან მას სძულს ყველანაირი ტყუილი (იგავ. 6:16, 17). დღეს ბევრი ტყუილს უწყინარ რამედ თვლის, მაგრამ ჩვენ გვინდა ამ საკითხს იეჰოვას თვალით ვუყუროთ (წაიკითხეთ ფსალმუნის 15:1, 2). ცხადია, ჩვენ არა მარტო აშკარა ტყუილს ვერიდებით, არამედ იმასაც, რომ ვინმე ჩვენი სიტყვებით შეცდომაში არ შევიყვანოთ.

იეჰოვას გულს გავუხარებთ, თუ ნეგატიურ საუბარს დადებითი მიმართულებით წავიყვანთ (იხილეთ აბზაცი 19).

19. კიდევ რაში გვმართებს სიფრთხილე?

19 მოერიდეთ ჭორაობას (იგავ. 25:23; 2 თეს. 3:11). ზემოთ ხსენებული ჯულიეტი თავის აზრს გამოთქვამს, როგორ მოქმედებს მასზე ჭორაობა: „სხვებზე კრიტიკული საუბრის მოსმენა ძალიან მთრგუნავს და კრიტიკულად მოსაუბრე ადამიანის მიმართ ნდობას მიკარგავს. არანაირი გარანტია არა მაქვს, რომ ხვალ და ზეგ ის ჩემზეც ასევე არ იჭორავებს“. თუ ხვდებით, რომ საუბარმა ჭორაობის სახე მიიღო, შეეცადეთ, მიმართულება შეცვალოთ და დადებით თემებზე გადაერთოთ (კოლ. 4:6).

20. როგორ გსურთ გამოიყენოთ მეტყველების უნარი?

20 ბევრი ანგარიშს საერთოდ არ უწევს თავის საუბარს, ამიტომ დიდი დაკვირვება და სიფრთხილე გვმართებს, რომ ჩვენი საუბარი იეჰოვასთვის მოსაწონი იყოს. გახსოვდეთ, მეტყველების უნარი იეჰოვამ გვიბოძა, ამიტომ მისთვის სულ ერთი არ არის, როგორ ვიყენებთ მას. თუ მსახურებაში, კრების შეხვედრებზე და ყოველდღიურ ცხოვრებაში ვცდილობთ, ღვთის მოსაწონად გამოვიყენოთ მეტყველების უნარი, ის აუცილებლად დაგვიფასებს მცდელობას. როცა ეს უღვთო ქვეყნიერება საბოლოოდ განადგურდება, ჩვენი საუბრით იეჰოვას განდიდება უფრო გაგვიადვილდება (იუდ. 15). მანამდე კი ყველანაირად ვეცადოთ, რომ ჩვენი „ბაგიდან გამოსული სიტყვები“ საამური იყოს იეჰოვასთვის (ფსალმ. 19:14).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 121 გვჭირდება თავშეკავება

a იეჰოვამ შესანიშნავი ძღვენი, მეტყველების უნარი გვიბოძა. სამწუხაროდ, ადამიანთა უმეტესობა ამ უნარს ღვთის მოსაწონად არ იყენებს. რა დაგვეხმარება, რომ დღევანდელი ზნედაცემული საზოგადოების გავლენაში არ მოვექცეთ და ჩვენი საუბრით გავამხნეოთ სხვები და გული გავუხაროთ იეჰოვას? როგორ გამოვიყენოთ მეტყველების უნარი ღვთის მოსაწონად მსახურებაში, კრების შეხვედრებზე და სხვა სიტუაციებში? ამ კითხვებს წინამდებარე სტატია უპასუხებს.

b ზოგი სახელი შეცვლილია.

c კომენტარებთან დაკავშირებით ინფორმაციისთვის იხილეთ 2019 წლის იანვრის „საგუშაგო კოშკი“, სტატია „განადიდეთ იეჰოვა კრების წინაშე“.

d ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა უკმეხად პასუხობს გაბრაზებულ მობინადრეს; ძმა არ მღერის კრების შეხვედრაზე; და ჭორაობს.