სამუელი — წიგნი პირველი 6:1—21
-
ფილისტიმელები ისრაელს უბრუნებენ კიდობანს (1—21).
6 შვიდი თვე იყო იეჰოვას კიდობანი+ ფილისტიმელთა მიწაზე.
2 მოუხმეს ფილისტიმელებმა ქურუმებსა და მკითხავებს+ და ჰკითხეს: „რა ვუყოთ იეჰოვას კიდობანს? გვითხარით, როგორ დავაბრუნოთ თავის ადგილზე“.
3 მათ მიუგეს: „შესაწირავის გარეშე არ დააბრუნოთ ისრაელის ღვთის, იეჰოვას, კიდობანი; დანაშაულის შესაწირავთან+ ერთად დააბრუნეთ! მაშინ განიკურნებით და გაიგებთ, რატომ გსჯით აქამდე“.
4 მათ ჰკითხეს, რა უნდა გავუგზავნოთო დანაშაულის შესაწირავად, რაზეც მიუგეს: „ფილისტიმელ+ მთავართა რაოდენობის მიხედვით ბუასილის ხუთი ოქროს კვანძი და ხუთი ოქროს თაგვი, რადგან ერთი სატანჯველი გაქვთ თქვენც და თქვენს მთავრებსაც.
5 გააკეთეთ თქვენი ბუასილის კვანძებისა და თქვენი მიწის გამაჩანაგებელი თაგვების ფიგურები+ და პატივი მიაგეთ ისრაელის ღმერთს. იქნებ შეგიმსუბუქოთ სასჯელი თქვენ, თქვენს ღმერთსა და თქვენს მიწას.+
6 რატომ უნდა გაჯიუტდეთ ეგვიპტელებისა და ფარაონის მსგავსად?!+ მათ ხომ გაუშვეს ისრაელები,+ როცა ღმერთმა უბედურება დაატეხა თავს.+
7 გაამზადეთ ერთი ახალი ურემი, მოიყვანეთ ორი უღელდაუდგმელი მეწველი ძროხა და შეაბით ურემში, მათი ხბოები კი უკან გააბრუნეთ.
8 აიღეთ იეჰოვას კიდობანი, დადგით ურემზე, ჩააწყვეთ სკივრში დანაშაულის შესაწირავად გასაგზავნი ოქროს ნივთები და გვერდზე მიუდგით.+ შემდეგ გაუშვით ურემი თავის გზაზე,
9 ოღონდ უყურეთ: თუ ის ბეთ-შემეშის+ გზას აუყვება, ანუ თავისი მიწისკენ წავა, გამოდის, მას დაუტეხია ჩვენთვის ეს დიდი უბედურება, თუ არადა, მას არ დავუსჯივართ, შემთხვევით მოგვივიდა ასე“.
10 ასეც მოიქცნენ. მოიყვანეს ორი მეწველი ძროხა და შეაბეს ურემში, მათი ხბოები კი სადგომში დაამწყვდიეს.
11 დაალაგეს ურემზე იეჰოვას კიდობანი და სკივრი, რომელშიც თაგვებისა და ბუასილის კვანძების ოქროს ფიგურები ეწყო.
12 ძროხები პირდაპირ ბეთ-შემეშის გზას დაადგნენ.+ ბღავილით მიუყვებოდნენ გზას, არც მარჯვნივ უხვევდნენ და არც მარცხნივ. უკან ფილისტიმელთა მთავრები მიჰყვებოდნენ ბეთ-შემეშის საზღვრამდე.
13 ბეთ-შემეშელები ხორბალს მკიდნენ ველზე. როცა გაიხედეს და კიდობანი დაინახეს, გაუხარდათ.
14 ურემი ბეთ-შემეშელი იეჰოშუას ყანაში შევიდა და იქ გაჩერდა ლოდთან. ურემი დაჩეხეს, ძროხები კი დასაწვავ მსხვერპლად შესწირეს იეჰოვას.+
15 ჩამოიღეს ლევიანებმა+ იეჰოვას კიდობანი და სკივრი, რომელშიც ოქროს ნივთები ეწყო, და იმ ლოდზე დადგეს. იმ დღეს ბეთ-შემეშელებმაც+ შესწირეს, როგორც დასაწვავი, ისე სხვა მსხვერპლი იეჰოვას.
16 დაინახა ეს ფილისტიმელთა ხუთივე მთავარმა და იმავე დღეს გაბრუნდნენ ეკრონში.
17 ფილისტიმელებმა იეჰოვას დანაშაულის შესაწირავად შესწირეს+ ერთი ოქროს კვანძი აშდოდისთვის,+ ერთი — ღაზისთვის, ერთი — აშკელონისთვის, ერთი — გათისთვის+ და ერთიც — ეკრონისთვის.+
18 ოქროს თაგვები კი იმდენი იყო, რამდენი ქალაქიც ფილისტიმელთა ხუთ მთავარს ჰქონდა, მათ შორის გამაგრებული ქალაქები და უგალავნო დასახლებები.
დღემდე ამაზე მოწმობს ის ლოდი, რომელზეც იეჰოვას კიდობანი დადგეს ბეთ-შემეშელი იეჰოშუას ყანაში.
19 დახოცა ღმერთმა ბეთ-შემეშელები, რადგან იეჰოვას კიდობანს დაუწყეს ყურება; 50 070 კაცი* დახოცა მან. დაიწყო ხალხმა გლოვა, რადგან მუსრი გაავლო მათ იეჰოვამ.+
20 ბეთ-შემეშელებმა თქვეს: „ვინ დაუდგება წინ წმინდა ღმერთ იეჰოვას!+ ნეტავ წავიდოდეს ჩვენგან!“+
21 გაუგზავნეს მაცნეები კირიათ-იეარიმელებს+ და შეუთვალეს, ფილისტიმელებმა იეჰოვას კიდობანი დააბრუნეს, ჩამოდით და წაიღეთო.+
სქოლიოები
^ სიტყვასიტყვით — „70 კაცი, 50 000 კაცი“.