სასწავლო სტატია 16
ნუ დაიჯერებთ სიცრუეს სიკვდილის შესახებ
„ვცნობთ ჭეშმარიტებისა და სიცრუის შთაგონებულ სიტყვებს“ (1 იოან. 4:6).
სიმღერა 73 მოგვეცი გამბედაობა
მოკლე შინაარსი *
1, 2. ა) როგორ შეჰყავს სატანას ადამიანები შეცდომაში? ბ) რას განვიხილავთ ამ სტატიაში?
„სიცრუის მამას“, სატანას, ადამიანები ოდითგანვე შეჰყავს შეცდომაში (იოან. 8:44). სხვა ტყუილებთან ერთად სატანა მკვდრების მდგომარეობის შესახებაც ავრცელებს სიცრუეს. ის ხალხს იმასაც აჯერებს, რომ სიკვდილის შემდეგ სიცოცხლე გრძელდება. ამ სწავლებებმა დასაბამი მისცა ბევრ გავრცელებულ წეს-ჩვეულებასა თუ ცრურწმენას. ამიტომ ღვთის ზოგიერთ მსახურს რწმენისთვის ბრძოლა უწევს, როცა ოჯახის წევრი ან მეზობელი უკვდებათ (იუდ. 3).
2 თუ თქვენც აღმოჩნდებით მსგავს სიტუაციაში, რა დაგეხმარებათ, რომ ბიბლიური ჭეშმარიტების მხარე დაიკავოთ? (ეფეს. 6:11). როგორ შეგიძლიათ ანუგეშოთ და განამტკიცოთ თანაქრისტიანი, რომელსაც არაბიბლიური ტრადიციების დაცვას აიძულებენ? წინამდებარე სტატიაში განვიხილავთ, როგორ გვხელმძღვანელობს იეჰოვა ამ დროს. თუმცა ჯერ გავიგოთ, რას ამბობს ბიბლია სიკვდილის შესახებ.
სიმართლე გარდაცვლილთა მდგომარეობის შესახებ
3. რა მოჰყვა შედეგად პირველ ტყუილს?
3 ღვთის განზრახვაში ადამიანის სიკვდილი არ შედიოდა. თუმცა მარადიულად რომ ეცხოვრათ, ადამი და ევა იეჰოვას მარტივ მითითებას უნდა დამორჩილებოდნენ. ღმერთმა უბრძანა მათ: „სიკეთისა და ბოროტების შეცნობის ხიდან არ ჭამო, რადგან რა დღესაც შეჭამ, იმ დღესვე მოკვდები“ (დაბ. 2:16, 17). ამ დროს სატანამაც დაიწყო მოქმედება. ის გველის მეშვეობით დაელაპარაკა ევას და უთხრა: „არა, არ მოკვდებით“. სამწუხაროდ, ევამ დაიჯერა ეს სიცრუე და შეჭამა ნაყოფი. მოგვიანებით მისმა ქმარმაც იგივე გააკეთა (დაბ. 3:4, 6). ამგვარად, ადამიანები ცოდვასა და სიკვდილს დაექვემდებარნენ (რომ. 5:12).
4, 5. როგორ აგრძელებს სატანა ადამიანების მოტყუებას?
4 ღვთის გაფრთხილების თანახმად, ადამი და ევა დაიხოცნენ, მაგრამ სატანა დღემდე აგრძელებს სიკვდილის შესახებ სიცრუის გავრცელებას. მოგვიანებით მან კიდევ ბევრი ტყუილი თქვა. მაგალითად, ხალხს დააჯერა, რომ სხეულის სიკვდილის შემდეგ თითქოს ადამიანის სული განაგრძობს არსებობას. ამ სიცრუის სხვადასხვა ვერსია არსებობს, რასაც უამრავი ადამიანი შეჰყავს შეცდომაში (5 რატომ ტყუვდება ამდენი ადამიანი? სატანამ იცის, რა დამოკიდებულება გვაქვს სიკვდილის მიმართ და ამას ჩვენ შესაცდენად იყენებს. ჩვენ მარადიული სიცოცხლისთვის ვართ შექმნილნი და სიკვდილი არავის გვსურს (ეკლ. 3:11). ამიტომაცაა, რომ სიკვდილს დაუძინებელ მტრად მივიჩნევთ (1 კორ. 15:26).
