არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 16

საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის და გაიხარეთ ამით!

საუკეთესო გაიღეთ იეჰოვასთვის და გაიხარეთ ამით!

„თითოეული თავის საქმეებს დაუკვირდეს“ (ᲒᲐᲚ. 6:4).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 37 მთელი სულით ვემსახუროთ იეჰოვას

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

1. რას მოაქვს დიდი სიხარული?

 ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ სურს, რომ სიხარულს ვგრძნობდეთ. ამაზე ისიც მოწმობს, რომ ამ თვისებას წმინდა სული წარმოშობს (გალ. 5:22). ვინაიდან გაცემას უფრო მეტი სიხარული მოაქვს, ვიდრე მიღებას, დიდ სიხარულს განვიცდით, როცა აქტიურად ვმონაწილეობთ მსახურებაში და და-ძმებს ყველანაირად მხარში ვუდგავართ (საქ. 20:35).

2, 3. ა) როგორც გალატელების 6:4-დან ჩანს, რა დაგვეხმარება, რომ იეჰოვას მსახურებაში სიხარული არ დავკარგოთ? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

2 გალატელების 6:4-ში ჩაწერილი პავლეს სიტყვებიდან ჩანს, რა დაგვეხმარება სიხარულის შენარჩუნებაში (წაიკითხეთ). პირველი, ჩვენი შესაძლებლობებიდან გამომდინარე საუკეთესო უნდა გავიღოთ იეჰოვასთვის. თუ ამას ვაკეთებთ, ნამდვილად გვაქვს სიხარულის მიზეზი (მათ. 22:36—38). მეორე, საკუთარი თავი სხვებს არ უნდა შევადაროთ. იეჰოვას მადლიერი უნდა ვიყოთ იმისთვის, რისი კეთების საშუალებასაც ჩვენი ჯანმრთელობა, ცოდნა თუ უნარი გვაძლევს, რადგან ყველაფერი მისგან გვაქვს ბოძებული. მეორე მხრივ, თუ ვინმეს მსახურებაში რაღაც ჩვენზე უკეთ გამოსდის, უნდა გვიხაროდეს, რომ ის თავის ნიჭსა და უნარს საკუთარი ინტერესებისთვის კი არა, იეჰოვას განსადიდებლად იყენებს. ამიტომ კი არ უნდა შევეჯიბროთ, არამედ რაღაც ვისწავლოთ ასეთებისგან.

3 ამ სტატიაში განვიხილავთ რჩევებს, რომლებიც დაგვეხმარება, სიხარული შევინარჩუნოთ მაშინაც კი, როცა იმდენს ვერ ვაკეთებთ, რამდენიც გვინდა. იმაზეც ვიმსჯელებთ, როგორ გამოვიყენოთ საუკეთესოდ ჩვენი უნარები და შესაძლებლობები და რისი სწავლა შეგვიძლია სხვებისგან.

ᲗᲣ ᲛᲓᲒᲝᲛᲐᲠᲔᲝᲑᲐ ᲒᲕᲖᲦᲣᲓᲐᲕᲡ

იეჰოვას სიამოვნებს, როცა ცხოვრების ყველა ეტაპზე საუკეთესოს ვიღებთ მისთვის (იხილეთ აბზაცები 4—6). b

4. რამ შეიძლება გაგვიტეხოს გული? მოიყვანეთ მაგალითი.

4 ზოგ ღვთის მსახურს უჭირს იმ შეზღუდვებთან შეგუება, რომლებსაც ჯანმრთელობა ან ასაკი უდგენს. სწორედ ასე მოხდა კეროლის შემთხვევაში. ერთ დროს ის ისეთ ტერიტორიაზე მსახურობდა, სადაც მქადაგებლებზე დიდი მოთხოვნილება იყო. იმ პერიოდში ის 35 ბიბლიის შესწავლას ატარებდა და ბევრს დაეხმარა, თავი მიეძღვნა იეჰოვასთვის და მონათლულიყო. კეროლს მართლაც ნაყოფიერი მსახურება ჰქონდა! შემდეგ ჯანმრთელობა შეერყა, რის გამოც უმეტესწილად სახლში უწევს ყოფნა. კეროლი ამბობს: „მესმის, რომ ჩემი ჯანმრთელობის გამო სხვებივით ბევრს ვერ გავაკეთებ, მაგრამ მაინც ისეთი გრძნობა მიჩნდება, რომ მათ ფონზე ჩემი მსახურება არაფერია. ჩემი სურვილი და შესაძლებლობები ერთმანეთს არ ემთხვევა. ამასთან შეგუება ძალიან მიჭირს“. კეროლი შეძლებისდაგვარად ყველაფერს აკეთებს იეჰოვასთვის, რისთვისაც ნამდვილად შესაქებია. გვჯერა, რომ ჩვენი გულმოწყალე ღმერთი აფასებს მის მონდომებას.

