მეორე წერილი კორინთელების მიმართ 13:1—14

  • საბოლოო რჩევა-დარიგება (1—14).

    • „ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი“ (5).

    • „გამოსწორდით... ერთი აზრი გქონდეთ“ (11).

13  ეს უკვე მესამედ ვაპირებ თქვენთან მოსვლას. „ყველაფერი ორი ან სამი მოწმის პირით უნდა დამტკიცდეს“.+ 2  ახლა თქვენ გვერდით არ ვარ, მაგრამ ისე მიიღეთ ჩემი ნათქვამი, თითქოს მეორედ ვიყო თქვენთან. ვაფრთხილებ მათ, ვინც ადრე სცოდავდა, და ყველა დანარჩენს, რომ, თუკი ოდესმე მოვალ თქვენთან, არ დავინდობ მათ. 3  რაკი ითხოვთ, ასე დაგიმტკიცებთ, რომ ქრისტე გელაპარაკებათ ჩემი პირით; ის სისუსტეს კი არ იჩენს თქვენთან, არამედ ძლიერებით მოქმედებს. 4  მართალია, ის ძელზე გააკრეს, როგორც უძლური ადამიანი, მაგრამ ახლა ცოცხალია ღვთის ძალით.+ მის მსგავსად ჩვენც უძლურნი ვართ, მაგრამ მასთან ერთად ვიცოცხლებთ+ ღვთის ძალით, რომელიც თქვენზეც მოქმედებს.+ 5  ყოველთვის შეამოწმეთ საკუთარი თავი, გაქვთ თუ არა რწმენა; გამოსცადეთ საკუთარი თავი.+ ნუთუ ვერ ხვდებით, რომ იესო ქრისტე თქვენთან ერთობაშია?! თუ ამას ვერ ხვდებით, მაშინ ღვთის მოწონება არ დაგიმსახურებიათ. 6  გულწრფელად ვიმედოვნებ, მიხვდებით, რომ ჩვენ მის მოწონებას ვიმსახურებთ. 7  ვლოცულობთ და ღმერთს ვთხოვთ, რომ ცუდი არაფერი ჩაიდინოთ, არა იმიტომ, რომ ჩვენ გამოვჩნდეთ მართლები, არამედ იმიტომ, რომ თქვენ მოიქცეთ კარგად, თუნდაც ჩვენ გამოვჩნდეთ მტყუანნი. 8  ჩვენ ვერაფერს გავაკეთებთ ჭეშმარიტების საწინააღმდეგოდ, თუ რამეს გავაკეთებთ, მხოლოდ ჭეშმარიტებისთვის. 9  ყოველთვის გვიხარია თქვენი სიძლიერე, თუნდაც ჩვენ სუსტები ვიყოთ. სწორედ ამიტომ თქვენი გამოსწორებისთვის ვლოცულობთ. 10  ამ ყოველივეს იმიტომ გწერთ თქვენთან მოსვლამდე, რომ, როცა მოვალ, მკაცრად არ გამოვიყენო ძალაუფლება, რომელიც უფალმა მიბოძა+ აღსაშენებლად და არა დასანგრევად. 11  ბოლოს, ძმებო, კვლავაც იხარეთ, გამოსწორდით, მიიღეთ სხვებისგან ნუგეში,+ ერთი აზრი გქონდეთ,+ მშვიდობიანად იცხოვრეთ,+ და სიყვარულისა და მშვიდობის ღმერთი+ თქვენთან იქნება. 12  მოიკითხეთ ერთმანეთი წმინდა ამბორით. 13  მოკითხვას გითვლით ყველა წმინდა. 14  დაე გქონდეთ უფალ იესო ქრისტეს წყალობა, ღვთის სიყვარული და ყველანი იყოთ წმინდა სულის მოზიარე!

სქოლიოები