6, 7. ა) შეძლო სატანამ მკვდრების მდგომარეობის შესახებ ჭეშმარიტების დაფარვა? ახსენით. ბ) როგორ გვათავისუფლებს ბიბლიური ჭეშმარიტება მკვდრების შიშისგან?
6 სატანის მცდელობის მიუხედავად, სიკვდილის შესახებ ჭეშმარიტება დაფარული არ არის. ფაქტია, კაცობრიობის ისტორიაში დღეს ყველაზე მეტ ადამიანს აქვს მკვდრების მდგომარეობის შესახებ ბიბლიური ცოდნა და მკვდრეთით აღდგომის იმედი, რასაც სხვებსაც უზიარებენ (ეკლ. 9:5, 10; საქ. 24:15). ეს ჭეშმარიტება გვანუგეშებს, სიკვდილის უსაფუძვლო შიშისგან გვათავისუფლებს და ყველანაირ ეჭვს გვიქარწყლებს. მაგალითად, ჩვენ არ გვეშინია მკვდრების. ვიცით, რომ ისინი აღარ არსებობენ, ამიტომ არც იტანჯებიან და არც რამეს უშავებენ ცოცხლებს. მკვდრების მდგომარეობა შეიძლება ღრმა ძილს შევადაროთ (იოან. 11:11—14). ჩვენ ისიც ვიცით, რომ მკვდრები ვერ გრძნობენ დროის სვლას. ამიტომ აღდგომისას მათაც კი, რომლებიც საუკუნეების წინ დაიხოცნენ, ისეთი შეგრძნება ექნებათ, თითქოს დრო არც გასულა.
7 განა არ ეთანხმებით იმ აზრს, რომ მკვდრების მდგომარეობის შესახებ ჭეშმარიტება მარტივი, ლოგიკური და გასაგებია?! როგორ განსხვავდება ის სატანის ჩახლართული ტყუილებისგან! გარდა იმისა, რომ ხალხი შეჰყავს შეცდომაში, სატანა ჩვენს შემოქმედსაც სწამებს ცილს. იმის უკეთ გასაგებად, თუ რა ზიანი მოიტანა სატანის ტყუილმა, განვიხილოთ შემდეგი კითხვები: როგორ სწამებს ცილს იეჰოვას სატანის ტყუილები? როგორ გააუფასურა ამ ტყუილებმა ხალხის თვალში ქრისტეს გამოსასყიდი და როგორ მოუტანა კაცობრიობას მეტი ტკივილი და მწუხარება?
სატანის სიცრუეს დიდი ზიანი მოაქვს
8. როგორც იერემიას 19:5-დან ჩანს, როგორ სწამებს ცილს იეჰოვას სატანის სიცრუე?
8 სატანის სიცრუე მკვდრების მდგომარეობის შესახებ ცილს სწამებს იეჰოვას. ამ სიცრუეში შედის ცრუ სწავლება ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ, სადაც თითქოს მკვდრები იტანჯებიან. ასეთი სწავლებები ცილს სწამებს იეჰოვას, რადგან სიყვარულის ღმერთს სატანის თვისებებს მიაწერს (1 იოან. 4:8). რა გრძნობა გეუფლებათ ამ სიტყვების მოსმენაზე? რაც მთავარია, იეჰოვა რას გრძნობს ამ დროს? მას ხომ ყველანაირი სახის სისასტიკე სძულს?! (წაიკითხეთ იერემიას 19:5).
9. რა გავლენას ახდენს სატანის სიცრუე ქრისტეს გამოსასყიდზე, რომელზეც საუბარია იოანეს 3:16-სა და 15:13-ში?
