მეფეები — წიგნი პირველი 13:1—34

  • წინასწარმეტყველება ბეთელის სამსხვერპლოს შესახებ (1—10).

    • სამსხვერპლოს დაშლა (5).

  • ღვთის კაცის ურჩობა (11—34).

13  იერობოამი სამსხვერპლოსთან იდგა შესაწირავის დასაწვავად და ასაბოლებლად,+ როცა ერთი ღვთის კაცი იეჰოვას სიტყვისამებრ იუდადან ბეთელში ჩავიდა.+  მან იეჰოვას სიტყვისამებრ სამსხვერპლოს შესძახა: «სამსხვერპლოვ, სამსხვერპლოვ, აი, რას ამბობს იეჰოვა: „ვაჟი დაიბადება დავითის საგვარეულოში და მას იოშიას დაარქმევენ.+ ზედ დაგაკლავს სათაყვანო მაღლობების მღვდლებს, რომლებიც შენზე წვავენ და აბოლებენ შესაწირავს; შენზე დაწვავს ადამიანთა ძვლებს!“»+  მან იმ დღეს ნიშანიც გაუცხადა: „აი, რა ნიშანს გაძლევთ იეჰოვა: დაიშლება სამსხვერპლო და გაიფანტება ზედ დაყრილი ნაცარი“.  როგორც კი მოისმინა მეფე იერობოამმა, რა თქვა ღვთის კაცმა ბეთელის სამსხვერპლოზე, სამსხვერპლოს თავი ანება, მისკენ გაიწოდა ხელი და ბრძანა, შეიპყარითო.+ მაშინვე გაუხმა მისკენ გაწვდილი ხელი და უკან ვეღარ წაიღო.+  დაიშალა სამსხვერპლო და გაიფანტა ზედ დაყრილი ნაცარი, რითაც შესრულდა ის ნიშანი, ღვთის კაცმა რომ გააცხადა იეჰოვას სიტყვისამებრ.  უთხრა მეფემ ღვთის კაცს: „წყალობა სთხოვე იეჰოვას, შენს ღმერთს, და ილოცე ჩემთვის, რომ ხელი მომირჩეს!“+ წყალობა სთხოვა ღვთის კაცმა იეჰოვას და მეფესაც მოურჩა ხელი და უწინდელივით საღი გაუხდა.  მაშინ მეფემ ღვთის კაცს უთხრა: „წამოდი ჩემთან სახლში და დანაყრდი; ძღვენსაც მოგართმევ!“  მაგრამ ღვთის კაცმა მეფეს მიუგო: „ნახევარი სახლიც რომ მომცე, მაინც არ წამოვალ შენთან; არც პურს შევჭამ და არც წყალს დავლევ!  იეჰოვასგან მაქვს ნაბრძანები, რომ არც პური ვჭამო, არც წყალი დავლიო და არც იმ გზით დავბრუნდე, რომლითაც მოვედი“. 10  სხვა გზით წავიდა ის; არ დაბრუნებულა იმ გზით, რომლითაც ბეთელში ჩავიდა. 11  ბეთელში ერთი მოხუცი წინასწარმეტყველი ცხოვრობდა. მივიდნენ მასთან მისი ვაჟები და უამბეს, რაც ღვთის კაცმა მოიმოქმედა იმ დღეს ბეთელში, და ისიც უთხრეს, რაც მას მეფისთვის ჰქონდა ნათქვამი. ყველაფერი რომ უამბეს თავიანთ მამას, 12  მამამ ჰკითხა მათ: „რომელი გზით წავიდა ის კაცი?“ ვაჟებმაც უჩვენეს, რომელი გზით წავიდა იუდადან ჩამოსული ღვთის კაცი. 13  მაშინ თავის ვაჟებს უთხრა: „შემიკაზმეთ ვირი!“ მათაც შეუკაზმეს ვირი და ისიც შეჯდა. 14  წავიდა იგი ღვთის კაცის მოსაძებნად და დიდი ხის ქვეშ მჯდომი იპოვა; ჰკითხა: „შენ ხარ ის ღვთის კაცი, იუდადან რომ ჩამოვიდა?“+ მან მიუგო: „მე ვარ!“ 15  მან უთხრა: „წამოდი ჩემთან სახლში და ჭამე პური!“ 16  მან უპასუხა: „ვერ დავბრუნდები შენთან ერთად, ვერ წამოგყვები, ვერც პურს შევჭამ აქ და ვერც წყალს დავლევ; 17  იეჰოვამ მითხრა, რომ არც პური ვჭამო აქ და არც წყალი დავლიო. არც იმ გზით უნდა დავბრუნდე უკან, რომლითაც მოვედი“. 