არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ᲡᲐᲡᲬᲐᲕᲚᲝ ᲡᲢᲐᲢᲘᲐ 17

დედებო, რა შეგიძლიათ ისწავლოთ ევნიკესგან?

დედებო, რა შეგიძლიათ ისწავლოთ ევნიკესგან?

„დედაშენის რჩევას ნუ წაუყრუებ, რადგან [ის] მშვენიერი გვირგვინია შენს თავზე და ლამაზი ყელსაბამი — შენს ყელზე“ (ᲘᲒᲐᲕ. 1:8, 9).

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 137 ერთგული ქალები, ქრისტიანი დები

ᲛᲝᲙᲚᲔ ᲨᲘᲜᲐᲐᲠᲡᲘ a

ტიმოთეს დედა ევნიკე და ბებია ლოისი სახეგაბრწყინებულნი ადევნებენ თვალს ტიმოთეს ნათლობას (იხილეთ აბზაცი 1).

1, 2. ა) ვინ იყო ევნიკე და რა სირთულეებს შეხვდა? ბ) აღწერეთ გარეკანზე მოცემული სურათი.

 ᲑᲘᲑᲚᲘᲐᲨᲘ არ არის აღწერილი ტიმოთეს ნათლობა. და მაინც, რთული წარმოსადგენი არაა, რას იგრძნობდა იმ დღეს დედამისი ევნიკე (იგავ. 23:25). წარმოიდგინეთ ევნიკე, რომელიც სახეგაბრწყინებული უყურებს წყალში მდგომ ტიმოთეს. იქვე დგას ტიმოთეს ბებია ლოისიც. ევნიკე სუნთქვაშეკრული ადევნებს თვალს, როგორ იძირება ტიმოთე წყალში. და აი, როცა ტიმოთე წყლიდან ამოდის, ევნიკე ცრემლებს ვეღარ იკავებს. სირთულეების მიუხედავად ევნიკემ წარმატებით გაართვა თავი თავის მისიას და ტიმოთეს იეჰოვასა და იესოს სიყვარული ჩაუნერგა. რა სირთულეები გადალახა ევნიკემ, რომ ტიმოთე ამ დღემდე მოსულიყო?

2 ტიმოთე რელიგიურად დაყოფილ ოჯახში იზრდებოდა. მამამისი ბერძენი იყო, დედა და ბებია კი — იუდეველები (საქ. 16:1). სავარაუდოდ, ტიმოთე მოზარდი იყო, როცა ევნიკე და ლოისი გაქრისტიანდნენ. თუმცა მამამისს პოზიცია არ შეუცვლია. როგორც ჩანს, ტიმოთე უკვე იმ ასაკში იყო, რომ შეეძლო თავად აერჩია, რომელ გზას გაჰყოლოდა. როგორ მოიქცეოდა: მამას მიემხრობოდა, იუდაურ ტრადიციებს უერთგულებდა თუ იესოს მიმდევრობას აირჩევდა?

3. იგავების 1:8, 9-ის თანახმად, როგორ უყურებს იეჰოვა იმ დედების შრომას, რომლებიც შვილებს მასთან დაახლოებაში ეხმარებიან?

3 დღესაც ქრისტიან დედებს სიყვარული აღძრავთ, შვილები იეჰოვასთან დააახლოვონ. ამისთვის გაწეულ მათ შრომას იეჰოვა ძალიან აფასებს (წაიკითხეთ იგავების 1:8, 9). იეჰოვას დახმარებით უკვე ბევრმა დედამ შეძლო შვილების ჭეშმარიტების გზაზე დაყენება.

4. რა სირთულეს ხვდება ზოგი დედა დღეს?

4 ბუნებრივია, დედებს დროდადრო აფიქრებთ, აირჩევენ თუ არა მათი შვილები იეჰოვას მსახურებას, როგორც ეს ტიმოთემ გააკეთა. ეს არცაა გასაკვირი, რადგან მათ კარგად ესმით, რამხელა ზეწოლას ახდენს სატანის ქვეყნიერება მათ შვილებზე (1 პეტ. 5:8). ზოგჯერ მდგომარეობას ისიც ართულებს, რომ ზოგი დედა მარტო ან რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ზრდის შვილებს. აი, რას ამბობს ერთი და, სახელად ქრისტინი b: „ჩემი მეუღლე კარგი მამა და მეოჯახე იყო, მაგრამ ამიკრძალა, შვილები იეჰოვას მოწმეებად აღმეზარდა. წლების მანძილზე ბევრჯერ მიტირია, როცა ვფიქრობდი, აირჩევდნენ კი ჩემი შვილები იეჰოვას მსახურებას“.

5. რას განვიხილავთ ამ სტატიაში?

5 დედებო, თქვენც შეგიძლიათ ევნიკეს მსგავსად შვილებს იეჰოვა შეაყვაროთ. ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, როგორ შეგიძლიათ მიჰბაძოთ ევნიკეს და შვილებს სიტყვითა თუ საქმით დაეხმაროთ იეჰოვასთან დაახლოებაში. იმასაც გაიგებთ, როგორ დაგეხმარებათ იეჰოვა.

ᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗ ᲡᲘᲢᲧᲕᲘᲗ

6. მეორე ტიმოთეს 3:14, 15-ის თანახმად, როგორ გახდა ტიმოთე ქრისტიანი?

6 ევნიკემ ტიმოთეს პატარაობიდანვე გააცნო წმინდა წერილები და ისე უხსნიდა მათ, როგორც ებრაელებს ესმოდათ. ფაქტია, იმ დროს ევნიკემ არაფერი იცოდა იესოს შესახებ. თუმცა ის, რაც წმინდა წერილებიდან ასწავლა ტიმოთეს, გაუადვილებდა მას ქრისტიანობაზე მოქცევას. მართალია, საბოლოოდ ტიმოთეს თავად უნდა გადაეწყვიტა, რას აირჩევდა, მაგრამ ეჭვგარეშეა, ევნიკემ დიდი წვლილი შეიტანა იმაში, რომ ტიმოთემ იესო იწამა (წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 3:14, 15). რა ბედნიერი იქნებოდა ევნიკე, რომ დასძლია სირთულეები და ტიმოთეს იეჰოვა შეაყვარა. ამგვარად მან გაამართლა თავისი სახელი, რომლის ფუძეც ნიშნავს „ძლევას“.

7. როგორ შეეძლო ევნიკეს ტიმოთეს დახმარება ნათლობის შემდეგაც?

7 ევნიკე ტიმოთეს ნათლობის შემდეგაც ვერ იგრძნობდა თავს არხეინად. მან არ იცოდა, რას გააკეთებდა მისი შვილი ამ მნიშვნელოვანი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ. მაგალითად, ცუდ წრეში ხომ არ მოექცეოდა? ხომ არ მოინდომებდა ათენში სწავლას, სადაც ბერძნულ ფილოსოფიას ეზიარებოდა? ან სიმდიდრის მოხვეჭას ხომ არ შეალევდა ახალგაზრდულ წლებს? ფაქტია, ევნიკე ტიმოთეს ნაცვლად ვერ მიიღებდა გადაწყვეტილებას. თუმცა ის კი შეეძლო, ბიძგი მიეცა მისთვის, რომ კვლავაც გაეღრმავებინა იეჰოვას სიყვარული და მისი ძის მიმართ მადლიერება. მსგავსი სირთულეების წინაშე მხოლოდ რელიგიურად დაყოფილი ოჯახები არ დგანან. იმ შემთხვევაშიც კი, როცა ორივე მშობელი იეჰოვას ემსახურება, შეიძლება ადვილი არ იყოს, შვილები ღვთის მსახურებისკენ წაახალისონ. რა შეუძლიათ ისწავლონ მშობლებს ევნიკესგან?

8. როგორ შეუძლია ცოლს დაეხმაროს მორწმუნე მეუღლეს შვილების სულიერად აღზრდაში?