9 სიკვდილის შესახებ სატანის სიცრუე ხალხის თვალში ქრისტეს გამოსასყიდს აუფასურებს (მათ. 20:28). სატანის კიდევ ერთი სიცრუეა ის, რომ ადამიანებს უკვდავი სული აქვთ. თუ ეს ასეა, გამოდის, რომ მათ უკვე აქვთ მარადიული სიცოცხლე. ეს რომ სიმართლე ყოფილიყო, ქრისტე საკუთარ სიცოცხლეს აღარ გაიღებდა ჩვენ გამოსასყიდად, რათა მარადიულად გვეცოცხლა. არასდროს დაგავიწყდეთ, რომ ქრისტეს მსხვერპლი ადამიანების მიმართ სიყვარულის უდიდესი გამოვლინებაა (წაიკითხეთ იოანეს 3:16; 15:13). წარმოიდგინეთ, რას გრძნობენ იეჰოვა და იესო, როცა ასეთი სწავლებებით აუფასურებენ მათ მიერ გაღებულ გამოსასყიდს!
10. როგორ მოუტანა სატანის ტყუილმა კაცობრიობას მეტი ტკივილი და მწუხარება?
10 სატანის ტყუილს კაცობრიობისთვის მეტი ტკივილი და მწუხარება მოაქვს. შვილმკვდარ მშობლებს ზოგჯერ ეუბნებიან, რომ მათი შვილი ღმერთმა ანგელოზად წაიყვანა ზეცაში. შეუმსუბუქებს მათ სატანის ეს ტყუილი ტკივილს თუ, პირიქით, უფრო გაუმძაფრებს? ცეცხლოვანი ჯოჯოხეთის შესახებ ცრუ სწავლებას წამების გასამართლებლად იყენებდნენ. ასე იქცეოდნენ მაშინაც, როცა ეკლესიის სწავლებების მოწინააღმდეგეებს ბოძზე გაკრულებს წვავდნენ. ერთ წიგნში, რომელიც ესპანური ინკვიზიციის შესახებ მოგვითხრობს, ნათქვამია, რომ მათ, ვისაც ამ საშინელ ბოროტებაში მიუძღოდა ბრალი, სჯეროდათ, რომ ერეტიკოსებს უნდა „გამოეცადათ, როგორი იქნებოდა ჯოჯოხეთის მარადიულ ცეცხლში ტანჯვა“, რათა სიკვდილამდე მოენანიებინათ და ჯოჯოხეთში არ მოხვედრილიყვნენ. გარდაცვლილი წინაპრების პატივსაცემად ან მათგან კურთხევების მისაღებად ზოგ ქვეყანაში ხალხს საკვების მომზადებას ან შესაწირავის გაღებას აიძულებენ. სხვები გარდაცვლილი წინაპრების გულის მოლბობას ცდილობენ, რათა მათი რისხვა არ დაიტეხონ თავს. სამწუხაროდ, სატანის სიცრუეზე აგებულ შეხედულებებს ადამიანებისთვის არანაირი ნუგეში არ მოაქვს, პირიქით, ზედმეტ საწუხარსა და უსაფუძვლო შიშს უჩენს.
როგორ დავიცვათ ბიბლიური ჭეშმარიტება
11. როგორ შეიძლება კეთილმოსურნე ნათესავები ან მეგობრები შეეცადონ, რომ ღვთის სიტყვის წინააღმდეგ წაგვიყვანონ?
11 ღვთისა და მისი სიტყვისადმი სიყვარული ძალას გვაძლევს, მაშინაც დავემორჩილოთ იეჰოვას, როცა კეთილმოსურნე ნათესავები ან მეგობრები მკვდრებთან დაკავშირებულ არაბიბლიურ წეს-ჩვეულებებში მონაწილეობას გვაიძულებენ. ისინი შეიძლება ჩვენს შერცხვენას შეეცადონ და გვითხრან, რომ არ გვიყვარდა და პატივს არ ვცემდით გარდაცვლილს. ან ისიც კი თქვან, რომ ჩვენი საქციელის გამო შეიძლება გარდაცვლილმა ზიანი მიაყენოს ცოცხლებს. რა დაგვეხმარება, რომ ამ დროს ბიბლიური ჭეშმარიტება დავიცვათ? განვიხილოთ, როგორ შეგვიძლია შემდეგი ბიბლიური პრინციპების გამოყენება.
12. მკვდრებთან დაკავშირებული რომელი წეს-ჩვეულებები ეწინააღმდეგება ბიბლიას?