18  ამაზე მან უთხრა: „მეც შენნაირი წინასწარმეტყველი ვარ; ანგელოზმა იეჰოვას სიტყვა გადმომცა, წაიყვანე შენს სახლში, რომ პური ჭამოს და წყალი დალიოსო“ (იცრუა მან). 19  ისიც გაჰყვა, რომ მის სახლში პური ეჭამა და წყალი დაელია. 20  სუფრას უსხდნენ, როცა იეჰოვას სიტყვა ეუწყა იმ მოხუც წინასწარმეტყველს, რომელმაც უკან დააბრუნა იგი. 21  მანაც გამოუცხადა ის იუდადან ჩამოსულ ღვთის კაცს: «აი, რას ამბობს იეჰოვა: „რადგან არ დაემორჩილე იეჰოვას ბრძანებას და არ დაიცავი იეჰოვას, შენი ღვთის, მითითება, 22  უკან დაბრუნდი, რომ პური გეჭამა და წყალი დაგელია იმ ადგილზე, რომელზეც გითხარი, არც პური ჭამო და არც წყალი დალიო-მეთქი, არ დაიმარხება შენი გვამი შენი მამა-პაპის სამარხში!“»+ 23  როდესაც ღვთის კაცმა მოათავა ჭამა-სმა, მოხუცმა წინასწარმეტყველმა მას ვირი შეუკაზმა. 24  ისიც გაუდგა გზას; გზად ლომს გადაეყარა, რომელმაც მოკლა იგი.+ მისი გვამი გზაზე ეგდო; ვირიც იქვე იდგა გვამთან და ლომიც. 25  მიდი-მოდიოდა ხალხი და ხედავდა გზაზე დაგდებულ გვამს და ლომს მის გვერდით. ჩაიტანეს ეს ამბავი მოხუცი წინასწარმეტყველის ქალაქში. 26  როგორც კი გაიგო ეს ამბავი იმ წინასწარმეტყველმა, რომელმაც ის გზიდან მოაბრუნა, თქვა: „ეს ის ღვთის კაცია, რომელიც არ დაემორჩილა იეჰოვას ბრძანებას,+ და იეჰოვამ ლომს გადაჰყარა, რომ დაეგლიჯა მას და მოეკლა, როგორც იეჰოვას ჰქონდა ნათქვამი მისთვის“.+ 27  უთხრა თავის ვაჟებს: „შემიკაზმეთ ვირი!“ მათაც შეუკაზმეს. 28  დაადგა გზას და იპოვა გზაზე დაგდებული გვამი; ვირიც იქვე იდგა და ლომიც; ლომს არც გვამი უჭამია და არც ვირი დაუგლეჯია. 29  აიღო წინასწარმეტყველმა ღვთის კაცის გვამი, ვირს გადაჰკიდა და თავის ქალაქში წაიღო დასატირებლად და დასამარხად. 30  თავის სამარხში დამარხა გვამი; დასტიროდნენ ისინი: „ეს რა დაგემართა, ძმაო!“ 31  შემდეგ მან თავის ვაჟებს უთხრა: „როცა მოვკვდები, იქ დამმარხეთ, სადაც ღვთის კაცია დამარხული. მისი ძვლების გვერდით იყოს ჩემი ძვლებიც;+ 32  შესრულდება, რაც მან იეჰოვას სიტყვისამებრ ბეთელის სამსხვერპლოსა და იმ სათაყვანო სახლების საუბედუროდ თქვა,+ სამარიის ქალაქებში მაღლობებზე რომ არის აგებული“.+ 33  არც ამის შემდეგ შეუწყვეტია იერობოამს ბოროტების ჩადენა; კვლავაც უბრალო ხალხს ნიშნავდა მღვდლებად სათაყვანო მაღლობებზე;+ ყველას, ვისაც მღვდლობა სურდა, მღვდლად ნიშნავდა, და ამბობდა, დაე მან იმსახუროსო მღვდლად მაღლობებზე.+ 34  ცოდვაში გაეხვია იერობოამის სახლეულობა,+ რის გამოც საბოლოოდ მისი სახლეულობა განადგურდა და მიწის პირიდან აღიგავა.+

სქოლიოები