მეფეები — წიგნი პირველი 17:1—24

  • წინასწარმეტყველი ელია გვალვას წინასწარმეტყველებს (1).

  • ელიას ყორნები კვებავენ (2—7).

  • ელია სარეფთელ ქვრივს სტუმრობს (8—16).

  • ქვრივის ვაჟის სიკვდილი და მკვდრეთით აღდგომა (17—24).

17  გალაადში+ მცხოვრებმა თიშბელმა ელიამ*+ ახაბს უთხრა: „ვფიცავ ისრაელის ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, რომელსაც ვემსახურები, ამ წლებში, სანამ მე არ ვიტყვი, არ იქნება არც ნამი და არც წვიმა!“+  იეჰოვას სიტყვა ეუწყა ელიას:  „წადი აღმოსავლეთისკენ და დაიმალე ქერითის ხევში, იორდანის აღმოსავლეთით;  წყალი ხევიდან სვი, მე კი ყორნებს ვუბრძანებ, რომ გამოგკვებონ“.+  ისიც წავიდა და იეჰოვას სიტყვისამებრ მოიქცა; ქერითის ხევში ცხოვრობდა, იორდანის აღმოსავლეთით.  მიჰქონდათ ყორნებს მისთვის პური და ხორცი დილა-საღამოს, წყალს კი ხევიდან სვამდა.+  გავიდა დრო და დაშრა ხევი,+ რადგან არ მოსულა წვიმა იმ მიწაზე.  მაშინ ეუწყა მას იეჰოვას სიტყვა:  „ადექი, წადი სიდონის სარეფთაში და იქ დარჩი. ერთ ქვრივ ქალს ვუბრძანებ, რომ გამოგკვებოს!“+ 10  ისიც ადგა და სარეფთაში წავიდა. ქალაქის შესასვლელს რომ მიადგა, დაინახა ერთი ქვრივი ქალი, რომელიც შეშას აგროვებდა. მოუხმო ქალს და სთხოვა, ცოტა წყალი მომიტანე, რომ დავლიოო.+ 11  როცა ქალი წყლის მოსატანად წავიდა, მან კვლავ დაუძახა მას, იქნებ ცოტა პურიც წამომიღოო. 12  მან მიუგო: „შენს ცოცხალ ღმერთს, იეჰოვას, ვფიცავ, პური არა მაქვს; ერთი მუჭა ფქვილიღა დამრჩა დიდ ქილაში და ცოტაოდენი ზეთი — პატარა ქილაში.+ შეშას ვაგროვებ, შემდეგ წავალ, მოვამზადებ რამეს ჩემთვის და ჩემი შვილისთვის, იმასღა შევჭამთ და დავიხოცებით“. 13  ელიამ უთხრა მას: „ნუ გეშინია, წადი და შენი სიტყვისამებრ მოიქეცი, ოღონდ ჯერ მე გამომიცხვე პატარა კვერი, მომიტანე და მერე მოამზადე რამე შენთვის და შენი შვილისთვის. 14  ასე თქვა იეჰოვამ, ისრაელის ღმერთმა, დიდ ქილაში ფქვილი არ გამოილევა და პატარა ქილაში ზეთი არ დაიკლებს იმ დღემდე, სანამ იეჰოვა არ აწვიმებსო მიწის პირს“.+ 15  წავიდა იგი და ელიას სიტყვისამებრ მოიქცა. საზრდო არ მოჰკლებიათ იმ ქალს, მის სახლეულობასა და ელიას მთელი იმ ხნის მანძილზე.+ 16  დიდ ქილაში ფქვილი არ ილეოდა და პატარა ქილაში ზეთი არ იკლებდა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი ელიას პირით. 17  ამის შემდეგ ავად გახდა იმ ქვრივი ქალის ვაჟი, მძიმე სენი შეეყარა და მოკვდა.+ 18  ქალმა ელიას უთხრა: „რას მერჩი, ჭეშმარიტი ღვთის კაცო? იმიტომ მოხვედი, რომ დანაშაული გამიხსენო და შვილი მომიკლა?“+ 19  მან მიუგო: „მომეცი შენი შვილი!“ გამოართვა ბავშვი დედას, აიყვანა ზედა ოთახში, სადაც თვითონ ცხოვრობდა და თავის საწოლზე დაასვენა.+ 20  მოუხმო იეჰოვას და უთხრა: „იეჰოვა, ჩემო ღმერთო,+ ნუთუ უბედურებას დაატეხ ამ ქვრივს, რომელთანაც შეხიზნული ვარ, და შვილს მოუკლავ?!“ 21  სამჯერ გადაემხო ბავშვს და იეჰოვას შესთხოვა: „იეჰოვა, ჩემო ღმერთო, გთხოვ დაუბრუნე ბავშვს სიცოცხლე*!“ 22  შეისმინა იეჰოვამ ელიას სათხოვარი+ და დაუბრუნა ბავშვს სიცოცხლე.+ 23  ხელში აიყვანა ელიამ ბავშვი, ზედა ოთახიდან ქვევით ჩაიყვანა, დედამისს მიუყვანა და უთხრა: „ცოცხალია შენი შვილი!“+ 24  მაშინ ქალმა ელიას უთხრა: „ახლა კი ვიცი, რომ ნამდვილად ჭეშმარიტი ღვთის კაცი ხარ+ და იეჰოვას ჭეშმარიტი სიტყვებია შენს ბაგეზე!“

სქოლიოები

ნიშნავს: „ჩემი ღმერთი იეჰოვაა“.
ებრ. „ნეფეშ“. იხ. „სული“ („ბიბლიურ სიტყვათა განმარტებანი“).