12 თავი შორს დაიჭირეთ არაბიბლიური სწავლებებისა და წეს-ჩვეულებებისგან (2 კორ. 6:17). კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებში ბევრს სჯერა, რომ სიკვდილის შემდეგ ადამიანის სულმა შეიძლება შური იძიოს მათზე, ვინც სიცოცხლეში ცუდად ექცეოდა. ერთ ნაშრომში ნათქვამია, რომ მიცვალებულის სულმა შეიძლება „მთელ დასახლებასაც კი დაატეხოს უბედურება“. აფრიკის ზოგ ქვეყანაში გარდაცვლილის სახლში სარკეებს ნაჭერს აფარებენ და სურათებს კედლისკენ აბრუნებენ, რათა მიცვალებულმა საკუთარი თავი არ დაინახოს. ჩვენ, როგორც იეჰოვას მსახურები, არ ვიზიარებთ მსგავს შეხედულებებს და არ ვიცავთ ისეთ წეს-ჩვეულებებს, რომლებიც სატანის სიცრუეს უჭერს მხარს! (1 კორ. 10:21, 22).
13. იაკობის 1:5-დან გამომდინარე, რა უნდა გააკეთოთ, თუ რომელიმე ტრადიციის ან წეს-ჩვეულების წარმოშობა გაეჭვებთ?
13 თუ რომელიმე ტრადიციის ან წეს-ჩვეულების წარმოშობა გაეჭვებთ, იეჰოვას ლოცვაში სიბრძნე სთხოვეთ (წაიკითხეთ იაკობის 1:5). შემდეგ გამოიკვლიეთ, რას ამბობს ჩვენი პუბლიკაციები ამ საკითხზე. საჭიროების შემთხვევაში კი დახმარება სთხოვეთ კრების უხუცესებს. ისინი არ გეტყვიან, როგორ უნდა მოიქცეთ, თუმცა შეგახსენებენ ბიბლიურ პრინციპებს, მათ შორის ამ სტატიაში განხილულ პრინციპებსაც. ეს ხელს შეგიწყობთ, რომ გაიწაფოთ აღქმის უნარი, რაც, თავის მხრივ, კარგისა და ცუდის გარჩევაში დაგეხმარებათ (ებრ. 5:14).
14. როგორ შეგვიძლია მოვერიდოთ სხვების დაბრკოლებას?
14 „ყველაფერი ღვთის სადიდებლად აკეთეთ. ნუ დააბრკოლებთ“ სხვებს (1 კორ. 10:31, 32). ვიდრე რომელიმე ტრადიციაში ან წეს-ჩვეულებაში მონაწილეობას გადავწყვეტთ, უნდა დავფიქრდეთ, როგორ იმოქმედებს ჩვენი გადაწყვეტილება სხვების, განსაკუთრებით თანაქრისტიანების სინდისზე. ცხადია, არ გვსურს, რომ ოდესმე ვინმეს დაბრკოლების მიზეზი გავხდეთ (მარ. 9:42). ჩვენ არც ის გვინდა, რომ ზედმეტად გავაღიზიანოთ ისინი, ვინც არ იზიარებენ ჩვენ რწმენას. სიყვარული აღგვძრავს, პატივისცემით ველაპარაკოთ მათ, რაც განადიდებს იეჰოვას. რა თქმა უნდა, კამათს არავის დავუწყებთ და სასაცილოდ არ ავიგდებთ მათ ტრადიციებს. გახსოვდეთ, რომ სიყვარულს დიდი ძალა აქვს. როცა სიყვარულიდან გამომდინარე ანგარიშს ვუწევთ სხვებს და პატივისცემით ვეპყრობით, შეიძლება მოწინააღმდეგეებსაც კი მოვულბოთ გული.
15, 16. ა) რატომ არის გონივრული, სხვებს თქვენი მრწამსი გააცნოთ? მოიყვანეთ მაგალითი. ბ) როგორ გვეხება რომაელების 1:16-ში ჩაწერილი სიტყვები?