8 შეასწავლეთ შვილებს ბიბლია. თუ თქვენი მეუღლე იეჰოვას ემსახურება, მხარში ამოუდექით მას შვილების სულიერად აღზრდაში. მაგალითად, ხელი შეუწყვეთ, რომ რეგულარულად ჩაატაროთ ოჯახური თაყვანისცემა. ეცადეთ, თქვენი საუბრით შვილები ყოველთვის დადებითად განაწყოთ ოჯახური თაყვანისცემის მიმართ და თბილი და სასიამოვნო გარემო შექმნათ. შიგადაშიგ მეუღლესთან ერთად ოჯახური თაყვანისცემისთვის რაღაც განსხვავებული დაგეგმეთ. თუ თქვენი შვილებიდან ზოგი უკვე იმ ასაკისაა, რომ შეიძლება მასთან განიხილოთ წიგნი „იხარეთ ცხოვრებით მარადიულად!“, დაეხმარეთ ქმარს შესწავლის ჩატარებაში.

9. რა დახმარების მიღება შეუძლიათ დედებს, რომლებიც შვილებს რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ზრდიან?

9 ზოგ დედას თავად მოუწევს შვილებისთვის შესწავლის ჩატარება, თუ მას არ ჰყავს მეუღლე ან ის არ იზიარებს მის რელიგიურ შეხედულებებს. თუ თქვენც ასეთ მდგომარეობაში ხართ, ზედმეტად არ ინერვიულოთ, რადგან იეჰოვა დაგეხმარებათ. გამოიყენეთ სწავლებაში დამხმარე ის შესანიშნავი საშუალებები, რომლებითაც იეჰოვა თავისი ორგანიზაციის მეშვეობით უზრუნველგვყოფს. შეგიძლიათ რჩევა ჰკითხოთ სხვა მშობლებსაც, თუ როგორ იყენებენ ამ საშუალებებს ოჯახური თაყვანისცემის დროს c (იგავ. 11:14). ლოცვაში სთხოვეთ იეჰოვას, დაგეხმაროთ, შვილებთან საერთო ენა გამონახოთ და გაიგოთ, რა აქვთ გულში (იგავ. 20:5). მაგალითად, თუ ჰკითხავთ შვილს, რა უქმნის ყველაზე დიდ სირთულეს სკოლაში, შეიძლება თქვენ შორის კარგი საუბარი შედგეს.

10. კიდევ როგორ შეგიძლიათ დაეხმაროთ შვილებს იეჰოვასთან დაახლოებაში?

10 ნებისმიერი შესაძლებლობისას ესაუბრეთ შვილებს იეჰოვას შესახებ. ელაპარაკეთ მათ იეჰოვაზე და იმ სიკეთეზე, რაც პირადად თქვენ გაგიკეთათ (კან. 6:6, 7; ეს. 63:7). ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, როცა ოჯახში შვილებთან ბიბლიის შესწავლის ჩატარების საშუალება არ გაქვთ. აი, რას ამბობს ზემოთ მოხსენიებული ქრისტინი: „იშვიათად მეძლეოდა შვილებთან იეჰოვას შესახებ საუბრის შესაძლებლობა, ამიტომ არცერთ შანსს არ ვუშვებდი ხელიდან. როცა შვილებთან ერთად ვსეირნობდი ან ნავით წყალში შევცურავდით ხოლმე, იეჰოვას საოცარ ქმნილებებზე ან ისეთ საკითხებზე ვესაუბრებოდი, რომლებიც მათ იეჰოვასთან დააახლოებდა. როცა წამოიზარდნენ, ვურჩევდი, თავად გამოეკვლიათ ბიბლია“. ამასთანავე, ყოველთვის დადებითად ისაუბრეთ იეჰოვას ორგანიზაციასა და თანაქრისტიანებზე. არასდროს გააკრიტიკოთ უხუცესები. თქვენს საუბარზეა დამოკიდებული, მიმართავენ თუ არა თქვენი შვილები უხუცესებს, როცა დახმარება დასჭირდებათ.

11. იაკობის 3:18-ის თანახმად, რატომაა მნიშვნელოვანი, ოჯახში მშვიდობას შევუწყოთ ხელი?

