არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

ბიბლიის თვალსაზრისი

მადლიერება

მადლიერება

როცა მადლიერებას ვავლენთ, ეს დადებითად აისახება როგორც ჩვენს ფიზიკურ, ისე ფსიქიკურ და ემოციურ ჯანმრთელობაზე. ამიტომ კარგი იქნება, თუ ყოველთვის გამოვავლენთ მადლიერებას და ეს ჩვენი ბუნების ნაწილად იქცევა.

რატომ არის მადლიერების გამოვლენა ჩვენთვისვე სასიკეთო?

რას ამბობს მედიცინა:

ერთ ბიულეტენში ნათქვამია: „ვინც მადლიერებას ავლენს, მეტ სიხარულს განიცდის. მადლიერი ადამიანები უფრო პოზიტიურები და ჯანმრთელები არიან, ხარობენ სხვების ბედნიერებით, ადვილად უმკლავდებიან სირთულეებს და კარგ ურთიერთობას ინარჩუნებენ სხვებთან“ (Harvard Mental Health Letter).

რას ამბობს ბიბლია:

ღვთის სიტყვა მოგვიწოდებს, განვივითაროთ მადლიერების გრძნობა. „იყავით მადლიერნი“, — წერდა მოციქული პავლე, რომელმაც თავად დაგვიტოვა ამ მხრივ კარგი მაგალითი. იგი განუწყვეტლივ მადლობდა ღმერთს, როცა მის ქადაგებას დადებითად ეხმაურებოდნენ (კოლოსელები 3:15; 1 თესალონიკელები 2:13). ნამდვილ სიხარულს მაშინ კი არ ვგრძნობთ, როცა უბრალოდ დროდადრო ვიხდით მადლობას, არამედ მაშინ, როცა მადლიერება ჩვენი ბუნების განუყოფელი ნაწილია. მადლიერი გული ბევრი რამისგან გვიცავს და გვეხმარება, არ გავხდეთ პატივმოყვარენი, ადვილად არ გავნაწყენდეთ სხვებზე და არ შეგვშურდეს მათი; წინააღმდეგ შემთხვევაში, გარშემომყოფთ განვიზიდავდით ჩვენგან და სიხარულსაც დავკარგავდით.

თავად ჩვენი შემოქმედი შესანიშნავ მაგალითს გვაძლევს — ის თვით მოკვდავი ადამიანების მიმართაც ავლენს მადლიერებას! ებრაელების 6:10-ში ვკითხულობთ: „ღმერთი უმართლო არ არის, რომ დაივიწყოს თქვენი შრომა და სიყვარული, რომელიც მისი სახელისთვის გამოავლინეთ“. აქედან გამომდინარე, ჩვენი შემოქმედის თვალში უსამართლობაა, როცა ადამიანები უმადურობას ავლენენ.

„ყოველთვის ხარობდეთ . . . ყველაფრისთვის მადლობლები იყავით“ (1 თესალონიკელები 5:16, 18).

როგორ გვეხმარება მადლიერების გრძნობა სხვებთან ურთიერთობის გაუმჯობესებაში?

რას აჩვენებს გამოცდილება:

როდესაც წრფელი გულით გამოვხატავთ მადლიერებას, მაგალითად საჩუქრისთვის, თბილი სიტყვებისთვის ან პრაქტიკული დახმარებისთვის, ამგვარად ვაჩვენებთ, რომ ვაფასებთ მას, ვინც სიკეთეს გვიკეთებს. თვით უცხო ადამიანებიც კი დადებითად განეწყობიან მათ მიმართ, ვინც გულწრფელად უხდის მადლობას ისეთი თავაზიანი საქციელისთვის, როგორიცაა მაგალითად კარის გაღება.

რას ამბობს ბიბლია:

„გაეცით, — თქვა იესო ქრისტემ. — და მოგეცემათ. უბეში ჩაგიყრიან კარგ საწყაოს, ჩატკეპნილს, გატენილსა და პირამდე სავსეს“ (ლუკა 6:38). ახლა დავფიქრდეთ როუზის, ყრუ-მუნჯი გოგონას მაგალითზე, რომელიც ვანუატუდანაა (წყნაროკეანური სახელმწიფო).

ერთხელ როუზი იეჰოვას მოწმეების ქრისტიანულ შეხვედრას დაესწრო, მაგრამ თითქმის ვერაფერი გაიგო, რადგან არც მან და არც სხვებმა კრებაში არ იცოდნენ ჟესტების ენა. ერთ დღესაც ეს კრება ერთმა წყვილმა მოინახულა, რომლებიც კარგად ფლობდნენ ჟესტების ენას და გამოცდილი მთარგმნელები იყვნენ. მათ დაინახეს იმის საჭიროება, რომ ჟესტების ენის შემსწავლელთა ჯგუფი ჩამოეყალიბებინათ. უსაზღვროდ გახარებულმა როუზმა მადლიერება ასეთი სიტყვებით გამოხატა: „ბედნიერი ვარ, რომ ამდენი მეგობარი მყავს, რომელთაც ასე ვუყვარვარ!“. წყვილს, რომელმაც როუზს დახმარება აღმოუჩინა, ვერაფერი მიანიჭებდა ისეთ დიდ სიხარულს, როგორც იმის დანახვა, თუ რაოდენ მადლიერია როუზი და როგორ აქტიურობს კრების შეხვედრებზე. როუზი აგრეთვე ძალიან ემადლიერება მათ, ვინც ძალ-ღონეს არ იშურებს ჟესტების ენის შესასწავლად, რათა მასთან შეძლონ ურთიერთობა (საქმეები 20:35).

„ვინც მსხვერპლად მადლობას მწირავს, ისაა ჩემი განმადიდებელი“ (ფსალმუნი 50:23).

როგორ განვივითაროთ მადლიერების გრძნობა?

რას ამბობს ბიბლია:

გრძნობებს ფიქრები იწვევს. ფსალმუნმომღერალი დავითი ასე ლოცულობდა: „ვფიქრობ ყველა შენს ნამოქმედარზე. სიამოვნებით ვფიქრობ შენს ნახელავზე“ (ფსალმუნი 143:5). დავითი არ იყო ზედაპირული და უგულისყურო ადამიანი. იგი გამუდმებით ფიქრობდა ღვთის საქმეებზე და სწორედ ამის წყალობით განივითარა მადლიერების გრძნობა, რომელსაც მთელი ცხოვრების მანძილზე ავლენდა (ფსალმუნი 71:5, 17).

ბიბლია კარგ რჩევას გვაძლევს: „რაც ჭეშმარიტია . . . რაც სიყვარულის ღირსია . . . რაც ზნეობრივი და საქებარია, იმაზე იფიქრეთ“ (ფილიპელები 4:8). სიტყვა „იფიქრეთ“ გულისხმობს უწყვეტ პროცესს, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ გვსურს, გვქონდეს მადლიერი გული, გამუდმებით უნდა ვიფიქროთ იმაზე, რაც მადლიერებისკენ აღგვძრავს.

„ჩემი გულის ფიქრებში გაგების უნარი გამოვლინდება“ (ფსალმუნი 49:3).