მატიანე — წიგნი მეორე 36:1—23

  • იუდას მეფე იეჰოახაზი (1—3).

  • იუდას მეფე იეჰოიაკიმი (4—8).

  • იუდას მეფე იეჰოიაქინი (9, 10).

  • იუდას მეფე ციდკია (11—14).

  • იერუსალიმის განადგურება (15—21).

  • კიროსის ბრძანებულება ტაძრის აღდგენის შესახებ (22, 23).

36  ხალხმა იოშიას შემდეგ მისი ძე იეჰოახაზი+ გაამეფა იერუსალიმში.+  იეჰოახაზი 23 წლის გამეფდა და 3 თვე იმეფა იერუსალიმში.  ეგვიპტის ფარაონმა მას მეფობა ჩამოართვა იერუსალიმში და ქვეყანას 100 ტალანტი* ვერცხლი და 1 ტალანტი ოქრო დაადო ხარკად.+  ეგვიპტის ფარაონმა ნექომ+ იუდასა და იერუსალიმზე მისი ძმა ელიაკიმი გაამეფა და იეჰოიაკიმი დაარქვა, მისი ძმა იეჰოახაზი კი ეგვიპტეში წაიყვანა.+  იეჰოიაკიმი+ 25 წლის გამეფდა და 11 წელი იმეფა იერუსალიმში; ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას, თავისი ღვთის, თვალში.+  ბაბილონის მეფე ნაბუქოდონოსორმა+ იერუსალიმზე გაილაშქრა, რათა სპილენძის ბორკილები დაედო იეჰოიაკიმისთვის და ბაბილონში წაეყვანა.+  ნაბუქოდონოსორმა ბაბილონში წაიღო იეჰოვას ტაძრის ნივთების ნაწილი და თავის სასახლეში დააწყო.+  იეჰოიაკიმის დანარჩენი საქმეები, მის მიერ ჩადენილი ყველა საძულველი საქმე და მოწმობანი მის წინააღმდეგ, ისრაელისა და იუდას მეფეთა მატიანეშია ჩაწერილი. მის შემდეგ მისი ვაჟი იეჰოიაქინი გამეფდა.+  იეჰოიაქინი+ 18 წლის გამეფდა და 3 თვე და 10 დღე იმეფა იერუსალიმში; ის ბოროტებას სჩადიოდა იეჰოვას თვალში.+ 10  წლის დასაწყისში* მეფე ნაბუქოდონოსორმა თავისი მსახურები გაგზავნა, რათა ბაბილონში წაეყვანა ის+ და თან იეჰოვას ტაძრის ძვირფასი ნივთები წამოეღო;+ ხოლო იუდასა და იერუსალიმზე ციდკია, იეჰოიაქინის მამის ძმა, გაამეფა.+ 11  ციდკია+ 21 წლის გამეფდა და 11 წელი იმეფა იერუსალიმში.+ 12  ბოროტებას სჩადიოდა ის იეჰოვას, თავისი ღვთის, თვალში. მას არ დაუმდაბლებია თავი წინასწარმეტყველ იერემიას წინაშე,+ რომელიც იეჰოვას ბრძანებით ლაპარაკობდა. 13  ის მეფე ნაბუქოდონოსორსაც აუმხედრდა,+ რომელმაც ღვთის სახელით დააფიცა. გაჯიუტდა ის და ქედი არ მოიდრიკა, არ ემორჩილებოდა იეჰოვას, ისრაელის ღმერთს. 14  მღვდლების წინამძღოლებიც და ხალხიც დიდად ორგულობდნენ ღმერთს და სხვა ხალხთა საძაგელ საქმეებს სჩადიოდნენ; წაბილწეს იეჰოვას ტაძარი,+ რომელიც მან იერუსალიმში განწმინდა. 15  იეჰოვა, მათი მამა-პაპის ღმერთი, გამუდმებით აფრთხილებდა მათ მაცნეების პირით, კვლავ და კვლავ აფრთხილებდა მათ, რადგან ებრალებოდა თავისი ხალხი და თავისი სამკვიდრო. 16  მაგრამ ისინი სასაცილოდ იგდებდნენ ღვთის მაცნეებს,+ არად აგდებდნენ მის სიტყვებს+ და დასცინოდნენ მის წინასწარმეტყველებს.+ და, როცა უკვე აღარ იყო მათი საშველი, იეჰოვა განურისხდა თავის ხალხს.+ 17  მათ წინააღმდეგ აღძრა მან ქალდეველთა მეფე,+ რომელმაც მათ ტაძარში მახვილით დაუხოცა ჭაბუკები;+ არ დაინდო მან არც ჭაბუკი და არც ქალწული, არც მოხუცებული და არც უძლური.+ ღმერთმა ყველაფერი ხელში ჩაუგდო მას.+ 18  ბაბილონში გაზიდა ღვთის ტაძრის ყველა ნივთი, დიდი თუ პატარა, აგრეთვე იეჰოვას ტაძრის, მეფისა და მთავრების განძეული.+ 19  გადაწვა ღვთის ტაძარი+ და დაანგრია იერუსალიმის გალავანი;+ ცეცხლს მისცა მისი გამაგრებული კოშკები და გაანადგურა ყოველივე ძვირფასი.+ 20  მახვილს გადარჩენილები ტყვედ წაასხა ბაბილონში;+ მისი და მისი ვაჟების მსახურები გახდნენ ისინი+ და ეს სპარსეთის სამეფოს აღზევებამდე გაგრძელდა,+ 21  რათა შესრულებულიყო იერემიას პირით ნათქვამი იეჰოვას სიტყვა+ და მიწას აენაზღაურებინა თავისი შაბათები.+ მთელი ის დრო, როცა გაუკაცრიელებული იყო, ისვენებდა მიწა, ვიდრე 70 წელი არ გასრულდა.+ 22  სპარსეთის მეფე კიროსის+ მეფობის პირველ წელს, იერემიას პირით ნათქვამი+ იეჰოვას სიტყვის შესასრულებლად იეჰოვამ აღძრა სპარსეთის მეფე კიროსი, რომ დაეწერა ეს ბრძანებულება+ და მთელ სამეფოში გამოეცხადებინა: 23  «აი, რას ამბობს სპარსეთის მეფე კიროსი: „დედამიწის ყველა სამეფო იეჰოვამ, ზეციერმა ღმერთმა, მიბოძა+ და დამავალა, მისთვის ტაძარი ამეგო იერუსალიმში, იუდაში რომ არის.+ თუკი ვინმე არის თქვენ შორის მისი ხალხიდან, იეჰოვა, მისი ღმერთი, იყოს მასთან, და წავიდეს!“»+

სქოლიოები

ტალანტი უდრიდა 34,2 კგ-ს. იხ. დანართი ბ14.
შესაძლოა იგულისხმებოდეს გაზაფხული.