5. ა) რა უნდა გვახსოვდეს, თუ შეზღუდული მდგომარეობის გამო გული გვიტყდება? ბ) საიდან ჩანს, რომ სურათებზე ნაჩვენები ძმა ყოველთვის საუკეთესოს იღებდა იეჰოვასთვის?

5 თუ მდგომარეობა გზღუდავთ, დაფიქრდით, რას მოითხოვს იეჰოვა თქვენგან. იმას, რომ თქვენი ამჟამინდელი მდგომარეობიდან გამომდინარე საუკეთესო გაიღოთ მისთვის. წარმოვიდგინოთ პირობითი სიტუაცია: 80 წლის და გულგატეხილია იმის გამო, რომ იმდენს ვერ აკეთებს, რამდენსაც 40 წლის წინ აკეთებდა. მიუხედავად იმისა, რომ მაქსიმალურად იხარჯება იეჰოვასთვის, მაინც ფიქრობს, რომ იეჰოვა მთლად კმაყოფილი არ არის მისით. მაგრამ ასეა კი სინამდვილეში? თუ ის 40 წლის ასაკშიც ბოლომდე იხარჯებოდა იეჰოვასთვის და 80 წლის ასაკშიც ასე იქცევა, გამოდის, რომ მთელი ამ წლების მანძილზე ის საუკეთესოს იღებდა ღვთისთვის. თუ ვფიქრობთ, რომ ჩვენი მსახურება იეჰოვას არ აკმაყოფილებს, უნდა გვახსოვდეს, რომ მან უკეთ იცის, რა მოსწონს. თუ თავს არ ვზოგავთ იეჰოვას მსახურებაში, ის იმავეს გვეტყვის, რაც ბატონმა უთხრა თავის ერთგულ მონებს: „ყოჩაღ!“ (შეადარეთ მათეს 25:20—23).

6. რას ვსწავლობთ მარიასგან?

6 სიხარულის შენარჩუნება უფრო ადვილია, როცა ყურადღება იმაზე გადაგვაქვს, რაც შეგვიძლია და არა იმაზე, რაც არ შეგვიძლია. ამაზე მოწმობს მარიას შემთხვევაც. ჯანმრთელობის მდგომარეობა მარიას არ აძლევდა ბევრის კეთების შესაძლებლობას, რის გამოც გულგატეხილი იყო. მაგრამ შემდეგ გაახსენდა თავის კრებაში ერთი და, რომელიც ლოგინად იყო ჩავარდნილი და მისი დახმარება გადაწყვიტა. მარია ამბობს: „მასთან ერთად ტელეფონით და წერილებით მსახურება დავგეგმე. ჩვენი თანამშრომლობის შემდეგ სახლში ყოველთვის ბედნიერი და კმაყოფილი ვბრუნდებოდი და ეს იმიტომ, რომ თანაქრისტიანს მხარში ამოვუდექი“. ჩვენც მეტ სიხარულს ვიგრძნობთ, თუ ყურადღებას იმაზე გადავიტანთ, რისი გაკეთებაც ჩვენს სიტუაციაში შეგვიძლია. მაგრამ როგორ უნდა მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, თუ მდგომარეობა არ გვზღუდავს ან მსახურების ამა თუ იმ სფეროში რაღაც კარგად გამოგვდის?

ᲠᲐ ᲫᲦᲕᲔᲜᲘᲪ ᲒᲐᲥᲕᲗ, ᲒᲐᲛᲝᲘᲧᲔᲜᲔᲗ!

7. რა ურჩია პეტრემ თანაქრისტიანებს?

7 პეტრე თავის პირველ წერილში მოუწოდებდა თანაქრისტიანებს, თავ-თავიანთი ძღვენი ერთმანეთის სასიკეთოდ გამოეყენებინათ: „თქვენ, როგორც ღვთის მრავალმხრივ გამოვლენილი წყალობის კარგი მმართველები, იმ ძღვნით ემსახურეთ ერთმანეთს, რა ძღვენიც მიიღეთ“ (1 პეტ. 4:10). თუ რაიმე ნიჭი და უნარი გვაქვს, უნდა გამოვიყენოთ, და იმის არ უნდა შეგვეშინდეს, რომ ვინმეს შეშურდება ან გული გაუტყდება. წინააღმდეგ შემთხვევაში ისე გამოვა, რომ იეჰოვას საუკეთესოს არ ვაძლევთ.

8. პირველი კორინთელების 4:6, 7-დან გამომდინარე, რატომ უნდა მოვერიდოთ საკუთარი ძღვნით ტრაბახს?

