არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ჩვენი არქივიდან

„კიდევ როდის გვექნება კონგრესი?“

„კიდევ როდის გვექნება კონგრესი?“

ეს მოხდა 1932 წლის ნოემბრის მიწურულს მეხიკოში. სულ რაღაც ერთი კვირით ადრე ამ ხმაურიან ქალაქში, სადაც ერთ მილიონზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, პირველი შუქნიშანი დაამონტაჟეს. თუმცა ეს სიახლე აღარავის ახსოვდა. ჟურნალისტებმა მთელი ყურადღება კვირის ყველაზე მნიშვნელოვან მოვლენაზე გადაიტანეს. ისინი რკინიგზის სადგურში ფოტოაპარატმომარჯვებული უცდიდნენ განსაკუთრებული სტუმრის, საზოგადოება „საგუშაგო კოშკის“ იმდროინდელი პრეზიდენტის, ჯოზეფ რუტერფორდის ჩასვლას. იქვე იყვნენ ადგილობრივი იეჰოვას მოწმეებიც, რათა გულითადად დახვედროდნენ ძმა რუტერფორდს, რომელიც სამდღიან კონგრესს დაესწრებოდა მეხიკოში.

„ოქროს ხანა“ იუწყებოდა: „უდავოა, ეს კონგრესი თეოკრატიული ისტორიის ფურცლებზე სამუდამოდ აღიბეჭდება მოვლენად, რომელმაც მექსიკის რესპუბლიკაში ჭეშმარიტების წინსვლას მნიშვნელოვანწილად შეუწყო ხელი“. მაგრამ რატომ იყო ეს კონგრესი, რომელსაც მხოლოდ 150 კაცი დაესწრო, ასეთი განსაკუთრებული?

ამ კონგრესამდე მექსიკაში სამეფოს საქმიანობას დიდი ნაყოფი არ გამოუღია. მიუხედავად იმისა, რომ 1919 წლიდან ღვთის ხალხი პატარა კონგრესებს ატარებდა, მომდევნო წლებში კრებების რაოდენობა მაინც შემცირდა. 1929 წელს ქალაქ მეხიკოში ფილიალის გახსნამ ძმებს იმედი მისცა, რომ მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლებოდა. თუმცა ხელის შემშლელმა ფაქტორებმაც იჩინა თავი. ორგანიზაციის მითითებამ, რომ ქადაგება კომერციული საქმიანობისგან გაემიჯნათ, ერთი წიგნების დამტარებელი გაანაწყენა. ამის გამო მან დატოვა ორგანიზაცია და ბიბლიის შემსწავლელთა საკუთარი ჯგუფი ჩამოაყალიბა. გარდა ამისა, ფილიალის ზედამხედველს არასწორი საქციელის გამო პასუხისმგებლობები ჩამოართვეს და მის მაგივრად სხვა ძმა დანიშნეს. მექსიკაში მცხოვრებ იეჰოვას ერთგულ მსახურებს ნამდვილად სჭირდებოდათ გამხნევება და წახალისება.

ძმა რუტერფორდის მიერ კონგრესზე წარმოთქმულმა ორმა გამომაცოცხლებელმა მოხსენებამ და ხუთმა რადიოლექციამ ძალიან გაამხნევა ეს ერთგული და-ძმები. ეს იყო პირველი შემთხვევა, როცა სასიხარულო ცნობა რადიოსადგურების მეშვეობით ეუწყა მექსიკის მთელ მოსახლეობას. კონგრესის შემდეგ ფილიალის ახლად დანიშნულმა ზედამხედველმა ორგანიზება გაუწია სამქადაგებლო საქმიანობას. იეჰოვას მხარდაჭერაში დარწმუნებული მაუწყებლები დიდი შემართებითა და განახლებული ძალით შეუდგნენ მსახურებას.

კონგრესი ქალაქ მეხიკოში, 1941 წელი

მომდევნო წელს მექსიკაში ორი კონგრესი ჩატარდა, ერთი — საპორტო ქალაქ ვერაკრუსში, მეორე კი — მეხიკოში. სამქადაგებლო საქმეში ძმების მოშურნეობამ კარგი შედეგი გამოიღო. 1931 წელს ქვეყანაში 82 მაუწყებელი იყო, ათი წლის შემდეგ კი მათი რიცხვი გაათმაგდა! 1941 წელს მეხიკოში ჩატარებულ კონგრესს დაახლოებით 1 000 კაცი დაესწრო.

