რიცხვები 36:1—13

  • კანონი მემკვიდრე ქალის გათხოვებაზე (1—13).

36  მივიდნენ იოსების ვაჟის, მენაშეს ვაჟის, მაქირის+ ვაჟის, გალაადის შთამომავალთა შტოების თავკაცები მოსესთან და ისრაელების ტომთა თავკაცებთან 2  და უთხრეს: „იეჰოვამ ჩემს ბატონს უბრძანა, რომ წილისყრით მიეცა+ ისრაელებისთვის სამკვიდრო. იეჰოვამ ისიც უბრძანა ჩემს ბატონს, რომ ჩვენი მოძმის, ცელოფხადის, ქალიშვილებისთვისაც მიეცა სამკვიდრო.+ 3  თუ მათ ისრაელის სხვა რომელიმე ტომიდან მოიყვანენ ცოლებად, მათი სამკვიდრო ჩვენს სამკვიდროს მოაკლდება და იმ ტომების სამკვიდროებს მიემატება, რომლებშიც ისინი გათხოვდებიან, და მოაკლდება ჩვენს სამკვიდროს, რომელიც წილისყრით შეგვხვდა. 4  როცა ისრაელში სადღესასწაულო წელი+ დადგება, ამ ქალების სამკვიდრო იმ ტომების სამკვიდროებს მიემატება, რომლებშიც ისინი გათხოვდებიან, ჩვენი ტომის სამკვიდროს კი მოაკლდება მათი სამკვიდრო“. 5  შემდეგ მოსემ იეჰოვას ბრძანებისამებრ ისრაელებს უთხრა: «მართალს ამბობს იოსების შთამომავალთა ტომი. 6  აი, რა ბრძანა იეჰოვამ ცელოფხადის ასულებზე: „ვისაც უნდათ, იმას მისთხოვდნენ, ოღონდ თავიანთ ტომში. 7  ისრაელში სამკვიდრო ტომიდან ტომში არ უნდა გადავიდეს; ყველა ტომმა თავ-თავისი სამკვიდრო უნდა შეინარჩუნოს. 8  ქალი, რომელიც ისრაელში სამკვიდროს მიიღებს, თავისივე ტომში უნდა გათხოვდეს,+ რათა ისრაელის თითოეულ ტომს თავისი მამა-პაპის სამკვიდრო შეუნარჩუნდეს. 9  ისრაელში სამკვიდრო ტომიდან ტომში არ უნდა გადავიდეს; ყველა ტომმა თავ-თავისი სამკვიდრო უნდა შეინარჩუნოს“». 10  ცელოფხადის ასულები ისე მოიქცნენ, როგორც იეჰოვამ უბრძანა მოსეს.+ 11  ცელოფხადის ასულები,+ მახლა, თირცა, ხოგლა, მილქა და ნოე, თავიანთ ბიძაშვილებს* მისთხოვდნენ. 12  ისინი იოსების ვაჟის, მენაშეს, ტომში გათხოვდნენ, რათა მათი სამკვიდრო მათსავე ტომში დარჩენილიყო. 13  ესაა მცნებები და კანონები, რომელთა დაცვაც იეჰოვამ ისრაელებს მოსეს მეშვეობით მოაბის ხრიოკ ველზე, იორდანესთან, იერიხონის მახლობლად უბრძანა.+

სქოლიოები

სიტყვასიტყვით — „თავიანთი მამის ძმების ვაჟებს“.