8 კარგია, თუ ვიყენებთ ძღვენს, რომელიც გვაქვს, მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, რომ თავის ქებას არ მივეჩვიოთ (წაიკითხეთ 1 კორინთელების 4:6, 7). მაგალითად, შეიძლება ადვილად იწყებთ ბიბლიის შესწავლებს და ერთხელ მსახურების დროს დაიწყეთ კიდეც ბიბლიის შესწავლა. გინდათ, რომ ეს სიხარული თქვენი სამქადაგებლო ჯგუფის წევრებს გაუზიაროთ. ამ დროს ხედავთ, რომ ერთი და ჰყვება, როგორ გაავრცელა ჟურნალი. ახლა შეიძლება ფიქრობთ, ღირს თუ არა თქვენი შემთხვევის მოყოლა. ამ დას გული რომ არ დასწყდეს, შეიძლება გადაწყვიტოთ, სხვა დროს მოჰყვეთ თქვენს შემთხვევას. ფაქტია, კვლავაც გამოიყენებთ თქვენს ძღვენს და დაიწყებთ ბიბლიის შესწავლებს, უბრალოდ ამის აფიშირებას მოერიდებით.

9. როგორ უნდა ვიყენებდეთ ჩვენს ძღვენს?

9 გვახსოვდეს, ნებისმიერი ნიჭი თუ უნარი, რაც გაგვაჩნია, ღვთისგან ბოძებული ძღვენია. ამიტომ ეს ძღვენი კრების განსამტკიცებლად უნდა გამოვიყენოთ და არა თავის წარმოსაჩენად (ფილ. 2:3). თუ ჩვენს ნიჭსა და უნარს ღვთის საქმეში ვიყენებთ, უნდა გვიხაროდეს. თუმცა არა იმიტომ, რომ ვიღაცას ვაჯობეთ ან სხვაზე უკეთესი გამოვჩნდით, არამედ იმიტომ, რომ იეჰოვა განვადიდეთ.

10. რატომ არ უნდა შევადაროთ საკუთარი თავი სხვას?

10 თუ რაღაც კარგად გამოგვდის, უნდა ვიფრთხილოთ, რომ უპირატესობის გრძნობა არ გაგვიჩნდეს. მაგალითად, თუ კარგი მომხსენებლები ვართ, შეიძლება ზემოდან დავუწყოთ ყურება მათ, ვისაც ეს კარგად არ გამოსდის. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ ისინი შეიძლება ჩვენზე უფრო სტუმართმოყვარეები იყვნენ, უკეთ უძღვებოდნენ ოჯახს ან უფრო გულმოდგინედ მსახურობდნენ. რა სასიამოვნოა, რომ სხვადასხვა ნიჭითა თუ უნარით დაჯილდოებული უამრავი და-ძმა გვყავს, რომლებიც თავიანთ ძღვენს ღვთის განსადიდებლად და სხვების სასიკეთოდ იყენებენ.

ᲘᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗ ᲡᲮᲕᲔᲑᲘᲡᲒᲐᲜ

11. რატომ უნდა მივბაძოთ იესოს?

11 საკუთარი თავი სხვებს არ უნდა შევადაროთ, თუმცა ფაქტია, ღვთის ერთგულ მსახურებზე დაკვირვებით შეგვიძლია რაღაც ვისწავლოთ. მაგალითად, იესოს სიტყვებსა და საქმეებზე დაკვირვებით ძალიან ბევრი რამის სწავლა შეგვიძლია მიუხედავად იმისა, რომ მასავით სრულყოფილები არ ვართ (1 პეტ. 2:21). თუ ყველანაირად ვცდილობთ, მივბაძოთ იესოს, უკეთესი ქრისტიანები და მქადაგებლები ვხდებით.

12, 13. რას ვსწავლობთ მეფე დავითისგან?

12 ბიბლია ღვთის სხვა ერთგული მსახურების შესახებაც მოგვითხრობს, რომლებსაც შეგვიძლია მივბაძოთ (ებრ. 6:12). ასეთი იყო მეფე დავითი, რომელზეც იეჰოვამ პირდაპირ თქვა, რომ მოიწონა (საქ. 13:22). თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის უშეცდომო იყო. მან რამდენიმე მძიმე ცოდვაც კი ჩაიდინა. მაშ, რით არის ის ჩვენთვის სამაგალითო? როცა შეაგონეს, მას თავის მართლება არ დაუწყია. დავითმა მაშინვე აღიარა დანაშაული და გულწრფელად მოინანია. იეჰოვამაც აპატია (ფსალმ. 51:3, 4, 10—12).