15 გააგებინეთ მეზობლებსა და ნათესავებს, რომ იეჰოვას მოწმე ხართ (ეს. 43:10). თუ მეზობლებსა და ნათესავებს წინასწარ ეცოდინებათ, რომ იეჰოვას მოწმე ხართ, უფრო გაგიადვილდებათ ემოციურად მძიმე სიტუაციებისთვის თავის გართმევა. მოზამბიკში მცხოვრები ფრანსისკუ იხსენებს: „ჭეშმარიტების გაგების შემდეგ მე და ჩემმა ცოლმა ოჯახს ავუხსენით, რომ მკვდრებს აღარ ვეთაყვანებოდით. ჩვენი რწმენა მაშინ გამოიცადა, როცა კაროლინას და დაეღუპა. ადგილობრივი რელიგიური წეს-ჩვეულების თანახმად მიცვალებულის გვამს ბანენ. შემდეგ კი უახლოესი ნათესავი სამი ღამე იმ ადგილას იძინებს, სადაც ამ წყალს ღვრიან. ადგილობრივების აზრით, ასეთი სახით მიცვალებულის სულს აამებენ. ოჯახი მოელოდა, რომ ამ მოვალეობას კაროლინა შეასრულებდა“.
16 როგორ მოიქცნენ ფრანსისკუ და კაროლინა? ფრანსისკუ განაგრძობს: „ძალიან გვიყვარს იეჰოვა და მის მოსაწონად გვსურს მოქცევა, ამიტომ უარი ვთქვით ამ წეს-ჩვეულებაში მონაწილეობაზე. ამაზე კაროლინას ოჯახი ძალიან გაბრაზდა. მათ გარდაცვლილთა უპატივცემულობაში დაგვადანაშაულეს და გვითხრეს, რომ აღარც გვესტუმრებოდნენ და აღარც არაფერში დაგვეხმარებოდნენ. ვინაიდან ჩვენი რწმენის შესახებ მათთან მანამდეც გვქონდა საუბარი, ასეთ კრიტიკულ მომენტში არაფერი გვითქვამს. ზოგმა ნათესავმა დაგვიცვა კიდეც და თქვა, რომ ამ საკითხზე ჩვენი პოზიცია მანამდეც გვქონდა დაფიქსირებული. რაღაც დროის შემდეგ კაროლინას ნათესავები დამშვიდნენ და ჩვენ შორის მშვიდობა აღდგა. ზოგმა მოგვაკითხა და ბიბლიური ლიტერატურაც კი მოგვთხოვა“. ასე რომ, ნურასდროს შეგვრცხვება, რომ ჭეშმარიტების მხარეს დავდგეთ და სიკვდილის შესახებ ჩვენი პოზიცია დავიცვათ! (წაიკითხეთ რომაელების 1:16).
ანუგეშეთ და მხარი დაუჭირეთ მგლოვიარეებს
17. როგორ შეგვიძლია ნამდვილი მეგობრობა გავუწიოთ მგლოვიარე თანაქრისტიანს?
17 როცა თანაქრისტიანი საყვარელ ადამიანს კარგავს, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მისთვის ნამდვილი მეგობარი და გასაჭირისთვის დაბადებული ძმა ვიყოთ (იგავ. 17:17). როგორ შეგვიძლია ნამდვილი მეგობრობის გაწევა, როცა მგლოვიარე თანაქრისტიანს არაბიბლიური წეს-ჩვეულებების დაცვას აიძულებენ? დავფიქრდეთ ორ ბიბლიურ პრინციპზე, რომლებიც მგლოვიარეთა ნუგეშისცემის დროს დაგვეხმარება.
18. რატომ ატირდა იესო და რის სწავლა შეგვიძლია მისგან?
რომ. 12:15). დამწუხრებული ადამიანის გამხნევებისას შეიძლება სიტყვების მოძებნა გაგვიჭირდეს. ზოგჯერ ჩვენი ცრემლები სიტყვებზე მეტს ამბობს. იესოს მეგობრის, ლაზარეს სიკვდილს მის დებთან, მართასა და მარიამთან ერთად მისი მეგობრებიც გლოვობდნენ. ოთხი დღის შემდეგ მათთან მისულმა იესომ ცრემლები ვერ შეიკავა მიუხედავად იმისა, რომ ლაზარეს გაცოცხლებას აპირებდა (იოან. 11:17, 33—35). იესოს ცრემლები იეჰოვას გრძნობებს გამოხატავდა. გარდა ამისა, მის ცრემლებში ამ ოჯახის მიმართ დიდი სიყვარული იგრძნობოდა, რაც უდავოდ ანუგეშებდა მართასა და მარიამს. მსგავსად, როცა თანამორწმუნეები ჩვენს სიყვარულსა და მზრუნველობას გრძნობენ, ხვდებიან, რომ მარტონი არ არიან და გვერდით მზრუნველი მეგობრები ჰყავთ.
18 „მოტირალებთან იტირეთ“ (19. როგორ შეგვიძლია ეკლესიასტეს 3:7-ის გათვალისწინება, როცა მგლოვიარე თანაქრისტიანს ვანუგეშებთ?
19 „დუმილის დრო და ლაპარაკის დრო“ (ეკლ. 3:7). ყურადღებით მოსმენა მგლოვიარე თანამორწმუნის გამხნევების კიდევ ერთი საშუალებაა. მიეცით მას გულის გადმოღვრის საშუალება და დაუფიქრებლად ნუ ილაპარაკებთ (იობ. 6:2, 3). ნათესავების მხრიდან ზეწოლა შეიძლება კიდევ უფრო ამძიმებდეს მის მდგომარეობას. ამიტომ ილოცეთ მასთან ერთად. შეევედრეთ ლოცვების მომსმენს, რომ გააძლიეროს და საღად აზროვნებაში დაეხმაროს (ფსალმ. 65:2). თუ სიტუაცია ხელს გიწყობთ, ერთად წაიკითხეთ ბიბლია ან შესაფერისი სტატია ჩვენი პუბლიკაციიდან, მაგალითად გამამხნევებელი ბიოგრაფია.
20. რას განვიხილავთ მომდევნო სტატიაში?
20 მადლიერები ვართ, რომ ვიცით ჭეშმარიტება გარდაცვლილთა მდგომარეობის შესახებ და გვაქვს მკვდრეთით აღდგომის შესანიშნავი იმედი (იოან. 5:28, 29). ამიტომ სიტყვითა თუ საქმით გაბედულად დავიცვათ ბიბლიური ჭეშმარიტება და ყველა შესაძლებლობა გამოვიყენოთ, რომ ის სხვებსაც გავუზიაროთ. მომდევნო სტატიაში ყურადღებას გავამახვილებთ კიდევ ერთ მხარეზე, სპირიტიზმზე, რომლის მეშვეობითაც სატანა ხალხს სულიერ სიბნელეში ამყოფებს. აგრეთვე გავიგებთ, რატომ უნდა მოვერიდოთ ისეთ გართობასა თუ საქმეებს, რომლებიც სპირიტიზმთან — დემონურ მახესთანაა დაკავშირებული.
სიმღერა 24 ავიდეთ იეჰოვას მთაზე
^ აბზ. 5 სატანა და მისი დემონები სიცრუეს ავრცელებენ მკვდრების მდგომარეობის შესახებ და მრავალი შეჰყავთ შეცდომაში. ეს სიცრუე ბევრ არაბიბლიურ წეს-ჩვეულებას დაედო საფუძვლად. თუ სხვები მსგავს წეს-ჩვეულებებში თქვენს ჩაბმასაც შეეცდებიან, წინამდებარე სტატია იეჰოვასადმი ერთგულების შენარჩუნებაში დაგეხმარებათ.
^ აბზ. 55 სურათის აღწერა: იეჰოვას მოწმე წყვილი ანუგეშებს ნათესავს, რომელიც საყვარელ ადამიანს გლოვობს.
^ აბზ. 57 სურათის აღწერა: დაკრძალვასთან დაკავშირებული წეს-ჩვეულებების გამოკვლევის შემდეგ იეჰოვას მოწმე თავის მრწამსს თავაზიანად უხსნის ნათესავებს.
^ აბზ. 59 სურათის აღწერა: უხუცესები ანუგეშებენ და მხარდაჭერას უცხადებენ კრების წევრს, რომელსაც საყვარელი ადამიანი დაეღუპა.