მატიანე — წიგნი მეორე 35:1—27

  • იოშია დიდებულ პასექს მართავს (1—19).

  • იოშიას ფარაონი ნექო კლავს (20—27).

35  იოშიამ პასექი აღნიშნა+ იერუსალიმში იეჰოვას განსადიდებლად; საპასექო მსხვერპლი+ პირველი თვის მე-14 დღეს დაკლეს.+  მან მღვდლებს დაავალა, რომ კვლავ თავ-თავიანთი მოვალეობები შეესრულებინათ, და იეჰოვას ტაძარში მსახურებისკენ მოუწოდა.+  უთხრა მან ლევიანებს, იეჰოვას წმინდებს, ღვთის კანონის მასწავლებლებს ისრაელში:+ „დადგით წმინდა კიდობანი ტაძარში, რომელიც ისრაელის მეფე სოლომონმა, დავითის ძემ, ააგო.+ აღარ მოგიწევთ მისი მხრებით ტარება.+ ახლა ემსახურეთ იეჰოვას, თქვენს ღმერთს და მის ხალხს, ისრაელს!  მოემზადეთ შტოებისა და ჯგუფების მიხედვით, ისრაელის მეფე დავითისა+ და მისი ვაჟის, სოლომონის მიერ დაწერილისამებრ.+  დადექით წმინდა ადგილზე ლევიანთა შტოთა ჯგუფების მიხედვით, რათა მოემსახუროთ თქვენს მოძმეებს, დანარჩენ ხალხს, შტოთა მიხედვით.  დაკალით საპასექო მსხვერპლი,+ განიწმინდეთ და მოემზადეთ თქვენი მოძმეების მოსამსახურებლად, რათა დაიცვათ იეჰოვას სიტყვა, რომელიც მოსეს მეშვეობით გადაეცა ისრაელს“.  იოშიამ იქ მყოფი ხალხისთვის საპასექო მსხვერპლად გაიღო მამალი თოხლები და მამალი თიკნები, სულ 30 000 სული, აგრეთვე მიიყვანა 3 000 მოზვერი; ეს ყველაფერი მეფის ქონებიდან იქნა გაღებული.+  მისმა მთავრებმაც გაიღეს ნებაყოფლობითი შესაწირავი ხალხისთვის, მღვდლებისა და ლევიანებისთვის. ხილკიამ,+ ზაქარიამ და იეხიელმა, ღვთის ტაძრის წინამძღოლებმა, საპასექო მსხვერპლად მღვდლებს 2 600 სული წვრილფეხა საქონელი მიუყვანეს, გარდა ამისა, 300 მოზვერი.  ლევიანთა თავკაცებმა — ქონანიამ და მისმა ძმებმა, შემაიამ და ნეთანელმა, აგრეთვე ხაშაბიამ, იეიელმა და იოზაბადმა — ლევიანებისთვის საპასექო მსხვერპლად გაიღეს 5 000 სული წვრილფეხა საქონელი, მათ 500 მოზვერიც მიიყვანეს. 10  სადღესასწაულოდ ყველაფერი მომზადდა. მღვდლები თავ-თავიანთ ადგილებზე დადგნენ, ლევიანებიც — თავ-თავიანთ ადგილებზე, ჯგუფების მიხედვით,+ ისე, როგორც მეფეს ჰქონდა ნაბრძანები. 11  დაკლეს ლევიანებმა საპასექო მსხვერპლი;+ ატყავებდნენ პირუტყვს+ და სისხლს მღვდლებს აწვდიდნენ, რომლებიც მას სამსხვერპლოზე ასხურებდნენ.+ 12  მოამზადეს მათ დასაწვავი მსხვერპლი შტოების მიხედვით დაჯგუფებული ხალხისთვის გასანაწილებლად, რათა ყველაფერი მოსეს წიგნში ჩაწერილისამებრ შეწირულიყო იეჰოვასთვის; ასევე მოიქცნენ მოზვრების შეწირვისას. 13  მათ, ჩვეულებისამებრ, ცეცხლზე მოამზადეს საპასექო შესაწირავი;+ ის, რაც განიწმინდა, ქვაბებში, ქოთნებსა და დიდ ჯამებში მოამზადეს და სწრაფად მიუტანეს ხალხს. 14  შემდეგ ის თავიანთთვის და მღვდლებისთვის მოამზადეს, რადგან მღვდლები, აარონის შთამომავლები, დაღამებამდე დასაწვავი მსხვერპლისა და ქონის შეწირვით იყვნენ დაკავებულნი; ამიტომ ლევიანებმა მოამზადეს ის თავიანთთვის და მღვდლებისთვის, აარონის შთამომავლებისთვის. 15  მგალობლები, ასაფის შთამომავლები,+ თავ-თავიანთ ადგილებზე იდგნენ დავითის,+ ასაფის,+ ჰემანისა და მეფის წინასწარმხილველ იედუთუნის+ ბრძანებისამებრ; კარიბჭის მცველები კი სხვადასხვა კარიბჭესთან იდგნენ.+ მათ არ უწევდათ თავიანთი მსახურების მიტოვება, რადგან მათ ყველაფერი მოძმე ლევიანებმა გაუმზადეს. 16  იმ დღეს ყველანაირ სამზადისს მორჩნენ, რაც იეჰოვასგან მოეთხოვებოდათ, რომ პასექი აღენიშნათ+ და დასაწვავი მსხვერპლი მიეტანათ იეჰოვას სამსხვერპლოზე, როგორც ეს მეფე იოშიას ჰქონდა ნაბრძანები.+ 17  მაშინ იქ მყოფმა ისრაელებმა აღნიშნეს პასექი და შვიდი დღის განმავლობაში იზეიმეს უფუარობის დღესასწაული.+ 18  წინასწარმეტყველ სამუელის შემდეგ ასე არ აღუნიშნავთ პასექი ისრაელში, არც ისრაელის სხვა მეფეებს აღუნიშნავთ პასექი ისე, როგორც იოშიამ,+ მღვდლებმა, ლევიანებმა, იქ მყოფმა იუდასტომელებმა, ისრაელებმა და იერუსალიმის მკვიდრებმა აღნიშნეს. 19  ეს იოშიას მეფობის მე-18 წელს მოხდა. 20  მას შემდეგ, რაც იოშიამ აღადგინა ტაძარი, ეგვიპტის ფარაონი ნექო+ საბრძოლველად გაემართა მდინარე ევფრატთან, ქარხემიშისკენ. გავიდა იოშია მასთან საბრძოლველად.+ 21  შეუთვალა მას ნექომ მაცნეების პირით: „შენთან რა ხელი მაქვს, იუდას მეფეო?! დღეს შენ წინააღმდეგ არ გამოვსულვარ, სხვა ხალხს ვებრძვი. თავად ღმერთს აქვს ნაბრძანები, რომ დროულად მივიყვანო საქმე ბოლომდე. გიჯობს, გაჩერდე და ღმერთს არ დაუპირისპირდე, რომ არ გაგანადგუროს, რადგან იგი ჩემთანაა!“ 22  მაგრამ იოშიას უკან არ დაუხევია, ისე ჩაიცვა, რომ ვერ ეცნოთ+ და მასთან საბრძოლველად გავიდა; ყური არ ათხოვა ნექოს სიტყვებს, ღვთის ბაგიდან გამოსულს, და მეგიდოს ველზე გავიდა საბრძოლველად.+ 23  ესროლეს მშვილდოსნებმა მეფე იოშიას და დაჭრეს. უთხრა მეფემ თავის მსახურებს: „გამიყვანეთ აქედან, რადგან მძიმედ ვარ დაჭრილი“. 24  ჩამოიყვანეს ის ეტლიდან მისმა მსახურებმა, მის მეორე საომარ ეტლში გადაიყვანეს და იერუსალიმში წაასვენეს. ასე მოკვდა იგი, და დამარხეს თავისი მამა-პაპის სასაფლაოზე;+ მთელი იუდა და იერუსალიმი გლოვობდა იოშიას. 25  სამგლოვიარო სიმღერა იმღერა იერემიამ+ იოშიაზე; მომღერალი კაცები და ქალები+ დღემდე იხსენიებენ იოშიას სამგლოვიარო სიმღერებში. მათ წესად აქციეს ამ სიმღერების მღერა ისრაელში, და ეს სიმღერები სამგლოვიარო სიმღერების კრებულში შევიდა. 26  იოშიას დანარჩენი საქმეებისა და იმ სიკეთის* შესახებ, რომელსაც იგი იეჰოვას კანონის თანახმად იქმოდა, 27  აგრეთვე სხვა ამბებს, პირველიდან უკანასკნელამდე, ისრაელისა და იუდას მეფეთა მატიანეში ვკითხულობთ.+

სქოლიოები

ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი “).