მოციქულთა საქმეები 12:1—25
12 იმ დროს მეფე ჰეროდე* კრების წევრებს სასტიკად ექცეოდა.+
2 მან მახვილით მოაკვლევინა+ იაკობი, იოანეს ძმა.+
3 როცა დაინახა, რომ ამით იუდეველებს ასიამოვნა, პეტრეც დააპატიმრა (ეს უფუარობის დღესასწაულზე მოხდა).+
4 შეიპყრო იგი, საპყრობილეში ჩასვა+ და ჯარისკაცთა ოთხი ოთხეული დაუყენა, რათა მონაცვლეობით ედარაჯათ; აპირებდა, რომ პასექის შემდეგ ხალხის წინაშე გამოეყვანა და გაესამართლებინა.
5 საპყრობილეში მყოფი პეტრესთვის კრება მხურვალედ ლოცულობდა.+
6 ჰეროდემ მისი გამოყვანა დააპირა. იმ ღამეს პეტრე ორი ჯაჭვით იყო შეკრული და ეძინა, აქეთ-იქით თითო ჯარისკაცი ედგა, კართან კი მცველები იდგნენ და საპყრობილეს სდარაჯობდნენ.
7 უეცრად იქ იეჰოვას* ანგელოზი გაჩნდა+ და საკანი განათდა. მან პეტრეს გვერდში წაჰკრა, გააღვიძა და უთხრა: „ადექი, ჩქარა!“ პეტრეს ხელებიდან ჯაჭვები დასცვივდა.+
8 ანგელოზმა უთხრა: „ჩაიცვი ტანსაცმელი და სანდლები“. პეტრეც ასე მოიქცა. მერე მან უთხრა: „მოსასხამი მოისხი და გამომყევი“.
9 ისიც გავიდა და გაჰყვა, მაგრამ არ იცოდა, რომ, რასაც ანგელოზი აკეთებდა, ცხადი იყო; მას ხილვა ეგონა.
10 პირველ და მეორე საგუშაგოებს რომ გასცდნენ, მიადგნენ ქალაქში შესასვლელ რკინის კარიბჭეს, რომელიც თავისით გაიღო. გავიდნენ, ქუჩას გაუყვნენ და ანგელოზი უეცრად ჩამოშორდა მას.
11 როცა პეტრე მიხვდა, რაც მოხდა, თქვა: „ახლა ნამდვილად ვიცი, რომ იეჰოვამ* თავისი ანგელოზი გამოგზავნა და დამიხსნა ჰეროდეს ხელიდან და იმ ყველაფრისგან, რასაც იუდეველები ელოდნენ“.+
12 ამის შემდეგ წავიდა იგი მარკოზად+ წოდებული იოანეს დედის, მარიამის, სახლში, სადაც ბევრნი შეკრებილიყვნენ და ლოცულობდნენ.
13 ჭიშკარზე რომ დააკაკუნა, ერთი მოახლე გამოვიდა, სახელად როდე.
14 ხმაზე იცნო პეტრე და ისე გაუხარდა, რომ ჭიშკრის გაღების ნაცვლად სახლში შევარდა და ყველას შეატყობინა, ჭიშკართან პეტრე დგასო.
15 მათ უთხრეს: „ხომ არ შეიშალე?!“ ის კი ირწმუნებოდა, მართალს გეუბნებითო. მაშინ თქვეს, მისი ანგელოზი იქნებაო.
16 პეტრე კი გარეთ იდგა და აკაკუნებდა. ჭიშკარი რომ გააღეს და პეტრე დაინახეს, გაოცდნენ.
17 მან ხელით ანიშნა, გაჩუმებულიყვნენ, და დაწვრილებით მოუყვა, როგორ გამოიყვანა იეჰოვამ* საპყრობილიდან. მერე უთხრა, ეს ყველაფერი იაკობსა+ და ძმებს შეატყობინეთო, და სხვაგან წავიდა.
18 გათენებისას ჯარისკაცებს შორის დიდი ჩოჩქოლი ატყდა, პეტრე რა იქნაო.
19 ჰეროდემ ბევრი ეძება ის და, რომ ვერ იპოვა, მცველები დაჰკითხა და ბრძანა, დაესაჯათ ისინი,+ თვითონ კი იუდეიდან კესარეაში წავიდა და რამდენიმე ხანს იქ დარჩა.
20 ჰეროდე გულმოსული იყო ტვიროსელებსა და სიდონელებზე. ამიტომ ისინი ერთად მივიდნენ მასთან, დაელაპარაკნენ მეფის სახლთუხუცეს ბლასტეს და შერიგებას ითხოვდნენ, რადგან მათი ქვეყანა ჰეროდეს სამეფოდან საზრდოობდა.
21 ერთ დღესაც ჰეროდე სამეფო სამოსლით შეიმოსა, სასამართლო ტახტზე დაჯდა და ხალხს მიმართა.
22 ისინი ხმამაღლა იძახდნენ: „ეს კაცის ხმა კი არა, ღვთის ხმაა!“
23 უცბად ის იეჰოვას* ანგელოზმა დასცა, რადგან დიდება არ მიაგო ღმერთს. მას მატლი დაეხვია და მოკვდა.
24 იეჰოვას* სიტყვა კი ვრცელდებოდა და მორწმუნეთა რიცხვი იზრდებოდა.+
25 ბარნაბამ+ და სავლემ დახმარება ჩაიტანეს იერუსალიმში,+ ხოლო უკან რომ ბრუნდებოდნენ, თან წამოიყვანეს იოანე,+ რომელსაც მარკოზსაც ეძახდნენ.
სქოლიოები
^ იგულისხმება ჰეროდე აგრიპა, ჰეროდე დიდის შვილიშვილი.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.
^ იხ. დანართი ა5.