მატიანე — წიგნი მეორე 32:1—33
32 მას შემდეგ, რაც ხიზკიამ ასეთი ერთგულება გამოიჩინა,+ იუდაში ასურეთის მეფე სინახერიბი შეიჭრა. მან ალყა შემოარტყა გამაგრებულ ქალაქებს, რადგან სურდა, შეეღწია და ხელში ჩაეგდო ისინი.+
2 როცა დაინახა ხიზკიამ, რომ სინახერიბს იერუსალიმზე გალაშქრება ჰქონდა განზრახული,
3 მოეთათბირა მთავრებსა და მეომრებს, რომ ქალაქგარეთ წყაროები გადაეკეტათ;+ ისინიც მხარში დაუდგნენ მას.
4 დიდძალმა ხალხმა მოიყარა თავი, გადაკეტეს ყველა წყარო და ნაკადული, რომელიც იმ მიწაზე მიედინებოდა; ამბობდნენ, რატომ უნდა ნახონო აქ მოსულმა ასურეთის მეფეებმა ბევრი წყალი?!
5 ხიზკია მთელი შემართებით შეუდგა საქმეს: აღადგინა დანგრეული გალავანი, დააშენა კოშკები, გარედან კიდევ ერთი გალავანი შემოავლო, გაამაგრა დავითის ქალაქის მილო*,+ უხვად დაამზადა ფარები და საბრძოლო იარაღები.
6 მან ჯარის მეთაურები დაუყენა ხალხს, შეკრიბა ისინი მოედანზე ქალაქის კარიბჭესთან და გაამხნევა:
7 „გამბედაობა მოიკრიბეთ და გამაგრდით! ნუ შეგაშინებთ და ნუ შეგაძრწუნებთ ასურეთის მეფე+ და მისი მრავალრიცხოვანი ლაშქარი, რადგან ჩვენ უფრო ბევრნი ვართ, ვიდრე ისინი!+
8 ის კაცის ძალაზეა დაიმედებული, ჩვენთან კი იეჰოვაა, ჩვენი ღმერთი, რათა დაგვეხმაროს და იბრძოლოს ჩვენთვის!“+ გაამხნევა ხალხი იუდას მეფე ხიზკიას სიტყვებმა.+
9 ამის შემდეგ ასურეთის მეფე სინახერიბმა, რომელიც მთელ თავის ლაშქართან ერთად ლაქიშში იმყოფებოდა,+ მსახურები გაგზავნა იერუსალიმში იუდას მეფე ხიზკიასა და იერუსალიმში მყოფ იუდეველებთან,+ და შეუთვალა:
10 «აი, რას ამბობს ასურეთის მეფე სინახერიბი: „რისი იმედი გაქვთ?! ხომ ხედავთ, ალყაშია იერუსალიმი!+
11 განა არ გაბრიყვებთ ხიზკია და შიმშილითა და წყურვილით სიკვდილისთვის არ გიმეტებთ, როცა გეუბნებათ, ჩვენი ღმერთი იეჰოვა გვიხსნისო ასურეთის მეფის ხელიდან?!+
12 განა თვითონ ხიზკიამ არ გაანადგურა თქვენი ღმერთის სათაყვანო მაღლობები+ და სამსხვერპლოები,+ და განა მან არ უბრძანა იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ, რომ მხოლოდ ერთი სამსხვერპლოს წინ დამხობილიყვნენ და მასზე დაეწვათ შესაწირავი ასაბოლებლად?!+
13 განა არ იცით, რა დავმართეთ მე და ჩემმა მამა-პაპამ სხვა ქვეყნების ხალხებს?!+ განა შეძლეს იმ ქვეყნების ხალხთა ღმერთებმა თავიანთი მიწის ხსნა ჩემი ხელიდან?!+
14 ჩემი მამა-პაპის მიერ განადგურებული რომელი ხალხის ღმერთმა შეძლო თავისი ხალხის დახსნა ჩემი ხელიდან, თქვენმა ღმერთმა რომ შეძლოს?!+
15 თავს ნუ გააბრიყვებინებთ და ნუ მიენდობით ხიზკიას,+ რადგან ვერცერთი ხალხისა და ვერცერთი სამეფოს ღმერთმა ვერ შეძლო თავისი ხალხის დახსნა ჩემი და ჩემი მამა-პაპის ხელიდან! თქვენი ღმერთი როგორღა გიხსნით ჩემი ხელიდან?!“»+
16 სინახერიბის მსახურებმა კიდევ ბევრი რამ თქვეს იეჰოვას, ჭეშმარიტი ღვთის, და მისი მსახურის, ხიზკიას, სალანძღავად.