11 ხელი შეუწყვეთ ოჯახში მშვიდობას. ხშირად გამოხატეთ სიყვარული ქმარ-შვილის მიმართ. ყოველთვის დადებითად და პატივისცემით მოიხსენიეთ მეუღლე და წაახალისეთ შვილები, რომ ისინიც ასე მოიქცნენ. ამგვარად ხელს შეუწყობთ მშვიდობიან ატმოსფეროს, რაც გაგიადვილებთ შვილებისთვის იეჰოვას შესახებ სწავლებას (წაიკითხეთ იაკობის 3:18). მოვიყვანოთ იოჟეფის შემთხვევა, რომელიც რუმინეთში სპეციალურ პიონერად მსახურობს. მამამისი რას აღარ აკეთებდა, რომ ცოლ-შვილისთვის ხელი შეეშალა იეჰოვას მსახურებაში. აი, რას ამბობს იოჟეფი: „დედაჩემი ყველანაირად ცდილობდა ოჯახში მშვიდობიანი ატმოსფეროს შექმნას. ის არასდროს პასუხობდა უხეშობაზე უხეშობით. პირიქით, ყოველთვის ცდილობდა, მამას თბილად და კეთილად მოპყრობოდა. როცა ხედავდა, რომ გვიჭირდა მამის მორჩილება და პატივისცემა, ჩვენთან ერთად განიხილავდა ეფესოელების 6:1—3-ს. შემდეგ მამის კარგ თვისებებზე გვიმახვილებდა ყურადღებას და გვიხსნიდა, რატომ უნდა დაგვეფასებინა ის. დედამ არაერთხელ განმუხტა დაძაბული სიტუაცია“.

ᲐᲡᲬᲐᲕᲚᲔᲗ ᲡᲐᲥᲛᲘᲗ

12. მეორე ტიმოთეს 1:5-ის თანახმად, როგორი გავლენა იქონია ევნიკეს მაგალითმა ტიმოთეზე?

12 წაიკითხეთ 2 ტიმოთეს 1:5. ევნიკე კარგ მაგალითს აძლევდა ტიმოთეს. ის ასწავლიდა შვილს, რომ ნამდვილი რწმენა საქმეებში ვლინდება (იაკ. 2:26). ტიმოთე იმასაც ხედავდა, რომ დედას იეჰოვა ძალიან უყვარდა და მისი მსახურება აბედნიერებდა. როგორ იმოქმედა ტიმოთეზე დედის მაგალითმა? როგორც პავლე მოციქულმა აღნიშნა, მანაც დედის მსგავსად ძლიერი რწმენა განივითარა. ამაში ლომის წილი ევნიკეს მიუძღოდა, რადგან სწორედ მისგან იღებდა ტიმოთე მაგალითს. ჩვენს დროშიც ბევრი დედა უსიტყვოდ დაეხმარა ოჯახის წევრებს, გამხდარიყვნენ იეჰოვას მსახურები (1 პეტ. 3:1, 2). ამის გაკეთებას თქვენც შეძლებთ. მოდი გავიგოთ, როგორ.

13. რატომ უნდა იყოს დედებისთვის იეჰოვასთან ურთიერთობა უმთავრესი?

13 იეჰოვასთან ურთიერთობა თქვენს ცხოვრებაში უმთავრესი უნდა იყოს (კან. 6:5, 6). თქვენი შვილებისთვის ბევრ მსხვერპლზე მიდიხართ. მათთვის არ გენანებათ დრო, ენერგია თუ სახსრები. რა თქმა უნდა, შვილებზე უნდა იზრუნოთ, მაგრამ იფრთხილეთ, რომ ამან იეჰოვასთან თქვენი ურთიერთობა არ შეიწიროს. რეგულარულად გამოყავით დრო ლოცვისთვის, პირადი შესწავლისა და კრების შეხვედრებისთვის. ამგვარად, იეჰოვასთან ურთიერთობასაც განიმტკიცებთ და კარგ მაგალითსაც მისცემთ ოჯახის წევრებსა თუ სხვებს.

14, 15. რას ვსწავლობთ ლიანის, მარიასა და ჟუანის შემთხვევებიდან?

14 განვიხილოთ რამდენიმე ახალგაზრდის შემთხვევა, რომლებსაც იეჰოვასადმი სიყვარულისა და ნდობის განვითარებაში დედის მაგალითი დაეხმარა. აი, რას ამბობს ქრისტინის ქალიშვილი ლიანი: „სახლში ჩუმად ვსწავლობდით ბიბლიას. წინააღმდეგობის მიუხედავად დედა არასდროს აცდენდა კრების შეხვედრებს. მართალია, ბიბლიიდან ბევრი არაფერი ვიცოდით, მაგრამ დედის მაგალითმა და სიმტკიცემ რწმენა გაგვიძლიერა. სანამ პირველად დავესწრებოდით კრების შეხვედრას, უკვე დარწმუნებული ვიყავით, რომ ეს სწორი გზა იყო“.

15 მარია კი, რომლის მამაც ოჯახის წევრებს სიტყვიერ თუ ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა კრების შეხვედრებზე დასწრების გამო, ამბობს: „დედაჩემზე გაბედული ქალი არ მეგულება. ბავშვობაში სხვების შიშით ზოგჯერ უკან ვიხევდი. მაგრამ დედაჩემის ერთგულება და გაბედულება დამეხმარა კაცთმოშიშების დაძლევაში“. ჟუანი, რომლის მამაც სახლში იეჰოვაზე საუბარს კრძალავდა, ასეთ რამეს ამბობს: „ჩემზე ყველაზე დიდი შთაბეჭდილება იმან მოახდინა, რომ დედა მზად იყო, ყველაფერი დაეთმო მამაჩემის გამო გარდა იეჰოვას სიყვარულისა“.

16. რა გავლენას ახდენს ერთგული დების მაგალითი სხვებზე?

16 დედებო, გახსოვდეთ, რომ თქვენი მაგალითი მხოლოდ თქვენი ოჯახის წევრებზე არ ახდენს გავლენას. ეს იქიდანაც ჩანს, როგორი შთაბეჭდილება მოახდინა ევნიკეს რწმენამ პავლეზე. ტიმოთესთვის მიწერილ წერილში მოციქულმა აღნიშნა, რომ ტიმოთეს ისეთივე უთვალთმაქცო რწმენა ჰქონდა, როგორიც მანამდე დედამისს, ევნიკეს (2 ტიმ. 1:5). საიდან გაიგო პავლემ ტიმოთეს დედის რწმენის შესახებ? სავარაუდოდ, თავისი პირველი მისიონერული მოგზაურობის დროს ის ევნიკესა და ლოისს ლისტრაში შეხვდა და, შესაძლოა, გაქრისტიანებაშიც კი დაეხმარა (საქ. 14:4—18). როგორც ტიმოთესთვის მიწერილი წერილიდან ჩანს, პავლეს 15 წლის შემდეგაც კი ახსოვდა ევნიკეს ერთგულება და ის სამაგალითო ქრისტიანად მოიხსენია. ეჭვგარეშეა, ევნიკეს მაგალითმა არა მხოლოდ პავლეზე, არამედ სხვა პირველი საუკუნის ქრისტიანებზეც მოახდინა გავლენა. თუ მარტოხელა დედა ხართ ან რელიგიურად დაყოფილ ოჯახში ზრდით შვილებს, გახსოვდეთ, რომ თქვენი ერთგულებით სხვებსაც ამხნევებთ და აძლიერებთ.

დროა საჭირო, რომ შვილს სულიერ ზრდაში დაეხმაროთ. ამიტომ, ნუ დანებდებით! (იხილეთ აბზაცი 17).

17. როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ერთი შეხედვით თქვენი მაგალითი გავლენას არ ახდენს შვილებზე?

