არჩეულ მასალაზე გადასვლა

სარჩევზე გადასვლა

შვილებს ისევე სჭირდებათ აღზრდა, როგორც ნავს — საჭე

ᲛᲨᲝᲑᲚᲔᲑᲘᲡᲗᲕᲘᲡ

6. აღზრდა

6. აღზრდა

ᲠᲐᲡ ᲜᲘᲨᲜᲐᲕᲡ

შვილი რომ აღზარდო, უნდა დაარიგო, ასწავლო, მისცე მიმართულება და ზოგჯერ დასაჯო კიდეც, რომ გამოსწორდეს. თუმცა აღზრდაში, ძირითადად, ისეთი ფასეულობების ჩანერგვა იგულისხმება, რაც შვილს გონივრული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠᲘᲡ ᲐᲣᲪᲘᲚᲔᲑᲔᲚᲘ

ბოლო რამდენიმე ათწლეულია, შეიმჩნევა ტენდენცია, რომ მშობლები საერთოდ არ მიმართავენ აღმზრდელობით ზომებს, რადგან შიშობენ, რომ, თუ შვილებს შეცდომაზე მიუთითებენ, ღირსების გრძნობას შეულახავენ. მაგრამ გამჭრიახი მშობლები ასე არ იქცევიან. ისინი გონიერების ფარგლებში უდგენენ შვილებს წესებს და ეხმარებიან კიდეც, რომ დაემორჩილონ მათ.

„შვილები გაწონასწორებულ ადამიანებად რომ ჩამოყალიბდნენ, მშობლებმა მათ საზღვრები უნდა დაუდგინონ. აღზრდის გარეშე ისინი უსაჭო გემს დაემსგავსებიან, რომელიც ადრე თუ გვიან სწორ მიმართულებას ასცდება და შეიძლება ამოყირავდეს კიდეც“ (პამელა).

ᲔᲪᲐᲓᲔᲗ, ᲐᲡᲔ ᲛᲝᲘᲥᲪᲔᲗ

იყავით თქვენი სიტყვის პატრონი. თუ ბავშვი არ ემორჩილება თქვენ მიერ დადგენილ წესებს, მაშინ თავად აგოს პასუხი შედეგებზე. მეორე მხრივ, როცა გემორჩილებათ, ნუ დაიშურებთ ქების სიტყვებს.

„შვილებს ხშირად ვაქებ, რომ დამჯერები არიან, რადგან დღეს ადამიანები მორჩილებას იშვიათად თუ ავლენენ. ეს მათ უადვილებს სამართლიანი შენიშვნების მიღებას“ (კრისტინი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „კაცი რასაც დათესავს, იმას მოიმკის“ (გალატელები 6:7).

იყავით გაწონასწორებული. სანამ ბავშვს რაღაცაზე პასუხს აგებინებთ, გაითვალისწინეთ მისი ასაკი, შეგნების დონე და ის, თუ რამდენად სერიოზული იყო დაშვებული შეცდომა. დამსჯელობითი ზომა მაშინ გამოიღებს სასურველ შედეგს, თუ კონკრეტულად იმაზე აგებინებთ პასუხს, რაშიც შეცდომა დაუშვა; მაგალითად, თუ შვილს მობილურის გამოყენებასთან დაკავშირებით წესები დაუდგინეთ, მაგრამ არ გემორჩილებათ, რაღაც პერიოდის მანძილზე შეზღუდვები დაუდგინეთ, სად და როგორ გამოიყენებს მობილურს. თუმცა უმნიშვნელო შეცდომებზე ნუ გამოეკიდებით.

„ძვალ-რბილში გამჯდარ ცუდ ჩვევასა და უნებლიე შეცდომას შორის დიდი განსხვავებაა. ამიტომ ვცდილობ, განვსაზღვრო, ბავშვმა შეგნებულად დააშავა თუ უნებლიეთ დაუშვა შეცდომა, და როდისაა საჭირო, სერიოზული ზომების მიღება და როდის — უბრალოდ შენიშვნის მიცემა“ (უენდელი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „ნუ გააღიზიანებთ შვილებს, რომ გული არ გაუტყდეთ“ (კოლოსელები 3:21).

გამოავლინეთ სიყვარული. შვილებს გაცილებით უადვილდებათ შენიშვნის მიღება და გათვალისწინება და დასჯაზეც ადეკვატურად რეაგირებენ, როცა იციან, რომ მშობლებს უყვართ ისინი და მათთვის კარგი უნდათ.

„როცა ჩვენი ვაჟი რაღაცას აშავებდა, არ ვუკარგავდით იმ კარგს, რაც გაუკეთებია და ამას აღვნიშნავდით კიდეც. ჩვენ ვუხსნიდით მას, რომ ერთი შეცდომის დაშვება არ ნიშნავდა, რომ ცუდი ადამიანი იყო, თუ რასაკვირველია მის გამოსწორებას შეეცდებოდა. იმაშიც ვარწმუნებდით, რომ ყველანაირად გვერდში ამოვუდგებოდით“ (დანიელი).

ᲑᲘᲑᲚᲘᲣᲠᲘ ᲞᲠᲘᲜᲪᲘᲞᲘ: „სიყვარული სულგრძელი და კეთილია“ (1 კორინთელები 13:4).