მეფეები — წიგნი პირველი 3:1—28
3 დაუმოყვრდა სოლომონი ფარაონს, ეგვიპტის მეფეს, შეირთო ფარაონის ასული+ და დავითის ქალაქში+ მიიყვანა, სანამ ააშენებდა თავის სახლს,+ იეჰოვას ტაძარს+ და იერუსალიმის გალავანს.+
2 იმ დროს ხალხი ჯერ კიდევ სათაყვანო მაღლობებზე სწირავდა მსხვერპლს,+ რადგან ჯერ არ იყო აშენებული ტაძარი იეჰოვას სახელზე.+
3 უყვარდა სოლომონს იეჰოვა და მამამისის, დავითის, წესებით დადიოდა, თუმცა სათაყვანო მაღლობებზე წვავდა და აბოლებდა მსხვერპლს.+
4 წავიდა მეფე მსხვერპლის შესაწირავად გაბაონში, რადგან იქ იყო მთავარი სათაყვანო მაღლობი.+ იქ სოლომონმა 1 000 პირუტყვი შესწირა დასაწვავ მსხვერპლად სამსხვერპლოზე.+
5 ღამით სიზმარში გაბაონში მყოფ სოლომონს იეჰოვა გამოეცხადა და უთხრა: „მთხოვე, რაც გინდა, და მოგცემ!“+
6 სოლომონმა მიუგო: „შენ დიდი სიკეთე* უყავი მამაჩემს, შენს მსახურ დავითს, რადგან ის ერთგულებით, სიმართლითა და წრფელი გულით გემსახურებოდა. დღემდე არ უკავებ ამ დიდ სიკეთეს* — მიეცი ვაჟი, რომელიც დღეს მის ტახტზე ზის.+
7 იეჰოვა, ჩემო ღმერთო, შენ გაამეფე შენი მსახური მამაჩემის, დავითის, შემდეგ, თუმცა ჯერ ყმაწვილი და გამოუცდელი+ ვარ.
8 შენს რჩეულ ხალხზე+ მეფობს შენი მსახური, მრავალრიცხოვან ხალხზე, რომლის დათვლა და აღრიცხვა შეუძლებელია.
9 მიეცი შენს მსახურს მორჩილი გული, რომ სამართალი გაუჩინოს შენს ხალხს+ და გაარჩიოს სწორი არასწორისგან,+ თორემ ისე ვინ შეძლებს შენი მრავალრიცხოვანი* ხალხისთვის სამართლის გაჩენას?!“
10 მოიწონა იეჰოვამ სოლომონის სათხოვარი.+
11 ღმერთმა მას უთხრა: „რაკი გონიერება ითხოვე ხალხისთვის სამართლის გასაჩენად და არა დღეგრძელობა, სიმდიდრე ან შენი მტრების სიკვდილი,+
12 შენი სიტყვისამებრ მოვიქცევი;+ ისეთ სიბრძნესა და გონიერებას მოგცემ,+ რომელიც არც შენამდე ჰქონია ვინმეს და არც შენ შემდეგ ექნება.+
13 რაც არ გითხოვია, იმასაც მოგცემ+ — სიმდიდრესა და დიდებას;+ შენს სიცოცხლეში არ გეყოლება ბადალი მეფეთა შორის.+
14 თუ მამაშენი დავითივით ივლი ჩემი გზებით+ და შეასრულებ ჩემს წესებსა და მცნებებს, დღეგრძელობასაც გიბოძებ!“+
15 გაიღვიძა სოლომონმა და მიხვდა, რომ ეს ხილვა იყო. წავიდა იერუსალიმში, მივიდა იეჰოვას შეთანხმების კიდობანთან, შესწირა დასაწვავი მსხვერპლი და სამშვიდობო მსხვერპლი+ და ნადიმი გაუმართა თავის მსახურებს.
16 იმ დროს ორი მეძავი ქალი მივიდა მეფესთან და მის წინაშე წარდგა.
17 ერთ-ერთმა მეფეს უთხრა: „ჩემო ბატონო, მე და ეს ქალი ერთ სახლში ვცხოვრობთ; ისიც შინ იყო, როცა ვიმშობიარე.
18 ჩემი მშობიარობიდან მესამე დღეს ამ ქალმაც იმშობიარა. მხოლოდ ჩვენ ორნი ვიყავით, სახლში ჩვენ გარდა არავინ იყო.
19 ღამით ამ ქალის შვილი მოკვდა, რადგან ძილში ზედ დასწოლია ბავშვს.
20 შუაღამისას ამდგარა, აუყვანია ჩემი შვილი, როცა შენს მხევალს ეძინა, და უბეში ჩაუწვენია, თავისი მკვდარი შვილი კი მე ჩამიწვინა უბეში.
21 გავიღვიძე დილით, რომ ბავშვისთვის ძუძუ მომეწოვებინა, მაგრამ მკვდარი იყო ბავშვი. დავაკვირდი და მივხვდი, რომ ის არ იყო ჩემი ბიჭი, ჩემი გაჩენილი“.
22 მეორე ქალმა თქვა: „არა, ჩემი ბიჭია ცოცხალი, შენი კი — მკვდარი!“ პირველი კი ამბობდა, არა, შენია მკვდარი, ჩემი კი — ცოცხალიო. ასე დავობდნენ მეფის წინაშე.
23 ბოლოს მეფემ თქვა: „ერთი ამბობს, ცოცხალი ჩემი შვილია, მკვდარი — შენიო; მეორე ამბობს, არა, შენი შვილია მკვდარი, ჩემი კი — ცოცხალიო“.
24 მაშინ მან ბრძანა: „მახვილი მომიტანეთ!“ მიუტანეს მეფეს მახვილი.
25 მეფემ ბრძანა: „ორად გაჭერით ცოცხალი ბავშვი და ერთი ნახევარი ერთ ქალს მიეცით, მეორე ნახევარი კი — მეორეს!“
26 ამის მოსმენაზე ცოცხალი ბავშვის დედას გული დაეწვა და შეევედრა მეფეს: „გთხოვ, ჩემო ბატონო, ოღონდ ნუ მოკლავთ და მაგას მიეცით ბავშვი!“ მეორე ქალი კი ამბობდა: „არც მე და არც შენ, ორად გაჭერით!“
27 მეფემ ბრძანა: „არ მოკლათ, პირველს მიეცით ბავშვი, ეგ არის ბავშვის დედა!“
28 გაიგო მთელმა ისრაელმა მეფის მიერ გამოტანილი განაჩენის შესახებ და შეეშინდათ მისი,+ რადგან დაინახეს, რომ ღმერთს სიბრძნე მიეცა მისთვის სამართლის აღსასრულებლად.+
სქოლიოები
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ებრ. „ხესედ“. იხ. „ურყევი სიყვარული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).
^ ან შესაძლოა: „რთული“.