17 როგორ უნდა მოიქცეთ, თუ ერთი შეხედვით თქვენი მაგალითი გავლენას არ ახდენს შვილებზე? გახსოვდეთ, რომ შვილების აღსაზრდელად დრო და მოთმინებაა საჭირო. როგორც სურათზეა ნაჩვენები, თესლი რომც ჩარგოთ, შეიძლება დროდადრო მაინც შეგეპაროთ ეჭვი, აღმოცენდება და მოისხამს თუ არა ნაყოფს. მიუხედავად იმისა, რომ თქვენზე არ არის დამოკიდებული, მიიღებთ თუ არ ნაყოფს, მაინც აგრძელებთ მცენარის მორწყვას, რომ საუკეთესო პირობები შეუქმნათ ზრდისთვის (მარ. 4:26—29). მსგავსად, შეიძლება დროდადრო ეჭვი გაგიჩნდეთ, რამდენად გამოგდით შვილების გულში იეჰოვას სიყვარულის ჩანერგვა. ფაქტია, თქვენზე არაა დამოკიდებული, რა არჩევანს გააკეთებენ ისინი, მაგრამ თუ მათ აღსაზრდელად არაფერს დაიშურებთ, სულიერი ზრდისთვის კარგ პირობებს შეუქმნით (იგავ. 22:6).

ᲘᲔᲰᲝᲕᲐᲡ ᲘᲛᲔᲓᲘ ᲒᲥᲝᲜᲓᲔᲗ

18. როგორ შეუძლია იეჰოვას, თქვენს შვილს სულიერ ზრდაში დაეხმაროს?

18 ძველი დროიდან მოყოლებული დღემდე იეჰოვა უამრავ ახალგაზრდას დაეხმარა მასთან დამეგობრებაში (ფსალმ. 22:9, 10). თუ თქვენი შვილი მოინდომებს, ის მასაც დაეხმარება სულიერ ზრდაში (1 კორ. 3:6, 7). თუნდაც თქვენი შვილი სულიერად მოიკოჭლებდეს, იეჰოვა მაინც სიყვარულით ადევნებს მას თვალყურს (ფსალმ. 11:4). როგორც კი იეჰოვა მასში სასიკეთო ძვრას დაინახავს, მაშინვე დახმარების ხელს გაუწვდის (საქ. 13:48; 2 მატ. 16:9). ის დაგეხმარებათ, შვილს საჭირო დროს საჭირო სიტყვები უთხრათ (იგავ. 15:23). მან შეიძლება კრებაში რომელიმე და ან ძმა აღძრას, თქვენი შვილის მიმართ ყურადღება გამოიჩინოს. მას შემდეგაც, რაც თქვენი შვილი სრულწლოვანებას მიაღწევს, იეჰოვას შეუძლია გაახსენოს ის, რაც მისთვის გისწავლებიათ (იოან. 14:26). თუ კვლავაც გააგრძელებთ სიტყვითა თუ საქმით თქვენი შვილის სწავლებას, იეჰოვა აუცილებლად დაგაჯილდოვებთ.

19. რატომ შეგიძლიათ იყოთ დარწმუნებული, რომ იეჰოვა გიწონებთ?

19 რა არჩევანიც არ უნდა გააკეთონ თქვენმა შვილებმა, იეჰოვას ყოველთვის ეყვარებით, რადგან თქვენ გიყვართ ის. თუ მარტოხელა დედა ხართ, გჯეროდეთ, რომ იეჰოვა მამობას გაუწევს თქვენს შვილს, თქვენ კი — ქომაგობას (ფსალმ. 68:5). თქვენზე არ არის დამოკიდებული, რა გზას აირჩევენ თქვენი შვილები. მაგრამ, თუ ყოველთვის გექნებათ იეჰოვას დახმარების იმედი და თქვენი მხრიდან ყველაფერს გააკეთებთ, იეჰოვა კმაყოფილი იქნება თქვენით.

ᲡᲘᲛᲦᲔᲠᲐ 134 შვილები — მემკვიდრეობა იეჰოვასგან

a ამ სტატიაში ვიმსჯელებთ, რა შეუძლიათ ისწავლონ ქრისტიან დედებს ტიმოთეს დედისგან, ევნიკესგან და როგორ გააცნონ და შეაყვარონ იეჰოვა შვილებს.

b ზოგი სახელი შეცვლილია.