17 სინახერიბმა იეჰოვას,+ ისრაელის ღვთის,+ შეურაცხმყოფელი წერილებიც დაწერა, სადაც ეწერა: „როგორც სხვა ქვეყნების ხალხთა ღმერთებმა ვერ იხსნეს თავიანთი ხალხი ჩემი ხელიდან,+ ისე ვერც ხიზკიას ღმერთი იხსნის თავის ხალხს ჩემი ხელიდან!“
18 ისინი იუდეველთა ენაზე გაჰყვიროდნენ გალავანზე მდგომი იერუსალიმის მკვიდრების გასაგონად, რომ შეეშინებინათ და შეეძრწუნებინათ ისინი და აეღოთ ქალაქი.+
19 ისინი ისე ლაპარაკობდნენ იერუსალიმის ღმერთზე, როგორც სხვა ხალხთა ღმერთებზე, ადამიანთა ნახელავზე.
20 მეფე ხიზკია და წინასწარმეტყველი ესაია,+ ამოცის ვაჟი, კი ლოცულობდნენ და ზეცას შესთხოვდნენ შველას.+
21 გამოგზავნა იეჰოვამ ანგელოზი და ამოწყვიტა ასურეთის მეფის ბანაკში ყველა მეთაური და ძლიერი მეომარი.+ სირცხვილნაჭამი გაბრუნდა სინახერიბი თავის ქვეყანაში. ერთ დღესაც იგი თავისი ღვთის ტაძარში თავისივე ვაჟებმა განგმირეს მახვილით.+
22 ასე იხსნა იეჰოვამ ხიზკია და იერუსალიმის მკვიდრნი ასურეთის მეფე სინახერიბისა თუ სხვების ხელიდან; მოასვენა ისინი ღმერთმა მტრებისგან ყოველი მხრიდან.
23 მრავალს მოჰქონდა იერუსალიმში ძღვენი იეჰოვასთვის და საუკეთესო საჩუქრები იუდას მეფე ხიზკიასთვის.+ დიდად დაფასდა იგი ყველა ხალხის თვალში.
24 იმ დროს მძიმედ დასნეულდა ხიზკია და სიკვდილის პირას მყოფმა ლოცვით მიმართა იეჰოვას.+ ღმერთმაც უპასუხა მას და ნიშანი მისცა.+
25 მაგრამ ხიზკიას არაფერი გაუკეთებია გამოვლენილი სიკეთის სანაცვლოდ, რადგან გადიდგულდა. ამიტომ განურისხდა ღმერთი მას და იუდასა და იერუსალიმის მკვიდრთ.
26 თავი დაიმდაბლა გადიდგულებულმა ხიზკიამ,+ მანაც და იერუსალიმის მკვიდრებმაც, ამიტომ აღარ დასტყდომიათ თავს იეჰოვას რისხვა ხიზკიას მეფობის დროს.+
27 ძლიერ გამდიდრდა და განდიდდა ხიზკია.+ მან გაიკეთა საგანძურები+ ოქრო-ვერცხლისა და ძვირფასი ქვების, ბალზამის ზეთის, ფარებისა და ყველანაირი ძვირფასი ნივთის შესანახად,
28 ბეღლები — მარცვლეულისთვის, მარნები — ახალი ღვინისთვის, საცავები — ზეთისთვის, სადგომები — საქონლისა და ცხვრის ფარისთვის.
29 მან გააშენა ქალაქები და მოიმრავლა ცხვარ-ძროხა, რადგან ღმერთმა დიდძალი ქონება უბოძა მას.
30 ხიზკიამ გადაკეტა გიხონის წყაროს+ ზემო სათავე+ და წყალი დასავლეთით, დავითის ქალაქისკენ,+ გადააგდო. ყველაფერში ხელი ემართებოდა ხიზკიას.
31 როცა ბაბილონის მთავრებმა კაცები გაუგზავნეს მას,+ რათა გამოეკითხათ იმ მიწაზე მომხდარი ნიშნის შესახებ,+ მარტო დატოვა ის ღმერთმა გამოსაცდელად+ და მისი გულისნადების გამოსარკვევად.+
32 ამბებს ხიზკიას დანარჩენი საქმეებისა და მის მიერ გამოვლენილი სიკეთის*+ შესახებ ესაია წინასწარმეტყველის, ამოცის ვაჟის, ხილვის+ ჩანაწერში ვკითხულობთ, იუდასა და ისრაელის მეფეთა მატიანეში.+
33 ბოლოს განისვენა ხიზკიამ თავისი მამა-პაპის გვერდით; დამარხეს ის დავითის ძეთა სამარხებისკენ მიმავალ აღმართზე.+ სიკვდილის შემდეგ მას პატივი მიაგო მთელმა იუდამ და იერუსალიმმა. მის შემდეგ მისი ვაჟი მენაშე გამეფდა.
სქოლიოები
^ ებრაული სიტყვის ტრანსლიტერაცია. იხ. „ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი “.
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი “).