მსაჯულები 2:1—23

  • იეჰოვას ანგელოზი აფრთხილებს ხალხს (1—5).

  • იესო ნავეს ძე კვდება (6—10).

  • ისრაელს მხსნელებად მსაჯულები ევლინებიან (11—23).

2  მივიდა იეჰოვას ანგელოზი+ გილგალიდან+ ბოქიმში და თქვა: „მე გამოგიყვანეთ ეგვიპტიდან და მოგიყვანეთ მიწაზე, რომლის მიცემაც თქვენს მამა-პაპას ფიცით აღვუთქვი.+ გითხარით: არასოდეს დავარღვევ-მეთქი თქვენთან დადებულ შეთანხმებას;+  არ დადოთ შეთანხმება ამ მიწის მკვიდრებთან+ და დაანგრიეთ-მეთქი მათი სამსხვერპლოები.+ მაგრამ თქვენ არ მომისმინეთ.+ რატომ მოიქეცით ასე?  მაშინ გითხარით: არ მოგაშორებთ მათ,+ მახედ გექცევიან-მეთქი ისინი,+ მათი ღმერთები კი — სატყუარად“.+  როცა იეჰოვას ანგელოზმა ისრაელებს ეს სიტყვები უთხრა, ხმამაღლა ატირდა ხალხი.  ამიტომ უწოდეს იმ ადგილს ბოქიმი* და მსხვერპლი შესწირეს იქ იეჰოვას.  როცა გაუშვა იესო ნავეს ძემ ისრაელები, გაემართნენ ისინი თავ-თავიანთი სამკვიდროსკენ, რათა დაუფლებოდნენ იმ მიწას.+  ემსახურებოდა ხალხი იეჰოვას იესო ნავეს ძის დროსაც და იმ უხუცესების დროსაც, რომლებიც იესო ნავეს ძის შემდეგ იყვნენ და ნანახი ჰქონდათ, რა დიდებული საქმეები მოიმოქმედა იეჰოვამ ისრაელისთვის.+  ამის შემდეგ მოკვდა იესო ნავეს ძე, იეჰოვას მსახური, 110 წლისა.+  დამარხეს ის თავის სამკვიდროში, თიმნათ-ხერესში,+ ეფრემის მთიან მხარეში, გააშის მთის ჩრდილოეთით.+ 10  მთელი ის თაობაც შეუერთდა თავის წინაპრებს*. წამოვიდა ახალი თაობა, რომელიც არც იეჰოვას იცნობდა და არც ის იცოდა, რაც მან ისრაელისთვის მოიმოქმედა. 11  ბოროტებას სჩადიოდნენ ისრაელები იეჰოვას თვალში და ბაალის კერპებს ემსახურებოდნენ.+ 12  ზურგი აქციეს იეჰოვას, თავიანთი მამა-პაპის ღმერთს, რომელმაც ეგვიპტიდან გამოიყვანა,+ და სხვა ღმერთებს, მათ ირგვლივ მცხოვრები ხალხების ღმერთებს, სცემდნენ თაყვანს;+ პირქვე ემხობოდნენ მათ წინაშე და შეურაცხყოფდნენ იეჰოვას.+ 13  ზურგი აქციეს იეჰოვას და ემსახურებოდნენ ბაალისა და აშთორეთის კერპებს.+ 14  განრისხდა იეჰოვა ისრაელებზე და ხელში ჩაუგდო ისინი მძარცველებს, რომლებიც ძარცვავდნენ მათ.+ ხელში ჩაუგდო ისინი ირგვლივ მყოფ მტერს+ და გაუჭირდათ მათთან გამკლავება.+ 15  სადაც არ უნდა წასულიყვნენ, იეჰოვა იყო მათ წინააღმდეგ და უბედურებას ატეხდა თავს,+ ისე, როგორც ნათქვამი ჰქონდა იეჰოვას და როგორც დაუფიცა მათ იეჰოვამ;+ დიდი გასაჭირი ადგათ.+ 16  დაუყენა მათ იეჰოვამ მსაჯულები, რათა დაეხსნათ ისინი მძარცველთა ხელიდან.+ 17  მაგრამ არც მსაჯულებს უსმენდნენ, სხვა ღმერთებს სცემდნენ თაყვანს* და მათ წინაშე ემხობოდნენ. მალევე გადაუხვიეს თავიანთი მამა-პაპის გზიდან, რომლებიც ემორჩილებოდნენ იეჰოვას მცნებებს.+ ისინი არ ჰგავდნენ თავიანთ მამა-პაპას. 18  მას შემდეგ, რაც იეჰოვამ მათ მსაჯულები დაუყენა,+ თითოეულ მსაჯულთან იყო იეჰოვა და იხსნიდა ისრაელს მტრის ხელიდან მსაჯულის სიცოცხლეში, რადგან ებრალებოდა იეჰოვას ისინი,+ მჩაგვრელთა და შემავიწროებელთა ხელში რომ გმინავდნენ.+ 19  მაგრამ, მოკვდებოდა თუ არა მსაჯული, თავიანთ მამებზე უარესად იქცეოდნენ, სხვა ღმერთებს სცემდნენ თაყვანს და მათ წინაშე ემხობოდნენ.+ თავისას არ იშლიდნენ და კვლავაც ჯიუტობდნენ. 20  განრისხდა იეჰოვა ისრაელზე+ და თქვა: „რადგან დაარღვია ამ ხალხმა ჩემი შეთანხმება,+ რომლის დაცვაც მათ მამა-პაპას ვუბრძანე, და არ დამემორჩილა,+ 21  არ მოვაშორებ მათ არცერთ ხალხს, რომელთა განდევნაც იესო ნავეს ძემ სიკვდილამდე ვერ მოასწრო,+ 22  რათა გამოვცადო ისრაელები,+ ივლიან თუ არა თავიანთი მამა-პაპასავით იეჰოვას გზით“. 23  ამიტომ დატოვა იეჰოვამ ეს ხალხები, მალევე არ აუყრია ისინი და ხელში არ ჩაუგდია იესო ნავეს ძისთვის.

სქოლიოები

ნიშნავს „მოტირალებს“.
სიკვდილის აღმნიშვნელი ებრაული იდიომი.
სიტყვასიტყვით — „სხვა ღმერთებთან სჩადიოდნენ გარყვნილებას“.