„ოკუპირებული ქუჩები“

1943 წელს მოწმეები ეგრეთ წოდებული სენდვიჩებით ხალხს მოუწოდებდნენ, დასწრებოდნენ მექსიკის 12 ქალაქში დაგეგმილ თეოკრატიულ კონგრესს სახელწოდებით „თავისუფალი ერი“. * „სენდვიჩი“ იყო თასმებით გადაბმული ორი პლაკატი, რომელთაგან ერთი ადამიანს გულზე ეკიდა, მეორე კი — ზურგზე. ამ მეთოდს იეჰოვას მოწმეები 1936 წლიდან იყენებდნენ.

სურათი 1944 წლის გაზეთიდან, რომელზეც აღბეჭდილია მეხიკოში „სენდვიჩებით“ მსვლელობა

ერთ-ერთი გაზეთი მეხიკოში ჩატარებული მსვლელობის შესახებ წერდა: „[კონგრესის] პირველ დღეს [მოწმეებს] მოუწოდეს, სხვებიც დაეპატიჟებინათ. მეორე დღეს კი დარბაზში თავისუფალი ადგილი აღარ იყო“ (La Nación). ამ მსვლელობებს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. გაღიზიანებულმა კათოლიკურმა ეკლესიამ მოწმეების წინააღმდეგ კამპანია წამოიწყო. წინააღმდეგობის მიუხედავად, და-ძმები უშიშრად გამოდიოდნენ ქუჩებში. ზემოხსენებულ გაზეთში ნათქვამი იყო: «მთელმა ქალაქმა ნახა . . . სარეკლამო „სენდვიჩების“ ფორმაში გამოწყობილი მამაკაცები და ქალები». სტატიას დართული ჰქონდა მეხიკოს ქუჩებში გამოსული ძმების სურათი წარწერით: „ოკუპირებული ქუჩები“.

„ბეტონის იატაკთან შედარებით რბილი და თბილი საწოლები“

იმ წლებში და-ძმების უმეტესობას დიდ მსხვერპლად უჯდებოდა კონგრესებზე დასწრება, რადგან ქვეყნის მასშტაბით კონგრესები მხოლოდ რამდენიმე ადგილას ტარდებოდა. კონგრესზე დამსწრეთაგან ბევრი მიყრუებული სოფლებიდან იყვნენ, სადაც არც რკინიგზა იყო და არც სამანქანო გზა. როგორც ერთი კრება იტყობინებოდა, ერთადერთი, რაც მათ გარე სამყაროსთან აკავშირებდა, სატელეფონო ხაზი იყო. ამიტომ სახედრით ან ფეხით მათ რამდენიმე დღე სჭირდებოდათ უახლოესი რკინიგზის სადგურამდე მისასვლელად, საიდანაც მატარებლით შეძლებდნენ კონგრესზე ჩასვლას.

იეჰოვას მოწმეების უმეტესობა იმდენად ღარიბი იყო, რომ ძლივს აგროვებდა კონგრესზე წასასვლელ თანხას. ბევრი მათგანი ადგილობრივ და-ძმებთან რჩებოდა, რომლებიც სიყვარულით უღებდნენ მათ თავიანთი სახლის კარს. ზოგი ღამეს სამეფო დარბაზში ათევდა. ერთხელ დაახლოებით 90 და-ძმა ფილიალში დააბინავეს, რომელთაც „გვერდიგვერდ ჩამწკრივებული 20-20 მუყაოს ყუთისგან გაკეთებულ საწოლებზე“ ეძინათ. „წელიწდეულში“ აღნიშნული იყო, რომ სტუმრები მადლიერნი იყვნენ „ბეტონის იატაკთან შედარებით რბილი და თბილი საწოლებისთვის“.

ამ მადლიერ და-ძმებს ნამდვილად უღირდათ ამხელა მსხვერპლის გაღება იმ დიდი სიხარულისთვის, რომელიც კონგრესზე დასწრებამ მიანიჭათ. დღეს მექსიკაში მცხოვრები თითქმის ერთი მილიონი მაუწყებელი მსგავს მადლიერებას ავლენს. * 1949 წელს მექსიკის ფილიალის ანგარიშში ეწერა: «რთული პერიოდის მიუხედავად, მათ არ დაუკარგავთ [ჭეშმარიტებისადმი] მოშურნეობა. ყოველი კონგრესის შემდეგ დიდი ხნის მანძილზე მათი საუბრის მთავარ თემას სწორედ კონგრესი წარმოადგენს. ისინი გამუდმებით სვამენ კითხვას: „კიდევ როდის გვექნება კონგრესი?“» (ჩვენი არქივიდან, ცენტრალური ამერიკა).

^ აბზ. 9 1944 წლის „წელიწდეულში“ ეწერა, რომ ამ კონგრესის შემდეგ „იეჰოვას მოწმეების შესახებ მთელმა მექსიკამ გაიგო“.

^ აბზ. 14 2016 წელს მექსიკაში უფლის გახსენების საღამოს 2 262 646 ადამიანი დაესწრო.