13 რა შეგვიძლია ვისწავლოთ დავითისგან? ჰკითხეთ საკუთარ თავს: როგორ ვრეაგირებ, როცა რჩევას მაძლევენ? ვაღიარებ შეცდომებს თუ თავის გამართლებას ან სხვისთვის გადაბრალებას ვცდილობ? ყველანაირად ვცდილობ, არ გავიმეორო შეცდომები? ეს და მსგავსი კითხვები შეგვიძლია მაშინაც დავუსვათ თავს, როცა ღვთის სხვა ერთგული მსახურების შესახებ ვკითხულობთ. მაგალითად, დაფიქრდით, რით ჰგავს მათი მდგომარეობა თქვენსას, რა მოგწონთ მათში და რაში გინდათ, რომ მიჰბაძოთ.

14. რისი სწავლა შეგვიძლია თანაქრისტიანებზე დაკვირვებით?

14 გარდა ამისა, შეგვიძლია კრებაში და-ძმებისგანაც ვისწავლოთ ბევრი რამ, როგორც ახალგაზრდებისგან, ისე ხანში შესულებისგან. დავაკვირდეთ, როგორ უმკლავდებიან ისინი თავ-თავიანთ განსაცდელებს — ზოგი თანატოლების ზეგავლენას, ზოგი ოჯახში წინააღმდეგობას, ზოგიც ჯანმრთელობის პრობლემებს. დავფიქრდეთ, რა თვისებებს ავლენენ ისინი და რაში გვინდა, რომ მივბაძოთ. მათი მაგალითი შეიძლება დაგვეხმაროს პირად პრობლემებთან გამკლავებაში. ნამდვილად სასიხარულოა, რომ ჩვენ ირგვლივ ასეთი სამაგალითო და-ძმები არიან (ებრ. 13:7; იაკ. 1:2, 3).

ᲡᲘᲮᲐᲠᲣᲚᲘᲗ ᲔᲛᲡᲐᲮᲣᲠᲔᲗ ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ

15. პავლეს რომელი რჩევა დაგვეხმარება, რომ სიხარულით ვემსახუროთ იეჰოვას?

15 თუ გვინდა, რომ კრებაში მშვიდობასა და ერთიანობას შევუწყოთ ხელი, ჩვენი მხრიდან ყველამ საუკეთესო უნდა გავიღოთ. პირველი საუკუნის ქრისტიანულ კრებაში ყველას სხვადასხვა ძღვენი და დავალება ჰქონდა, მაგრამ ეს არ გამხდარა მეტოქეობისა და განხეთქილების მიზეზი (1 კორ. 12:4, 7—11). პავლე მოუწოდებდა თანაქრისტიანებს, რომ ყველას თავისი წვლილი შეეტანა „ქრისტეს სხეულის“ აღშენებაში. ის წერდა: „როცა თითოეული ნაწილი სათანადოდ მოქმედებს, სხეული იზრდება და მტკიცდება სიყვარულში“ (ეფეს. 4:1—3, 11, 12, 16). ვინც ითვალისწინებდა ამ რჩევას, კრებაში მშვიდობასა და ერთობას უწყობდა ხელს. დღესაც მსგავს მშვიდობასა და ერთობას ვხედავთ კრებებში.

16. რა უნდა გავაკეთოთ? (ებრაელები 6:10).

16 მოდი მოვერიდოთ საკუთარი თავის სხვასთან შედარებას; დავაკვირდეთ იესოს მაგალითს და მივბაძოთ მას; ვისწავლოთ ძველი დროის თუ თანამედროვე ღვთის მსახურებისგან. გახსოვდეთ, იეჰოვა „უსამართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა“ (წაიკითხეთ ებრაელების 6:10). ამიტომ, კვლავაც საუკეთესო გაიღეთ მისთვის და სიხარულით ემსახურეთ იეჰოვას, რომელიც აფასებს თქვენს გულმოდგინებას.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 65 წინ!

a ყველანი ბევრს ვსწავლობთ სხვებზე დაკვირვებით. თუმცა ამ დროს სიფრთხილე გვმართებს. ეს სტატია დაგვეხმარება, შევინარჩუნოთ სიხარული და არ დავიწყოთ საკუთარი თავის სხვებთან შედარება, რაც ან გაგვაამაყებს, ან გულს გაგვიტეხს.

b ᲡᲣᲠᲐᲗᲘᲡ ᲐᲦᲬᲔᲠᲐ: ძმა ახალგაზრდობაში ბეთელში მსახურობდა. დაქორწინების შემდეგ ცოლთან ერთად გააგრძელა პიონერად მსახურება. როცა შვილები შეეძინათ, მათაც ასწავლიდა ქადაგებას. ახლა უკვე ასაკშია, მაგრამ კვლავაც საუკეთესოს იღებს იეჰოვასთვის და წერილებით ქადაგებს.